ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი მეხუთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო ერთმა კაცმა, სახელად ანანიამ, თავის ცოლთან - საფირასთან ერთად გაყიდა ყანა,

1 კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირას თანა ცოლისა მისისა განყიდა დაბაჲ
2 ცოლის თანხმობით, დამალა ფასი, მხოლოდ ნაწილი მიიტანა და მოციქულებს ფერხთით დაუდო. 2 და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან, – უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, – და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.
3 მაგრამ პეტრემ თქვა: ანანაა, რატომ აღავსო სატანამ შენი გული, რომ გეცრუა სული წმიდის მიმართ და დაგემალა ყანის ფასი? 3 ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა?
4 განა შენი არ იყო, სანამდის გქონდა, და რაც გაყიდვით აიღე, განა შენვე არ გეპყრა ხელთ? მაშ, რაღად ჩაიდე გულში ეს საქმე? ხალხს კი არ ეცრუე, არამედ ღმერთს. 4 ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ეგე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა.
5 ამის გამგონე ანანია დაეცა და სული განუტევა, და ვინც ეს მოისმინა, თავზარი დაეცა ყველას. 5 ვითარცა ესმინეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სული წარჰჴდეს. და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
6 წამოდგნენ ჭაბუკები, შემოსეს იგი, წაიღეს და დამარხეს. 6 და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს.
7 სამიოდე საათის შემდეგ მოვიდა მისი ცოლი, რომელმაც არ იცოდა, რა მოხდა. 7 და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე, და შევიდა.
8 ჰკითხა მას პეტრემ: მითხარი, ამდენად გაყიდეთ ყანა? ხოლო მან თქვა: დიახ, მაგდენად. 8 ჰრქუა მას პეტრე: მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაჲ იგი? ხოლო მან ჰქრუა: ჰე, ეგოდენის.
9 უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ უფლის სული გამოგეცადათ? აჰა, უკვე კარს მოადგნენ შენი ქმრის მესაფლავენი და შენც წაგასვენებენ. 9 ჰრქუა მას პეტრე: რაჲსათჳს ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? ანუ არა აჰა-ესერა ფერჴნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა?
10 მაშინვე მის ფეხებთან დაეცა იგი და სული განუტევა. შემოვიდნენ ჭაბუკები და მკვდარი რომ ნახეს, წაიღეს და ქმრის გვერდით დამარხეს. 10 და დაეცა მეყსეულად ფერჴთა თანა მისთა და სული წარჰჴდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი და ჰპოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა.
11 თავზარი დაეცა მთელ ეკლესიას და ყველას, ვინც მოისმინა ეს. 11 და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.
12

ხოლო მოციქულთა ხელით მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა ხალხში. და ყველანი ერთად იყვნენ სოლომონის ბჭესთან.

12 ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა.
13 დანარჩენთაგან ვერავინ ბედავდა მათ გაკარებას, ხალხი კი აქებდა მათ. 13 ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი.
14 და სულ უფრო მეტი მორწმუნე ემატებოდა უფალს, სიმრავლე კაცთა და ქალთა. 14 უფროჲს-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ,
15 ასე რომ, ქუჩაში გამოჰყავდათ სნეულნი და საკაცეებსა და სარეცლებზე აწვენდნენ, რათა ჩავლილი პეტრეს ჩრდილი მაინც დაჰფენოდა მათ. 15 ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ მისი შეადგეს მათგანსა.
16 ახლომახლო ქალაქებიდანაც აწყდებოდნენ იერუსალიმს, მოჰყავდათ სნეულნი და უწმინდური სულით შეპყრობილნი, და ყველანი იკურნებოდნენ. 16 და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი.
17 მაშინ მღვდელმთავარი და მასთან მყოფნი, სადუკეველთა მწვალებლობას რომ ეკუთვნოდნენ, აღდგნენ და შურით აღივსნენ. 17 აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ აღივსნეს შურითა.
18 ხელი დაადეს მოციქულებს და საჯარო საპყრობილეში ჩაყარეს. 18 და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე.
19 მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა: 19 ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა:
20 წადით, დადექით ტაძარში და უქადაგეთ ხალხს ამ სიცოცხლის ყოველი სიტყვა. 20 მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა.
21 ეს რომ მოისმინეს, დილით შევიდნენ ტაძარში და ასწავლიდნენ. ხოლო ამასობაში მოვიდნენ მღვდელმთავარი და მისი თანამდგომნი, შეკრიბეს სინედრიონი და უხუცესნი ისრაელის ძეთაგან, და მოციქულთა მოსაყვანად მსახურები გაგზავნეს საპყრობილეში. 21 ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. მაშინ მოვიდა მღდელთ მოძღუარი იგი და მისთანანი, და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა, და მიავლინნეს საპყრობილედ მოყვანებად მოციქულთა.
22 მაგრამ, როდესაც მივიდნენ, მსახურებმა ისინი ვერ ნახეს საპყრობილეში, გამობრუნდნენ და ამბავი მოიტანეს: 22 ხოლო მი-რაჲ-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა და მოიქცეს იგინი
23

საპყრობილე საგულდაგულოდ დახშული დაგვხვდა, მცველები კი კართან იდგნენ; მაგრამ, რიდესაც გავაღეთ, ვერავინ ვნახეთ შიგ.

23 და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დაჴშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა; ხოლო გან-რაჲ-ვაღეთ, შინა არავინ ვპოეთ.
24 ამ სიტყვების გაგონებისას ტაძრის მცველთა მეთაური და მღვდელმთავარნი საგონებელში ჩავარდნენ, ეს რას ნიშნავსო? 24 და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთ მოძღუართა, განიზრახვიდეს მათთჳსმ ვითარმედ: რაჲმე იქმნა ესე?
25 ვიღაცა მოვიდა და მოახსენა მათ: ის კაცები, თქვენ რომ საპყრობილეში ჩაყარეთ, ტაძარში დგანან და ხალხს ასწავლიანო. 25 მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ეგერა კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა.
26 მაშინ მცველთა უფროსი მსახურების თანხლებით წავიდა და მოიყვანა ისინი, მაგრამ ძალა არ უხმარიათ, ვინაიდან ხალხისა ეშინოდათ, არ ჩაგვქოლონო. 26 მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბონ.
27 როდესაც მოიყვანეს, სინედრიონში დააყენეს ისინი და მღვდელმთავარმა ჰკითხა მათ: 27 და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღდელთ მოძღუარი იგი
28 აკი სასტიკად აგიკრძალეთ, რომ აღარ გესწავლებინათ ამ სახელით? და, აჰა, თქვენი მოძღვრებით აგივსიათ იერუსალიმი და გინდათ, რომ ჩვენზე მოიწიოს იმ კაცის სისხლი. 28 და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა-ესერა აღგივსიეს იერუსალჱმი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის?
29 ხოლო პეტრემ და მოციქულებმა პასუხად თქვეს: ღვთის მორჩილება უფრო გვმართებს, ვიდრე ადამიანებისა. 29 მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს ვიდრე კაცთაჲ.
30 ჩვენი მამების ღმერთმა აღადგინა იესო, რომელიც თქვენ ძელზე დაჰკიდეთ და მოჰკალით. 30 ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა;
31 თავისი მარჯვენით წინამძღვრად და მაცხოვრად აამაღლა იგი ღმერთმა, რათა სინანული და ცოდვათა მიტევება მისცეს ისრაელს. 31 ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მიცემად სინანული ისრაჱლსა და მოტევებაჲ ცოდვათაჲ,
32 ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ. 32 და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა.
33 ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, გულზე სკდებოდნენ და უნდოდათ ბოლო მოეღოთ მათთვის. 33 ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა.
34

მაგრამ წამოდგა სინედრიონში ერთი ფარისეველი, სახელად გამალიელი, რჯულის მოძღვარი, მთელი ხალხის მიერ პატივცემული, და ბრძანა მცირე ხნით გაეყვანათ მოციქულები.

34 ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ,
35 მერე კი უთხრა მათ: კაცნო ისრაელიტნო, კარგად დაფიქრდით, რას უპირებთ ამ ხალხს. 35 და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად?
36 ვინაიდან ამ დღეების წინ აღდგა თევდა, დიდ ვინმედ რომ მოჰქონდა თავი, და გაჰყვა მას ოთხასამდე კაცი, მაგრამ მოკლული იქნა, ხოლო მისი მომხრეები გაიფანტნენ და არარად იქცნენ. 36 რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ.
37 შემდგომ ამისა, აღდგა იუდა გალილეველი, აღწერის დღეებში, და დიდძალი ხალხიც გაიყოლია, მაგრამ დაიღუპა და გაიფანტნენ მისი მომხრენიც. 37 ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს.
38 ამიტომაც გეუბნებით: ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება. 38 და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს;
39 ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ. 39 ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ. ხოლო იგინი ერჩდეს მას.
40 დაუჯერეს მას, მოუხმეს მოციქულებს, ჰგვემეს, იესოს სახელით ლაპარაკი აუკრძალეს და გაუშვეს ისინი. 40 და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაჲთა არღარა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი.
41 ხოლო ისინი გამოვიდნენ სინედრიონიდან და უხაროდათ, რომ იესოს სახელისათვის შეურაცხყოფის ღირსნი შეიქნენ. 41 ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად.
42 ტაძარსა თუ სახლებში ყოველდღე დაუცხრომლად ასწავლიდნენ და ახარებდნენ იესო ქრისტეს. 42 და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტესითა.