ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მოციქულთა საქმენი

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.

1

ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ.

2 მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ. 2 მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა.
3 მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება. 3 აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა,
4 ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი. 4 ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ.
5 მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი,  5 და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი,
6 რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ. 6 და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი.
7 იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას. 7 და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალჱმს შინა ფრიად და მრავალი ერი მღდელთაჲ მათ ერჩდა სარწმუნოებასა.
8 ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში. 8 ხოლო სტეფანე სავსე მადლითა და ძალითა, იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა დიდ-დიდსა ერსა შორის.
9 მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს. 9 აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთაჲ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა,
10 მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი. 10 და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით სულისა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი.
11 მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო. 11 მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა.
12 და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს. 12 და აღძრნეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა,
13 წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს. 13 და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და სჯულისა,
14 რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ. 14 რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესო ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს რჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე.
15 მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას. 15 და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.