ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

უთხრა ერთ დღეს იონათანმა, საულის ძემ, მსახურს, თავის საჭურველთმტვირთველს: წამო, გავიდეთ ფილისტიმელთა საყარაულოსთან, იქითა მხარეს რომ არის. მამისთვის არაფერი უთქვამს.

1

და იყო, დღესა ერთსა ჰრქუა იონათან, ძემან საულისამან, ნიჟორგალსა მას თჳსსა, რომელსა ჰქონდა მშჳლდ-კაპარჭი მისი: მოგვალე, წიაღვჴდეთ ბანაკსა მას წინადაუცვეთელთასა, რომელ არს პირისპირ ჩუენსა! და მამასა თჳსსა არა აუწყა.

2 საული გიბყას ბოლოში იმყოფებოდა ბროწეულის ხის ქვეშ, მიგრონში რომ დგას; თან ახლდა ხალხი - ექვსასამდე კაცი, 2 და საულ ჯდა ბორცუსა მას ზედა ხესა ქუეშე ბროწეულსა მაგდოსს, და ექუსას ოდენ კაცი მის თანა.
3 მათ შორის ახია, ძე ახიტუბისა, იქაბოდის ძისა, ფინხასის ძისა, ელის ძისა, სილოამში უფლის მღვდელი რომ იყო და ეფოდს რომ ატარებდა. არ იცოდა ხალხმა, სად წავიდა იონათანი. 3 და აქია, ძე აქიტობელისი, ძმისა იოაქებელისი, ძისა ფინეზისი, ძისა ელი მღდელთმოძღურისა მის ღმრთისა სელომისა, რომელსა აქუნდა სამკაული სამღდელო, და არცაღა ერმან მან უწყოდა წიაღსლვად იგი იონათანისი.
4 იმ ვიწროებში, საიდანაც უნდოდა იონათანს ფილისტიმელთა მოწინავე რაზმთან გასვლა, ერთ მხარესაგ კლდის შვერილი იყო და მეორე მხარესაც; ერთის სახელი - ბოცეცი, მეორისა - სენე. 4 და აღსავალსა, რომელსა უმზირდა იონათან ფილისტიმელთა, დასხმად იყო ორ კონცხ კლდისა, ერთი იმიერ და ერთი ამიერ და სახელი ერთისა მის კონცხისა ბაზეთ და მეორისა მის სენაჰარ.
5 ერთი შვერილი ჩრდილოეთის მხრიდან იყო აღმართული მიქმაშის გასწვრივ, მეორე - სამხრეთიდან, გაბაყის გასწვრივ. 5 ერთი იგი კონცხი იყო ჩრდილოთ მაქმასით და ერთი იგი კონცხი იყო სამჴრით გაბაონით.
6 უთხრა იონათანმა მსახურს, თავის საჭურველთმტირთველს: წამო, გავიდეთ მაგ წინდაუცვეთელთა საყარაულოსთან. ეგების გაგვამარჯვებინოს უფალმა, რადგან უფლისათვის არ არის დაბრკოლება, ბევრი ხალხით იხსნის თუ მცირეთი. 6 და ჰრქუა იონათან ნიჟორგალსა მას თჳსსა, რომელსა აქუნდა საჭურველი მისი: მოგვალე, წინაღვჴდეთ ბანაკსა მას წინადაუცვეთელთასა შეწევნითა ღმრთისა ჩუენისათა, რამეთუ ადვილ არს წინაშე ღმრთისა ჴსნა ჩუენი მტერთაგან ჩუენთა მცირითა, გინათუ დიდითა ერითა.
7 მიუგო მისმა საჭურველთმტვირთველმა: გააკეთე, რაც გულში გაქვს. მიდი და, აჰა, მეც შენთანა ვარ შენი გულივით. 7 მაშინ ჰრქუა ნიჟორგალმან მან, რომელსა ჰქონდა საჭურველი მისი: მაშა, მალე ყავ, რაცა გნებავს! აჰა, ესერა, მე შენ თანა ვარ! ვითარცა შენი გული არს, ეგრეცა ჩემი! გვალე შენ!
8 თქვა იონათანმა: აჰა, მე გავალ მაგ ხალხთან და დავენახვები მათ. 8 და ჰრქუა იონათან: აჰა, ესერა, ჩუენ წიაღვჴდეთ და შევეპარებოდით მათ!
9 თუ ასე გვეტყვიან: შეიცადეთ, ვიდრე ჩვენ თქვენთან მოვიდოდეთო, გავჩერდეთ ჩვენს ადგილზე და ნუ ავალთ მათთან. 9 გურქუას თუ ვინმე ჩუენ მათგანმან: დადეგით წუთ მანდა, და გიხილნეთ, რაძი ვინ ხართ თქუენ! მაშა, ფერჴი დავიპყრათ.
10 თუ ასე გვეტყვიან: ჩვენთან ამოდითო, ავიდეთ რადგან ჩვენს ხელთ ჩაუგდია ისინი უფალს. ეს იქნება ჩვენთვის ნიშანი. 10 უკუეთუ ესრე თქუან, ვითარმედ: წარმოგვალეთ! ჴსნილად მივიდეთ მათ ზედა, უწყოდეთ, რათა უფალსა განუწირვან იგინი ჴელთა მომართ ჩუენთა. და ესე სასწაული იყავნ ჩუენდა.
11

დაენახნენ ორივენი ფილისტიმელთა ყარაულს და იქვეს ფილისტიმელებმა: აჰა, ებრაელები გამოდიან ხერიდან, სადაც იმალებოდნენ.

11

და შევიდეს ორნივე იგი ბანაკსა მას უცხოთესლთასა, სიტყუად იწყეს უცხოთესლთა მათ და თქუეს ებრაელთა იმათ: ვითარ გამოვლენან ჴურელებით მათით, სადა-იგი დამალულ იყუნეს?

12 გაეხმიანენ მოყარაულენი იონათანს და მის საჭურველთმტვირთველს და უთხრეს: მოდით ჩვენთან და გაგაგებინებთ ამბავს. უთხრა იონათანმა თავის საჭურველთმტვირთველს: მომყევი, რადგან ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს. 12 და ჰრქუეს მიერ მომართ უცხოთესლთა მათ იონათანს: მოგვალეთ, წარმოიმართეთ და გიჩვენო თქუენ, რა-იგი ჯერ-იყოს თქუენდა უწყებად ჩუენგან. მაშინ ჰრქუა იონათან კაცსა მას, რომელსა ჰქონდა საჭურველი მისი: შემომიდეგ მე! აწ უწყი, რამეთუ უფალსა განუწირვან იგინი ჴელთა მომართ ჩუენთა.
13 ფორთხვით ავიდა ზევით იონათანი, უკან მისი საჭურველთმტვირთველი მიჰყვა; ეცემოდნენ იონათანის წინაშე, მისი საჭურველთმტვირთველი კი მის უკან ხოცავდა მათ. 13 და აღემართა იონათან ჴელთაგან და ფერჴთა მისთა და ნიჟორგალი იგი მის თანა. და შეეტევნეს მათ ზედა.
14 ეს პირველი შეტაკება იყო, რომლის დროსაც ოცამდე კაცს გაავლეს მუსრი იონათანმა და მისმა საჭურველთმტვირთველმა ნახევარ ქცევა მიწაზე. 14 ვითარცა იხილეს უცხოთესლთა მათ იონათან ზედა მიმავალი მათდა, მოეგებოდეს მას. ხოლო პირველსა მას შერევასა ადგილობანს მოსწყჳდნა იონათან ოცი სპარაზენი, რომელსა-იგი ჰქონდა საჭურველი მისი, უმარჯვებდა მახჳლსა მისსა.
15 შიშის ზარმა მოიცვა ბანაკი, ველი და მთელი საყარაულო. თვით მარბიელიც კი შეძრწუნდა. იძრა მიწა და გარდამოვიდა ღვთის ზარი. 15 და შეიმუსრნეს, რომელნი წინაეტევებოდეს მას და ბანაკი იგი, და, რომელნი აღუდგებოდეს გარემოს, ყოველნი ერთბამად შეიმუსროდეს. და კაცსა გული ბრძოლად ვერ შეუვიდოდა. და შეშინდა ყოველი ქუეყანა, რამეთუ მოვიდა მათ ზედა შეძრწუნება უფლისა მიერ.
16 დაინახეს საულის მოთვალთვალეებმა ბენიამინის გიბყადან, რომ იფანტება ჯარი და აქეთ-იქით აწყდება. 16 და იხილეს გუშაგთა მათ საულისათა, რომელნი იყვნეს გაბას ბენიამენისასა, აღტეხა იგი ბანაკისა მის უცხოთესლთასა, და აცნობეს ესე საულსაცა მეფესა, რამეთუ იგიცა მაღალსავე ზედა ჯდა და ხედვიდა აღტეხასა მას მათსა.
17 უთხრა საულმა თავისთან მყოფ ხალხს: მოათვალიერეთ და ნახეთ, ვინ არის წასული ჩვენიანებიდან. მოათვალიერეს და, აჰა, არც იონათანი ჩანს და არც მისი საჭურველთმტვირთველი. 17 სიტყუად იწყო საულ და ჰრქუა ერსა მას, რომელი იგი მის თანა იყო: ძიებაღა ყავთ და იხილეთ, ნუთუ ჩუენგანი ვინმე წიაღსულ არს მუნ? და ვითარცა მოიხილეს, არა ჰპოეს იონათან და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი.
18 უთხრა საულმა ახიას: მოიტანე ღვთის კიდობანი. რდგან ისრაელიანებთან იყო იმ დღეს ღვთის კიდობანი. 18 და ჰრქუა საულ აქიას, მღდელთმოძღუარსა მას: განიპყარ ევფუდი ეგე და იკითხე უფლისა მიერ! რამეთუ კიდობანი ღმრთისა იყო წინაშე ისრაჱლთა მას დღესა შინა.
19 ვიდრე მღვდელს ელაპარაკებოდა საული, კიდევ უფრო იმატა აურზაურმა ფილისტიმელთა ბანაკში. უთხრა საულმა მღვდელს: დაუშვი ხელი. 19 და იყო, ვიდრე ეტყოდაღა საულ მღდელთმოძღუარსა მას, ამბოხი იგი უცხოთესლთა მათ უფროს და უფროს განძლიერდებოდა. და ჰრქუა საულ აქიას მღდელთმოძღუარსა: შემოკრიბენ ჴელნი შენნი და დააცადე კითხვა ევფუდისა მაგის.
20 დასცეს ყიჟინა საულმა და მასთან მყოფმა მთელმა ხალხმა და მოიჭრნენ ბრძოლის ადგილზე. აჰა, გაიმართა ხელჩართული ბრძოლა და შეიქნა მეტისმეტი არეულობა. 20 და ამჴედრდა საულ და ყოველი ერი მის თანა და მივიდეს ადგილსა მას განსაწყობელსა. და უცხოთესლნი იგი შერეულ იყვნეს ერთიერთსა და კაცად-კაცადისა ჴმალი თავსა ზედა მოყუასისასა იყო. და შეიქმნა შემუსრვა დიდი ფრიად.
21

ებრაელები, ადრე რომ ფილისტიმელებთან იყვნენ და ყველგან დაჰყვებოდნენ მათ ბანაკს, ახლა ისრაელიანებს შეუერთდნენ, რომელნიც თან ახლდნენ საულსა და იონათანს.

21

და მონანი იგი საულისანი, რომელ განქცეულ იყვნეს უცხოთესლთაგან, მოვიდეს და შეერთნეს მუნვე ერსა მას ისრაიტელთასა საულის თანა და იონათანის თანა.

22 ეფრემის მთებში მიმალულმა ყველა ისრაელიანმა გაიგო ფილისტიმელების უკუქცევა და ისინიც გაჰყვნენ მათ ბრძოლაში. 22 და ყოველნი ისრაჱლთაგანი, რომელნი დამალულ იყუნეს მთასა მას ეფრემისსა, მოვიდეს და ჴელი შეყვეს საქმესა ბრძოლისასა მეოტთა მათ ზედა.
23 იხსნა უფალმა იმ დღეს ისრაელი. ბეთ-ავენს გადასწვდა ბრძოლა. 23 და იჴსნა უფალმან ისრაჱლი მას დღესა შინა ჴელთაგან უცხოთესლთასა.
24 გაიტანჯნენ იმ დღეს ისრაელიანები, რადგან დააფიცა საულმა ხალხი და უთხრა: წყეულიმც იყოს, ვინც პური შეჭამოს საღამომდე, როცა შურს ვიძიებ მტრებზე. და ხალხსაც პირი არ მიუკარებია საჭმელისთვის. 24 და ისრაჱლი იყო საულის თანა ვითარ ათი ათასი კაცი. ხოლო ღუაწლი იგი ბრძოლისა მიმოდაფენილ იყო ყოველსა მათ ქალაქთა მთათა მათ ეფრემისათა. მას ჟამსა უგუნურად იყო საულ უმეცრებითა დიდითა, რამეთუ ფერჴი დაიპყრა და შესწყევა ერი იგი და ჰრქუა: წყეულ იყავნ ყოველი კაცი, რომელმან ჭამოს პური დღეს ვიდრე მწუხრადმდე, ვიდრემდის არა სრულიად ვიძიო შური მტერთა ჩემთა! და არავინ ჭამა პური მას დღესა.
25 მთელი ხალხი ტყეში წავიდა, და აჰა, თაფლი დევს მიწაზე. 25 და ყოველი ქუეყანა სადილსა შინა იშვებდა, და იყო მუნ მაღნარი ერთი და ფუტკარი ფრიად იყო.
26 შევიდა ხალხი ტყეში და, აჰა, თაფლის ღვარია, მაგრამ არავის მიუტანია ხელი პირთან, რადგან ფიცის ეშინოდა ხალხს. 26 და განვიდოდა მისა ყოველი ერი და ვერავინ იკადრა ჭამად თაფლისა მის, და დრტჳნვიდეს და არავინ მიაქცია ჴელი თჳსი პირით კერძო, რამეთუ ეშინოდა წყევისა მისგან.
27 არ ჰქონდა გაგებული იონათანს, რომ დააფიცა მამამისმა ხალხი. გაიწოდა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, ჩააწო მისი წვერი გოლეულში და პირთან მიიტანა ხელი, და გაუნათდა თვალები. 27 და იონათან არა იცოდა წყევა იგი მამისა თჳსისა. ვითარცა მოვიდა იონათან ადგილსა მას თაფლოვანსა, მიყო ბუნი ოროლისა მისისა, დააწო გოლსა მას თაფლისასა და შესვა პირსა მისსა. და აღეხუნეს თუალნი მისნი და განძლიერდა.
28 მიუგო ერთმა კაცმა ხალხიდან და უთხრა: ფიცით დააფიცა მამაშენმა ხალხი, წყეულიმც იყოს, ვინც პური ჭამოსო დღეს. ამიტომაც დაიქანცა ხალხი. 28 მი-ვინმე-უგო ერთმან ერისაგანმან და ჰრქუა მას: ფიცით აფუცა მამამან შენმან ერი იგი და ჰრქუა, ვითარმედ: წყეულ იყავნ კაცი იგი, რომელმან ჭამოს პური დღეს მწუხრამდის! და აწ დაჴსნილ არს ყოველი კაცი.
29 თქვა იონათანმა: გააწამა მამაჩემმა ქვეყანა. ხომ ხედავთ, თვალები გამინათდა, როგორც კი ეს თაფლი ვიგემე. 29 და ვითარცა ესმა იონათანს სიტყუაჲ ესე, შეუძნდა და თქუა: წარწყმიდა მამამან ჩემმან ყოველი ქუეყანა, რამეთუ მცირედ ვიხილე გემო თაფლისა ამის და აღმეხუნეს თუალნი ჩემნი, განვძლიერდი.
30 რა იქნებოდა, დღეს რამე ეჭამა ხალხს იმ ნადავლიდან, მტერს რომ დააგდებინა? უფრო დიდი არ იქნებოდა მაშინ ფილისტიმელთა მარცხი? 30 აწ უკუე ერსა ამას თუმცა ეჭამა ნატყუენავისა მისგან მტერთასა, უმეტესიმცა ვნება შეამთხჳეს მტერთა მათ და უფროსიმცა ვნება შეიქმნა დღეს უცხოთესლთა მათ შორის,
31

დაამარცხეს იმ დღეს ფილისტიმელები მიქმაშიდან აიალონამდე და დაიქანცა ხალხი.

31

ვიდრე მაქმასისა. და აწ, ესერა, ყოველნი დაჴსნილ, დამშეულ არნ შიმშილითა ერი ესე ფრიად.

32 მივარდა ხალხი ნადავლს, გამოასხა ცხვარ-ძროხა, ხბორები და დახოცა ისინი მიწაზე. სისხლითურთ ჭამდა ხალხი. 32 მაშინ ვითარცა დააცადეს ბრძოლისგან, შეეურვა შიმშილითა, შეეტევა ყოველი იგი ერი ნატყუენავსა მას და აღჭრიდეს ცხოვარსა და ზროხასა, და დასწყვედდეს და ჭამდეს აღრეულად ჴორცსა სისხლითურთ.
33 შეატყობინეს საულს: აჰა, სცოდავს ხალხი უფალს, სისხლიანად ჭამს. თქვა: ფიცი გაქვთ გატეხილი. ახლა მოაგორეთ ჩემსკენ დიდი ლოდი. 33 მაშინ აუწყეს საულს, ვითარმედ შესცოდა ერმან მან უფალსა, რამეთუ ჭამეს ჴორცი სისხლითურთ. ვითარცა ესმა საულს ესე, შერისხნა ერსა მას და ჰრქუა: უსჯულო ვიქმნენით და ვსცოდეთ, აღმოაგორვეთ ჩემ ზედა ლოდი ერთი დიდი.
34 თქვა საულმა: გადით ხალხში და უთხარით: მომიყვანოს თითოეულმა თითო ხარი და თითო ცხვარი, აქ დაკლან და ჭამონ. ნუ სცოდავთ უფალს, სისხლიანად ნუ ჭამთ. მიჰყავდა ყველას თავისი ხარი ღამით და კლავდა იქ. 34 და თქუა საულ: განუცხადეთ ყოველსა ერსა და უთხართ მათ, რათა მოიყვანონ კაცად-კაცადმან ჩემ თანა ზროხა თჳსი და ცხოვარი, და დაჰკალთ ამას ზედა და სჭამდით! არა შესცოდოთ უფალსა სისხლიანითა მით ჭამითა. და ყოველმან ერმან თჳთეულმან ზროხანი მოიბნეს ჴელითა თჳსითა მიმწუხრი და დაკლნეს მუნ.
35 აუგო საულმა სამსხვერპლო უფალს. ამით დაიწყო უფლისთვის სამსხვერპლოების შენება. 35 და აღაშენა მუნ საულ საკურთხეველი უფლისა. ესე პირველად აღაშენა საულ საკურთხეველი უფლისა.
36 თქვა საულმა: დავეცეთ ფილისტიმელებს ამ ღამით და გათენებამდე ვძარცვოთ, რომ ერთი მათგანიც არ გადარჩეს. უთხრეს: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. თქვა მღვდელმა: მივმართოთ აქ ღმერთს. 36 მიუგო საულ ერსა მას და ჰრქუა: მოგვალე, გარდაუჴდეთ უცხოთესლთა მათ ამას ღამესა და აღვჭრნეთ იგინი ვიდრე განთიადმდე, და არა დაუტეოთ მათგანნი კაცნი! მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ყავ, რაჲცა, სათნო-გიჩნს წინაშე შენსა! მიუგო მღდელთმოძღუარმან მან და ჰრქუა: პირველად ვიკითხოღა უფლისაგან, ესრეთ გარდაუჴდეთ!
37 დაეკითხა საული ღმერთს: დავეცე ფილისტიმელებს თუ ჩაუგდებ მათ ისრაელის ხელში? პასუხი არ გაუცია იმ დღეს. 37 და წარდგა საულ კითხვად უფლისაგან და თქუა: მო-თუ-მცნე იგინი ჴელთა ჩემთა? და არა მიუგო მას უფალმან მაშინ.
38 თქვა საულმა: აქ მოდით, ერის თავკაცებო, და გაარკვიეთ, რა ცოდვა იყო დღეს ჩადენილი. 38 და უბრძანა საულ ყოველსა ერსა შემოკრებად თესლად-თესლად წინაშე მისა და ჰრქვა მათ: იკითხეთ და მოიკითხეთ, ვისგან-ძი იყოს შეცოდება ესე დღეს?
39 რადგან, ვფიცავ უფალს, ისრაელის მხსნელს, თუ ჩემს ძეს იონათანს აწევს ცოდვა, სიკვდილი არ ასცდება. პასუხი არვის გაუცია ხალხიდან. 39 რამეთუ ცხოველ არს უფალი, რომელმან იჴსნა ისრაჱლი. იონათანისგანღა თუ იყოს, ძისა ჩემისა, შეცოდება ესე, სიკუდილითვე მოვაკუდინო იგი! და ვერავინ იკადრა სიტყჳს-მიგებად მისა.
40 უთხრა მთელს ისრაელს: თქვენ ერთ მხარეს იყავით, ხოლო მე და ჩემი ძე იონათანი მეორე მხარეს ვიქნებით. მიუგო ხალხმა: როგორც გენებოს, ისე მოიქეცი. 40 მაშინ ჰრქუა საულ ერსა მას: აწ თქუენ ყოველნი იქმენით ერთკერძო, დადეგით. და მე და იონათან, ძე ჩემი, ერთკერძო, და წილ-ვიგდოთ. ვისიცა იყოს, ვსცნათ! მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: რაჲცა სათნო არს შენს წინაშე, იგი ყავ!
41

უთხრა საულმა უფალს: ღმერთო ისრაელისა! აბა, ვინ არის უბრალო? დაკავდნენ იონათანი და საული, ხალხი კი გაშვებული იქნა.

41 და სიტყუად იწყო საულ უფლისა და თქუა: უფალო, ღმერთო ისრაჱლისაო! რაჲსაგან არს, რამეთუ არა მოუგე მონასა შენსა დღეს სიტყუაჲ? თუ ჩემგან არს, ანუ იონათანისგან, ძისა ჩემისა, უსჯულოებაჲ ესე? მაუწყე მე, უფალო, შენ მიერ, უკუეთუ ერისაგან არს? ლხინება-ყავ მათთჳსცა და დააგდეს წილი ერსა ზედა და უბრალო იპოვა ყოველი ერი.
42 თქვა საულმა: წილი გვიყარეო მე და ჩემს ძეს იონათანს. და დაკავდა იონათანი. 42

და თქუა საულ: განაგდეთ ჩემ ზედა და იონათანს ზედა, და ვისგანცა იყოს, მოვკუდეთ! და მიუგო ყოველმან ერმან: ნუ იყოფინ სიტყუაჲ ეგე! და არა ერჩდა საულ. არამედ განაგდეს მის ზედა და იონათანისა, ძისა მისისა, და აღმოჰჴდა წილი იონათანსა ზედა.

43 უთხრა საულმა იონათანს: გამომიტყდი, რა ჩაიდინე? გამოუტყდა იონათანი და უთხრა: ჩემი ჯოხის წვერიდან, ხელში რომ მეჭირა, ცოტაოდენი თაფლი ვიგემე. აჰა, მზადა ვარ სასიკვდილოდ. 43 მიუგო საულ იონათანს და ჰრქუა: მსწრაფლ მითხარ მე რა საქმე ჰქენ? მიუგო იონათან საულს და ჰრქუა: გემო ვიხილე ბუნითა ჰოროლისათა, რომელ არს ჴელთა ჩემთა, თაფლისა მისგან გოლისა, რამეთუ არა უწყოდე წყევა იგი შენი. და აწ, ესერა, მოვკუდები.
44 თქვა საულმა: ასე და ასე მიყოს ღმერთმა, დღესვე თუ არ მოკვდე, იონათან! 44 მიუგო საულ და ჰრქუა: ესე და ესე მიყავნ მე უფალმან, არა თუ მოგაკუდინო შენ!
45 უთხრა ხალხმა საულს: ნუთუ უნდა მოკვდეს იონათანი, რომელმაც ასეთი დიდი გმირობა ჩაიდინა ისრაელში? ეს არ მოხდება! უფალს ვფიცავთ, რომ ერთი ღერი თმაც არ დავარდება მისი თავიდან მიწაზე, რადგან ღვთით მოქმედებდა დღეს იგი. ასე იხსნა ხალხმა იონათანი და არ მოკვდა იგი. 45 მაშინ ჰრქუა ერმან მან საულს: ნუ იყოფინ ეგე, უფალო! რათამცა მოკუდა დღესა იონათან, რამეთუ მისგან იქმნა ცხორება შორის ისრაჱლისა. შენდობა იყავნ! ცხოველ არს უფალი, არა დავარდეს თმა ერთი იონათანისა ქუეყანასა ზედა! და ილოცა ერმან იონათანისთჳს მას დღესა შინა. და განერა იონათან სიკუდილისაგან.
46 გაეცალა საული ფილისტიმელებს და დაბრუნდნენ ფილისტიმელები თავიანთ ადგილზე. 46 მაშინ აღმჴედრნეს და შეიჭურნეს და დევნა-უყვეს უცხოთესლთა მათ და შეაწყუდივნეს იგინი თჳთეულად ადგილად თჳსა.
47 იპყრა საულმა მეფობა ისრაელზე და ებრძოდა ირგვლივ ყველა მტერს - მოაბს, ყამონიანებს, ედომს, ციბას მეფეებს, ფილისტიმელებს და, საითკენაც არ უნდა წასულიყო, ყველგან იმარჯვებდა. 47 დაემტკიცა მეფობა იგი საულისა ისრაჱლსა ზედა. და ჰბრძოდა ყოველთა მტერთა მისთა მოაბისა და ძეთა მათ ამონისთა და ედომელთა მათ და ბეთორელთა და მეფეთა მათ სუბასათა და ყოველთა უცხოთესლთა, ვიდრეცა მივიდოდეს და ყვეს ცხორება და ძალი დიდი.
48 შექმნა ლაშქარი და დაამარცხა ყამალეკი, და იხსნა ისრაელი მძარცველებისგან. 48 და მოსრა მასვე ჟამსა ამალიკი და იჴსნა ისრაჱლი ჴელთაგან მტერთა მათთასა.
49 საულის ვაჟები იყვნენ - იონათანი, იშვი და მალქიშიყაყი; მის ორ ასულს ერქვა: პირმშოს - მერაბი, უმცროსს - მიქალი. 49 და იყუნენ ძენი საულისნი: იონათან, და იესიუ, და მელქისავე და იეზაბალ. და სახელი ორთა ასულთა მისთა ესე არს: უხუცესისა მის ნერობ და უმრწემესისა მის - მელქოლ.
50 საულის ცოლი იყო ახინოყაბი, ახიმაყაცის ასული; მისი მხედართმთავარი - აბნერი, ძე ნერისა, საულის ბიძისა. 50 და ცოლისა მისისა - აქია, ასული აქიმასისი, და სახელი სპასპეტისა მისისა - აბენერ, ძე ნერისი, მონისა საულისი,
51 კიში, საულის მამა, და ნერი, აბნერის მამა, აბიელის შვილები იყვნენ. 51 და კის - მამა საულისა და ნერ - მამა აბენერისა, და ძენი ამინასნი, ძისა აბიელისნი, - ოცდაათრვამეტნი.
52 სასტიკი ბრძოლები იყო ფილისტიმელებთან საულის დროს. მონახავდა საული მაგარსა და გულად ვაჟკაცს და თავისთან მიჰყავდა. 52 და განძლიერებულ იყო ღუაწლი ბრძოლისა დიდად ფრიად უცხოთესლთა მიმართ ყოველთა დღეთა საულისათა. და იხილნა საულ ყოველნი ძლიერნი და ყოველნი კაცნი ძლიერებისანი ქველნი შეკრიბნა წინაშე მისსა ყოფად.