| ძველი აღთქმა | სარჩევზე გადასვლა |
| ახალი ქართულით | ძველი ქართულით |
| თავი მესამე | |||
| 1 |
რადგან იმ დღეებში და იმხანად იქნება, რომ დავაბრუნებ დატყვევებულ იუდას და იერუსალიმს. |
1 |
რამეთუ აჰა, მე მათ დღეთა შინა, და მას ჟამსა შინა, ოდეს მოვაქციო ტყუეობა იუდაჲსი და იერუსალჱმისა. |
| 2 | შევკრებ ყველა ხალხს დააჩავიყვან იოშაფატის ველზე; იქ განვსჯი მათ ჩემი ერის გამო, ჩემი სამკვიდრო ისრაელის გამო, რომ გაფანტეს იგი ხალხებს შორის და დაინაწილეს ჩემი ქვეყანა. | 2 | და შევკრიბნე ყოველნი, ნათესავნი, და შთავიყუანნე იგინი, ღელესა იოსაფატისსა და ვესაჯოდე მათდა მიმართ მუნ ერისათჳს ჩემისა და სამკჳდრებელისა ჩემისა ისრაჱლისა, რომელნი განითესნეს წარმართთა შორის და ქუეყანა ჩემი განიყუეს. |
| 3 | წილი ჰყარეს ჩემს ერზე, ყმაწვილი მეძავზე გაცვალეს, ყმაწვილქალი ღვინოზე გაყიდეს და სვამდნენ. | 3 | და ერსა ჩემსა ზედა განიგდეს წილი და მისცნეს ყრმანი მეძავთა, და ქალებსა განყიდდეს ღჳნსა წილ და სუმიდეს. |
| 4 | რა გინდათ ჩემგან, ტვიროსო და ციდონო და ფილისტიმის მხარეებო? სამაგიერო ხომ არ გინდათ მიზღათ? თუ ამას მიპირებთ, ადვილად და მალევე მოვაქცევ თქვენს თავზე თქვენსავე შურისგებას. | 4 | და რად თქუენცა ჩემდა ტჳროს და სიდონ და ყოველი გალილეაჲ უცხოტომთა ნუ მოსაგებელსა მომაგებთ მე თქუენ, ანუ ძჳრის-ჰმოჴსენეობთ თქვენ ჩემდა, მახჳლად და მსწრაფლ მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა |
| 5 | იმის გამო, რომ ჩემი ვერცხლი და ოქრო გაქვთ წაღებული და თქვენს ტაძრებში გაქვთ შეზიდული ჩემი რჩეული განძეული. | 5 | მის წილ, რომელ ვეცხლი ჩემი და ოქროჲ ჩემი მიიღეთ და გამორჩეულებანი ჩემნი და კარნი შეიხუენით სახლთა მათ თქუენთა. |
| 6 | იონელებს მიყიდეთ იუდასა და იერუსალიმის შვილები, რომ მოგეშორებინათ ისინი თავიანთ საზღვრებს. | 6 | და ძენი იუდაჲსნი და ძენი იერუსალჱმისანი განსცენით ძეთა ელლინთასა, რათა განაგარევნეთ იგინი საზღუართაგან მათთა, |
| 7 | აჰა, აღვძრავ მათ იმ ადგილიდან, სადაც გაყიდეთ, და თქვენს თავზე მოვაქცევ თქვენსავე შურისგებას. | 7 | რამეთუ, აჰა, მე აღვადგინნე იგინი ადგილისაგან, სადა განსცენით იგინი მუნ. და მოვაგო მოსაგებელი თქუენი თავთა მომართ თქუენთა. |
| 8 | მივყიდი თქვენს ვაჟებს და ასულებს იუდაელთ და ისინი მიჰყიდიან მათ შებაელებს, შორეულ ხალხს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს. | 8 | და უკუნვსცნე ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი ჴელებსა ძეთა იუდასთასა და განსცემდენ მათ ტყუეობად ნათესავისა მიმართ შორს მყოფისა, რამეთუ უფალი იტყოდა: |
| 9 | გამოაცხადეთ ეს ამბავი ხალხებში, განემზადეთ ომისთვის, აღძარით გმირები, რომ ფეხზე დადგეს ყველა მეომარი. | 9 | ქადაგენით ესენი წარმართთა შორის, წმიდა-ყავთ ბრძოლაჲ, აღადგინენით მბრძოლნი, მოიყვანენით და აღვედით ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი. |
| 10 | სახნისებისგან მახვილები გამოჭედეთ, თოხებისაგან - შუბები! უძლურმა თქვას: ძლიერი ვარო! | 10 | დაჭრენით საჴნისნი თქუენნი ჴრმლებად, და მანგალნი თქუენნი მაზრაკებად. უძალო იტყოდედ, ვითარმედ: ძალ-მიც მე. |
| 11 | იჩქარეთ, დაიძარით, ხალხებო, ყოველი მხრიდან და შეგროვდით! იქ მიავლინე, უფალო, შენი გმირები! | 11 | შეკერბით და შევედით ყოველნი ნათესავნი გარემოჲთ და კრება-ყავთ მუნ, მშჳდი იყავნ მებრძოლი. |
| 12 |
გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა. |
12 |
აღდგედ და აღვიდოდედ ყოველნი ნათესავნი ღელედ მიმართ იოსაფატისსა, რამეთუ მუნ დავსჯდე განსჯად ყოველთა ნათესავთა გარემოთა. |
| 13 | გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, რადგან გამრავლდა მათი ბოროტება. | 13 | განავლინენით მანგალნი, რამეთუ წარმოდგა მსთულებელი. შევედით, დასწნიხეთ, რამეთუ სავსე არს საწნახელი. გარდაეცემიან ტაგარნი, რამეთუ განმრავლდეს ძჳრნი მათნი. |
| 14 | ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე. | 14 | ოხრანი იოხრნეს ღელესა შინა სასჯელისასა, რამეთუ მახლობელ არს დღე უფლისაჲ ღელესა შინა სასჯელისასა. |
| 15 | მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი. | 15 | მზე და მთოვარე დაბნელდენ და ვარსკულავთა ავლინონ ნათელი მათი. |
| 16 | იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელიანებს. | 16 | ხოლო უფალმან სიონით ღაღად-ყოს და იერუსალჱმით მოსცეს ჴმაჲ თჳსი, და შეიძრას ცაჲ და ქუეყანაჲ, ხოლო უფალმან ჰრიდოს ერსა თჳსსა და განაძლიერნეს ძენი ისრაჱლისანი. |
| 17 | მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოთესლი. | 17 | და სცნათ, ვითარმედ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, დაკარვებული მთასა ზედა წმიდასა ჩემსა, სიონს შინა. და იყოს იერუსალჱმი წმიდაჲ და სხუაჲ ნათესავნი არღა შევიდენ მას შინა არა მერმე. |
| 18 | იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს. | 18 | და იყოს მას დღესა შინა და მოაწთონ მთათა სიტკბოება და ბორცუნი ადენდენ სძესა. და ყოველნი გამოსატევებელნი იუდაჲსნი ადინებდენ წყალთა. და წყაროჲ სახლისაგან უფლისა გამოვიდეს და მოჰრწყვიდეს ნაღუარევსა ეკალთასა. |
| 19 | გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს: უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში. | 19 | ეგჳპტე განსარყუნელად იყოს და იდუმიაჲ ველად განრყუნილებისად იყოს მძლავრებათათჳს ძეთა იუდაჲსთასა მის წილ, რომელ დასთხიეს სისხლი მართალი ქუეყანასა შინა მათსა. |
| 20 | უკუნისამდე დარჩება იუდა და თაობიდან თაობამდე - იერუსალიმი. | 20 | ხოლო ჰურიასტანი საუკუნოდ დამკჳდრებულ იქმნეს და იერუსალჱმი ნათესავთამდე ნათესავთასა. |
| 21 | ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი. | 21 | და გამოვიძიო სისხლი მათი და არ ვაუბრალოო, და უფალმან დაიმკჳდროს სიონს შინა. |