ახალი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იოანეს გამოცხადება

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა;

1 და მეხუთემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა, და ვიხილე ვარსკულავი, რომელი გარდამოვარდა ზეცით ქუეყანად, და მიეცა მას კლიტე ჯურღმულისა მის უფსკრულისაჲ.
2 გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. 2 და აღჴდა კუამლი ჯურღმულისა მისგან, ვითარცა კუამლი ცეცხლისა მოტყინარისაჲ, და დაბნელდა მზე და ჰაერი კუამლისა მისგან ჯურღმულისა.
3 გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. 3 და კუამლისა მისგან გამოვიდეს მკალნი ქუეყანად. და მიეცა მათ ჴელმწიფებაჲ, ვითარცა აქუს ჴელმწიფებაჲ ღრიაკალთა ქუეყანისათა.
4 და ითქვა მათ მიმართ, რომ არა ავნონ რა არც ბალახს მიწისას, არც მწვანილს რასმე და არც ხეს რასმე, არამედ მხოლოდ იმ ხალხს, რომელსაც არა აქვს ღვთის ბეჭედი შუბლზე. 4 და ითქუა მათა მიმართ, რაჲთა არა ავნონ თივასა ქუეყანისასა, არცა ყოველსა მწუანვილსა, არცა ხეთა, არამედ კაცთა, რომელთა არა აქუს ბეჭედი ღმრთისაჲ შუბლთა ზედა მათთა.
5 და მიეცა მათ ნება, კი არ მოეკლათ, არამედ ხუთი თვე ეწამებინათ ისინი; ხოლო წამება მათგან, როგორც წამება მორიელისგან, როდესაც მოწყლავს კაცს. 5 და მიეცა მათ, რაჲთა არა მოკლნენ იგინი, არამედ რაჲთა იტანჯნენ ხუთ თუე. და ტანჯვაჲ მათი, ვითარცა ტანჯვაჲ ღრიაკალისაჲ, რაჟამს უცის კაცსა.
6 იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ. 6 და მათ დღეთა შინა ეძიებდენ კაცნი სიკუდილსა და ვერ პოონ, და სუროდის მოკუდომად და ივლტოდის მათგან სიკუდილი.
7 ხოლო კალიები გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. 7 და მსგავსებაჲ იგი მკალთაჲ ესევითარი იყო: მსგავს იყვნეს ცხენთა, განმზადებულთა ბრძოლად. და თავთა ზედა მათთა, ვითარცა გჳრგჳნნი ოქროჲსანი, და პირნი მათნი, ვითარცა პირნი კაცთანი.
8 მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. 8 და აქუნდა თმები, ვითარცა თმანი დედათანი; და კბილნი მათნი, ვითარცა ლომთანი იყვნეს.
9 ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად. 9 და აქუნდა ჯაჭუები, ვითარცა ჯაჭუები რკინისაჲ, და ჴმაჲ ფრთეთა მათთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ეტლთა ცხენთა მრავალთაჲ, რომელნი რბიოდიან ბრძოლად.
10 ნესტრიანი კუდები ჰქონდათ, მორიელთა კუდების მსგავსნი, ხოლო კუდებში - ხელმწიფება კაცთა წამებისა ხუთი თვის განმავლობაში. 10 და აქუს კუდები, მსგავსი ღრიაკალთაჲ და საწერტელები. და კუდებითა მათითა აქუს ჴელმწიფებაჲ ვნებად კაცთა ხუთ თუე.
11 მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ. 11 და აქუს მათ ზედა მეფედ ანგელოზი იგი უფსკრულისაჲ. სახელი მისი ებრაელებრ: ავადონ, ხოლო ბერძლებრ აქუს სახელი აპოლიონ.
12

ერთმა ვაებამ გადაიარა: აჰა, მოდის ამის შემდეგ ორი ვაება.

12 ერთი იგი ვაებაჲ წარჴდა. აჰა ესერა მოვლენ ორნიღა ვაებანი შემდგომად ამისა.
13 მეექვსე ანგელოზმა ჩაჰბერა და მომესმა ერთი ხმა ოთხ რქათაგან ოქროს საკურთხევლისა, რომელიც არის ღვთის წინაშე; 13 მეექუსემან ანგელოზმან დასცა საყჳრსა თჳსსა, და მესმა ჴმაჲ ერთი ოთხთა მათ რქათაგან საკურთხეველისა მის ოქროჲსათა, რომელ არს წინაშე ღმრთისა,
14 და უთხრა მეექვსე ანგელოზს, საყვირის მქონეს: ახსენი ოთხი ანგელოზი, რომელნიც შეკრულნი არიან დიდ მდინარეზე ევფრატისა. 14 რომელი ეტყოდა მეექუსესა მას ანგელოზსა, ვითარმედ: რომელსა-ეგე გაქუს საყჳრი, განჴსნენ ოთხნი იგი ანგელოზნი, რომელნი შეკრულ არიან მდინარესა მას ზედა დიდსა ევფრატსა.
15 და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომელნიც მზად არიან ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელს, მუსრი გაავლონ მესამედს კაცთა. 15 და განიჴსნნეს ოთხნი იგი ანგელოზნი, განმზადებულნი ჟამისა მისთჳს და დღისა და თჳსა და წელიწადისა, რაჲთა მოსრან მესამედი კაცთაჲ.
16 და რიცხვი მათი მხედრობისა - ორასი ათასჯერ ათასი; მომესმა რიცხვი მათი. 16 და რიცხჳ მჴედრობათაჲ მათ ცხენთაჲ ბევრნი ბევრთანი, მესმა რიცხჳ მათი.
17 ასე ვიხილე ხილვით ცხენები და მათი მხედრები, რომლებსაც ეცვათ აბჯარნი ცეცხლის, ჰიაკინთისა და გოგირდის ფერნი. თავები ცხენებისა, როგორც ლომების თავნი, და მათ პირთაგან იფრქვეოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი. 17 და ესრეთ ვიხილენ ცხენნი იგი ხილვითა; და მსხდომარეთა მათ ზედა აქუნდა ჯაჭუები ცეცხლისა და ვაკინთისა და წუმწუბის სახენი; და თავნი ცხენთანი, ვითარცა თავნი ლომთანი; და პირთა მათთაგან გამოვალს ცეცხლი და კუამლი და წუმწუბაჲ.
18 და ამ სამი წყლულებისგან - ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რასაც აფრქვევენ მათი პირები, კაცთა მესამედი ამოწყდა. 18 სამთა ამათ წყლულებათაგან მოსწყდა მესამედი კაცთაჲ - ცეცხლისაგან და კუამლისა და წუმწუბისა, რომელ-იგი გამოვიდოდეს პირთაგან მათთა.
19 რადგან ცხენებისა ძალა იყო მათ თავ-პირსა და მათ კუდებში, ხოლო კუდები გველებს ჰგვანდნენ და ჰქონდათ თავები, რომლებითაც ვნებდნენ ხალხს. 19 რამეთუ ჴელმწიფებაჲ იგი ცხენთაჲ მათ პირთა შინა მათთა არს და კუდთა, რამეთუ კუდნი მათნი მსგავს არიან გუელთა, და აქუს თავები და მით ავნებენ.
20 დანარჩენებმა კი, რომლებიც არ ამოწყდნენ ამ წყლულებისგან, არ შეინანეს თავიანთ ხელთა საქმენი, რათა თაყვანი არ ეცათ ეშმაკთა და ოქროს, ვერცხლის, რვალის, ქვისა და ხის კერპთათვის, რომელთაც არც ხედვა ძალუძთ, არც სმენა და არც სიარული. 20 და სხუათა მათ კაცთა, რომელნი-იგი არა მოიკლნეს ამათ წყლულებათაგან, არა შეინანეს მათ საქმეთაგან ჴელთა მათთაჲსა, რაჲთამცა არა თაყუანის-სცემდეს ეშმაკთა და კერპთა ოქროჲსა და ვეცხლისა და ქვისა და შეშისათა, რომელთა ვერცა ხედვად ძალ-უც, ვერცა სმენად, ვერცა სლვად.
21 არ შეინანეს არც თავიანთი მკვლელობანი და არც თავიანთი გრძნეულებანი, არც თავიანთი სიძვანი და არც თავიანთი ქურდობანი. 21 და არა შეინანეს კაცის-მკლველობათა მათთაგან და არცა მწამლველობათა მათთაგან, არცა სიძვისა მათისაგან, არცა მპარაობათა მათთაგან.