ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ეზრა

თავი მეექვსე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მაშინ დარიოს მეფემ გასცა განკარგულება და დაიწყეს ძებნა წიგნთსაცავებში, სადაც განძეულობა ინახებოდა, იქ, ბაბილონში.

1

მას ჟამსა დარეჰ მეფემან ძიება-ყო და პოვა სახლსა მეფეთა წიგთა მატიანთასა ბაბილონელთასა.

2 იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: ძეგლისწერა. 2 და პოვა ჰამათიასტია ქალაქსა იეგბატანელთასა, თავი ერთი წიგნი ტომარი, და ესრეთ წერილ იყო წიგნსა მას საჴსენებელთასა:
3 კიროს მეფის პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: აშენდეს სახლი, ადგილი, სადაც მსხვერპლს სწირავენ, მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს შენობას; სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანეც - სამოცი წყრთა. 3 წელსა პირველსა კჳროსისა, კჳროს მეფემან უბრძანა სახლისა უფლისა, რომელ არს იერუსალჱმს, და თქუა: აღეშენენ ტაძარი უფლისა და ადგილი, სადა შეწირონ შესაწირავი უფლისა. და მისცა ზომი სიმართლისა სამეოც წყრთაი და სივრცისა - სამეოც წყრთა.
4 სამი რიგი დიდრონი ქვებისგან იყოს და ერთი რიგი - ძელებისგან; ხარჯებს მეფის სასახლე გაასწორებს. 4 და განუწესა სამი ჯერი ქვათაგან ძლიერთა და ჯერი ერთი ძელი. ესრეთ აღიშენენ და მიეცინ ყოველივე ტაძრად.
5 ღვთის სახლის ჭურჭელიც, ოქროსი და ვერცხლისა, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში, და ღვთის სახლში დაბინავდეს. 5 და ჭურჭელი სახლისა უფლისა - ვეცხლისანი და ოქროჲსანი, რომელი მოიღო ნაბუქოდონოსორ სახლისაგან უფლსა იერუსალიმით და დაყო ბაბილონს, აწ შეაქციეთ და მიეცით და მიიღონ ტაძრად უფლისა იერუსალიმს, და წარვიდენ და წარიღონ ადგილსა თჳსსა, სადა დადებულ იყო.
6 ასე რომ, თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, აფარსექელნი, მდინარისგაღმელნი, უნდა დაეხსნან მათ. 6 მას ჟამსა მისცა დარეჰ წიგნი ბრძანებისა მთავრისა მის მდინარისა კერძოჲსა სათრაბუზანს და მონათმოდგამთა თჳსთა მდინარითკერძოჲსა და უფროსღა შორიელთა ადგილთა.
7 დაანებონ ამ ღვთის სახლის შენება; ააშენონ იუდას განმგებელმა და იუდას უხუცესებმა ეს ღვთის სახლი თავის ადგილზე. 7 აწ ამიერითგან მიუშჳთ შენება სახლისა მის ღმრთისა მთავართა მათ ჰურიათა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა, და აღაშენონ სახლი იგი ღმრთისა ადგილსავე თჳსსა.
8 ვიძლევი განკარგულებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ასაშენებლად: სამეფო ხაზინიდან და მდინარისგაღმა მხარის შემოსავლიდან სასწრაფოდ მიეცეს სახარჯოდ იმ ხალხს, რათა არ შეწყდეს მშენებლობა. 8 და მე მიბრძანებიეს, რათა არღარავინ აყენებდეს მოხუცებულთა ჰურიასტანისათა ისრაჱლისათა აღშენებად სახლისა უფლისა ღმრთისა თჳსისასა და ჴელმწიფებისაგან სუფევისა ჩემისასა; რომელ არიან ხარკისა მომჴდელნი მდინარითკერძონი, ყოვლითა კრძალულებითა მისცენ საჴმარი კაცთა მაგათ და ნუმცა დააბრკოლებენ
9 რაც საჭიროა, ხბორები იქნება, ვერძი თუ ბატკანი, ცათა ღვთისთვის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო, ზეთი, როგორც იერუსალიმელი მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუწყვეტლივ, 9 შვილნი კუროთანი და ვერძთანი წელიწდეულნი საკუერთხად უფლისა ღმრთისა ზეცათასა, იფქლი, და მარილი, და ღჳნოჲ და ზეთი, ვითარცა გიბრძანონ მღდელთმოძღვართა იერუსალჱმისათა, იყავნ დაუბრკოლებელად მიცემულ დღითი დღე, ვითარცა მიიღებდენ.
10 რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლი ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მისი შვილების სიცოცხლისათვის. 10 და შესწირედ მსხუერპლი სულნელი უფლისა ღმრთისა ზეცათასა და ლოცვა-ყონ ცხოვრებისათჳს მეფისასა და ძეთა მისთათჳს.
11 ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმე გადავა ამ სიტყვას, მისი სახლიდან გამოღებულ ძელზე აიყვანონ და მიალურსმონ, სახლი კი სანაგვედ აქციონ ამის გამო. 11 და ჩემგან განვიდა ბრძანება ესე, და ყოველი კაცი, რომელი წინააღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, დაარღვიეთ სახლი მისი და მოიღეთ ძელი სახლისა მისისაგან და აღმართეთ ძელი იგი და დამსჭუალეთ კაცი იგი მას ზედა, რომელი წიხააღუდგეს ბრძანებასა ჩემსა, იყავნ მისად საყუედრელად საუკუნოდ
12

ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს, რომ შეცვალოს ეს, რომ ზიანი მიაყენოს ამ ღვთის სახლს იერუსალიმში. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!

12

და ღმერთმან, რომლისა დამკჳდრებულ არს სახელი მისი მას ზედა, განხრწნენინ და დაარღვიენ მეფობა და ერი, რომელი წარმდებ იქმნა და აღყო ჴელი თჳსი დაყენებად და განრყუნად სახლისა მის უფლისა ღმრთისა, რომელი-იგი არს იერუსალჱმს. მე, დარეჰ მეფემან, დავდევ ბრძანება ესე და ნუვის უფლიეს გარდასლვად

13 მაშინ თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა დარიოს მეფის ბრძანებისამებრ დაიწყეს დაუყოვნებლივ მოქმედება. 13 მას ჟამსა მთავარი იგი მდინარეთკერძოთა სათრაბუზან და მონათმოდგამნი მათნი, რომელ-იგი მიწერა დარეჰ მეფემან, მსწრაფლ აღასრულეს ბრძანება იგი მისი.
14 იუდას უხუცესები აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად წინასწარმეტყველ ანგიასა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ნებით, კიროსის, დარიოსის, ართახშაშთას, სპარსთა მეფის, ნებით. 14 და მოხუცებულნი იგი ურიათანი აშენებდეს და ლევიტელნი იგი ჟამთა მათ წინასწარმეტყუელებისათა ანგეასთა და ზაქარიასათ, ძისა ადდოვეასსა. აღაშენეს და დაამტკიცეს ბრძანებისა მისებრ უფლისა ისრაელისა, ვითარცა უბრძანა კვიროს მეფემან და დარეჰ და ჟამთა არტარასისთა, მეფისა სპარსთასა
15 დამთავრდა ეს სახლი ადარის თვის მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელს. 15 რომელსა დღესა სამი იყო ადარისა თთჳსა, წელსა მას მეექუსესა შარავანდობისა დარეჰისასა, აღესრულა ტაძარი იგი.
16 სიხარულით შეასრულეს ისრაელიანებმა, მღვდლებმა, ლევიანებსა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა ამ ღვთის სახლის სატფურება. 16 და ყვეს ძეთა ისრაელისათა, მღდელთა მათ და ლევიტელთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყუეობისა მისგან, სატფური სახლისა უფლისა დიდითა სიხარულითა.
17 მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად. 17 შეწირეს სატფურსა მას სახლსა უფლისასა ზვარაკი ასი, ვერძი ორასი, კრავი ოთხასი, წელიწდეულნი თხათაგან ცოდვათათჳს ყოვლისა ისრაელთათჳს ათორმეტ, მსგავსად რიცხჳსა მისგან ნათესავთა ისრაელისათა.
18 დააყენეს მღვდლები მათი ხარისხების მიხედვით და ლევიანები მათი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია. 18 დაადგინნეს მღდელნი იგი თითოეულად ადგილთა თჳსთა და ლევიტელნი იგი განწილვისა მისებრ განყოფისა მათისასა მსახურებასა მას უფლისასა იერუსალჱმს, ვითარცა წერილ არს წიგნსა მას მოსესსა.
19 გადაიხადა პასექი გადანასახლებმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს. 19 და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა, გამოსრულთა მათ ტყვეობისაგან, ზატიკი იგი უფლისა დღესა მეათოთხმეტესა თთვისა მის პირველისასა.
20 განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ. დაკლეს პასექი გადანასახლები ხალხისთვის, თავიანთი თვისტომი მღვდლებისათვის და საკუთარი თავისთვის. 20 და განწმიდნეს მღდელნი იგი და ლევიტელნი იგი, და იყუნეს იგინი წმიდა, და შეწირეს ზატიკი იგი უფლისა ყოველთა, რომელნი-იგი გამოსრულ იყუნეს ტყვეობისა მისგან, ძმათა მათთა და მღდელთა.
21 ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელიანები და ყველანი, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს. 21 და შეჭამეს ძეთა ისრაჱლისათა ზატიკი იგი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ტყვეობისაგან, და ყოველნივე, რომელნი განშორებულ იყუნეს სიბილწისა მისგან ნათესავთა მათ მის ქვეყანისათა, რომელნი-იგი მოსრულ იყუნეს მათა გამოძიებად უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა.
22 ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს სიხარულით, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რომ ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, შენებისას. 22 და ყვეს დღესასწაული ბალარჯობისა შვიდ დღე და გახმხიარულდეს იერუსალჱმს, რამეთუ მხიარულ-ყუნა იგინი უფალმან ღმერთმან და მოაქცია უფალმან გული მეფისა მის ასურთა მათდა მომართ, რათა შეეწიოს და განაძლიერნეს ჴელნი მათნი საქმედ ტაძრისა მის უფლისა, ღმრთისა ისრაილისა