ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი მეფეთა

თავი მეშვიდე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

მოვიდნენ კირიათ-იეყარიმელნი, წაიღეს უფლის კიდობანი და მიიტანეს აბინადაბის სახლში, გორაკზე, და განაწესეს მისი შვილი, ელეაზარი, უფლის კიდობნის დასაცავად. 

1

და მოვიდნეს კარიათიმელნი და წარიღეს მათ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, შეიღეს იგი სახლსა მას ამინადაბისა, რომელი დაშენებულ იყო ბორცუსა მას ზედა, და გამოირჩიეს ძე მისი, ელიაზარ, და დაადგინეს მცველად კიდობანსა მას უფლისასა.

2 გამოხდა მრავალი ხანი კიდობნის დასვენებიდან კირიათ-იეყარიმში, გავიდა ოცი წელი და მოენატრა უფალი მთელს ისრაელს. 2 და იყო, ვინათგან შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისა კარითიამად, და განმრავლდეს ჟამნი, და დაყო ვითარ ოცი წელი და მოიქცა ისრაჱლი უფლისა მას დღესა შინა.
3 ასე უთხრა სამუელმა მთელს ისრაელის სახლს: თუ მთელი გულით მიისწრაფით უფლისკენ, მოიშორეთ უცხო ღმერთები და აშთორეთები; მიმართეთ გულები უფლისაკენ და მხოლოდ მას ემსახურეთ; მაშინ გიხსნით იგი ფილისტიმელთაგან. 3 და რქუა სამოველ ყოველსა ისრაჱლსა: უკუეთუ მოიქცეთ უფლისა ყოვლითა გულითა თქუენითა, და განიშოროთ კერპთმსახურებაჲ და მონებდეთ უფალსა ღმერთსა, და მან გიჴსნნეს თქუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.
4 მოიშორეს ისრაელიანებმა ბაალები და აშთორეთები და მხოლოდ უფალს ემსახურებოდნენ. 4 ისმინეს სიტყუაჲ იგი ძეთა ისრაჱლისათა, და განაგდეს ბაალი და სერტყები და კერპი იგი ასტაროთისი და მონებდეს უფალსა ღმერთსა.
5 თქვა სამუელმა: შეკრიბეთ მთელი ისრაელი მიცფაში და შევევედრები თქვენთვის უფალს. 5 და რქუა მას სამოველ: შეკრბით ყოველი ერი ისრაჱლისა მასეფათდ, და ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ!
6 შეიკრიბნენ მიცფაში; ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს. განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში. 6 და შემოკრბა ყოველი ერი მასეფათდ და მოიღეს წყალი და მოაპკურეს ქუეყანას წინაშე უფლისა და იმარხეს მას დღესა და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე უფლისა! რამეთუ შჯიდა სამოველ მასეფათს ძეთა ისრაჱლისათა.
7 შეიტყვეს ფილისტიმელებმა, მიცფაში რომ იყვნენ შეკრებილნი ისრაელიანები, და დაიძრნენ ფილისტიმელთა მთავრები ისრაელის წინააღმდეგ. გაიგეს ისრაელიანებმა და შეუშინდნენ ფილისტიმელებს. 7 და ესმა უცხოთესლთა მათ, რამეთუ შეკრბეს მასეფათდ ძენი ისრაჱლისანი და შეკრბეს უცხოთესლნიცა იგი და მოვიდეს ისრაჱლისა და გამოვიდნენ ისრაჱლნი უცხოთესლთა მათ ზედა. და ესმა რაჲ ესე ძეთა მათ ისრაჱლისათა, შეეშინათ ფრიად.
8 უთხრეს ისრაელიანებმა სამუელს: ნუ შეგვიწყვეტ უფლის, ჩვენი ღვთისადმი ღაღადს, იქნებ გვიხსნას ფილისტიმელთაგან. 8 და რქუეს ძეთა ისრაჱლისათა სამოელს: ნუ დასცხრები ლოცვასა უფლისა ღმრთისა მიმართ ჩუენთჳს, რათა გჳჴსნეს ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა.
9 აიყვანა სამუელმა ძუძუთა ბატკანი და მთლიანად აღუვლინა იგი უფალს. შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისათვის და უსმინა მას უფალმა. 9 და თქუა სამოველ: არა დავსცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ თქუენთჳს! და მოიქვა სამოველ კრავი ერთი მწოვარი და შესწირა მსხუერპლად უფლისა ყოვლისათჳს ერისა ისრაჱლისა. და ისმინა უფალმან ლოცვა იგი სამოველისა.
10

როდესაც სამუელი აღუვლენდა უფალს აღსავლენს და ფილისტიმელებიც მოდგნენ ისრაელთან საბრძოლველად, იგრგვინა ძლიერი ხმით იმ დღეს უფალმა ფილისტიმელებზე, შეაძრწუნა და იძლივნენ ისინი ისრაელიანთაგან.

10

და ვიდრე შესწირვიდა სამოველ მსხუჱრპლსა მას, უცხოთესლნი იგი მი-ხოლო-ვიდეს განმზადებულნი ბრძოლად ისრაჱლისა. და ქუხდა უფალი უცხოთესლთა მათ ზედა ჴმითა კრჩხიალებისათა, და შეძრწუნდეს და ძლევასა მიეცნეს წინაშე ისრაიტელთა მათ. და გამოვიდეს ისრაიტელნი იგი მასეფათით.

11 გამოვიდნენ ისრაელის კაცები მიცფადან, დაედევნენ ფილისტიმელებს და მუსრი გაავლეს მათ ბეთქორის მახლობლად. 11 და დევნა-უყვეს, და ეწივნეს, მოსრნეს უცხოთესლნი იგი და ნეშტი იგი მეოტად წარიქციეს ბეთსაბემდე.
12 აიღო სამუელმა ერთი ლოდი და დადო იგი მიცფასა და კლდის შვერილს შორის, თქვა: აქამდე შეგვეწია უფალი. და უწოდა იმ ადგილს სახელად ებენ-ყეზერი (ქვა შეწევნისა). 12 და მოიღო სამოველ ლოდი ერთი და აღმართა იგი შორის მასეფათსა და შორის განსაწყობელსა მას, და უწოდა სახელი მისი აბენეზერ, რომელ არს თარგმანებით ლოდი შეწევნისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: აქამომდე შეგვეწია ჩუენ უფალი.
13 დასცხრნენ ფილისტიმელები და აღარ შემოდიოდნენ ისრაელის საზღვრებში. უფლის ხელი იყო ფილისტიმელებზე სამუელის სიცოცხლეში. 13 და დაამდაბლნა უფალმან უცხოთესლნი იგი. და არღარა შესძინეს ზედამისლვად ისრაჱლისა. და იყო ჴელი უფლისა უცხოთესლთა მათ ზედა ყოველთა დღეთა სამოველისათა.
14 დაუბრუნდა ისრაელს ფილისტიმელთაგან წაღებული ქალაქები, ყეკრონიდან გათამდე. გამოგლიჯა ისრაელმა მათი საზღვრები ფილისტიმელებს. ისრაელსა და ამორეველთა შორის ზავი იყო. 14 და უკმოიღეს ქალაქები იგი, რომელი დაეპყრა უცხოთესლთა მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, აკარონითგან ვიდრე გეთადმდე დაიპყრეს საზღვარი იგი ისრაჱლისა ჴელთაგან უცხოთესლთასა. და იყო მშჳდობაჲ შორის ისრაჱლსა და ამორეველთა მათ.
15 ისრაელის მსაჯული იყო სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე. 15 და შჯიდა სამოველ ყოველთა ადგილთა წმიდათა მათთა.
16 დადიოდა იგი წლიდან წლამდე, მიმოივლიდა ბეთელს, გილგალს და მიცფას, და განსჯიდა ისრაელს ყეელა ამ ადგილში.    
17 ბრუნდებოდა რამათს, რადგან იქ იყო მისი სახლი, და იქაც განსჯიდა ისრაელს. იქ აუგო მან სამსხვერპლო უფალს. 16 და მოვიდის იგი არმათემადვე, რამეთუ საყოფელი მისი მუნ იყო; და მუნ განიკითხავნ ისრაჱლსა და აღაშენა მუნ სამოველ საკურთხეველი უფლისა.