ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

პირველი ნეშტთა

თავი ოცდამეერთე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

სატანა აღდგა ისრაელზე და ისრაელის აღრიცხვის სურვილი აღუძრა დავითს.

1

და აღდგა შემასმენელი ეშმაკი ისრაჱლსა ზედა და აღძრა დავით აღრაცხად ისრაჱლისა.

2 უთხრა დავითმა იოაბსა და ხალხის მთავრებს: წადით და აღრიცხეთ ისრაელი ბერშაბედან დანამდე და მომიტანეთ, რომ ვიცოდე მათი რიცხვი. 2 და ჰრქუა მეფემან დავით იოაბს და მთავართა მათ ძლიერებისათა: წარვედით და აღრაცხეთ ისრაჱლი ბერსაბეთგან ვიდრე დანადმდე, და მომართუთ მე, რათა უწყოდი რიცხჳ მათი.
3 მიუგო იოაბმა: დაე, რაც არის, ასმაგად გაამრავლოს უფალმა თავისი ერი. განა ყველანი ისინი, ჩემო ბატონო მეფევ, ჩემი ბატონის მორჩილნი არ არიან? მაშ, ამას რაღად თხოულობს ჩემი ბატონი? რატომ დაედოს ცოდვა ისრაელს? 3 და ჰრქუა იოაბ მეფესა: შესძინენ უფალმან ერსა თჳსსა, რაოდენ არიან აწ ასიღა წილი, თუალნიმცა უფლისა ჩემისა, მონანი. და რასათჳს უფალი ჩემი ეძიებს ამას, რათა არა იყოს ესე ცოდვა ერისა ისრაჱლისა.
4 მაგრამ მეფის სიტყვა კანონი იყო იოაბისთვის. წავიდა იოაბი, მთელი ისრაელი მოიარა და იერუსალიმში დაბრუნდა. 4 ხოლო სიტყუაჲ იგი მეფისა განძლიერდა უფროს იოაბის მიმართ. და განვიდა იოაბ და განავლინა ყოველნი საზღუარნი ისრაჱლისანი და მოვიდა იერუსალჱმად.
5 მიართვა იოაბმა დავითს აღრიცხვის წიგნი და აღმოჩნდა მთელს ისრაელში მილიონ ასი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი, ხოლო იუდაში ოთხასსამოცდაათი ათასი მახვილის მაშიშვლებელი კაცი. 5 და მისცა იოაბ მეფესა რიცხჳ ახილვისა მის ერისა. და იყო ისრაჱლი ათას ათასეულ და ას ათას კაცთა მახჳლოსანთა, და იუდა ოთხასორმეოცდა ათას მახჳლოსანი კაცი.
6 ლევიანები და ბენიამინიანები მათ შორის არ აღურიცხავს, რადგან არ მოეწონა იოაბს მეფის სიტყვა. 6 და ლევი და ბენიამინ არა აღრაცხნა მათ შორის, რამეთუ განძლიერდა სიტყუა მეფისა იოაბისა მიმართ.
7 ბოროტი იყო ეს საქმე ღვთის თვალში, ამიტომ დაამარცხა ისრაელი. 7 და ბოროტი უჩნდა წინაშე ღმრთისა საქმისა ამისთჳს, და მოსრა ისრაჱლი.
8 უთხრა დავითმა ღმერთს: დიდად შევცოდე, ეს რომ გავაკეთე. ახლა მიუტევე, უფალო, შეცოდება შენს მორჩილს, რადგან უგუნურად მოვიქეცი. 8 და ჰრქუა დავით ღმერთსა: ვცოდე ფრიად, რამეთუ ვყავ საქმე ესე. და აწ აღიღე ჩემგან ბოროტი ესე მონისა შენისა, რამეთუ ამაო ვქმენ ფრიად.
9 დაელაპარაკა უფალი დავითის მისანს და უთხრა: 9 და ეტყოდა უფალი გადსა მხილველსა: მივედ დავითისა და ეტყოდე მას.
10 წადი და დავითს უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი: სასჯელს შემოგთავაზებ და ერთ-ერთი ამოირჩიე, რომ დაგსაჯო. 10 წარვედ და არქუ დავითს: ესრე იტყჳს უფალი: სამი ესე მოვჴადო შენ ზედა. და გამოირჩიე თავისა შენისა ერთი მათგანი და გიყო შენ.
11

მივიდა გადი დავითთან და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ამოირჩიე,

11

და მოვიდა გად დავითისა და ჰრქუა მას: ესრე იტყჳს უფალი: გამოირჩიე თავისა შენისა:

12 სამი წლის შიმშილობა გირჩევნია, სამი თვის ლტოლვილობა შენი მტრისგან და მათ მიერ შენი დევნა, და უფლის ანგელოზი, შემმუსრველი, ისრაელის მთელ სამკვიდრებელში. 12 გინა სამ წელ სიყმილი, ანუ სამ თვე სივლტოლა შენი წინაშე მტერთა შენთა, მახჳლი მტერთა მოსრვად შენდა, ანუ სამ დღე მახჳლი უფლისაჲ და სიკუდილი ქუეყანასა ზედა, და ანგელოზი უფლისაჲ მოსრვად ყოველსა შორის სამკჳდრებელსა ისრაჱლისასა. და აწ იხილე და ცან, რაჲ სიტყუაჲ მიუგო მომავლინებელსა ჩემსა
13 უთხრა დავითმა გადს: დამწუხრებული ვარ დიდად. მაგრამ მიჯობს უფლის ხელში ჩავვარდე, რადგან დიდია მისი მოწყალება, ოღონდაც კაცის ხელში ნუ ჩავვარდები. 13 და ჰრქუა დავით გაადსა: იწრო არს ჩემდა ყოველგნით კერძოვე სამივე ესე ყოფად: შევვარდე ჴელთა უფლისათა, რამეთუ მრავალ არიან მოწყალებანი მისნი ფრიად, და ჴელთა კაცთასა არა შევვარდე.
14 მოავლინა უფალმა შავი ჭირი ისრაელში და სამოცდაათი ათასი კაცი გაწყდა ისრაელში. 14 და მოსცა უფალმან სიკუდილი ისრაჱლსა ზედა და დაეცნეს ისრაჱლისგანნი სამეოცდაათი ათასნი კაცნი.
15 იერუსალიმში ანგელოზი გაგზავნა მის გასანადგურებლად. როდესაც მან განადგურებას მიჰყო ხელი, მოხედა უფალმა და აკმარა უბედურება, უთხრა შემმუსრველ ანგელოზს: კმარა, ახლა უკან წაიღე ხელი! უფლის ანგელოზი ორნან იებუსელის კალოსთან იდგა. 15 და მოავლინა უფალმან ანგელოზი იგი იერუსალჱმდ მოსრვად მათა და ვითარ-იგი მოსრვიდა, იხილა უფალმან და შეინანა ბოროტისა მისთჳს, და ჰრქუა ანგელოზსა მას მომსრველსა: კმა იყავნ შენდა, დააცადე ჴელი შენი და ანგელოზი უფლისაჲ დგა კალოსა ზედა ურნიასა იებუსელისასა.
16 გაიხედა და დაინახა დავითმა ცასა და დედამიწას შუა მდგარი უფლის ანგელოზი, ხელში თავისი გაშიშვლებული მახვილი ეჭირა, იერუსალიმზე დაღირებული. დავითი და უხუცესნი, სახეშებურვილნი, პირქვე დაემხვნენ. 16 და აღიხილნა დავით თუალნი თჳსნი და იხილა ანგელოზი უფლისაჲ მდგომარე შორის ცასა და შორის ქუეყანასა, და მახჳლი მისი ჴდილი ჴელსა მისსა, განმრთხმელი ისრაჱლსა ზედა. და დავარდა ქუეყანასა ზედა დავით და მოხუცებულნი ისრაჱლისანი შემოსილნი ძაძითა პირსა ზედა მათსა
17 უთხრა დავითმა ღმერთს: ხალხის აღრიცხვა ხომ მე ვბრძანე? მე შევცოდე, მე ჩავიდინე ბოროტება, ამ ცხვრებმა რაღა დააშავეს? უფალო, ღმერთო ჩემო, ჩემზე და მამაჩემის სახლზე იყოს შენი ხელი, ოღონდაც შენს ერზე ნუ იქნება მისდა დასაღუპად. 17 და ჰრქუა დავით ღმერთსა: მე ვთქუ აღრაცხვა ერისა და მე ვარ, რომელმან ვცოდე და ბოროტის-ყოფით ბოროტი ვქმენ მწყემსმან. და ამათ ცხოვართა რაჲ ყვეს? უფალო ღმერთო, იყავნ ჴელი შენი ჩემ ზედა, და სახლსა ზედა მამისა ჩემისასა და ნუ ერსა შენსა ზედა წარწყმედად, უფალო
18 უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად უთხრა გადს: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე. 18 და ანგელოზმან უფლისამან ჰრქუა გაადს, რათა უთხრას დავითს, რათა აღვიდეს და დადგას საკურთხეველი უფლისაჲ კალოსა მას ურნიას იებუსელისასა.
19 წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, რომელიც უფლის სახელით ჰქონდა ნათქვამი. 19 და აღვიდა დავით სიტყჳსა მისებრ გადისა, რომელსა იტყოდა სახელითა უფლისაჲთა.
20 გამოიხედა ორნანმა, დაინახა ანგელოზი და თავის ოთხ ვაჟთან ერთად დაიმალა. ორნანი იმ დროს ხორბალს ფქვავდა. 20 და მოიქცა ურნია და იხილა მეფე და ოთხნი ძენი მისნი მის თანა დაბურვილი და ურნია ლეწვიდა კალოსა ზედა იფქლსა.
21

მივიდა დავითი ორნანთან. გამოიხედა ორნანმა და დაინახა დავითი, კალოდან გამოეგება და მდაბლად თაყვანი სცა დავითს.

21

და მოვიდა დავით ურნიასა და ურნია გამოვიდა კალოსა მისგან, და თაყუანის-სცა პირსა ზედა თჳსსა ქუეყანასა.

22 უთხრა დავითმა ორნანს: მომეცი შენი კალოს ადგილი და უფლის სამსხვერპლოს ავაშენებ მასზე, სრულ საფასად მომეცი, რათა განერიდოს ხალხს ჟამი. 22 და ჰრქუა დავით ურნიას: მომეც მე ადგილი ესე კალოსა სყიდვით ვეცხლითა, რასა ღირდეს, და ვაშენო მას ზედა საკურთხეველი უფლისაჲ რათა დასცხრეს ტანჯვა ესე ერისა ამისგან.
23 უთხრა ორნანმა დავითს: აიღოს და გააკეთოს მეფე ბატონმა, რაც ენებოს. აჰა, ხარები აღსავლენ მსხვერპლად მომირთმევია, კევრები შეშად, ხორბალი - საძღვნოდ. ყველაფერს ვიძლევი. 23 და ჰრქუა ორნა დავითს: მიიღე ეგე შენდად. და ყავნ უფალმან ჩემმან მეფემან კეთილი, ვითარცა სათნო-უჩნდეს წინაშე მისსა. აჰა, ესერა, მიმიცემიან ზროხანი მსხუერპლად და საჴნველი, და ურემნი შეშად და იფქლი შესაწირავად. ყოველივე ეგრეთ მიგცე და ყავ, ვითარცა გნებავს
24 უთხრა მეფე დავითმა ორნანს: არა, სრულ საფასურად უნდა ვიყიდო შენგან, რადგან უფალს ვერც შენს საკუთრებას შევწირავ და ვერც მუქთა აღსავლენს. 24 და ჰრქუა მეფემან დავით ურნიას: არა, არამედ სყიდვით მოვიყიდო ეგე ვეცხლითა, რაცა ღირდეს, რამეთუ არა მოვიღო ეგრეთ, რაჲ არს შენი უფლისად შეწირვად მსხუერპლი უსასყიდლოდ.
25 ამ ადგილის საფასურად დავითმა ექვსასი შეკელი ოქრო მისცა ორნანს. 25 და მისცა დავით ურნიას ადგილისა მისთჳს ოქრო სიკლისა სასწორი ექუსასი.
26 იმ ადგილას აუგო დავითმა უფალს სამსხვერპლო, მიიტანა აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი. და მოუხმო უფალს. მან კი აღსავლენის სამსხვერპლოზე ზეციდან ცეცხლის მოცემით უპასუხა. 26 და უშენა მუნ დავით საკურთხეველი უფალსა, და შეიწირა მუნ ყოვლად დასაწველები იგი ცხორებისა, და ღაღად-ყო დავით უფლისა მიმართ, და შეისმინა მისი ზედა ზეცით ცეცხლითა საკურთხეველსა მას ზედა ყოვლად დასაწველთასა. და აღლია ყოვლად დასაწველი იგი.
27 უბრძანა უფალმა ანგელოზს და მანაც თავისი მახვილი ქარქაშში ჩააგო. 27 და ჰრქუა უფალმან ანგელოზსა მას, და მიაქცია მახჳლი იგი ქარქაშსავე თჳსსა.
28 იმ დროს, როცა დავითმა დაინახა, რომ უფალმა პასუხი გასცა მას ორნან იებუსელის კალოზე, იქ შესწირა მსხვერპლი. 28 მას ჟამსა, ვითარცა იხილა დავით, რამეთუ შეისმინა მისი უფალმან, კალოსა მას ურნიასა იებუსელისასა ზედა, შეწირა მუნ.
29 უფლის სავანე, მოსემ უდაბნოში რომ გააკეთა, და აღსავლენის სამსხვერპლო იმჟამად გაბაონის ბორცვზე იდგა. 29 და კარავი იგი უფლისაჲ, რომელი ქმნა მოსე უდაბნოსა ზედა, და საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა მას ჟამსა შინა ბამასა შინა რომელი არს გაბაონს.
30 არ შეეძლო დავითს იქ მისვლა ღვთისთვის შესაკითხად, რადგან უფლის ანგელოზის მახვილით იყო დაშინებული. 30 და ვერ ჴელ-ეწიფა დავითს წარსლვად წინაშე მისსა და გამოძიებად ღმრთისაგან, რამეთუ ისწრაფოდა პირსა წინაშე მახჳლისა მის ანგელოზისა უფლისა.