ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ოცი წლისა იყო ახაზი, როცა გამეფდა და თექვსმეტი წელი იმეფა იერუსალიმში. არ იქცეოდა ისე სწორად უფლის თვალში, როგორც მამამისი დავითი.

1

ძე ოცისა წლისა იყო აქაზ მეფობასა მისსა და ათექუსმეტ წელ მეფობდა იერუსალემს და არა ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა, ვითარცა-იგი დავით, მამამან მისმან.

2 დადიოდა ისრაელის მეფეთა გზით. ბაალების ქანდაკებებიც კი ჩამოასხა. 2 და ვიდოდა იგი გზათა მათებრ მეფეთა ისრაჱლისათა და რამეთუ გამოქანდაკებულნიცა ქმნნა.
3 საკმეველს აკმევდა ბენ-ჰიმონის ველზე. ცეცხლში ატარებდა თავის შვილებს იმ წარმართთა ბილწი ჩვეულებისამებრ, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან. 3 ხატთა მათთა უზორვიდა ქუეყანასა ბენიამენისასა და განყვანდეს შვილნი მისნი ცეცხლსა საძაგელებათაებრ წარმართთასა, რომელნი მოსრნა უფალმან პირისაგან ძეთა ისრაჱლისათა,
4 მსხვერპლს სწირავდა და საკმეველს აკმევდა გორაკებზე, ბორცვებზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ. 4 და უკმევდა მაღალთა ზედა და ერდოებსა ზედა ქუეშე და ყოველსა ხესა მაღნარისასა.
5 და ჩააგდო იგი უფალმა, მისმა ღმერთმა, არამის მეფის ხელში. დაამარცხეს იგი, მრავალნი დაატყვევეს და დამასკოში წაასხეს. გარდა ამისა, ჩააგდო იგი ისრაელის მეფის ხელშიც, რომელმაც სასტიკად დაამარცხა. 5 და ამისთჳს მოსცა იგი უფალმან ჴელთა მეფისა ასურისათა და მოსრა და წარტყუენა ტყუედ მრავალნი დამასკედ და შეასმინა მეფესა ისრაჱლისასა და ტანჯნა იგინი დიდად წყლულებითა დიდითა.
6 ფეკად რემელიაჰუს ძემ ერთ დღეში ას ოცი ათასი ამოხოცა იუდაში - ყველა კარგი ვაჟკაცი. რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამა-პაპის ღმერთი. 6 და მოსრა ფაკე, ძემან ჰორომელისმან იუდასაგანი ერთსა დღესა შინა ასდაორი ათასი კაცთა ძლიერთა ძალითა დატევებისა მისთჳს უფლისა ღმრთისა მამათა მათთასა.
7 ზიქრიმ, ეფრემელმა გოლიათმა, დახოცა: მაყასიაჰუ უფლისწული, სახლთუხუცესი ყაზრიკამი და ელკანა, მეფის მეორე კაცი. 7 და მოკლა ეზექრი ძლიერმან ეფრემისთამან ამასია, ძე მეფისა, და ეზრიკამ, მთავარი სახლისა მისისა, და ელკანა, მსახური მეფისა.
8 წაასხეს ტყვედ ისრაელიანებმა თავიანთ მოძმეთაგან ორასი ათასი დიაცი, ვაჟი და ასული. დიდძალი ნადავლი წაართვეს და სამარიაში მიიტანეს ნაალაფარი. 8 და წარტყუენეს ძეთა ისრაჱლისათა ძმათაგან მათთა სამ ათასი დედაკაცი და ძენი, ასულნი მათნი და ნატყუენავი მრავალი წარტყუენეს მათგან და შეიღეს ნატყუენავი იგი სამარიად.
9 იყო იქ უფლის წინასწარმეტყველი, სახელად ყოდედი. გამოვიდა სამარიაში დაბრუნებული ლაშქრის წინაშე და უთხრა: აჰა, განრისხებულია უფალი, თქვენი მამა-პაპის ღმერთი იუდაზე, ხელში ჩაგიგდოთ იგი და თქვენც ამოწყვიტეთ ისინი ისეთი სიცოფით, რომელიც ცას მისწვდა. 9 და მუნ იყო წინაწარმეტყუელი უფლისაჲ, ოდედ სახელი მისი, და განვიდა შემთხუევად ერისა მის, რომელი მოვიდოდა სამარიად, და ჰრქუა მათ: აჰა, ესერა, რისხვაჲ უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა იუდასა ზედა. და მოგცნა იგინი ჴელთა თქუენთა და მოსრენით მათ შორის რისხვით და ვიდრე ცადმდე მიიწია ესე
10

ახლა კი ფიქრობთ, რომ ყმებად და მხევლებად გაიხადოთ იუდიანები და იერუსალიმი! განა თქვენ არა გაქვთ დანაშაული უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე?

10

და აწ თქუენ იტყჳთ იუდასა და იერუსალჱმსა დამონებად და მჴევლებად დაპყრობასა, აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ მოწამედ უფლისა ღმრთი- სა თქუენისა.

11 ახლა კი გამიგონეთ და დააბრუნეთ ტყვეები, თქვენი მოძმეებისგან რომ წამოასხით, თორემ უფლის რისხვა დაგატყდებათ. 11 აწ ისმინეთ ჩემი და განუტევეთ ტყუე ეგე, რომელი წარმოსტყუენვეთ ძმათა თქუენთა, რამეთუ რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს თქუენ ზედა.
12 წინ აღუდგნენ ეფრემიანთა თავკაცები - ყაზარიაჰუ იეჰოხანანის ძე, ბერექიაჰუ მეშილემოთის ძე, იეხიზკიაჰუ შალუმის ძე და ყამასა ხალდაის ძე ომიდან მოსულთ. 12 და აღდგეს მთავარნი ძეთაგან ეფრემისათანი: აზარია, ძე იონანისი, და ბარაქია, ძე მოსოლამოთისი, და ეზეკია, ძე იელემისი, და ამასია, ძე ადაასი, მომავალთა მათ წინაშე ბრძოლით.
13 უთხრეს: ნუ შემოიყვანთ აქ ტყვეებს, რადგან დანაშაული გვაქვს უფლის წინაშე ჩადენილი, თქვენ კი გინდათ, რომ კიდევ შემატოთ ჩვენს ცოდვებს და დანაშაულებს. რადგან დიდია ჩვენი დანაშაული და რისხვა ისრაელზე. 13 და ჰრქუეს მათ: არა შემოიყვანოთ აქა ჩემდა ტყუე, რამეთუ ცოდვა არს ესე ჩუენდა უფლისა მიმართ და თქუენ იტყჳთ დართვად ცოდვა ცოდვასა ზედა ჩუენსა და უმეცრებაჲ უმეცრებასა ზედა ჩუენსა, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩუენნი და რისხვა გულისწყრომისა უფლისაჲ არს ისრაჱლსა ზედა
14 მიატოვეს მხედრებმა ტყვეები და ნაალაფარი სარდლებისა და კრებულის წინაშე. 14 მაშინ განუტევეს მბრძოლთა მათ კაცთა ტყუჱ იგი ნატყუენავი წინაშე მთავართა მათ და ყოვლისა კრებულისა.
15 ადგნენ სახელებით მოხსენებული ეს კაცები, მოკიდეს ხელი ტყვეებს და, ვინც კი შიშველი იყო მათგან, ყველა შემოსეს იმ ნაალაფარიდან. შემოსეს და ფეხზე ჩააცვეს, აჭამეს და ასვეს. ზეთი სცხეს, მერე სხედრებზე შესხეს ყველა დაუძლურებული და მიაცილეს იერიხონამდე, პალმების ქალაქამდე, მათ მოძმეებამდე. თვითონ კი სამარიაში დაბრუნდნენ. 15 და აღდგეს კაცნი, რომელნი იწოდნეს სახელით, და შეწევნა-სცეს ტყუეთა მათ, და ყოველნი შიშუელნი შემოსნეს ნატყუენავისა მისგან და შემოსნეს იგინი და ფერჴთა შეასხნეს მათ და სცეს მათ საზრდელი და საცხებელი, აღსხეს კარაულებსა ყოველი უძლური და მიგზავნნეს იგინი იერიქოდ ქალაქად დანაკისკუდოვანად და ძმათა მიმართ მათთა, და მიიქცეს სამარიად
16 იმ დროს მეფე ახაზმა მოციქულები გაუგზავნა აშურის მთავრებს, რათა დახმარება გაეწიათ მისთვის. 16 მას ჟამსა შინა წარავლინა აქაზ მეფისა ასურთასა, რათა შეეწეოდის მას.
17 კვლავ მოვიდნენ ედომელები, დაამარცხეს იუდა და ტყვეები წაასხეს. 17 და მერმეცა იდუმელნი და-ვე-ესხნეს და მოსრეს იუდას შორის მრა- ვალი, და წარიღეს ტყუჱ.
18 ფილისტიმელებიც მოედვნენ დაბლობისა და იუდას სამხრეთის ქალაქებს. დაიპყრეს ბეთ-შემეში, აიალონი, გადეროთი, სოქო და მისი დაბები, თიმანა და მისი დაბები, გიმზო და მისი დაბები, და იქ დასახლდნენ. 18 და უცხოთესლნი მოეტევნეს ქალაქებსა მას ვაკისასა და ჩრდილოთ კერძო იუდასა, და დაიპყრეს ბეთსამუსი, და იალონი, და გადეროთი, და სიოქოა და დაბნები მისი, და თამნა, დაბნები მისი, და გამეზა და დაბნები მისი, და დაემკჳდრნეს მათ შინა.
19

ასე დაამდაბლა უფალმა იუდა ახაზის, ისრაელის მეფის გამო, რადგან გარყვნა მან იუდა და ცოდვით სცოდავდა უფალს.

19

რამეთუ დაამდაბლა ღმერთმან იუდა აქაზის ძლით, მეფისა იუდასი, რამეთუ განდგომით განდგა უფლისაგან.

20 მიუხდა მას თიგლათფალასარი, აშურის მეფე, და შეავიწროვა იგი დახმარების ნაცვლად. 20 და მოვიდა მის ზედა თაგალათფალნასარ, მეფე ასურეთისა, და მოსრა იგი.
21 რადგან გაძარცვა ახაზმა უფლის სახლი, მეფის სახლი, და მთავრები, და მისცა აშურის მეფეს, მაგრამ არა თავისდა შესაწევად. 21 და მოიღო აქაზ, რაჲ-იგი იყო საფასე სახლისა უფლისაჲ, და სახლისა სამეფოსა, და მთავართა, და მისცა იგი მეფესა ასურეთისასა და არად შესაწევნელ ექმნა მას, არამედ უფროსღა საჭირველ.
22 თავისი გასაჭირის ჟამს უფრო სცოდავდა უფლის წინაშე მეფე ახაზი. 22 და მერმე შე-ღავე-სძინა აქაზ განდგომად უფლისაგან.
23 მსხვერპლს სწირავდა დამასკოს ღმერთებს, რომელთაც დასცეს იგი, და ამბობდა: არამის მეფეთა ღმერთებია მათი შემწენი, შევწირავ მათ მსხვერპლს და მეც შემეწევიანო. მაგრამ ისინი მისი და მთელი ისრაელის დასამხობად იყვნენ. 23 და თქუა აქაზ მეფემან: გამოვიძინე ღმერთნი დამასკისანი, რომელნი მგუემენ. და თქუა, ვითარმედ: ღმერთნი, მეფისა ასურეთისანი, იგინი განაძლიერებენ მათ, აწ მათ უგო მეცა და შემეწეოდიან მე და ესენი ექმნნეს მათ საწერტელ ყოველსა ისრაჱლსა.
24 მოაგროვა ახაზმა უფლის სახლის ჭურჭლეული და დალეწა უფლის სახლის ჭურჭლეული, დაგმანა უფლის სახლის კარები და სამსხვერპლოები დაიდგა იერუსალიმის ყველა კუთხეში. 24 და განაშორა აქაზ ჭურჭელი სახლისა უფლისაჲ. და დაარღჳა იგი და დაჰჴსნნა კარნი სახლისა უფლისანი, და ქმნა იგინი საკურთხეველებად ყოველთა ყურეთა იერუსალჱმისათა.
25 იუდას ყველა ქალაქში გორაკები გამართა ღმერთებისთვის საკმევლის საკმევად და განარისხა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი. 25 და ყოველთა ქალაქ-ქალაქად იუდასთა ქმნნეს მაღალნი კუმევად ღმერთთა უცხოთესლთასა და განარისხეს უფალი, ღმერთი მამათა მათთა.
26 დანარჩენი მისი ამბები და ყოველი მისი მოქმედება - პირველნი და უკანასკნელნი, იუდასა და ისრაელის მეფეთა წიგნშია ჩაწერილი. 26 და ნეშტნი სიტყუანი აქაზისნი და საქმენი მისნი პირველნი და უკანასკნელნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნსა მეფეთა იუდასთა და ისრაჱლისათა. და მოკუდა აქაზ მამათა მისთა თანა და დაეფლა ქალაქსა დავითისსა, ხოლო არა დაფლეს იგი საფლავსა მეფესა იუდასთასა და მეფობდა ეზეკია, ძე მისი, მის წილ.
27 განისვენა ახაზმა თავის მამა-პაპასთან და დამარხეს ქალაქ იერუსალიმში, ოღონდ ისრაელის მეფეთა სამარხში არ შეუსვენებიათ. მის ნაცვლად მისი ძე, იეხიზკიაჰუ გამეფდა.