ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე ნეშტთა

თავი ოცდამეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იეხიზკიაჰუ ოცდახუთი წლის გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო, აბია, ზაქარიას ასული.

1

და ეზეკია მეფე რაჲ იქმნა, იყო იგი ოცდახუთის წლისა და ოცდა-ცხრა წელ მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა აბაუთა, ასული ზაქარიასი.

2 სწორად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი, იქცეოდა. 2 და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა დავით, მამამან მისმან.
3 მან თავისი მეფობის პირველსავე წელს, პირველ თვეში, გააღო უფლის სახლის კარებები და განაახლა ისინი. 3 და იყო, ვითარცა დადგა მეფობასა თჳსსა ზედა და პირველსა თუესა განახუნა კარნი სახლისა უფლისანი და განაგნა იგინი.
4 მოიყვანა მღვდლები, ლევიანები, და აღმოსავლეთის მოედანზე მოუყარა თავი. 4 და შეიყუანნა მღდელნი და ლევიტელნი და დაადგინნა იგინი ადგილსა მას ზედა მზისა აღმოსავლით კერძო.
5 უთხრა მათ: მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან. 5 და ჰრქუა მათ: ისმინეთ, ლევიტელნო! აწ განიწმიდენით და განწმიდეთ სახლი უფლისა ღმრთისა მამათა თქუენთასა და განაბნიეთ ყოველი არაწმიდაჲ სიწმინდეთაგან.
6 შესცოდა ჩვენმა მამა-პაპამ, ბოროტად მოიქცა უფლის, ჩვენი ღმერთის თვალში, მიატოვა იგი, პირი მოარიდა უფლის სავანეს და ზურგი შეაქცია. 6 რამეთუ განდგეს მამანი ჩუენნი და ქმნეს ბოროტი წინაშე უფლისა და დაუტევეს იგი და გარემიიქციეს პირი მათი კარვისაგან უფლისა და ზურგი შეაქციეს.
7 დაგმანა კარიბჭის კარებები და ჩააქრო სასანთლენი, აღარც საკმეველი აკმია და აღარც აღსავლენი აღუვლინა საწმიდარში ისრაელის ღმერთს. 7 და დაჴსნეს ბჭენი ტაძრისანი და დაშრიტნეს სანთელნი, და საკმეველი არა აკმიეს, და ყოვლად დასაწველნი არა შეწირნეს წმიდისა ღმრთისა ისრაჱლისა.
8 უფლის რისხვა დაატყდა იუდასა და იერუსალიმს, გახადა იგი შესარცხვენად, მოსაოხრებლად და დასასტვენად, როგორც თქვენი თვალით ხედავთ. 8 და განრისხნა გულისწყრომით უფალი იუდასა ზედა და იერუსალჱმსა ზედა და მისცნა იგინი განსაკრთოლველად და განსარყუნელად, და დასატჳნველად, ვითარცა-ეგე ხედავთ თუალითა თქუენითა.
9 აჰა, მახვილით დაეცა ჩვენი მამა-პაპა. ჩვენი ვაჟები, ასულები და ცოლები ტყვეობაში არიან ამის გამო. 9 და აჰა, ესერა, წყლულ არიან მამანი თქუენნი, და ცოლნი თქუენნი, და შვილნი თქუენნი ტყუეობითა ქუეყანასა არა მათსა.
10 ახლა გულით მწადია აღთქმა დავუდო უფალს, ისრაელის ღმერთს, რათა მიაქციოს ჩვენგან თავისი რისხვა. 10 და აწცა არს მათ ზედა აღთქუმად აღთქუმა გულითად სჯულისა უფ- ლისა ღმრთისა ისრაჱლისა, და გარეწარაქციოს რისხვა გულისწყრომისა მისისა ჩუენგან.
11

ჩემო შვილებო! ნუ იქნებით დაუდევარნი, რადგან თქვენ ამოგირჩიათ უფალმა, რათა თავის წინაშე დაეყენებინეთ, რომ სამსახური გაგეწიათ, მისი მსახურები და საკმევლის მკმეველები ყოფილიყავით.

11

და აწ ნუ დააკლებთ, რამეთუ თქუენი სათნო იყო უფალმან წარდგომად წინაშე მისსა მსახურებად და ყოფად და კუმევად საკუმეველისა.

12 ადგნენ ლევიანები: მახათ ყამასაის ძე, იოელ ყაზარიაჰუს ძე - კეჰათიანთაგან. მერარიანთაგან: კიში, ძე ყაბდისა და ყაზარიაჰუ, ძე იეჰალელელისა. გერშუნიანთაგან: იოახ ზიმას ძე და ყედენ იოახის ძე. 12 და დადგეს ლევიტელნი იგი განახლებად სახლისა მისთჳს უფლისა: მაეთ ამასიასი, და იოილ ზაქარიასი ძეთაგან კაათისთა; და ძეთაგან მერარისთა: კის აბდისი, და აზარია იელელელისი; და ძეთაგან გერსონისთა: იოვა ზემათისი, და იოდან იოაქასი;
13 ელიცაფანიანთაგან: შიმრი და იეყიელი. ასაფიანთაგან: ზაქარია და მათანია. 13 და ძეთაგან ელისაფანისთა: ზამბრი და იაიელ; და ძეთაგან ასაფისთა: ზაქარია და მატთანია;
14 ჰემანიანთაგან: იეხიელი და შიმყი. იედუთუნიანთაგან: შემაყია და ყუზიელი. 14 და ძეთაგან ემანისთა: იეიელ და სემეი; და ძეთაგან იდუთუმისთა: სამაია და ოზიელ.
15 შეკრიბეს თავიანთი მოძმენი და განწმიდეს. მივიდნენ, როგორც მეფემ ბრძანა, უფლის სიტყვის მიხედვით, უფლის სახლის დასასუფთავებლად. 15 და შეკრიბნეს ძმანი მათნი და განწმიდნეს მსგავსად მცნებისა მის მე- ფისა ბრძანებითა უფლისათა განწმედად სახლი იგი უფლისაჲ.
16 შევიდნენ მღვდლები უფლის სახლის შიდაში დასასუფთავებლად და გამოხვეტეს ყოველგვარი არაწმიდა, რაც კი უფლის ტაძარსა და უფლის სახლის ეზოში ჰპოვეს. გამოიტანეს ლევიანებმა გარეთ კედრონის ხევში გადასაყრელად. 16 და შევიდეს მღდელნი იგი შინაგან სახლსა მას უფლისასა წმიდა-ყოფად მისა, და გამოიღეს ყოველი არაწმიდაჲ, რომელი იპოა სახლსა შინა უფლისასა, და ეზოსა სახლისა უფლისასა, და იწყეს ლევიტელთა მათ განღებად გარე ჴევსა მას ნაძუთასა.
17 პირველი თვის პირველ დღეს დაიწყეს განწმედა. თვის მერვე დღეს კი უფლის კარიბჭეს მიადგნენ. რვა დღე წმედდნენ უფლის სახლს და პირველი თვის მეთექვსმეტე დღეს მოათავეს. 17 და ჴელ-ყვეს დღესა მას პირველსა თჳსთავსა თთჳსა მის პირველისასა განწმედად. და დღესა მერვესა მის თთჳსასა შევიდეს ტაძრად უფლისა. და წმიდა-ყვეს ტაძარი უფლისაჲ რვასა დღესა, და დღესა მეათექუსმეტესა თთჳსა მის პირველისასა აღასრულეს.
18 შევიდნენ შიდაში მეფე იეხიზკიაჰუსთან და მოახსენეს: გავასუფავეთ უფლის მთელი სახლი, აღსავლენის სამსხვერპლო და მთელი მისი ჭურჭლეული, საწირი პურის მაგიდა და მთელი მისი ჭურჭლეული. 18 და შევიდა ეზეკია მეფე და ჰრქუა: განსწმიდეთ ყოველი, რა არს სახლსა უფლისასა, საკურთხეველი ყოვლად დასაწველთა და ჭურჭელი მისი, საკურთხეველი პირველი და ჭურჭელნი მისნი
19 ასევე ყველა ის ჭურჭელი, რომელიც მეფე ახაზმა თავის მეფობაში უპატიოჰყო თავისი ურჯულოებით, ჩვენ მოვამზადეთ და წმიდავყავით. და, აჰა, უფლის სამსხვერპლოს წინ აწყვია ისინი. 19 და ყოველი სამსახურებელი მისი, რამეთუ შეაგინა აქაზ მეფემან მეფობასა თჳსსა, განდგომასა მას მისსა, აწ მზა-გჳყოფიეს და განგჳწმედიეს. და, აჰა, ესერა, არს წინაშე საკურთხეველსა უფლისასა.
20

დილაადრიანად ადგა მეფე იეხიზკიაჰუ, შეყარა ქალაქის თავები და უფლის სახლში ავიდა.

20 და აღიმსთო ეზეკია მეფემან და შეკრიბნა მთავარნი ქალაქისანი და აღვიდა ტაძრად უფლისა.
21 შვიდი კურატი, შვიდი ცხვარი, შვიდი ბატკანი და შვიდი თხა მიიყვანეს სამეფოს, საწმიდარისა და იუდას ცოდვისთვის. აარონიანებს, მღვდლებს, უბრძანა აღევლინათ უფლის სამსხვერპლოზე. 21

და შესწირა ზუარაკები შჳდი, ვერძები შჳდი, ტარიგები შჳდი, ვაცები თხათა შჳდი ცოდვისათჳს, მეფობისათჳს, სიწმიდისა და ისრაჱლისათჳს, და ჰრქუა ძეთა ჰარონისთა მღდელთა აღსლვა საკურთხეველსა უფლისასა.

22 დაკლეს ხარები და აიღეს მღვდლებმა სისხლი და სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ცხვრები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. დაკლეს ბატკნები და სისხლი სამსხვერპლოს ასხურეს. 22 და დაკლეს ზურაკები იგი, და მოიღეს მღდელთა სისხლი იგი მათი. და მოაპკურეს გარემო საკურთხეველსა, და დაკლეს ტარიგები იგი, და მოაპკურეს სისხლი მათი გარემო საკურთხეველსა.
23 მორეკეს ცოდვის თხები მეფისა და კრებულის წინაშე და ხელები დაადეს მათ. 23 და მოასხეს ვაცები იგი, რომელი იყო ცოდვათათჳს წინაშე მეფისა და კრებულისა მის და დასხნეს ჴელნი მათნი მათ ზედა.
24 დაკლეს ისინი მღვდლებმა და გაწმიდეს მათი სისხლით სამსხვერპლო მთელი ისრაელის ცოდვების დასაფარავად. რადგან მთელი ისრაელისთვის ბრძანა მეფემ აღსავლენი და ცოდვის მსხვერპლი. 24 და დაკლნეს იგინი მღდელთა მათ და ლხინება-ყვეს სისხლითა მით საკურთხეველსა ზედა. და ლხინება-ყვეს ყოვლისათჳს ისრაჱლისა, რამეთუ ყოვლისათჳს ისრაჱლისა თქუა მეფემან შეწირვა იგი ყოვლად დასაწველთა მათ, და რომელი ცოდვისათჳს ყვეს.
25 დააყენა ლევიანები უფლის სახლში წინწილებით, ქნარებითა და ბობღნებით, დავითისა და გადის, მეფის მისნის, და ნათან წინასწარმეტყველის მიერ დადგენილი წესის მიხედვით, რადგან ეს წესი უფლის მიერ იყო დადგენილი, მისი წინასწარმეტყველების ხელით. 25 და დაადგინნა ლევიტელნი იგი სახლსა შინა უფლისასა წინწილითა და ებნითა და სტჳრითა მეცნიერებისა მისებრ დავითის მეფისა და გადის მხილველისა, რომელი იყო მეფისა და ნათან წინაწარმეტყუელისა, რამეთუ მეცნიერებისაებრ უფლისა იყო ბრძანებაჲ ესე ჴელსა წინაწარმეტყუელთათა
26 ლევიანები დავითის საკრავებით დადგნენ, მღვდლები კი საყვირებით. 26 და დადგეს ლევიტელნი იგი სტჳრითა დავითისითა და მღდელნი იგი ნესტჳთა.
27 ბრძანება გასცა იეხიზკიაჰუმ, რომ აღევლინათ აღსავლენი სამსხვერპლოზე. როგორც კი დაიწყო აღსავლენის აღვლენა, მაშინვე გაისმა უფლის საგალობელი საყვირების ხმა დავით ისრაელის მეფის საკრავების თანხლებით. 27 და უბრძანა მეფემან შეწირვა ყოვლად დასაწველთა მათ და იწყეს მათცა გალობად უფლისა და საყჳრნი იგი სტჳრთა თანა დავითის მეფისა ისრაჱლისთა.
28 მთელი კრებული თაყვანს სცემდა, მგალობელნი გალობდნენ და საყვირები ხმიანობდნენ. ასე გრძელდებოდა აღსავლენის დამთავრებამდე. 28 და ყოველი იგი კრებული თაყუანის-ცემად და მეფსალმუნენი იგი გალობდეს, და ნესტუებსა მას სცემდეს, ვიდრე დაესრულნეს ყოვლად დასაწველნი.
29 აღსავლენს რომ მორჩნენ, მეფემ და ყველამ, მასთან მყოფმა, მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს. 29 და ვითარცა აღასრულეს შეწირვა იგი, დამოდრკა მეფე და ყოველნი, რომელნი იყუნეს, და მუნ თაყუანის-სცეს უფალსა.
30

მეფე იეხიზკიაჰუმ და მთავრებმა უთხრეს ადამიანებს, რომ ედიდებინათ უფალი დავითისა და ასაფ მისნის სიტყვებით. ისინიც სიხარულით აქებდნენ, მუხლს იდრეკდნენ და თაყვანს სცემდნენ.

30 და ჰრქუა ეზეკია მეფემან და ყოველთა მთავართა ლევიტელთა მათ, რათა უგალობდენ უფალსა სიტყუათა დავითისათა და ასაფის წინაწარმეტყუელისათა და გალობდეს სიხარულით და დავარდეს და თაყუანის-სცეს უფალსა.
31 მიუგო იეხიზკიაჰუმ და თქვა: ახლა თქვენ ხელი ავსებული გაქვთ უფლისათვის. მოდით, მოიყვანეთ საკლავები და სამადლობელნი უფლის სახლში. კრებუღმა საკლავები და სამადლობელნი მოიყვანა, ხოლო ვინც გულუხვობა გამოიჩინა - აღსავლენი. 31

და მიუგო ეზეკია და ჰრქუა: აწ აღასრულენით ჴელნი თქუენნი უფლისა მიმართ; მოიღეთ აწ და შესწირეთ მსხუერპლები და ქება იგი სახლსა უფლისასა. და მოართვა კრებულმან საკლავები და ქებისა იგი შესაწირავი ტაძრად უფლისა და ყოველმან გულთ-მოდგინემან გულითა, და ყოვლად დასაწველები

32 იმ აღსავლენთა რიცხვი, კრებულმა რომ მოიყვანა, იყო: სამოცდაათი ხარი, ასი ცხვარი, ორასი ბატკანი. ყოველივე ეს უფლისათვის იყო აღსავლენად. 32 და იყო რიცხჳ იგი ყოვლად დასაწველთა მათ, რომელი შეწირა კრებულმან: ზვარაკი სამეოცდაათ, ვერძი ას, ტარიგი ორას, ყოვლად დასაწველად უფლისა ესე ყოველი.
33 სულ შეწირული იქნა: ექვსასი ხარი და სამიათასი ცხვარი. 33 და შეწირეს ზვარაკები ექუსასი და ცხოვარი სამათასი.
34 ოღონდ ცოტანი იყვნენ მღვდლები და აღარ შეეძლოთ ყველა აღსავლენის გატყავება, ამიტომ მათი მოძმე ლევიანები ეხმარებოდნენ მათ, ვიდრე საქმე არ მოთავდა და მღვდლები არ გაინათლნენ, რადგან ლევიანები უფრო გულმოდგინობდნენ გასანათლავად, ვიდრე მღვდლები. 34 არამედ მღდელნი მცირედ იყუნეს და ვერ ეძლო განჴდად ყოვლად დასაწველები იგი და შეეწეოდეს მათ ძმანი მათნი ლევიტელნი, ვიდრე აღესრულა საქმე იგი, და ვიდრე განწმიდეს მღდელნი, ლევიტელნი, განწმიდეს გულსმოდგინედ უწინარეს მღდელთა.
35 თანაც აღსავლენი უამრავი იყო სამადლობელი მსხვერპლის ლურთებითა და აღსავლენის საღვრელებითურთ. ასე განახლდა უფლის სახლის სამსახური. 35 და ყოვლად დასაწველი იგი ფრიად იყო ცმელთა თანა სრულებისა მის ცხორებისათა დასაწუელი იგი ყოვლად მწვართასა და წარმოემართა საქმე იგი სახლსა შინა უფლისასა.
36 გაიხარა იეხიზკიაჰუმ და მთელმა ერმა იმის გამო, რაც ერს მოუმზადა უფალმა, რადგან მოულოდნელად მოხდა ეს ამბავი. 36 და განიხარა ეზეკია და ყოველმან ერმან მისთჳს, რამეთუ განემზადა ერი იგი უფლისაჲ, რამეთუ მეყსეულად იქმნა საქმე იგი.