ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მეორე რჯული

თავი მეცხრე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ისმინე, ისრაელო! შენ დღეს გადადიხარ იორდანეს, რომ წახვიდე და დაეპატრონო შენზე დიდსა და ძლიერ ხალხებს, დიდ და ცათამდე გამაგრებულ ქალაქებს,

1

გესმოდენ ისრაჱლსა, რამეთუ წიაღხუალ შენ დღესდღე იორდანესა მდინარესა შესლვად და დამკჳდრებად ნათესავთა დიდთა და უძლიერესთა შენსა, ქალაქთა დიდთა და მოზღუდვილთა მაღლად, ვიდრე ცადმდე.

2 დიდსა და მაღალს ხალხს, ყანაკის მოდგმას, რომელიც იცი და რომელზეც გსმენია: ვინ დაუდგებათ წინ ყანაკის მოდგმას? 2 ერსა დიდსა და ძლიერსა და კაცთა სრულთა ჰასაკითა, ძეთა მათ ენაკისთა, რომლისაჲ შენცა სადმე გესმინოს, ვითარმედ: ვინმცა წინა დაუდგა პირსა წინაშე ძეთა მათ აკიმისთა?
3 ახლა იცოდე: უფალი, შენი ღმერთი, მიგიძღვის წინ, მშთანთქმელი ცეცხლი. ის მოსპობს მათ, ის მოდრეკს მათ შენს წინაშე და შენც აჰყრი მათ და მალე გადააშენებ, როგორც უფალმა გითხრა. 3 არამედ უწყოდი შენ, რამეთუ უფალი ღმერთი შენი წინაგიძღვის შენ წინაშე პირსა შენსა, ვითარცა ცეცხლმან შემწველმან მოსრნეს იგინი და მან გარემიაქცინეს იგინი პირისაგან შენისა, აღჴოცნეს და წარწყმიდეს იგინი მსთუად, ვითარცა გეტყოდა თქვენ უფალი.
4 არ თქვა შენს გულში, როცა დაიწყებს უფალი, შენი ღმერთი, მათ განდევნას: ჩემი სიმართლის გამო მომიყვანა უფალმა ამ ქვეყნის დასამკვიდრებლადო. რადგან მათი სიბოროტის გამო აყარა შენგან ეს ხალხები უფალმა. 4 ნუ იტყჳ გულსა შენსა, რაჟამს მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან წარმართნი იგი პირისაგან შენსა, ნუ იტყჳ, ვითარმედ: სიმართლისა ჩემისათჳს შემომიყვანა მე უფალმან დამკჳდრებად ქუეყანისა ამის, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნა იგინი უფალმან პირისაგან შენისა
5 შენი სიმართლისა და შენი გულწრფელობის გამო კი არ მიდიხარ მათი ქვეყნის დასამკვიდრებლად, არამედ მათი სიბოროტის გამო აყრის შენგან უფალი ამ ხალხებს, რომ შეასრულოს სიტყვა, რომელიც მისცა უფალმა შენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს. 5 და არა თუ სიმართლისა შენისათჳს, არცაღა სიწმიდისა გულისა შენისათჳს შეხუედ შენ დამკჳდრებად ქუეყანისა მის მათისა, არამედ უკეთურებისათჳს წარმართთაჲსა მოსრნეს იგინი უფალმან ღმერთმან შენმან პირისაგან შენისა, რათა დაემტკიცოს აღთქუმა იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა: აბრაჰამს, ისაკს და იაკობს,
6 იცოდე, რომ შენი სიმართლის გამო არ გაძლევს უფალი, შენი ღმერთი, ამ მადლიან მიწას დასამკვიდრებლად, რადგან ჯიუტი ხალხი ხართ. 6 და რათა გულისხმა-ჰყო დღეს, რამეთუ არა სიმართლისა შენისათჳს მოგცემს შენ უფალი ღმერთი შენი დამკჳდრებად ქუეყანასა მაგას კეთილსა, რამეთუ ერი ეგე ქედფიცხელი ხარ.
7 გახსოვდეს, არ დაგავიწყდეს, რომ ბევრჯერ გაგირისხებია უფალი, შენი ღმერთი, უდაბნოში. ეგვიპტიდან გამოსვლის დღიდან ამ ადგილზე მოსვლამდე, სულ მუდამ ექიშპებოდი უფალს. 7 მოიჴსენე და ნუ დაივიწყებ, რავდენ ჟამ განარისხე უფალი ღმერთი შენი უდაბნოსა მას, რომლით დღითგან გამოხუედ შენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა მას, რამეთუ ურჩებით დაუმორჩილებელ ექმნენით უფალსა.
8 ხორებში განარისხეთ უფალი და გამწყრალმა თქვენი მოსპობა დააპირა. 8 და ქორებსა გან-ვე-არისხეთ უფალი. და განრისხნა გულისწყრომით უფალი თქუენ ზედა,
9 როცა მთაზე ავედი, რომ ჩამომეტანა ფიქალები, ფიქალები აღთქმისა, უფალმა რომ დაგიდოთ თქვენ, ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი იქ, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია. 9 რათამცა მოგსრნა თქუენ, რაჟამს აღვიდოდე მთასა მას მოღებად ფიცართა მათ ქვისათა, ფიცართა მათ შჯულისათა, რომელ-იგი მომცნა მე და ვიყავ მე მთასა მას ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, პური არ ვჭამე და არცა წყალი ვსუ.
10 მომცა უფალმა ორი ფიქალი, ღვთიური თითებით წარწერილი. ზედ იყო ყველა ის სიტყვა, რომელიც გამოგიცხადათ უფალმა მთაზე ცეცხლის შუაგულიდან თავშეყრის დღეს. 10 და მომცნა მე ორნი იგი ფიცარნი ქვისანი დაწერილნი ჴელითა ღმრთისათა, რამეთუ მას ზედა დაწერილ იყვნეს ყოველნი იგი მცნებანი, რომელთა გეტყოდა თქუენ უფალი მთასა მას ზედა.
11

ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის გასვლის შემდეგ მომცა უფალმა ორი ფიქალი, ფიქალები აღთქმისა.

11

და იყო ორმეცოსა მას დღესა და ორმეოცსა მას ღამესა, რაჟამს მომცნა მე უფალმან ორნი იგი ფიცარნი ქვისანი, რომელსა ზედა დაწერილ იყო შჯული იგი,

12 და მითხრა უფალმა: ადექი და სწრაფად წადი აქედან, რადგან გაირყვნა შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე. მალევე გადაუხვიეს შენგან ნასწავლებ გზას - კერპი ჩამოისხეს. 12 სიტყუად იწყო ჩემდა უფალმან და მრქუა: აღდეგ, გარდაგუალე ადრე ამიერ, რამეთუ უსჯულო იქმნა ერი იგი შენი, რომელ გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით და გარდაჴდეს მცნებასა მას, რომელი-იგი ამცნო მათ და იქმნეს თავისა მათისა კერპი გამოქანდაკებული და თაყუანი-სცეს ხატსა.
13 ასე მითხრა უფალმა: დავინახე, რომ ჯიუტი ყოფილა ეს ხალხი. 13 და მრქუა მე უფალმან: გეტყოდე შენ ერთგზის და ორგზის და გარქუ: ვიხილე ერი ესე, ვითარ გულფიცხელ და ქედფიცხელ არს,
14 დამანებე, მოვსპო ისინი და წარვხოცო მათი სახსენებელი ცისქვეშეთიდან. შენგან კი მასზე ძლიერ და მრავალრიცხოვან ხალხს შევქმნიო. 14 მომიშუ მე, რათა მოვსრნე იგინი და აღვჰჴოცო სახელი მათი ცასა ქუეშე და გყო შენ ნათესავად დიდად და ძლიერად უფროჲს მაგათსა.
15 პირი ვიბრუნე და მთიდან ჩამოვედი, მთა კი ცეცხლში იწვოდა. მე აღთქმის ორი ფიქალი მეჭირა ორთავე ხელში. 15 და მოვიქეც და გარდამოვედ მიერ მთით და მთაჲ იგი ცეცხლითა აღჭურვილი აღატყდებოდა და ორნივე ფიცარნი იგი მეპყრნეს ორთავე ჴელთა ჩემთა.
16 დავინახე, რომ შესცოდეთ უფალს, თქვენს ღმერთს: ოქროს ხბო ჩამოისხით, მალევე გადაუხვიეთ გზას, რომელიც უფალმა გასწავლათ. 16 და ვიხილე, რამეთუ შეცოდებულ იყვენით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენსა და გექმნა თქუენ კერპი გამოდუღებითი, და გარდასრულ იყვენით თქუენ გზისა მისგან, რომელ გამცნო თქუენ უფალმან.
17 ავიღე და გავაგდე ხელიდან ორივე ფიქალი და თქვენს თვალწინ დავლეწე. 17 და მოვიხუენ ორნივე იგი ფიცარნი ორთავე ჴელთა ჩემთაგან და დავსთხიენ იგინი წინაშე თქუენსა და დავმუსრენ.
18 დავემხე უფლის წინაშე, როგორც უწინ, და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, უსმელ-უჭმელი, ყველა თქვენი ცოდვის გამო, რომლითაც სცოდავდით, ბოროტებას რომ სჩადიოდით უფლის თვალში და აჯავრებდით მას. 18 და დავვარდი წინაშე უფლისა და ვილოცევდ, ვითარცა-იგი პირველ ორმეოც დღე და ორმეოც ღამე პური არა ვჭამე და არცა წყალი ვსუ ყოველთა მათ ცოდვათა თქუენთათჳს, რომელ-იგი სცოდეთ თქუენ და ბოროტი ჰქმენით წინაშე უფლისა, და განარისხეთ იგი.
19 რადგან მეშინოდა რისხვისა და წყრომისა, რომელიც დაგატეხათ უფალმა თქვენს გასანადგურებლალ. ამჯერადაც მისმინა მე უფალმა. 19 და შეშინებულ ვიყავ მე გულისწყრომისათჳს რისხვისასა, რამეთუ - განრისხნა უფალი თქუენ ზედა, რათამცა აღგჴოცნა თქუენ ქუეყანით და შეესმა ჩემი უფალსა მას ჟამსა შინა.
20 ძლიერ გაუწყრა აარონს, დაღუპვა უნდოდა მისი, და მე შევევედრე მაშინ აარონის გამოც. 20 და აჰრონის ზედაცა განრისხნა უფალი ფრიად, რათამცა მოსპო იგი და აჰრონისთჳსცა ვილოცე მას ჟამსა შინა.
21

ავიღე თქვენი ნაცოდვარი - ხბო და ცეცხლში დავწვი. იმდენი ვნაყე, რომ მტვრად ვაქციე და მისი მტვერი მთიდან მომდინარე ღელეში ჩავყარე.

21

და ცოდვაჲ იგი თქუენი, რომელ ჰქმენით, ჴბოჲ იგი მოვიღე იგი და დავწვი ცეცხლითა, დავჭარ და დავმუსრე იგი წულილად და შევქმენ იგი, ვითარცა მტუერი და შთავაბნიე იგი ჴევსა მას, რომელ-იგი გარდამოვიდოდა მიერ მთით.

22 აჯავრებდით უფალს თაბერაში, მასაში და კიბროთ-ჰათაავაში. 22 შეწუვითა მით და განცდითა და სამარეთა მათ გულისთქუმისათა განარისხეთ უფალი ღმერთი თქუენი.
23 როცა კადეშ-ბარნეადან გგზავნიდათ უფალი და გეუბნებოდათ: წადით, დაეპატრონეთ ქვეყანას, რომელიც მოგეცითო, თქვენ წინააღუდექით უფალს, თქვენს ღმერთს, არ ერწმუნეთ მას და არ ისმინეთ მისი სიტყვა. 23 და რაჟამს წარავლინნა უფალმან კადეს ბარნედ და გრქუა: აღვედით და დაიმკჳდრეთ ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი მიგცე თქუენ. ხოლო თქუენ ურჩ ექმნენით და არა ისმინეთ ჴმაჲ უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ, არცაღა გრწმენა მისი და არცა ისმინეთ ჴმისა მისისაჲ.
24 იმ დღიდან, რაც გიცნობთ, უჯანყდებით უფალს. 24 არამედ ურჩებით ურჩ ექმნენით უფალსა მიერ დღითგანვე, ვინაჲთგანცა გამოგეცხადა თქუენ.
25 დავემხე უფლის წინაშე და ასე ვიყავი ორმოცი დღე და ორმოცი ღამე, რადგან თქვენი განადგურება გადაწყვიტა უფალმა. 25 მერმე ვილოცევდ მე წინაშე უფლისა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე, რავდენცა-იგი ვილოცევდ, რამეთუ თქუა უფალმან მოსრვაჲ თქუენი.
26 ვილოცე უფლის მიმართ და ვუთხარი: უფალო ღმერთო! ნუ დაღუპავ შენს ერს და შენს სამკვიდროს, რომელიც გამოისყიდე შენი ძლევამოსილებით, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტიდან მაგარი ხელით. 26 და ვილოცევდ უფლისა მიმართ და ვთქუ: უფალო, უფალო საუკუნეო! ნუ მოსრავ ერსა ამას შენსა და სამკჳდრებელსა შენსა, რომელ-ესე იჴსენ ძალითა მაგით შენითა დიდითა, რომელ გამოიყვანე ქუეყანით ეგჳპტით ჴელითა მაგით მტკიცითა და მკლავითა მაღლითა.
27 გაიხსენე შენი მორჩილნი - აბრაამი, ისაკი და იაკობი. ნუ უყურებ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის სიბოროტეს და მის ცოდვებს, 27 მოიჴსენე აბრაჰამისი, ისაკისი და იაკობისი, მონანი შენნი და ნუ მიხედავ სიფიცხლესა ამის ერისასა და ნუცაღა უკეთურებასა მათსა.
28 რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეიყვანა უფალმა ისინი იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰპირდებოდა მათ. მათდამი სიძულვილის გამო გაიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო. 28 ნუსადა თქუან მკჳდრთა მათ მის ქუეყანისათა: ვინაჲ გამომიყანენ ჩუენ, ვითარმედ ვერვემე შეუძლო უფალმან შეყვანებად ქვეყანასა მას, რომელ აღუთქუა მათ? არამედ სიძულილით გამოიყვანნა იგინი და მოსრნა იგინი უდაბნოსა მას.
29 შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც გამოიყვანე შენი დიდი ძალით და შენი შემართული მკლავით. 29 არამედ ესე ერი შენი არს და სამკჳდრებელი შენი, რომელ გამოიყვანენ ქუეყანისა მისგან ეგჳპტელთაჲსა ძალითა დიდითა და მკლავითა მაღლითა.