ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

მესამე მეფეთა

თავი მეთვრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

გამოხდა მრავალი ხანი და მესამე წელს გამოეცხადა უფლის სიტყვა ელიას: წადი, ეჩვენე აქაბს და მეც ვაწვიმებ მიწის პირზე.

1

და იყო, შემდგომად დღეთა მრავალთა და სიტყუაჲ უფლისა იყო ელიასსა წელსა მას მესამესა და ჰრქუა: მივედ და ეჩუენე აქაბს და მივსცე წჳმა პირსა ზედა ქუეყანისასა.

2 წავიდა ელია, რომ სჩვენებოდა აქაბს. დიდი შიმშილობა იყო სამარიაში. 2 და წარვიდა ელია ჩუენებად აქაბისა. და სიყმილი იგი განსასტიკებული იყო სამარიას.
3 დაუძახა აქაბმა აბდიას, სასახლის მოურავს. ძალზე ღვთისმოშიში იყო აბდია. 3 და მოუწოდა აქაბ აბდიას, ეზოსმოძღუარსა თჳსსა, და აბდია იყო მოშიშ უფლისა ფრიად.
4 როცა იზებელი სპობდა უფლის წინასწარმეტყველთ, წაიყვანა აბდიამ ასი წინასწარმეტყველი და ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს მალავდა გამოქვაბულში, პურითა და წყლით ინახავდა მათ. 4 და იყო, მოსრვასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა დამალა აბდია ასი კაცი წინაწარმეტყუელთაგანი ერგასის - ერგასისი თითოსა ქვაბსა და ზრდიდა მათ პურითა და წყლითა.
5 უთხრა აქაბმა აბდიას: წადი და მოიარე ქვეყნის წყაროები და ხევები; იქნებ აღმოჩნდეს სადმე ბალახი რომ როგორმე გამოვკვებო ცხენები და ჯორები, და არ მოგვიხდეს პირუტყვის დახოცვა. 5 და ჰრქუა მეფემან აქაბ აბდიას: მოვედ და ვიქცეოდით ყოველსა მას ქუეყანასა წყაროსთავთა წყალთასა და ნაღვარევთა და, ჰე, თუმცა ვპოოთ საძოვარი და გამოვზარდნეთ ცხენნი და ჯორნი, რათა არა აღიჴოცნენ ჩუენგან ყოვლადვე საცხოვარნი.
6 დაინაწილეს ქვეყანა ერთმანეთში, ვინ სად უნდა წასულიყო. აქაბი ერთი გზით წავიდა მარტო, აბდია მეორე გზით წავიდა მარტო. 6 და განიყვნენ სლვად გზათა და აქაბ წარვიდა გზასა ერთსა მარტო და აბდია სხუასა გზასა მარტო.
7 გზად იყო აბდია, რომ აჰა, ელია შემოეყარა, იცნო, დაეცა მის წინაშე და უთხრა: ნუთუ შენა ხარ, ჩემო ბატონო, ელია? 7 და აბდიას გზასა ზედა შეემთხჳა ელია წინა მისა მარტო და ისწრაფა აბდია და დავარდა პირსა ზედა თჳსსა და თქუა: შენ ხარა, უფალო ჩემო ელია?
8 მიუგო: მე ვარ. წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არის-თქო ელია. 8 და ჰრქუა ელია: მე ვარ, მივედ და არქუ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.
9 თქვა აბდიამ: რა დავაშავე ისეთი, რომ აქაბს უგდებ მოსაკლავად ხელში შენ მორჩილს? 9 და ჰრქუა აბდია: რა შეგცოდე, რამეთუ შემაგდებ მე, მონასა შენსა, ჴელთა აქაბისთა მოკულად?
10 უფალს, შენს ღმერთს გეფიცები, რომ არ დარჩენილა ხალხი, ან სამეფო, სადაც შენს საძებრად არ გაეგზავნოს კაცი ჩემს ბატონს. ეუბნებოდნენ, არ არისო, და ისიც დააფიცებდა სამეფოსა და ხალხს, რომ ვერ გიპოვნეს. 10 ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, რამეთუ არა არს ნათესავი და არცა მეუფებაჲ, რომელსა არა მიავლინა უფალმან ჩემმან ძიებად შენდა.
11 ახლა კი მეუბნები, წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. 11 და ჰრქუეს, ვითარმედ: არასადა არს, და მოწვა მეუფებაჲ იგი და სოფელი მათი, რამეთუ არა გპოვეს შენ.
12

გაგშორდები და არც კი მეცოდინება, სად გაგიტაცებს უფლის სული; მივალ ჩემს ბატონთან შესატყობინებლად, ვერ გიპოვნის და მომკლავს შენს მორჩილს. ყმაწვილკაცობიდანვე ღვთისმოშიშია შენი მორჩილი.

12

და აწ შენ იტყჳ, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს ელია.

13 განა არ უთქვამთ მისთვის, რაც გავაკეთე, როცა იზებელი უფლის წინასწარმეტყველთ ხოცავდა; რომ ვმალავდი ას წინასწარმეტყველს, ორმოცდაათ-ორმოცდაათ კაცს გამოქვაბულებში და პურითა და წელით ვინახავდი. 13 და თუ წარვიდე მე შენგან და სულმან უფლისამან აღგიღოს შენ ქუეყანით, რომელ არა ვიცოდე, მოვიდე და უთხრა აქაბს და არა გპოო შენ, მომკლას მე, და მონა შენი მოშიში უფლისა არს სიყრმითგან თჳსით.
14 ახლა მეუბნები: წადი და უთხარი შენს ბატონს, აქ არისო ელია. ხომ მომკლა! 14 და არა მიეთხრა უფალსა ჩემსა, რა-იგი ვყავ მე მოწყუედასა მას იეზაბელისასა წინაწარმეტყუელთა მათ უფლისათა? მე დავმალე წინაწარმეტყუელთაგან მათ უფლისათა ასი კაცი ერგასის-ერგასისი თჳთოსა ქვაბსა და გამოვზარდენ იგინი პურითა და წყლითა.
15 თქვა ელიამ: ცაბაოთ უფალს ვფიცავ, რომლის წინაშეც ვდგავარ, რომ დღესვე ვეჩვენები მას. 15 და აწ შენ მეტყჳ მე, ვითარმედ: მივედ და უთხარ უფალსა შენსა, ვითარმედ: აჰა, ელია არს და მომკლას მე.
16 წავიდა აბდია აქაბის შესახვედრად და შეატყობინა. წამოვიდა აქაბი ელიას შესახვედრად. 16 და ჰრქუა ელია: ცხოველ არს უფალი ძალთა, რომლისა ვდეგ წინაშე მისა, რამეთუ დღეს ვეჩუენო მას.
17 როცა დაინახა აქაბმა ელია, უთხრა აქაბმა: ეს შენ ხარ, ისრაელის მაოხრებელო? 17 და წარვიდა აბდია და მიეგებოდა აქაბს და უთხრა მას. აღირბინა აქაბ და მიეგებოდა ელიას და იყო, ვითარცა იხილა აქაბ ელია, ჰრქუა აქაბ ელიას: შენ ხარა ამრღუე ისრაჱლისა?
18 თქვა: მე არ ამიოხრებია ისრაელი, შენ და მამაშენის სახლმა ააოხრეთ, რომ დაივიწყეთ უფლის მცნებანი და ბაალების გზაზე წახვედი. 18 ჰრქუა ელია: არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა.
19 ახლა დაგზავნე ხალხი და შემიკრიბე ქარმელის მთაზე მთელი ისრაელი, და ბაალის წინასწარმეტყველნი ოთხასორმოცდაათი კაცი, და აშერას წინასწარმეტყველნი ოთხასი კაცი, იზებელის სუფრას რომ უსხედან. 19 და აწ წარავლინე და მოკრიბე ჩემდა ყოველი ისრაჱლი მთასა მას კარმელსა და წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი ოთხასდაერგასისნი, წინაწარმეტყუელნი იგი მაღნარისანი ოთხასნი, რომელნი ჭამენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა.
20 დაგზავნა აქაბმა ხალხი მთელს ისრაელში და შერიბა წინასწარმეტყველნი ქარმელის მთაზე. 20 და წარავლინა აქაბ ყოველსა ისრაჱლსა და შეკრიბნა წინაწარმეტყუელნი იგი მთასა მას კარმელსა.
21 მივიდა ხალხთან ელია და უთხრა: როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით? თუ უფალია ღმერთი, გაყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით. სიტყვა არ დაუძრავს ხალხს. 21 და მიიკრიბნა ელია ყოველი იგი ერი და ჰრქუა მათ: ვიდრემდის კელობთ ორითავე გოჯითა? უკუეთუ არს უფალი ღმერთი, მისდევდით მას და თუ არს ბაალი იგი, შეუდეგით კვალსა მისსა. და არა მიუგო მას ერმან მან სიტყუაჲ.
22 უთხრა ელიამ ხალხს: მე ერთი დავრჩი უფლის წინასწარმეტყველი, ბაალის წინასწარმეტყველნი კი ოთხასორმოცდაათი კაცია. 22 და ჰრქუა ელია ერსა მას: მე მარტო დაშთომილ ვარ წინაწარმეტყუელი უფლისა და წინაწარმეტყუელნი ეგე ბაალისნი კაცნი ოთხასდაერგასისნი და წინაწარმეტყუელნი მაღნართანი ოთხასნი.
23

მოგვცენ ორი კურატი; ერთი მაგათ ამოირჩიონ, შუა გაკვეთონ და შეშაზე შემოდონ, ოღონდ ცეცხლს ნუ შეუნთებენ. მეც გავამზადებ მეორე მოზვერს, შეშაზე შემოვდებ და ცეცხლს არ შევუნთებ.

23

და აწ მოგუცენით ჩუენ ორნი ზუარაკნი და გამოირჩიონ ერთი იგი მათ და განაგონ ასოეულად და დადვან ზედა შეშასა და ცეცხლსა ნუ შეახებედ. და მე ვყო ერთი იგი ზუარაკი და დავდვა ზედა შეშასა და ცეცხლი არა მივახო.

24 ახსენეთ თქვენი ღმერთის სახელი და მეც ვახსენებ უფლის სახელს; და ღმერთი, რომელიც ცეცხლით გაგვცემს პასუხს, ნამდვილად ღმერთი იქნება. მიუგო ხალხმა და უთხრა: კეთილი! 24 და ხადოდეთ სახელსა ღმერთთა თქუენთასა და მე ვხადო სახელსა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა და იყოს ღმერთი, რომელმან ისმინოს ცეცხლითა, იგი არს ღმერთი. მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუა: კეთილ არს სიტყუაჲ ეგე, რომელ სთქუ.
25 უთხრა ელიამ ბაალის წინასწარმეტყველთ: ამოირჩიეთ რომელიმე კურატი, პირველად თქვენ გაამზადეთ, რადგან ბევრნი ხართ. ახსენეთ ღმერთის სახელი, ოღონდ ცეცხლი არ შეუნთოთ. 25 და ჰრქუა ელია წინაწარმეტყუელთა მათ სირცხჳლისათა: გამოირჩიეთ თქუენდად ზვარაკი ერთი და ჰყავთ პირველ, რამეთუ თქუენ უმრავლეს ხართ და ხადოდეთ სახელსა მას ღმერთთა თქუენთასა და ცეცხლსა ნუ შეახებთ.
26

გამოიყვანეს კურატი, რომელიც მისცა მათ, და გაამზადეს. დილიდან შუადღემდე ახსენებდნენ ბაალის სახელს და უხმობდნენ: ხმა გაგვეც, ბაალ! მაგრამ არც ხმა იყო და არც პასუხი. ხტოდნენ სამსხვერპლოს წინ, რომელიც გამართეს.

26 და მიიბეს ზვარაკი იგი, რომელ მისცა მათ, და ყვეს ეგრე და ხადოდეს სახელსა ბაალისასა ცისკრითგან ვიდრე სამხრადმდე და იტყოდეს: ისმინე ჩუენი, ბაალ, ისმინე ჩუენი! და არა იყო მათ თანა ჴმაჲ და არცა სმენა, და რბიოდეს გარემო საკურთხეველსა მას, რომელ ქმნეს.
27 შუადღისას დაუწყო მათ დაცინვა ელიამ: მაგრად დაუყვირეთ, რადგან ღმერთია იგი! ფიქრშია ალბათ, ან ვაითუ რამე უჭირს, ან გზაში იყოს. იქნებ სძინავს და გაიღვიძებს. 27 და იყო სამხრისა ოდენ, და განბასრნა იგინი ელია თეზბიტელმან და ჰრქუა: მაღლადრე უჴმეთ, რამეთუ ღმერთი არს; ანუ თუ განსცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს.
28 დიდ ხმაზე გაჰყვიროდნენ და თავიანთი ჩვეულებისმებრ თავს ისერავდნენ მახვილებითა და შუბებით, ისე რომ სისხლი ჩამოსდიოდათ ტანზე. 28 და უჴმობდეს ჴმითა დიდითა და იზახდეს მსგავსად სჯულისა მათისა მახჳლითა და დანაკითა ვიდრე დათხევადმდე სისხლისა მათ ზედა.
29 შუადღე გადავიდა, ისინი კი ისევ ქადაგად იყვნენ დავარდნილი ძღვენის შეწირვის ჟამამდე; მაგრამ არც ხმა ისმოდა, არც პასუხი, არც ჩქამი. 29 და იყო, ვითარ გარდაჴდა სამხარი და წინაწარმეტყუელებდეს ვიდრე ჟამადმდე მსხუერპლის შეწირვისა და არა იყო მუნ ჴმაჲ, და ეტყოდა ელია წინაწარმეტყუელთა მათ საძაგელებისათა და ჰრქუა: გა-რე-მიდეგით და აწ მე ვყო შესაწირავი იგი ჩემი. და გან-რე-დგეს და წარვიდეს.
30 უთხრა ელიამ მთელს ხალხს: ახლოს მოდით. მივიდა მასთან მთელი ხალხი და დაიწყო მან უფლის დანგრეული სამსხვერპლოს შეკეთება. 30 და ჰრქუა ელია ერსა მას: მომეახლენით მე! და მიეახლნეს ყოველი ერი მისა და აღმართა საკურთხეველი იგი უფლისა დამჴობილი.
31 აიღო ელიამ თორმეტი ლოდი, რამდენი შტოც იყო ძეთაგან იაკობისა, რომლის მიმართ იყო უფლის სიტყვა, ისრაელი იქნებაო შენი სახელი. 31 და მოიხუნა ელია ათორმეტნი ქვანი მსგავსად რიცხჳსა მის ძეთა მათ ისრაჱლისათა, ვითარცა ვტყოდა მას უფალი და ჰრქუა: ისრაჱლ იყავნ სახელი შენი.
32 და ააშენა ლოდებისგან სამსხვერპლო უფლის სახელზე, სამსხვერპლოს გარს შემოავლო ორი სეა მარცვლის ტევადობის თხრილი. 32 და აღაშენნა ქვანი იგი სახელად უფლისა და ქმნა ტაბლაჲ, რომელმანცა შთაიტია ორი გრივი თესლი გარემოს საკურთხეველსა მას.
33 დააწყო შეშა, შუა გაკვეთა კურატი და შეშაზე დადო. 33 და დააზვინა შეშა იგი ზედა საკურთხეველსა მას, რომელ ქმნა და განაგო ასოეულად ზვარაკი იგი და დადვა ზედა შეშასა მას და აღზვინა ზედა საკურთხეველსა მას.
34

თქვა: აავსეთ წყლით ოთხი ჩაფი და გადაასხით აღსავლენ მსხვერპლსა და შეშას. თქვა: გაიმეორეთ. მათაც გაიმეორეს. თქვა: მესამედ გადაასხით, მათაც გადასხეს მესამედ.

34

და ჰრქუა: მომართუთ მე ოთხითა ლაგჳნითა წყალი და დაასხით ზედა შესაწირავსა მაგას და შეშასა. და ჰრქუა: დაასხით! და დაასხეს და თქუა მეორედ: დაასხით! და დაასხეს; თქუა მესამედ: დაასხით! და დაასხეს.

35 ჩამოედინა წყალი ირგვლივ სამსხვერპლოს და წყლით აივსო თხრილი. 35 და მოვიდოდა წყალი იგი გარემო საკურთხეველსა მას და აღავსეს ტბა იგი წყლითა.
36 მსხვერპლშეწირვის დრომ რომ მოაწია, ახლოს მოდგა ელია წინასწარმეტყველი და თქვა: უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. 36 და იყო, ჟამსა ოდენ შეწირვისასა მსხუერპლისა მის ღაღად-ყო ელია ზეცად და თქუა: უფალო, ღმერთო აბრაჰამისო, ისაკისო და ისრაჱლისაო, დღეს ცნედ, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი ისრაჱლისა და მე მონა შენი. მე ვქმენ საქმე ესე.
37 ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები. 37 ისმინე ჩემი, უფალო, ისმინე ჩემი ცეცხლითა და სცნას ერმან ამან, რამეთუ შენ ხარ უფალი ღმერთი და შენ გარემოაქციე გული ერისა ამის მართლუკუნ.
38 ჩამოვარდა უფლის ცეცხლი და შთანთქა აღსავლენი მსხვერპლი, შეშა, ქვები და მტვერი; ამოლოკა წყალიც, არხში რომ ესხა. 38 და გარდამოვარდა ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით და შეჭამა მსხუერპლი იგი და შეშა იგი და მიწა იგი. და წყალი იგი, რომელ დგა ტბასა მას, აღწბა ცეცხლმან მან.
39 დაინახა ეს მთელმა ხალხმა, პირქვე დაემხო და შეჰყვირა: ღმერთია უფალი! ღმერთია უფალი! 39 ვითარცა იხილა ყოველმან ერმან, დავარდეს პირსა ზედა თჳსსა და თქუეს: ნანდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი.
40 უთხრა მათ ელიამ: შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველნი! არავინ გაგექცეთ! მათაც შეიპყრეს და ჩაიყვანა ისინი ელიამ კიშონის ხევში და იქ დახოცა. 40 და ჰრქუა ელია ერსა მას: შეიპყრენით წინაწარმეტყუელნი იგი ბაალისნი და ნუმცა ვინ განმერების მათგანი, ნუცა ერთი. და შეიპყრეს იგინი და შთაიყვანნა იგინი ელია ნაღვარევსა მას კიშონისასა და მოსრნა იგინი მუნ.
41 უთხრა ელიამ აქაბს: წადი, ჭამე და სვი, რადგან წვიმის ხმაური ისმის უკვე. 41 და ჰრქუა ელია აქაბს: აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ჴმაჲ ბგერისა წვიმისა არს.
42 წავიდა აქაბი, რომ ეჭამა და ესვა; ხოლო ელია ქარმელის თავზე ავიდა, მიწაზე გაწვა და პირისახე მუხლებში ჩამალა. 42 და აღვიდა აქაბ ჭამად და სუმად და ელია აღჴდა თავსა მთისა მის კარმელისასა და დადრკა ქუეყანად და დადვა პირი თჳსი ზედა მუჴლთა თჳსთა.
43 უთხრა მსახურს: წადი, ზღვისკენ გაიხედე. ისიც წავიდა და გაიხედა. თქვა: არაფერი ჩანს. უთხრა ელიამ: შვიდგზის გააკეთე ასე. 43 და ჰრქუა ყრმასა მას თჳსსა: აღდეგ და მიხედენ გზასა მას ზღჳთ კერძო! აღჴდა და მიხედნა ყრმამან და ჰრქუა: არარა არს. და ჰრქუა ელია ყრმასა მას: მოიქეც და მიხედენ შჳდგზის! და მიიქცა ყრმა იგი შჳდგზის.
44 მეშვიდე ჯერზე თქეა: აჰა, მცირე ღრუბელი, მუჭისოდენა, ამოდის ზღვიდან. თქვა ელიამ: წადი, უთხარი ახაბს, ეტლი შეკაზმე და გაბრუნდი, წვიმამ არ მოგისწროს-თქო. 44 და იყო მეშჳდესა მას ჯერსა, და აჰა, ღრუბელი ერთი მცირე, ვითარცა ნები კაცისა, და აღმოაქუნდა წყალი ზღჳთ და ჰრქუა: მივედ და არქუ აქაბს: აღიმზადენ ეტლნი შენნი და შთავედ, ნუუკუე გეწიოს შენ წჳმაჲ.
45 ამასობაში ცა მოიღრუბლა, ქარმა დაუბერა და წამოვიდა ხშირი წვიმა. შეჯდა ეტლზე აქაბი და იზრეყელისკენ გაემართა. 45 და იყო, ვითარცა იგი მიმოიქცეოდა, ცა დაბნელდა ღრუბლითა და ქა- რითა, და იყო წვიმა ძლიერი და ტიროდა აქაბ. და მივიდოდა იეზრაელად.
    46 და ჴელი უფლისა იყო ელიასა ზედა და მოიმტკიცნა წელნი თჳსნი და რბიოდა წინა აქაბისასა ვიდრე შესლვადმდე მისა იეზრაელად.