ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

დაბადება

თავი ოცდამეთოთხმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 გავიდა დინა, ლეას ასული, იქაური ქალიშვილების სანახავად. 1 გამოვიდა დინა, ასული ლიასი, რომელ უშვა იაკობს, განცდად ასულთა მის სოფლისათა.
2 დაინახა იგი შექემმა, იმ ქვეყნის მთავრის, ხივიელი ხამორის ძემ, წაიყვანა, დაწვა მასთან და პატივი აჰხადა. 2 და იხილა იგი სჳქემ, ძემან ემორისმან, ქორეველმან, მთავარმან მის ქუეყანისამან და მიიყვანა იგი მისდა და დაწვა მის თანა და დაამდაბლა იგი.
3 გული შეუვარდა დინაზე, იაკობის ასულზე, შეუყვარდა ყმაწვილი ქალი და ცდილობდა მისი გულის დამშვიდებას. 3 და შეეყო სული მისი დინას, ასულსა იაკობისასა, და შეიყუარა ქალი იგი და ეტყოდა გონებისაებრ მისისა.
4 უთხრა შექემმა ხამორს, თავის მამას: ცოლად მომიყვანე ეს ყმაწვილი ქალი. 4 მიუგო სჳქემ მამასა თჳსსა და ჰრქუა: მომგუარე მე ყრმაჲ ესე ცოლად.
5 გაიგო იაკობმა, რომ შეურაცხყო შექემმა დინა, მისი ასული, მაგრამ ვაჟიშვილები ცხვარში ჰყავდა და გაჩუმდა იაკობი მათ მოსვლამდე. 5 იაკობს ესმა, რამეთუ შეაგინა ასული მისი ძემან ემორისმან, დინა, ასული მისი. ხოლო ძენი მისნი იყვნეს საცხოვარსა მისსა თანა ველსა გარე, და დაიდუმა იაკობ ვიდრე მოსლვადმდე მათა.
6 გამოვიდა ხამორი, შექემის მამა, იაკობთან სალაპარაკოდ. 6 გამოვიდა ემორ, მამაჲ სჳქემისაჲ, იაკობისა სიტყუად მისა.
7 იაკობის ვაჟებიც დაბრუნდნენ მინდვრიდან, როცა გაიგეს ეს ამბავი, შეწუხდნენ, გამწარდნენ, რადგან სამარცხვინო საქმე დაემართა ისრაელს, იაკობის ასულთან რომ დაწვა შექემი. არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. 7 ხოლო ძენი იაკობისნი მოვიდეს ველით. ვითარცა ესმა ესე, შეწუხნეს იგინი და მწუხარებაჲ იყო მათა დიდად, რამეთუ სარცხჳნელ იქმნა ისრაჱლსა შორის, ვითარმედ დაწვა ასულისა თანა იაკობისა, და არა ეგრე იყოს.
8 ელაპარაკა მათ ხამორი და უთხრა: გული შეუვარდა ჩემს ძეს, შექემს, თქვენს ასულზე; მიათხოვეთ ცოლად. 8 ეტყოდა მათ ემორ და ჰრქუა: ძემან ჩემმან, სჳქემ, აღირჩია სულითა ასული თქუენი. მოეცით მას იგი ცოლად.
9 დაგვიმოყვრდით, მოგვეცით თქვენი ქალები, ხოლო ჩვენი ქალები თქვენ წაიყვანეთ. 9 გუემზახენით ჩუენ და ასულნი თქუენნი მომცენით ჩუენ და ასულნი ჩუენნი მიუთხოენით ძეთა თქუენთა.
10 დარჩით ჩვენთან, თქვენს წინაშეა ეს ქვეყანა; იცხოვრეთ და მოიხმარეთ იგი, წილი დაიდეთ მასში. 10 და ჩუენ შორის დაემკჳდრენით, რამეთუ, აჰა ესერა, ქუეყანა ჩუენი ფართო არს წინაშე თქუენსა, დაეშენენით, და ივაჭრებდით მას ზედა და მოიგებდით მას შინა.
11 უთხრა შექემმა ქალის მამას და ძმებს: ოღონდ მადლი ვპოვო თქვენს თვალში და რაც გინდათ მთხოვეთ, მოგცემთ. 11 ჰრქუა სჳქემ მამასა მისსა და ძმათა მისთა: ვჰპოებმცა მადლსა თქუენ წინაშე და, რაჲ-იგი სთქუთ, მიგცე.
12 დამაკისრეთ დიდძალი ურვადი და ძღვენი, მოგცემთ, რასაც მომთხოვთ; ოღონდ მომეცით ცოლად ეს ყმაწვილი ქალი. 12 განამრავლეთ სათხოველი ფრიად და მიგცე, რაჲცა მრქუათ მე, და მომეცით მე ქალი ესე ცოლად ჩემდა.
13 მიუგეს იაკობის ვაჟებმა შექემს და მის მამას, ხამორს, და მზაკვრულად ელაპარაკნენ, რადგან შეურაცხყო შექემმა დინა, მათი და. 13 მიუგეს ძეთა იაკობისთა სჳქემს და ემორს, მამასა მისსა, ზაკჳთ, რამეთუ შეაგინა დაჲ იგი მათი, და ეტყოდეს მათ სჳმეონ და ლევი, ძმანი დინასნი, ძენი ლიასნი:
14 უთხრეს: ვერ ვიზამთ ამ საქმეს, წინდაუცვეთელ კაცზე ვერ გავათხოვებთ ჩვენს დას, რადგან აუგია ეს ჩვენთვის. 14 ვერ ჴელ-გეწიფების სიტყუაჲ ეგე, მიცემად დაჲ ჩუენი კაცსა წინა-დაუცუეთელსა, რამეთუ საყუედრელ არს იგი ჩუენდა.
15 მხოლოდ მაშინ მოგცემთ დასტურს, თუ ჩვენსავით წინდაიცვეთს თქვენში ყოველი მამაკაცი. 15 ამით მსგავს იყვენით ჩვენდა და დავემკჳდრნეთ თქუენ შორის, უკეთუ იქმნნეთ თქუენ, ვითარცა-ესე ჩუენ ვართ, რათა წინა-დაიცვითოს ყოველმან წულმან თქუენმან,
16 ჩვენს ქალებს მოგათხოვებთ და ჩვენც ვითხოვთ თქვენს ქალებს. თქვენთან ვიცხოვრებთ და ერთ ხალხად ვიქცევით. 16 მაშინ მიგცნეთ ასულნი ჩუენნი თქუენ და ასულნი თქუენნი მივიყუანნეთ ჩუენდა. და დავიმკჳდროთ თქუენ შორის და ვიყოთ ვითარცა ერთი ნათესავი.
17 თუ წინდაცვეთას არ მოინდომებთ, წავიყვანთ ჩვენს ქალს და წავალთ. 17 უკუეთუ არა ისმინოთ ჩუენი, რაჲთამცა წინა-დაიცჳთეთ, წარვიყუანნეთ ასულნი ჩუენნი და წარვიდეთ.
18 მოეწონათ მათი სიტყვა ხამორს და შექემს, ხამორის ძეს. 18 და სთნდეს სიტყუანი წინაშე ემორისა და წინაშე სჳქემისა, ძისა ემორისა.
19 არ დააყოვნა ყმაწვილმა კაცმა ამ საქმის გაკეთება რადგან ძალზე უყვარდა იაკობის ასული. იგი ყველაზე პატივდებული იყო მამისეულ სახლში. 19 და არღარა ყოვნა ჭაბუკმან მან ყოფად საქმისა ამის, რამეთუ ტრფიალ იყო ასულისა იაკობისა, რამეთუ იგი იყო უდიდებულეს ყოველთა სახლსა შინა მამისა თჳსისასა.
20 მივიდნენ ხამორი და შექემი, მისი ძე, ქალაქის კარიბჭესთან და ელაპარაკნენ ქალაქის მკვიდრთ: 20 მოვიდეს ემორ და სჳქემ, ძე მისი, ბჭეთა თანა ქალაქისა მათისათა და ეტყოდეს კაცთა მათ მის ქალაქისათა და ჰრქუეს:
21 მშვიდობიანად გვეკიდებიან ეს კაცები; იცხოვრონ ამ მიწაზე და მოიხმარონ იგი. აჰა, ხელგაშლილია ეს ქვეყანა. მოვიყვანოთ მათი ქალები ცოლად და ჩვენც მივათხოვოთ მათ ჩვენი ქალები. 21 კაცნი ესე მშჳდობისანი არიან ჩუენ თანა, დაემკჳდრნედ ამას ქუეყანასა და ვაჭრობდედ. ესერა, ქუეყანაჲ ფართო არს წინაშე მათსა. ასულნი მათნი მოვიყუანნეთ ჩუენდა ცოლად და ასულნი ჩუენნი მივსცნეთ მათ.
22 მხოლოდ მაშინ მოგვცემენ დასტურს ეს კაცები ერთად ცხოვრებაზე და ერთ ხალხად ყოფნაზე, თუ წინდაიცვეთს ჩვენში ყოველი მამაკაცი, როგორც თავად არიან წინდაცვეთილნი. 22 გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ ჩუენ კაცთა მათ დამკჳდრებად ჩუენ თანა, რათა ვიყვნეთ ვითარცა ერი ერთი წინა-დაცუეთითა მით ჩუენითა ყოველსავე წულსა თანა, ვითარცა-იგი წინა-დაცუეთილ არიან.
23 განა ჩვენი არ იქნება მათი საქონელი, მათი ქონება, მთელი მათი პირუტყვი? ოღონდ დასტური მივცეთ და ჩვენთან იცხოვრებენ. 23 და საცხოვარი მათი და ყოველივე მონაგები მათი ჩუენდა იყოს, გარნა ამით ხოლო ვემსგავსნეთ მათ და დაემკჳდრნენ ჩუენ თანა.
24 დაუჯერეს ხამორს და შექემს, მის ძეს, ქალაქის კარიბჭესთან მოსულებმა. და წინდაიცვითა ყოველმა მამაკაცმა, ქალაქის კარიბჭესთან მოსულმა. 24 და ისმინეს ემორისი და სჳქემისი, ძისა მისისაჲ, ყოველთავე გამომავალთა ბჭეთა ზედა მის ქალაქისათა და წინა-დაიცუეთდეს წინა-დაცვეთილებასა მათსა ყოველივე წული.
25 მესამე დღეს, როცა ჯერ კიდევ აწუხებდათ ჭრილობა, იაკობის ორმა ვაჟიშვილმა, სიმონმა და ლევიმ, დინას ძმებმა, ხელთ იპყრეს მახვილები, გულდანდობილად დაეცნენ ქალაქს და ამოხოცეს ყველა მამრი. 25 და იყო დღესა მესამესა, ვითარ იყვნეს ოდენ სალმობასა შინა. მოიღეს ძეთა იაკობისთა: სჳმეონ და ლევი, ძმათა დინასთა, კაცად-კაცადმან მახჳლი თჳსი და შევიდეს ქალაქად განკრძალულებით და მოსრეს ყოველივე მამაკაცი.
26 მახვილით დახოცეს ხამორი და შექემი, მისი ძე: გამოიყვანეს დინა შექემის სახლიდან და წამოვიდნენ. 26 და ემორ და სჳქემ, ძე მისი, მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა და გამოიყუანეს დინა, დაჲ მათი, სახლისაგან სჳქემისა და გამოვიდეს.
27 მიადგნენ იაკობის ვაჟიშვილები დახოცილებს და გაძარცვეს ქალაქი, დის შეურაცხყოფის გამო. 27 ხოლო ძენი იაკობისნი შევიდეს წყლულებასა მას ზედა და აღიჭრეს ყოველივე იგი ქალაქი ამისთჳს, რამეთუ შეაგინეს დინა, დაჲ მათი.
28 წამოასხეს მათ ცხვარ-ძროხა და სახედრები; და ყველაფერი, რაც ქალაქში და მინდვრად ჰქონდათ, წამოიღეს. 28 ცხოვარი და ზროხაჲ მათი, და ვირები მათი, რაოდენი იყო ქალაქსა მას შინა, რაოდენი იყო ველსა ზედა.
29 მთელი მათი დოვლათი, მათი ბავშვები და ცოლები და ყველაფერი, რაც სახლში ჰქონდათ, ხელთ იგდეს და ნადავლად წამოიღეს. 29 წარმოიღეს ყოველივე დედა-წული მათი და ყოველი ჭურჭელი მათი და ცოლნი მათნი წარმოსტყუენეს, და, რაოდენი-რაჲ იყო სახლებსა შინა, იავარ-ყვეს.
30 უთხრა იაკობმა სიმონს და ლევის: რატომ დამღუპეთ, რატომ შეაძულეთ ჩემი თავი ამ ქვეყნის მკვიდრთ - ქანაანელებს და ფერიზელებს. ცოტანი ვართ, შეიკრიბებიან ჩემს წინააღმდეგ და მომკლავენ; მეც დავიღუპები და ჩემი სახლიც. 30 და ჰრქუა იაკობ სჳმეონს და ლევის: საძულელ მქმენით მე, რათა ვიყო ვითარცა ბოროტი ყოველთა მკჳდრთა შორის ამის ქუეყანისათა, ქანანელთა შორის და ფერეზელთა და მე მცირე ვარ რიცხჳთ და შეკრბენ ჩემ ზედა და მომსრან მე და აღვიჴოცო მე და სახლი ჩემი.
31 უთხრეს: როგორც მეძავს უნდა მოჰქცეოდნენ ჩვენს დას? 31 ხოლო მათ ჰრქუეს: არამედ, ვითარცა მეძავი იჴმიონა დაჲ ჩუენი?