ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეთერთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ვაი ეგვიპტეში ჩამავალთ შემწეობისთვის, ცხენებისა და ეტლების მოიმედეთ, რადგან ბევრია, და მხედრებზე დანდობილთ, რადგან ძალზე ძლიერები არიან. არ უყურებენ ისრაელის წმიდას და უფალს არ ეკითხებიან.

1

ვაჲ შთამომავალთა ეგჳპტედ შეწევნისათჳს, რომელნი მოსავ არიან ცხენთა მიმართ და ეტლთა მიმართ; რამეთუ არიან მრავალ და ცხენებსა ზედა სიმრავლე ფრიად: და არა იყვნეს მოსავ წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა, და უფალი არა გამოიძიეს.

2 მაგრამ ბრძენია ის და უბედურება მოაქვს. არ გადათქვამს თავის სიტყვებს, წინ აღუდგება უკეთურთა სახლს და ავისმქმნელთა შემწეობას. 2 და თავადმან ბრძენმან მოაწინა მათ ზედა ძჳრნი და სიტყვაჲ მისი არა შეურაცხ იქმნეს, და ზედააღდგენ სახლთა ზედა კაცთა ბოროტთასა და სასოებასა ზედა მათსა ამაოსა,
3 კაცნია ეგვიპტელნი, არა ღმერთნი; მათი ცხენები ხორცია, არა სული. როცა უფალი მოიქნევს ხელს, წაიფორხილებს შემწე და დაეცემა შეწევნილიც. და ყველანი ერთიანად დაიღუპებიან. 3 მეგჳპტელისა კაცისა და არა ღმრთისამიმართთასა, ჴორცებსა ცხენთასა, და არა არს შეწევნა, ხოლო უფალმან მოაწიოს ჴელი მისი მათ ზედა, და დაშურებიან შემწენი, და ერთბამად ყოველნი წარწყმდენ,
4 რადგან ასე მითხრა უფალმა: როგორც ბრდღვინავს ლომი ან ლომის ბოკვერი თავის მსხვერპლზე, თუნდაც შემოადგეს მწყემსების გუნდი, არ ეშინია მათი ყვირილისა და არც მათ სიმრავლეს უფრთხის - ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონის მთაზე და მის გორაკზე. 4 რამეთუ ესრეთ მრქუა მე უფალმან: ვითარსახედ ოდეს იყჳრნეს ლომმან, ანუ ლეკუმან ლომისამან ნადირსა ზედა, რომელი შეიპყრას და დაიზახნეს მას ზედა, ვიდრე არა აღივსნიან მთანი ჴმითა მისითა, და იძლინეს და სიმრავლითა გულისწყრომისათა წიწნეულ იქმნეს, ეგრეთ გარდამოვიდეს უფალი საბაოთ მოლაშქრებად მთასა ზედა სიონსა, მთათა ზედა მისთა,
5 როგორც ჩიტი ბარტყებს, ასე დაიფარავს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს, დაიფარავს და იხსნის, მოუფრთხილდება და გადაარჩენს. 5 ვითარცა მფრინველნი მფრინვალენი, ეგრეთ შეეწევის უფალი საბაოთ იერუსალჱმსა, შეეწევის და განარინებს, და მოურნე ექმნეს და აცხოვნოს.
6 დაუბრუნდით მას, ისრაელიანებო, ვისაც ღრმად განუდექით! 6 მოიქეცით ღრმასა განზრახვასა განმზრახნი და უშჯულოსა, ძენი ისრაჱლისანი,
7 რადგან მოისვრის იმ დღეს ყოველი კაცი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც თქვენმა ცოდვილმა ხელებმა გააკეთეს. 7 რამეთუ მას დღესა უარ-ყვნენ კაცთა ჴელითქმნულნი მათნი ვეცხლისანი და ოქროსანი, რომელნი ქმნნეს ჴელთა მათთა.
8 არკაცური მახვილით დაეცემა აშური და არაადამიანური მახვილი შეჭამს მას; მახვილს გაექცევა, მის ჭაბუკებს კი დაიმონებენ. 8 და დაეცეს ასურ არა მახჳლითა მამაკაცისათა, არცა მახჳლმან კაცისამა შეჭამოს იგი და ივლტოდის არა პირისაგან მახჳლისა, ხოლო ჭაბუკნი იყვნენ მოუძლურებულ.
9 შიშით ჩაუვლის თავის კლდეს და დაფრთხებიან მისი მთავრები დროშის წინაშე, ამბობს უფალი, რომელსაც ცეცხლი აქვს სიონზე და სახმილი - იერუსალიმში. 9 რამეთუ კლდესა შეეყვნენ, ვითარცა პატნეზთა, და იძლინენ. ხოლო მლტოლვარე მოისპოს. ამათ იტყჳს უფალი: ნეტარ არს, რომელსა აქუნდეს თესლი სიონს შინა და სახლეული იერუსალჱმს შინა.