ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესაია წინასწარმეტყველი

თავი ოცდამეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

როცა გაიგონა ეს ხიზკიაჰუმ, სამოსელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.

1

და იყო სმენასა შინა მეფისა ეზეკიაჲსსა, განხეთქნა სამოსელნი თჳსნი და გარემოისხა ძაძაჲ და აღვიდა სახიდ უფლისა.

2 გააგზავნა ელიაკიმი, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და ჯვალოთი მოსილი მღვდელმთავრები ესაია წინასწარმეტყველთან, ამოცის ძესთან. 2 და მიავლინა ელიაკიმ გამგე და სომნა მწიგნობარი და მოხუცებულნი მღდელთანი, მორტყმულნი ძაძებითა, ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა წინაწარმეტყუელისა.
3 უთხრეს: ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელის და შერცხვენის დღე არის ეს დღე, რადგან საშოს კარს არიან მომდგარი ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ღონე. 3 და ჰრქუეს მას: ამათ იტყჳს ეზეკია: დღე ჭირისა და ყუედრებისა და მხილებისა და რისხვისა არს დღესისა დღე, რამეთუ მოიწია ლმობაჲ შობისა, ხოლო ძალი არა აქუს შობად.
4 ვინძლო გაიგონოს უფალმა, შენმა ღმერთმა, სიტყვები რაბშაკესი, რომელიც აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, გამოგზავნა, რათა დაემცირებინა ცოცხალი ღმერთი და ეგინებინა სიტყვებით, რომლებიც გაიგონა უფალმა, შენმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც კი არიან. 4 შე-თუ-ვითარ-ისმინნეს უფალმან, ღმერთმან შენმან, სიტყუანი რაფსაკისნი, რომელნი მოავლინნა მეფემან ასსურასტანელთამან ყუედრებად ღმრთისა მ.აცხოვრისა და ყუედრებად სიტყუათა, რომელნი ესმნეს უფალსა, ღმერთსა შენსა, და ვედრება-ყავ უფლისა მიმართ, ღმრთისა შენისა დატევებულთა ამათთჳს.
5 მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მორჩილნი ესაიასთან. 5 და მოვიდეს ყრმანი მეფისა ეზეკიაჲსნი ესაიაჲს მომართ.
6 უთხრა მათ ესაიამ: ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ გაგონილი სიტყვებისა, რითაც მაგინებენ აშურის მეფის მსახურნი. 6 და ჰრქუა მათ ესაიამან: ესრეთ სთქუათ უფლისა მიმართ თქუენისა: ამათ იტყჳს უფალი: ნუ შეშინდები სიტყვათაგან, რომელნი გესმნეს, რომელნი მაყუედრნეს მე მოციქულთა მეფისა ასსურასტანელთასათა.
7 აჰა, მივუვლენ სულს და გაიგებს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისივე ქვეყანაში დავცემ მახვილით. 7 აჰა, შევავლინო მისდამი სული, და მსმენელი ამბვისა მიიქცეს სოფლად მისსა და დაეცეს მახჳლითა ქუეყანასა შინა მისსა.
8 დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ეომება აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლახიშიდან დაძრულა იგი. 8 და მიიქცა რაფსაკი და ეწია მეფესა ასსურასტანელთასა, მო-რაჲ-ეცვა მას ლობნაჲ, და მსმენელ იქმნა მეფე ასსურასტანელთა, რამეთუ ლტოლვილ იქმნა ლაქისით,
9 თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც, გაიგო, უთხრეს: აჰა, შენთან საომრად გამოვიდაო. მაშინ ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს და დააბარა მათ: 9 ვითარმედ გამოვიდა თარათა, მეფე ეთიოპელთა, დასხმად მისსა, და მსმენელი შეიქცა და მიავლინნა მიმთხრობნი ეზეკიაჲს მიმართ მეტყუელმან:
10 ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: არ შეგაცდინოს-თქო შენმა ღმერთმა, რომლის იმედიც გაქვს, რომ ფიქრობ, არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში. 10 ესრეთ არქუთ ეზეკიასა, მეფესა იუდეასასა: ნუ გაცთუნებნ შენ ღმერთი შენი, რომლისა შენ მოსავ ხარ, მისდამი მეტყუელი: არ მიეცეს იერუსალემი ჴელთა მეფისა ასსურასტანელთასასა.
11

ხომ გსმენია, რა უყო აშურის მეფემ ყველა ქვეყანას, როგორ ააოხრა ისინი. შენ რა გიხსნის?

11

ანუ არა გესმნეს, რომელნი უყვნეს მეფეთა ასსურასტანელთასა ყოველსა ქუეყანასა, ვითარ წარწყმიდეს? ხოლო შენ განმერეა?

12 აბა, თუ უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლო ჩემმა მამა-პაპამ - გოზანი, ხარანი, რეცეფი; ყედენიანები, თელასარში რომ არიან? 12 ნუ განარინნეს იგინი, ღმერთთა წარმართთასა, რომელნი წარწყმიდნეს მამათა ჩემთა: ღოზანი, ხარრანი და რამფისი, რომელნი არიან სოფელსა შინა თეემათისასა.
13 სად არიან ხამათის მეფე, არფადის მეფე, სეფარვაიმ-ქალაქის, ჰენაღისა და ღივას მეფე? 13 სადა არიან მეფენი ემათისანი და არფათისანი? და სადა ქალაქისა სამპფარუიმისანი: ენა და ღავან?
14 გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა, ავიდა უფლის სახლში და უფლის წინაშე გაშალა წერილი. 14 და მოიღო ეზეკიამან წიგნი მიმთხრობელთაგან და აღმოიკითხა იგი, და აღვიდა სახიდ უფლისა, და განაღო იგი წინაშე უფლისა.
15 ილოცა ხიზკიაჰუმ უფლისადმი და თქვა: 15 და ილოცა ეზეკიამან, უფლისა მიმართ მეტყუელმან:
16 ცაბაოთ უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბიმებზე მჯდომელო! შენ ხარ ერთადერთი ღმერთი ქვეყნიერების ყველა სამეფოსი, შენი შექმნილია ცა და მიწა 16 უფალო საბაოთ, ღმერთო ისრაილისაო, მჯდომარეო ქერუვიმთა ზედა, შენ ხარ ღმერთი მხოლოდ ყოვლისა მეფობისა მსოფლიოსა, შენ შექმნენ ცაჲ და ქუეყანა.
17 ყური მოაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; გაიგონე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღვთის საგინებლად რომ შემოთვალა. 17 მოყავ, უფალო, ყური შენი, ისმინე, უფალო! განახუენ, უფალო, თვალნი შენნი, მოიხილე, უფალო, და იხილენ სიტყვანი, რომელნი მოავლინნა სენაქირიმ, მეფემან ასსურასტანელთამან, ყუედრებად ღმრთისა მაცხოვრისა,
18 მართალია, უფალო, რომ მოაოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები, 18 რამეთუ ნანდვილვე მოაოჴრეს მეფეთა ასსურასტანისათა მკჳდროანი ყოველი და სოფელი მათი
19 ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები და გაანადგურეს, რადგან ღმერთები კი არ ყოფილან ისინი, არამედ ხისგან და ქვისგან კაცის ხელით ნაკეთები საგნები. 19 და შეყარნეს კერპნი მათნი ცეცხლად, რამეთუ არა ღმერთნი იყვნეს, არამედ საქმეებ ჴელებისა კაცთასა, ძელ და ქვა, და წარწყმიდნეს იგინი.
20 აწ გვიხსენ, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან, რათა გაიგოს ქვეყნიერების ყველა სამეფომ, რომ შენ ხარ უფალი, ერთადერთი ღმერთი. 20 ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩუენო, გჳჴსნენ ჩუენ ჴელისაგან მათისა, რაჲთა ცნას ყოველმან მეფობამან ქუეყანისამან, ვითარმედ შენ მხოლო ხარ ღმერთ.
21

შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: ასე ამბობს უფალი ღმერთი ისრაელისა: შევიწყნარე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის წინააღმდეგ.

21

და მიივლინა ესაია, ძე ამოსისი, ეზეკიას მიმართ და ჰქვა მას: ამათ იტყჳს უფალი, ღმერთი ისრაჱლისა: მესმნეს, რომელნი ილოცენ ჩემდამო სენაქირიმისთჳს, მეფისა ასსურასტანელთასა.

22 აი, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ, დაგცინის ქალწული ასული სიონისა, თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა. 22 ესე არს სიტყუა, რომელი თქუა მისთჳს ღმერთმან: განგგმო შენ და განგბასრა შენ, ქალწული, ასული სიონისა; შენ ზედა თავი შეხარა, ასულო იერუსალჱმისაო.
23 ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე მედიდურად თვალი? ისრაელის წმიდაზე! 23 ვის აყუედრე და განაძჳნე, ანუ ვისსა მიმართ აღიმაღლე ჴმაჲ შენი, და არა აღიხუენ სიმაღლედ თუალნი შენნი წმიდისა მიმართ ისრაჱლისასა,
24 შენს მორჩილთა პირით ლანძღავდი უფალს და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედი მთის წვერზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი ნაძვები, რჩეული ალვები, შევაღწიე მის უკიდურეს სამყოფელში, მის უღრან ტევრში. 24 რამეთუ მიმთხრობელთა მიერ აყუედრე უფალსა, რამეთუ შენ სთქუ: სიმრავლითა ეტლთა ჩემთათა მე აღვედ სიმაღლისა მიმართ მთათასა და დასასრულთა მიმართ ლიბანისათა, და მოვკაფე სიმაღლე ნაძჳსა მისისა, და სიკეთე კვიპაროსისა, და შევედ სიმაღლედ, კერძოთა მაღნარისათა.
25 ამოვთხარე და შევსვი წყალი, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრე ეგვიპტის მდინარეები. 25 და დავდევ ჴიდი და მოვაოჴრენ წყალნი და ყოველი შესაკრებელი წყლისა.
26 ნუთუ არ გსმენია, რომ მე დიდი ხნის წინათ მქონდა ეს გამზადებული, ძველთაგანვე მქონდა დასახული? ახლა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყო ციხე-ქალაქები. 26 არა გესმნეს ესენი ძუელად, რომელნი ვყვენ? მე დღეთათგან პირველთათ განვაწესე, ხოლო აწ განვაჩინე მოოჴრებად ნათესავნი სიმაგრეთა შორის
27 მათ მცხოვრებლებს ღონე მიეხადათ, შეშინდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ჯეჯილივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით. 27 და დამკჳდრებულნი შორის ქალაქთა მაგართა, დავაყენენ ჴელნი, და განჴმეს და იქმნეს, ვითარცა თივა ჴმელი ერდოთა ზედა და ვითარცა კლერტი.
28 ვიცი შენი ჯდომა, შენი გამოსვლა და შესვლა, შენი სიცოფე ჩემ წინააღმდეგ. 28 ხოლო აწ განსუენება შენი და გამოსლვა შენი და შესლვა შენი მე უწყი.
29 იმის გამო, რომ ცოფობ ჩემ წინააღმდეგ და მისწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნობის ამბავი, ნესტოებში რგოლებს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი. 29 ხოლო გულისწყრომა შენი, რომელსა განსწყერ და სიმწარე შენი აღმოვიდა ჩემდამო, და განვაცუა ხრატუკი ცხჳრსა შენსა და აღვირ პირსა შენსა, და მიგაქციო შენ გზასა, რომელსა მოხუედ მას ზედა.
30 ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ნაგერალი ჭამეთ, მეორე წელიწადს - ველურად გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ჩაყარეთ ვაზი და ჭამეთ ნაყოფი. 30 ხოლო ესე შენდა სასწაულ: ჭამენ წელიწადსა ამას, რომელნი სთესენ, ხოლო წელიწადსა მეორესა _ ნეშტი, ხოლო მესამესა თესეთ და განლეწეთ, და დაჰნერგენით ვენაჴნი და ჭამეთ ნაყოფი მათი.
31

კვლავ გაიდგამს ქვემოთ ფესვს იუდას სახლის დარჩენილი ნატამალი და მაღლა ნაყოფს გამოიღებს.

31

და იყვნენ დაშთომილნი იუდეას შინა, განიბან ძირი ქუე და ყვნენ თესლნი ზე.

32 რადგან იერუსალიმიდან გამოვა დანარჩომი და ნატამალი - სიონის მთიდან; ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას. 32 რამეთუ იერუსალჱმით გამოვიდენ დაშთომილნი და განრინებულნი მთისაგან სიონისა, შურმან უფლისა საბაოთისამან ყვნეს ესენი.
33 ამიტომაც ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ შეისვრის, ვერ მიეჭრება ფარმომარჯვებული და მიწაყრილს წინ ვერ აღუმართავს. 33 ამისთჳს ესრეთ იტყჳს უფალი მეფესა ზედა ასსურასტანელთასა: არ შემოვიდეს ქალაქსა ამას, არცა სტყორცოს მას ზედა ისარი, არცა ზედადადვას მის ზედა ფარი, არცა ამრგულივოს მის ზედა პატნეზი,
34 უკან გაბრუნდება იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, ვერ შევა ამ ქალაქში, ამბობს უფალი. 34 არამედ გზასა, რომელსა მოვიდა, მის მიერვე მიიქცეს და ქალაქსა ამას შინა არ შემოვიდეს. ამათ იტყჳს უფალი:
35 მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა ის ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მორჩილისთვის. 35 შეწევნა-ყო მწედ ქალაქისა ამის, განრინებად მისსა ჩემთჳს და მათთჳს, მონისა ჩემისა დავითისა.
36 გავიდა უფლის ანგელოზი და მუსრი გაავლო აშურის ბანაკში ასოთხმოცდახუთი ათას კაცს. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარია ყველა. 36 და გამოვიდა ანგელოზი უფლისაჲ და მოკლა ბანაკისაგან ასსურასტენელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასეული, და აღდგომილთა განთიად პოვნეს ყოველნი სხეულნი მკუდარნი.
37 აიყარა, წავიდა, გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე, და ცხოვრობდა ნინევეში. 37 და უკუნქცეული წარვიდა სენაქირიმ, მეფე ასსურასტანელთა, და დაადგრა ნინევს შინა.
38 ერთხელაც, როცა ლოცულობდა თავისი ღმერთის, ნისროქის სახლში, მახვილით მოკლეს ის ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა შვილებმა, და არარატის ქვეყანას შეაფარეს თავი. მის ნაცვლად მისი ძე, ესარხადონი გამეფდა. 38 და თაყვანის-ცემასა შინა მისსა შორის სახლსა ასარახ ღმრთისა მისისასა ადრამელიქ და სარასარ, ძეთა მისთა, დასცეს იგი მახჳლებითა, ხოლო იგინი განრომილ იქმნეს სომხეთად, და მეფე იქმნა ასორდან, ძე მისი, მის წილ.