ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ესთერი

თავი მერვე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

იმ დღეს მისცა მეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს ჰამანის სახლი, იუდაელთა მტრისა. მარდოქაი კი ეახლა მეფეს, რადგან გაუცხადა ესთერმა, თუ რა იყო იგი მისი.

1

მას დღესა შინა მიანიჭა ასვირეოს მეფემან ესთერს, რაოდენი მიენიჭა ამანისთჳს, და ყოველი მონაგები ამანისი. და ჰრქუა მეფემან ესთერს და მარდოქეს: რომელმან განმარინე მე ჴელთაგან მათ საჭურისთასა, და მისი ეზრახა წარწყმედა და არა იცოდა, რამეთუ მამა ჩემი არს. და მოუწოდა მარდოქეს მეფემან, რამეთუ უთხრა ესთერ მეფესა, ვითარმედ თჳსი მისი არს

2 წაიძრო მეფემ ბეჭედი, ჰამანისთვის წართმეული, და მისცა მარდოქაის. ხოლო ესთერმა ჰამანის სახლის ზედამხედველად დაადგინა მარდოქაი. 2 და მოიღო ბეჭედი მეფემან იგი, რომელი მიეღო ამანს, და მისცა იგი მარდოქეს. და დაადგინა ესთერ მარდოქე ყოველსა ზედა ხვასტაგსა ამანისასა.
3 კვლავ ელაპარაკა მეფეს ესთერი, დაემხო მის ფეხქვეშ და ატირდა. ემუდარებოდა გაეუქმებინა ჰამან აგაგიელის სიავე და განზრახვა, რომელიც იუდაელთა წინააღმდეგ ჰქონდა განზრახული. 3 ხოლო მეფემან მოიყვანა მარდოქე. და დაადგინა ყოველსა ეზოსა თჳსსა. ხოლო ესთერ და მარდოქე ეტყოდეს მეფესა და შეუვრდეს ფერჴთა. და ევედრებოდეს, რათა მოისპოს ბოროტი იგი ამანისი და რაოდენი-იგი უყო ჰურიათა.
4 გაიშვირა მეფემ კვერთხი ესთერისკენ და წამოდგა ესთერი და დადგა მეფის წინაშე. 4 და განირთხა მეფემან კვერთხი იგი და ოქროჲსა ქედსა ზედა ესთერისასა. და აღდგა ესთერ და წარდგა წინაშე მეფისა და ითხოა მისგან.
5 თქვა: თუ მეფე ინებებს, თუ მადლი მიპოვნია მის წინაშე, თუ მოსაწონია ეს საქმე მეფისათვის და მეც კეთილად ვჩანვარ მის თვალში, უკანვე იქნას გამოთხოვილი წერილები, ჰამან ჰამადათას ძის, აგაგიელის, განზრახვა, რომელიც დაწერა მან მეფის ყველა სამთავროში მცხოვრები იუდაელების მოსასპობად. 5 და თქუა ესთერ: უკუეთუ ჯერ-უჩნდეს მეფესა და უკუეთუ ვპოე მადლი წინაშე შენსა, მიავლინე და მოაქციე როარტაგები, რომელი წარსცა ამან დაწერილი წარწყმედისათჳს ჰურიათასა, რომელნი არიან სამეფოსა შენსა,
6 რადგან, როგორ ვუყურო უბედურებას, რაც ჩემს ერს უნდა შეემთხვას, როგორ ვუყურო ჩემი მშობლიური ხალხის განადგურებას? 6 ვითარმედ უკუე ვიხილო ძჳრი ერისა ჩემისა და ვითარ ძალ-მედვას. ცხორებად წარწყმედისა მამულისა ჩემისა?
7 უთხრა ბეფე ახაშვეროშმა ესთერ დედოფალს და მარდოქაის, იუდაელს: აჰა, ხომ მივეცი ესთერს ჰამანის სახლი, თავად კი ძელზე ჩამოვკიდე, რადგან იუდაელებზე აპირებდა ხელის აღმართვას. 7 და ჰრქუა მეფემან ესთერს: უკუეთუ ყოველივე მონაგები ამანისა მიგანიჭე თქუენ და იგი აღვაბი ძელსა, რამეთუ ჴელნი მისნი განყვნა ჰურიათა ზედა (რაღასა ეძიებთ?)
8 ახლა დაწერეთ, რაც გინდათ. დაწერეთ იუდაელთა გამო მეფის სახელით და სამეფო ბეჭდით დაბეჭდეთ, რადგან არ შეიცვლება მეფის სახელით დაწერილი და სამეფო ბეჭდით დაბეჭდილი წერილი. 8 მისწერეთ თქუენცა სახელითა ჩემითა, ვითარცა გნებავსთ, დაბეჭდეთ ბეჭდითა ჩემითა, და არარა არს მათი სიტყჳს-გება.
9 მაშინ დაუძახეს მეფის მწერლებს სივანის თვის ოცდამესამე დღეს და ყველაფერი ისე დაიწერა, როგორც უბრძანა მარდოქაიმ იუდაელებს, მეფისნაცვლებს, მხარეთა განმგებლებსა და მთავრებს - ინდოეთიდან ქუშამდე, ასოცდაშვიდ სამთავროს, ყოველ სამთავროს თავისი დამწერლობით და ყოველ ხალხს თავის ენაზე, იუდაელებსაც თავიანთი დამწერლობით და თავიანთ ენაზე. 9 და მოუწოდეს მწიგნობარსა პირველსა მას თთვესა ნისანსა, რომელ არს ვარდობისა, ოცდასამსა მის თთჳსასა და მიუწერეს ჰურიათა, რაოდენი უბრძანა მეფემან მნეთა და მთავართა სოფლებისათა ჰინდოეთითგან ვიდრე ეთიოპამდე, ასოცდაშვიდთა მათ სამთავროთა სოფლად და სოფლად მათისაებრ ენად-ენადისა
10

დაწერა მეფე ახაშვეროშის სახელით, დაბეჭდა სამეფო ბეჭდით და დააგზავნა წერილები ცხენოსანი შიკრიკების, სახელმწიფო ცხენსაშენში ნაშობ რაშებზე ამხედრებულთა ხელით,

10

და დაიწერა ბრძანებითა მეფისათა და დაბეჭდეს ბეჭდითა მისითა და მიუძღვანეს წიგნები იგი მალემსრბოლთაგან, რამეთუ იდგნენ ჰურიანი მტკიცედ და უბიწოდ

11 რომ მეფე ნებას აძლევს იუდაელებს, რომელ ქალაქშიც არ უნდა იყვნენ, შეიკრიბონ და დაიცვან თავი, მოსპონ, დახოცონ, გაწყვიტონ ვინც კი არის მძლავრი ხალხში და სამთავროში, ვინც ავიწროებს მათ და მათ ცოლ-შვილს, და ნადავლად წაიღონ მათი ქონება, 11 ყოფად სჯულითა მათითა. და შეეწიენით მათ და იჴმიენით წინა-აღმდგომნი მათნი და მბრძოლნი, ვითარცა მათ უნდეს, ერთსა შინა დღესა ყოველსა სამეფოსა ასვირეოს მეფისასა.
12 ერთი დღის მანძილზე მეფე ახაშვეროშის ყველა სამთავროში, მეთორმეტე თვის, ანუ ადარის, მეცამეტე დღეს. 12 მეათსამეტესა დღესა თთჳსა მის მეათერთმეტისასა, თთვესა ადარსა, რომელ არს იგრიკა, დაწერეს ქუემოდაწესებული იგი წიგნი, რომლისა სახე ესე არს.
13 წერილის პირი უნდა გაეცათ, როგორც კანონი ყველა სამთავროში, ხალხისთვის გამოსაცხადებლად, რომ მზად ყოფილიყვნენ იუდაელები ამ დღისთვის მტერზე შურის საძიებლად. 13 და ესე წიგნები მიმოედევინ თუალთა აღხილულად წინაშე ყოველთა ადგილთა სამეფოთა. და განმზადებულ იყუნედ ყოველნი ჰურიანი ამის დღისა ბრძოლისად მათდა, რომელნი-იგი წინააღუდგეს მათ ბრძოლად.
14 სახელმწიფო რაშებზე ამხედრებულმა შიკრიკებმა სწრაფად მიმოატარეს მეფის ბრძანება. კანონი კი შუშანში, სატახტოში, გამოცხადდა. 14 და მივლინებულნი იგი მიიწივნეს სწრაფად, რომელნიცა მეფისა მიერ განწესებულ იყვნეს, ეგრეთვე მსგავსად შუშანსაცა შინა მიმოსდვეს ბრძანება ესე.
15 გამოვიდა მარდოქაი მეფისგან ლურჯი და თეთრი ფერის სამეფო შესამოსელში, ოქროს დიდი გვირგვინით, ბისონისა და ძოწეული მოსასხამით. ყიჟინებდა და ხარობდა შუშან-ქალაქი. 15 ხოლო აღმჴედრებულნი იგი განვიდეს მსწრაფლ მეფისა ბრძანებასა აღსრულებად. და მარდოქე გამოვიდა სამეუფოთა შემოსილი სამოსლითა ძოწეულითა და გვირგვინი ოქროსი თავსა მისსა. ვითარცა იხილეს იგი რომელნი იყვნეს შუშანს შინა, განიხარეს ჰურიათა.
16 იუდაელთათვის იყო ნათელი, სიხარული, შვება და ლხენა. 16 და იყო ნათელ დიდ და მხიარულება ქალაქებსა და დაბნებსა,
17 ყველა სამთავროში, ყველა ქალაქში, ყველგან, სადაც კი მივიდა მეფის ბრძანება და კანონი, სიხარული და შვება ჰქონდათ იუდაელებს, ლხინი და საზეიმო დღე. ქვეყნის ბევრი ხალხი გაიუდაელდა, რადგან იუდაელთა შიშმა მოიცვა ისინი. 17 ვიდრეცა მიეცა ბრძანება იგი, იყო სიხარულ და სუმა და განცხრომა ჰურიათა. და მრავალნი წარმართთაგანნი წინადაიცვეთდეს და ჰურია იქმნებოდეს. და არავინ წინაღუდგებოდა მათ, რამეთუ ეშინოდათ ჰებრაელთაგან.