ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

გამოსვლა

თავი ოცდამეცხრამეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან შეკერეს საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის; წმიდა შესამოსელი შეუკერეს აარონს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 1 და ქმნა ყოველმან ბრძენმან მოქმედთა მათ შორის სამოსელი იგი წმიდაჲ, რომელი არს აჰრონ მღდლისა, ვითარცა უბრძანა უფალმან ღმერთმან მოსეს.
2 დაამზადეს ეფოდი ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან. 2 და ქმნეს სამჴარნი იგი ოქროჲსაგან, და იაკინთისა, და ძოწეულისა სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.
3 გაგლინეს ოქროს ფირფიტები და ძაფებად დაჭრეს, რომ დაეტნიათ ლურჯ, ძოწეულ და ჭიაფერ ქსოვილსა და სელს შორის. 3 და დახიეს ოქროჲ იგი განჭედილი სხეპლად, რათა თანა-შეექსოოს იაკინთესა მას, და ძოწეულსა, და მეწამულსა სთულსა და ზეზსა მას ძახილსა, ქსოვილად ქმნეს იგი სამჴრად.
4 გაუკეთეს მისამაგრებელი სამხრეები; ორივე ბოლოთი იყო მიმაგრებული. 4 შეყოფილად ორ კერძოვე ნაწევართა მისთა, ქმნულად ურთიერთას შეწმასნილად მის ზედა.
5 მასზე შემოსარტყმელი ზონარი იმავე მასალისა და მსგავსი ნახელავი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწისფერა და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სულისგან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 5 და მისგანვე ქმნეს მისვე ქმნულებისაებრ ოქროჲსა და იაკინთოსა, და ძოწეულისა, და მეწამულისა სთულისა და ზეზისა ძახილისა, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
6 დაამუშავეს ოქროს ბუდეებში ჩასასმელი ონიქსის თვლები, რომლებზედაც ამოტვიფრული იყო ისრაელიანთა სახელები. 6 და ქმნეს ორნივე იგი ქვანი ზამარაგდენი თანა-შექსოვილად ოქროსა მას ქანდაკებულად, გამოჭრილად ბეჭდის სახედ სახელებისაებრ ძეთა ისრაილისათა.
7 განალაგა ისინი ეფოდის სამხრეებზე - ისრაელიანთა სამახსოვრო თვლები, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 7 და დასხნა იგინი მჴართა ზედა მის სამჴრისათა ქვანი მოსაჴსენებელნი, ძეთა ისრაჱლისათანი, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
8 გააკეთა სამკერდული ამოქარგული, ისევე როგორც ეფოდი, ოქროსგან, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი მატყლის ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან. 8 და ქმნა საკითხავი იგი ქმნული ქსოვილად ჭრელად ქმნულისა მისებრვე სამჴართა ოქროჲსაგან და იაკინთისა, და ძოწეულისა, და მეწამულისა და ზეზისაგან ძახილისა.
9 ოთხკუთხედი იყო იგი; ორკეცი გააკეთეს სამკერდული - სიგრძით ერთი მტკაველი და სიგანითაც ერთი მტკაველი, ორკეცი. 9 ოთხკიდედ ორკეცად ქმნა საკითხავი იგი, მტკაველ სიგრძე მისი და მტკაველ - სივრცე მისი ორკეცად.
10 ოთხრიგად გააწყვეს მასზე თვლები: ერთ რიგში: ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი - პირველი რიგი. 10 და თან შეაქსოვა მას ქსოვილი თითოეული ანთრაკი კარგად-კარგად ოთხ სტიქონად; კარგი ერთი: ქვაჲ სარდიონი, და ტოპაზიონი და ზამარაგდონი.
11 მეორე რიგი: ფირუზი, საფირონი და იასპი; 11 და მეორე იგი კარგი: ანთრაკი, და საფირონი და იასპი.
12 მესამე რიგი: იაგუნდი, აქატი და ამეთვისტო; 12 და მესამე იგი კარგი: ლიგჳრი, აქატი და ამეთჳსტონი.
13 მეოთხე რიგი: ქრისოლითი, ონიქსი და ბერილი. ოქროს ბუდეებში იყოს ჩასმული. 13 (36,20) და მეოთხე იგი კარგი: ოქროქვა, და ბივრილიონი და ფრცხილი და გარემოდგმული ოქროჲთა.
14 თვლები ისრაელიანთა სახელების მიხედვით იყო, თორმეტი, მათი სახელების მიხედვით, თორმეტივე ტომის სახელი იყო ამოტვიფრული. 14 (36,21) და შემაგრებული ოქროსა შინა და ანთრაკნი ესე იყვნეს სახელებისაებრ ძეთა ისრაჱლისათა, ათორმეტ სახელები მათი გამოწერით ბეჭდებრ თჳთოეული სახელი ათორმეტთა მათ ტომთაჲ.
15 გაუკეთა სამკერდულს წნული ძეწკვი ხალასი ოქროსი; 15 (36,22) და ჰქმნეს საკითხავსა მას ფერსუები თანა შეთხზულად ქმნულად თხზულსა ოქროჲსაგან წმიდისა.
16 გააკეთა ორი ოქროს ბუდე და ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ორი რგოლი სამკერდულის ორთავე კიდეს. 16 (36,23) და ქმნეს ორნი იგი ფიცარნი ოქროჲსანი და გამოაბნეს ორნი იგი გრკალნი ოქროჲსანი ორთა მათ კიდეთა საკითხავისა.
17 გაუყარა ორი ოქროს წნული ძეწკვი ორ რგოლში სამკერდულის კიდეებზე. 17 (36,24) და განაცუნეს თხზულნი იგი ოქროჲსანი ორთა მათ გრკალთა ორკერძოვე კიდეთა მის საკითხავისათა (36,25) და ორთა მათ შესაკინძველთა ორთა მათ თხზულთასა, და განასხნეს ორთა მათ ასპიტაკთა და დაასხნეს ორთა მათ ზედა მჴართა მის სამჴრისათა
18 ორი წნული ძეწკვის ორი ბოლო მიამაგრა ორ ბუდეს და წინიდან მიაბა ისინი ეფოდის სამხრეებს.    
19 გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა სამკერდულის ორ კიდეს ნაპირზე, რომელიც ეფოდის შიდა მხარეს არის მოქცეული. 18 წინაუკმო პირისპირ მისსა (36,26) და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი, და განასხნეს იგინი ორთა მათ ფრთეთა კიდეთა მის საკითხავისათა, ერთ კერძო კიდეთა ბეჭით კერძოთა მის სამჴრისათა, შიგან კერძო და ქმნეს ორნი კარშიკნი ოქროჲსანი სხვანი, და განასხნეს ორთავე მათ კერძოთა ბეჭთა მის სამჴრისათა ქვემო კერძო მის წინაშე პირისპირ შეკინძულისა მის ზემო კერძოსა თანა-შექსოისა მისაებრვე სამჴართასა.
20 გააკეთა ორი ოქროს რგოლი და მიამაგრა ეფოდის ორ სამხრეს ქვემოდან წინა მხარეს, შესაკრავთან, ეფოდის სარტყელს ზემოთ.    
21 გადააბეს სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ლურჯი ძაფით, რომ ყოფილიყო ეფოდის სარტყელს ზემოთ და არ ასცდენოდა სამკერდული ეფოდს, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 19 რათა შეამტკიცებდენ საკითხავსა მას კარშიკნი იგი, რომელნი იყვნენ მას ზედა კარშიკთა მათ სამჴრისათა შემტკეცილი იაკინთოთა და თანაშეთხზულ ნაქსოვსა მას სამჴართასა, რათა არა გამოეკეცებოდეს საკითხავი იგი სამჴართა მათგან, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
22 გააკეთა ეფოდის მოსასხამი, ნაქსოვი მთლიანად ლურჯი ქსოვილისგან. 20 და ქმნეს შთასაცუმელნი იგი ქვემო კერძო სამჴართა მათ ქმნულად ქსოილად ყოვლად იაკინთონი.
23 შუაში ამოჭრილი იყო მოსასხამი ჯაჭვის პერანგივით; ამოჭრილის კიდეს არშია გასდევდა, რომ არ შემორღვეულიყო. 21 ხოლო საყელე იგი შთასაცმელისა მის საშუალ გამოქსოვილად თანაშეთხზულ იყო მარტივსა მას. იყო მოსხმულ კილონი იგი გარემოსთა საყელესა მას განუხსნელად.
24 ამოქარგა მოსასხამის კალთებზე ბროწეულები ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი გრეხილი ძაფებით. 22 და ქმნეს ნივთსა მას ქუმეჯაკისასა ქუემო კერძო, ვითარცა ყვავილი ბროწეულისაჲ ბროწეულაკები იაკინთოჲსაგან, ძოწეულისა, და მეწამულისაგან სთულისა და ზეზისაგან ძახილისა.
25 გააკეთა ეჟვნები წმიდა ოქროსაგან და ჩამოჰკიდა ეჟვნები ბროწეულებს შორის მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, ბროწეულებს შორის. 23 და ქმნეს ეჟუნები ოქროჲსაჲ წმიდისა ფესუებსა მას მის ქუმენჯაკისასა გარემო.
26 ეჟვანი და ბროწეული, ეჟვანი და ბროწეული მოსასხამის კალთებზე ირგვლივ, მსახურებისთვის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 24 შორის ბროწეულაკთა მათ ეჟუანი ოქროჲსა, ბროწეული გარემო ფესუებსა მას ქუმენჯაკისასა სამსახურებლად, ვითარცა-იგი უბრძანა უფალმან მოსეს.
27 გააკეთეს კვართი სელისგან, ნაქსოვი აარონისთვის და მისი შვილებისთვის, 25 და ქმნეს პალეგავტი ზეზისა ქმნულ ქსოილი აჰრონისათჳს ძეთა მისთა.
28 თავსაბურველი სელისგან, ქუდი სელისგან და ტილოს შარვალი გრეხილი სელისგან. 26 ნაფერტები ზეზისა ძახილისა და ვარშამანგები ზეზისა.
    27 და უქმნეს როპანაკები ზეზისაგან ნივთისა.
29 სარტყელი გრეხილი ბისონისგან და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან, ნაქარგი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 28 და სარტყელები მათი ზეზისაგან, და ძოწეულისა, და იაკინთესა და მეწამულისა სთულისა ქმნულად ჭრელებულად ყვავილის სახედ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
30 გააკეთა ჯიღა - სიწმიდის გვირგვინი - ხალასი ოქროსაგან და ამოტვიფრა მასზე წარწერა, როგორც ბეჭედზე: უფლის სიწმიდე. 29 და ქმნეს განჭედილი იგი ოქროჲსაგან რჩეულისა და გამოწერა მას ზედა წიგნი გამოდგმით ბეჭდის სახედ სიწმიდისა უფლისა.
31 გამოაბა მას ლურჯი ძაფი, რომ თავსაბურველზე მიემაგრებინა ზემოდან, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს. 30 და გამოჰკიდა მას სთული იაკინთისა, რათა იყოს ზედა კერძო ვარშამაგსა მას, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს.
32 დასრულდა სავანის სადღესასწაულო კარვის მთელი სამუშაო. ყველაფერი გააკეთეს ისრაელიანებმა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს; ასე გააკეთეს. 31 და აღესრულა ყოველივე საქმარი საქმე მის კარვისა საწამებელისა, რაოდენი უბრძანა უფალმან მოსეს და ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ეგრეთ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს, ხოლო ნეშტი იგი ოქროჲ მის შეწირულისა ქმნეს ჭურჭელნი სამსახურებელისა მათისა წინაშე უფლისა.
33 მიუტანეს სავანე მოსეს, გადასახურავი და მთელი მისი მოწყობილობა, კაუჭები, ძელები, ლარტყები, სვეტები, ფეხები. 32 და მოიღეს სამოსელი იგი მოსეს წინაშე და კარავი იგი, და ყოველი ჭურჭელი მისი, და მოქლონები, და ხარისხები მისი, და სვეტები, და კიდობანი იგი სჯულისა და აღსაპყრობელნი მისნი.
34 დათრიმლული ტყავის გადასაფარებელი, თახაშის ტყავის გადასაფარებელი და კრეტსაბმელი, 33 და მაშკები ტყავებისა იგი ვერძთასა ენდროჲსფერი და საბურველი იგი ტყავებისა მის იაკინთესა.
35 მოწმობის კიდობანი, მისი კეტები და სახურავი. 34 და კრეტსაბმელი, რომელ ჰფარვიდა კიდობანსა მას აღთქუმისასა, და უღელნი.
36 ტაბლა მთელი მისი ჭურჭელი და დასადებელი პური, 35 და ტაბლა იგი წინაშე დასაგებელი, და ყოველივე სასანოვაგე ჭურჭელი მისი, და პურნი შესაწირავთანი,
37 წმიდა სასანთლე და მისი ლამპრები, ჩასამწკრივებელი ლამპრები მთელი მათი მოწყობილობითურთ; და ზეთი გასანათებლად, 36 და სასანთლე იგი წმიდაჲ, და სანთელნი იგი მისნი და სანთელნი სანათობელნი, და ზეთი იგი ნათლისაჲ.
38 ოქროს სამსხვერპლო, მირონი, სურნელოვანი საკმეველი, ჩამოსაფარებელი კარვის კარისათვის, 37 და საკურთხეველი ოქროჲსა, და ყოველი ჭურჭელი მისი, და ზეთი იგი ცხებისა, და საკმეველი შეზავებული.
    38 და კრეტსაბმელი კარვისა და კარისა მისისა.
39 სპილენძის სამსხვერპლო სპილენძისვე ცხაურით, მისი კეტები და მთელი მისი მოწყობილობა, საბანელი თავისი კვარცხლბეკით, 39 და ტაბლა იგი სპილენძისა, და სალხინებელი მათი, და ყოველი ჭურჭელი მათი, და საბანელი და ხარისხი მათი.
40 ეზოს ფარდები, მისი სვეტები მათი ფეხებით, ეზოს კარიბჭის ჩამოსაფარებელი, მისი ბაგირები, პალოები და ყოველი ჭურჭელი სადღესასწაულო კარვისთვის, 40  
41 საწესო შესამოსელი საწმიდარში სამსახურისთვის, აარონ მღვდლის წმიდა შესამოსელი და მისი შვილების სამღვდელო შესამოსელი. 41 სამოსელნი იგი სამსახურებელი სიწმიდისა, სამოსელნი სიწმიდისა, რომელ არიან აჰრონ მღდელთმოძღურისა, და სამოსელნი იგი ძეთა მისთანი სამღდელონი.
42 როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის, ყველაფერი ისე გააკეთეს ისრაელიანებმა. 42 ყოველივე, რაოდენი უბრძანა მოსეს, ეგრე ყვეს ძეთა ისრაჱლისათა ყოველივე მომზადება.
43 ნახა მოსემ მთელი ნამუშევარი და აჰა, გაუკეთებიათ ყველაფერი. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, ისე გაუკეთებიათ. და დალოცა ისინი მოსემ. 43 და იხილა მოსე ყოველივე იგი ქნული და იყო ქმნილ მსგავსად, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს, ეგრეთ მოექმნათ იგი. აკურთხნა იგინი მოსემ.