ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

იესო ნავეს ძე

თავი მეჩვიდმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1

ჰქონდა წილი მენაშეს შტოს, რომელიც იოსების პირმშო იყო. მაქირს, მენაშეს პირმშოს, გალაადის მამას, რადგან იგი მეომარი კაცი იყო, ხვდა გალაადი და

1

და იყვნეს საზღვარნი ნათესავისა ძეთა მანასესთანი, რამეთუ ესე პიმშოჲ იყო იოსებისი, და მაქირს პირმშოსა მანასესა, მამასა გალაადისსა, რამეთუ კაცი მბრძოლი იყო გალაადიტს შინა და ბასანიტიდს შინა.

2 ჰქონდათ დანარჩენ მენაშეანებს მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერიანებს, ხელეკიანებს, ასრიელიანებს, შექემიანებს, ხეფერიანებს, შემიდაყიანებს - ესენი არიან მენაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მამრობითი მოდგმა, მათი საგვარეულოების მიხედვით. 2 და იყო ძეთა მანასესთა სხუათა ტომად-ტომად მათა ძეთა აქიეზერისთა, და ძეთა ქეზეკისთა, და ძეთა იერეელისთა, და ძეთა სექემისთა, და ძე სემემირაესთა. ესე იყვნეს ძენი ტომად-ტომად მათა.
3 არ ჰყავდა ვაჟიშვილები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები ცელაფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მენაშეს ძეს. მის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა. 3 და სალფაათს, ძესა სოფერისსა, არა ესხნეს მას ძეებ, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპაადისთა: მაალი, და ნუსა და ეგლა, და მელქა და თესრა.
4 ეახლნენ ისინი ელეაზარ მღვდელს, იესო ნავეს ძეს და მთავრებს და უთხრეს: ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს, რომ მოგვეცემოდა სამკვიდრო ჩვენს ნათესავებს შორის. და მიეცათ მათ სამკვიდრო, უფლის ბრძანებისამებრ, მამის ძმებს შორის. 4 და წარდგეს წინაშე ელიაზარ მღდელისა და წინაშე ისოჲსა, ძისა ნავჱსა, და წინაშე მთავართა და თქუეს: ღმერთმან ამცნო ჴელითა მოსესითა ცემად ჩუენდა სამკჳდრებელი შორის ძმათა ჩუენთა და სცეს მათ ნაწილი ბრძანებითა უფლისათა შორის ძმათა მამისა მათისათა.
5 შეხვდა მენაშეს ათი ნაკვეთი, გალაადისა და ბაშანის მიწების გარდა, იორდანეს გაღმა რომ არის. 5 და აღმოუჴდა მანასეს ნაწილად ველი ლაბეკისაჲ ქუეყანისაგან გალაადის და ბასანისა, რომელ არს წიაღ იორდანესა.
6 რადგან მენაშეანთა ქალებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო ვაჟებთან ერთად, გალაადის მხარე დანარჩენ მენაშეან ვაჟებს ერგოთ. 6 რამეთუ ასულთა ძეთა მანასესთა დაიმკჳდრეს ნაწილი შორის ძმათა მათთა, ხოლო ქუეყანა გალაადისა ხუდა ძეთა მანასესთა, რომელ დაშთომილ იყვნეს.
7 მენაშეს საზღვარი იყო აშერიდან მოკიდებული მიქმეთათამდე, შექემის გასწვრივ რომ არის. მერე მარჯვნივ მიდის საზღვარი ყენ-თაფუახის მკვიდრი მოსახლეობისკენ. 7 საზღვარნი ძეთა მანასესთანი ასერ მაქთოჲთგან, რომელ არს პირისპირ სუქემსა. და მივლენ საზღვარნი იამინდ კერძო და იასებდ წყაროდ კერძო თაფოჲსა მანასჱსთა.
8 თაფუახის მხარე მენაშეს ერგო, ხოლო თავად თაფუახი მენაშეს საზღვართან - ეფრემიანებს. 8 იყოს თაფთოჲცა საზღვართა ზედა მანასესთა.
9 ეშვება საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ეფრემს ეკუთვნის მენაშეს ქალაქებს შორის. მენაშეს საზღვარი ხევის ჩრდილოეთით გადის და ზღვასთან წყდება. 9 ჴევსა ზედა კანესასა ჩრდილოჲთ კერძო ჴევსა ზედა იარისასა, რომელ არს ბელეკუნი ეფრემისი, შუვა ქალაქსა მანასესა და საზღვარნი მანასესნი.
10

სამხრეთი ეფრემისაა, ჩრდილოეთი მენაშესი; ზღვა აქვთ საზღვრად. ჩრდილოეთის მხრიდან აშერს ემიჯნებიან, აღმოსავლეთიდან ისაქარს.

10

ჩრდილოჲთ კერძო ნაღუარევისა და იყოს გამოსავალად მისა ზღუაჲ ჩრდილოჲთ კერძო და იზაქარისა აღმოსავალით.

11 ისაქარში და აშერში მენაშეს ეკუთვნოდა ბეთ-შეანი მისი სოფლებითურთ, იბლეყამი მისი სოფლებითურთ, დორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, ყენდორის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, თაყანაქის მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ, მეგიდოს მცხოვრებნი მათი სოფლებითურთ და ნაფეთის სამი მხარე. 11 იყოს მანასესი შორის იზაქარისა და შორის ასერისა, ბეთსანს და დაბნები მათი, და მკჳდრნი დორისანი, დაბნები მისი, და მკჳდრნი მაგედოჲსანი და დაბნები მისი, და მკჳდრნი თანაქისანი და დაბნები მისი, და მესამე ნაწილი ნაფეთისი და დაბნები მისი.
12 ვერ დაისაკუთრეს მენაშეანებმა ეს ქალაქები და დარჩნენ საცხოვრებლად ამ მხარეში ქანაანელები. 12 [და] ვერ შეუძლეს ძეთა მანასესთა მოსრვად ამის ქალაქებისა. და იწყო ქანანელმან დაშენებად ქუეყანასა მას.
13 როცა მომძლავრდნენ ისრაელიანები, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, აყრით კი არ აუყრიათ. 13 და იყო, რამეთუ სძლეს ძეთა ისრაჱლისათა და მორჩილ იყვნეს ქანანელნი, ხოლო მოსრვით არა მოსრნეს იგინი.
14 ელაპარაკნენ იოსებიანები იესოს და უთხრეს: რატომ მომეცი ერთი წილი სამკვიდრო და ერთი ნაკვეთი, მე ხომ ბევრი ვარ, რადგან ასე და ასე მაკურთხაო უფალმა. 14 სიტყუას უგებდეს ძენი იოსებისნი ისოს და ჰრქუეს: რაჲსათჳს დაგჳმკჳდრე ჩუენ ნაწილი ერთი და საზომი ერთი? ხოლო მე ერმრავალ ვარ და ღმერთმან მაკურთხა მე.
15 უთხრა მათ იესომ: თუ ბევრი ხარ, ადი ტყეში და გატეხე იქ ახო, ფერიზელთა და რეფაიმელთა მხარეში, თუ ეფრემის მთა გევიწროება. 15 და ჰრქუა მათ ისო: ერმრავალ თუ ხარ შენ, აღგუალე მაღნარად და განკაფე თავისა შენისად. გიწრობს თუ შენ მთა ეფრემისი.
16 თქვეს იოსებიანებმა: არ შეგვრჩება, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარის ქანაანელებს, ბეთ-ბეანელებს და მის გარშემო სოფლებში მცხოვრებთ, და იმათაც, იზრეყელის ველზე, რომ ცხოვრობენ. 16 და ჰრქუეს ძეთა იოსებისთა: ვერ კმა არს ჩუენდა მთა, რამეთუ ცხენი რჩეული და მახჳლი აქუს ქანანელთა, რომელი მკჳდრ არს ბეთსანს შინა და დაბნებსა მისსა ღელესა შინა იზრაჱლისასა.
17 ასე უთხრა იესომ იოსების სახლს, ეფრემსა და მანაშეს: ბევრი ხარ შენ და ძალაც დიდი გაქვს, ამიტომაც წილი ერთი არ უნდა გქონდეს. 17 და ჰრქუა ისო ძეთა იოსებისთა: ერმრავალ თუ ხარ შენ და ძალი დიდი გაქუს, არა იყოს შენდა ნაწილი ერთი.
18 მთა გექნება და ის ტყე. გატეხ ახოს და მის ბოლომდე შენი იქნება, რადგან შენ აჰყრი ქანაანელებს, თუმცა რკინის ეტლები აქვთ და ძლიერნი არიან. 18 რამეთუ მაღნარი შენდა იყოს და რაჟამს აჰჴოცო ქანანელი, რამეთუ ცხენი რჩეული არს მისი, შენ ვერ სძლო მას.