ძველი აღთქმა სარჩევზე გადასვლა

ლევიანნი

თავი მეთხუთმეტე

ახალი ქართულით ძველი ქართულით
1 ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს და უთხრა: 1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:
2 ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: ვისაც სხეულიდან გამონადენი აქვს, უწმიდურია იგი თავისი გამონადენის გამო. 2 ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცსა უკუეთუ შეხუდეს დინებაჲ თესლისაჲ ჴორცთაგან მისთა, დინებაჲ იგი მისი არაწმიდა არს.
3 ეს იქნება მისი უწმიდურება: სხეულიდან სდის გამონადენი თუ უკავდება სხეულში გამონადენი, ეს მისი უწმიდურებაა. 3 და ესე შჯული არს არაწმიდებისა მისისაჲ, რომელსა სდიოდის შობადი ჴორცთაგან მისთა დინებისა მისგან, რომლითა შეიქმნა ჴორცი მისი გამოდინებითა მით, ესე არს არაწმიდებაჲ მისი მის თანა. ყოველნი დღენი დინებისა ჴორცთა მისთანი, რომლითა შეიქმნა გუამი მისი დინებისა მისგან, არაწმიდებისა მისისა.
4 ყოველი საწოლი, სადაც წევს გამონადენიანი, გაუწმიდურებულია; ყოველი ნივთი, რაზეც ზის იგი, გაუწმიდურებულია. 4 ყოველი საწოლი, რომელსა დაწვეს მას ზედა თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.
5 ვინც შეეხება მის საწოლს, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში განიბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება. 5 და კაცი რომელი შევხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე
6 ვინც დაჯდება ნივთზე, რომელზეც გამონადენიანი იჯდა, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე უწმიდური იქნება. 6 და რომელი დაჯდეს ჭურჭელსა ზედა, რომელსა ზედა ჯდა თესლგამომდინარე იგი, განირცხეს სამოსელი მისი, დაიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
7 ვინც გამონადენიანის სხეულს შეეხება, მან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება. 7 და რომელი შეეხოს სხეულსა მის თესლმდინარისსა, განირცხეს სამოსელი თჳსი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
8 თუ გამონადენიანი გაწმიდავებულს მიაფურთხებს, ამან ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება. 8 უკუეთუ ჰნერწყოს თესლმდინარემან მან წმიდასა ვისმე, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოდ წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
9 ყოველი ურემი, რომელზედაც გამონადენიანი იჯდა, უწმიდურია. 9 და ყოველსავე უნაგირსა კარაულისასა, რომელსა ზედა დაჯდეს თესლმდინარე იგი, არაწმიდა იყოს.
10 ყველა, ვინც კი მიეკარება რაიმესა რაც მის ქვეშ არის, გაუწმიდურებულია საღამომდე; ხოლო მისმა მტვირთველმა ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 10 და ყოველსა, რომელსა შეეხოს ყოვლისაგანსა, რომელი იყოს ქუეშე მისსა, არაწმიდა იყოს. და რამელმან აღიღოს იგი, განირცხეს სამოსელი მისი, და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
11 ყველამ, ვისაც კი გამონადენიანი მიეკარება, და ხელი არ ექნება დაბანილი, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 11 და რაოდენსა შეეხოს თესლმდინარე იგი და ჴელნი არა დაიბანნენ წყლითა, განირცხენ სამოსელი მისი და იბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
12 ყოველი თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი მიეკარება, უნდა დაიმტვრეს, ყოველი ხის ჭურჭელი წყალში უნდა გაირეცხოს. 12 და ჭურჭელსა კეცისასა, რომელსა შეეხოს თესლმდინარე იგი, შეიმუსრენ და ჭურჭელი ძელისაჲ გაირცხეს წყლითა და წმიდა იყოს.
13 როდესაც გამონადენიანი თავისი უწმიდურობისგან წმიდავდება, შვიდი დღე უნდა იანგარიშოს გასაწმიდავებლად. ტანისამოსს გაირეცხავს, ტანს დაიბანს წყაროს წყალში და გაწმიდავებული იქნება. 13 უკუეთუ განწმიდეს თესლმდინარე იგი გინებისაგან მისისა და აღირაცხნეს შჳდნი დღენი განწმედისა მისისანი, და განირცხეს სამოსელი მისი, და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ცხოველითა და წმიდა იყოს.
14 მეშვიდე დღეს აიყვანს ორ გვრიტს ან ორ მტრედის ხუნდს, მივა უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მღვდელს მისცემს მათ. 14 და დღესა მერვესა მოიხუნეს თავისა თჳსისა ორნი გურიტნი, ანუ თუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი წინაშე ღმრთისა კართა ზედა კარვისა საწამებელისათა.
15 ერთ მათგანს მღვდელი ცოდვის გამოსასყიდად შესწირავს, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მის გამონადენს. 15 და მისცეს იგი მღდელსა მას და შეწიროს იგი მღდელმან მან ერთი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად. და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს თესლისა მისისა.
16 თუ ვინმეს თესლის დენა ექნა, წყალში უნდა დაიბანოს მთელი სხეული და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 16 და კაცისაგან რომლისაჲ გამოჴდეს მისგან საწოი თესლისაჲ და არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
17 ყოველი სამოსელი, სხეულის ყოველი ნაწილი, რაზეც თესლი დაიღვარა, წყალში უნდა განიბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 17 და ყოველივე სამოსელი და ყოველივე ტყავი, რომელსა ზედა იყოს საწოლი იგი თესლისაჲ, განირცხეს წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
18 თუ ცოლ-ქმარნი დაწვნენ ერთად თესლის დენით, წყალში უნდა იბანონ და გაუწმიდურებულნი იქნებიან საღამომდე. 18 და ცოლისა თანა უკუეთუ დაწვეს ქმარი მისი საწოლითა თესლისაჲთა, განიბანოს წყლითა და არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
19 თუ ქალს გამონადენი აქვს, სისხლი სდის სხეულიდან, შვიდ დღეს წიდოვნებაშია, ვინც კი შეეხება მას, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 19 და დედაკაცი რომელი იყოს წიდოვანებასა შინა მისსა და წიდოვნებაჲ იგი იყოს მის თანა, შჳდ დღე იყოს ჯდომასა მას მისსა ზედა.
20 ყველა, ვინც კი დაწვება მასთან მისი წიდოვნებისას, გაუწმიდურდება; და ყველაფერი, რაზედაც დაჯდება, გაუწმიდურდება. 20 ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე.
21 ყველამ, ვინც კი მის საწოლს მიეკარება, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 21 და ყოველსა რომელსა ზედა დაწვეს განსლვასა მას მისსა, არაწმიდა იყოს.
22 ყველამ, ვინც კი მიეკარება რაიმე საგანს, რომელზეც იგი იჯდა, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 22 და ყოველი რომელი შეეხოს საწოლსა მისსა, განირცხეს სამოსელი მისი და განიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს.
23 თუ რამე იდება საწოლზე ან საგანზე, რაზეც ის წევს, და ამას ვინმე შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 23 და ყოველი რომელი შეეხოს ყოველსა ჭურჭელსა, სადა-იგი დაჯდა, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი წყლითა. და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
24 თუ ქმარი დაწვება მასთან, ქალი კი ამ დროს წიდოვანია, შვიდ დღეს გაუწმიდურებული იქნება; საწოლი, რომელზედაც წევს, ისიც გაუწმიდურებულია. 24 უკუეთუ დაწვეს იგი რასმე ზედა, რომელსა ზედა დაჯდა იგი შეხებასა მას მისსა, არაწმიდა იყოს ვიდრე მწუხრადმდე. უკეთუ დაწოლით ვინმე დაწვეს მის თანა და არაწმიდებაჲ იგი იყოს მის თანა, არაწმიდა იყოს იგი შჳდ დღე. და ყოველი საწოლი, რომელსა ზედა დაწვეს, არაწმდა არს.
25 თუ ქალი წიდოვანი არ არის და დიდი ხნის განმავლობაში სდის სისხლი ან გამონადენი აქვს წიდოვანების ვადაზე მეტ ხანს, მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც გამონადენი აქვს, წიდოვნად ჩაითვლება, გაუწმიდურებულია. 25 გინათუ დედაკაცი, რომელსა სდიოდის დინებაჲ სისხლისაჲ დღეთა მრავალთა და ჟამსა განსლვისა მისისასა, დაღათუ სდიოდის შემდგომად დაჯდომისა მისისა ყოველნი დღენი დინებისა არაწმიდებისა მისისანი, ვითარცა დღენი დაჯდომისა არაწმიდებისა მისისანი, იყუნენ არაწმიდაჲ.
26 ყოველი საწოლი, სადაც იგი დაწვება გამონადენობის დროს, უწმიდურია, როგორც წიდოვნობის დროს არის. ყოველი საგანი, რაზეც დაჯდება, გაუწმიდურებული იქნება, როგორც წიდოვნობის დროს არის გაუწმიდურებული. 26 და ყოველსა საწოლსა რომელსა დაწვეს მას ზედა ყოველთა დღეთა დინებისა მისისათა დღეთა მათებრვე საწოლისა არაწმიდებისა მისისა, შეერაცხნენ მას და ყოველსა ჭურჭელსა, რომელსა ზედა დაჯდეს არაწმიდა იყოს მსგავსად არაწმიდებისა მისებრვე დაჯდომისა.
27 ყველა, ვინც კი მათ მიეკარება, გაუწმიდურებულია. ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე. 27 ყოველი, რომელი შეეხოს მას, არაწმიდა იყოს და განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
28 როცა სუფთავდება თავისი გამონადენისგან, უნდა გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც სუფთა იქნება 28 უკუეთუ განწიდნეს გინებისაგან მისისა, და აღირაცხნენ შჳდნი იგი დღენი მისნი და ამისა შემდგომად განწმიდნეს.
29 მერვე დღეს აიყვანოს ორი გვრიტი ან ორი მტრედის ხუნდი და მიუყვანოს ისინი მღვდელს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან. 29 და დღესა მერვესა მოიქუნეს ორნი გურიტნი, ანუ ორნი მართუენი ტრედისანი და მოართუნეს იგინი მღდელსა მას კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
30 შესწირავს მღვდელი ერთ მათგანს ცოდვის გამოსასყიდად, მეორეს - აღსავლენად და შეუნდობს მას მღვდელი უფლის წინაშე მისი გამონადენის უწმიდურობას. 30 და შეწიროს მღდელმან მან ერთი იგი - ცოდვისათჳს და ერთი იგი - მრგულიად დასაწველად და ლხინება-ყოს მისთჳს წინაშე ღმრთისა დინებისა მისთჳს არაწმიდებისა მისისა.
31 მოარიდეთ ისრაელიანები მათ უწმიდურობას, რომ თავიანთ უწმიდურობაში არ დაიხოცონ და არ გააუწმიდურონ ჩემი სავანე, რომელიც მათ შორის არის. 31 და მოშიშ ქმნენით ძენი ისრაჱლისანი არაწმიდებათაგან მათთა და არა მოწყდენ არაწმიდებათა მათგან შეგინებითა მით მათითა კარავი იგი ჩემი, რომელ არს მათ შორის.
32 ეს არის რჯული გამონადენიანისა და იმისა, ვისაც თესლის დენა აქვს, და უწმიდურდება. 32 ესე არს შჯული თესლმდინარისაჲ მის და უკუეთუ ვისიმე გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ და შეიგინოს მით.
33 წიდოვანისა და გამონადენიანისა, მამაკაცი იქნება თუ დედაკაცი, და კაცისა, რომელიც გაუწმიდურებულ ქალთან დაწვება. 33 და დედაკაცსა, რომლისა თანა იყოს წიდოვანებაჲ, და თესლმდინარესა დინებითა მისითა მამაკაცსა.
    34 გინა თუ დედაკაცსა და ქმარი, რომელი დაწვეს არაწმიდათა თანა.