სახარებაჲ იოვანეს თავი

1

1. პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. 2. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. 3. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. 4. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. 5. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია.

6. იყო კაცი მოვილინებული ღმრთისა მიერ, და სახელი მისი იოვანე. 7. ესე მოვიდა მოწამედ, რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს, რაჲთა ყოველთა ჰრწმენეს მისგან. 8. არა თუ იგი იყო ნათელი, არამედ რაჲთა წამოს ნათლისა მისთჳს. 9. იყო ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად. 10. სოფელსა შინა იყო, და სოფელი მის მიერ შეიქმნა, და სოფელმან იგი ვერ იცნა. 11. თჳსთა თანა მოვიდა, და თჳსთა იგი არა შეიწყნარეს. 12. ხოლო რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ჴელმწიფებაჲ შვილ ღმრთისა ყოფად, რომელთა ჰრწამს სახელი მისი, 13. რომელნი არა სისხლთაგან, არცა ნებითა ჴორცთაჲთა, არცა ნებითა მამაკაცისაჲთა, არამედ ღმრთისაგან იშვნეს. 14. და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის, და ვიხილეთ დიდებაჲ მისი, დიდებაჲ ვითარცა მხოლოდ შობილისაჲ მამისა მიერ, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა. 15. იოვანე წამა მისთჳს, ღაღატ-ყო და თქუა: ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: რომელი ჩემსა შემდგომად მოვალს, ჩემსა უწინარეს იყო, რამეთუ პირველ ჩემსა არს. 16. და სავსებისაგან მისისა ჩუენ ყოველთა მოვიღეთ, და მადლი მადლისა წილ. 17. რამეთუ სჯული მოსესგან მოეცა, ხოლო მადლი და ჭეშმარიტებაჲ ქრისტე იესუჲს მიერ იქმნა. 18. ღმერთი არავინ სადა იხილა; მხოლოდ-შობილმან ძემან, რომელი იყო წიაღთა მამისათა, მან გამოთქუა.

19. და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს მისა ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ? 20. და აღიარა და არა უვარ-ყო; აღიარა, ვითარმედ: მე არა ვარ ქრისტე. 21. და მათ ჰკითხეს მას: და უკუე ვინ ხარ შენ? ელია ხარა? და მან თქუა: არა ვარ; წინაწარმეტყუელნი იგი ხარა შენ? და მიუგო: არა. 22. და ჰრქუეს: გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ შენ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა, რასა იტყჳ შენთჳს? 23. და თქუა: მე – ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით გზანი უფლისანი, ვითარცა თქუა ესაია წინაწარმეტყუელმან. 24. და მივლინებულნი იგი იყვნეს ფარისეველთაგანნი. 25. ჰკითხეს მას და ჰრქუეს: და რაჲსათჳს ნათელ-სცემ, უკუეთუ არა ხარ შენ ქრისტე, არცა ელია, არცა წინაწარმეტყუელი იგი? 26. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: მე ნათელ-ვსცემ წყლითა, ხოლო შორის თქუენსა დგას, რომელი თქუენ არა იცით, 27. რომელი ჩემსა შემდგომად მოსლვად არს, რომელი პირველ ჩემსა იყო, რომლისა არა ღირს ვარ მე, რაჲთა განვჰჴსნნე საბელნი ჴამლთა მისთანი. 28. ესე ბეთაბრას იყო, წიაღ-იორდანესა, სადა-იგი იყო იოვანე და ნათელ-სცემდა.

29. ხვალისაგან იხილა იოვანე იესუ, მომავალი მისა, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი. 30. ესე არს, რომლისათჳს-იგი ვთქუ: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს. 31. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაჲთა გამოეცხადოს ისრაჱლსა, ამისთჳს მოვედ მე წყლითა ნათლის-ცემად. 32. და წამა იოვანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაჲ ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით, და დაადგრა მას ზედა. 33. და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის-ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსა ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ-გცეს სულითა წმიდითა. 34. და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაჲ.

35. ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. 36. და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. 37. და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს. 38. მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი? 39. ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე. 40. იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას. 41. პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“. 42. ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“.

43. ხვალისაგან უნდა იესუს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: მომდევდი მე. 44. ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრესა. 45. პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით. 46. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. 47. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს. 48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ. 49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ. 50. მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო. 51. და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.

2

1. და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი. 2. მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას. 3. და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან: ღჳნოჲ არა აქუს. 4. ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა მოწევნულ არს ჟამი ჩემი. 5. ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ! 6. იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი, მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა. რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი გინა სამ-სამი. 7. და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და მათ აღავსნეს იგინი პირისპირ. 8. და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა! ხოლო მათ მოართუეს. 9. და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა პურისა უფალმან მას სიძესა 10. და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე. 11. ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი, და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა.

12. ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაპერნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. 13. და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. 14. და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და ცხოვართანი და ტრედთანი და მეკერმენი მსხდომარენი. 15. და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით: ზროხაჲ და ცხოვარი; და კერმის-მსყიდველთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები იგი დაუმჴუა. 16. და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო. 17. და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან სახლისა შენისამან შემჭამა მე. 18. მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ ჩუენ, რამეთუ ამას იქმ? 19. მიუგო იესუ და ჰრქუა: დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა დღესა აღვადგინო ეგე. 20. ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? 21. ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა. 22. და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მათ იესუ.

23. და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა, მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მისთა, რომელთა იქმოდა. 24. ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ ყოველთა იცოდეს იგი. 25. და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს, რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა.

3

1. იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ. 2. ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა. 3. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. 4. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად? 5. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. 6. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს. 7. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ. 8. სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან. 9. მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე? 10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია? 11. ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ. 12. უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს? 13. და არავინ აღჴდა ზეცად, გარნა რომელი-იგი გარდამოჴდა ზეცით – ძე კაცისაჲ, რომელი არს ზეცათა შინა. 14. და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოს, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაჲ ძისა კაცისაჲ. 15. რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 16. რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 17. რამეთუ არა მოავლინა ღმერთმან ძე თჳსი სოფლად, რაჲთა დასაჯოს სოფელი, არამედ რაჲთა აცხოვნოს სოფელი მის მიერ. 18. რომელსა ჰრწმენეს მისი, არა დაისაჯოს; ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს, აწვე დასჯილ არს, რამეთუ არა ჰრწმენა სახელისა მიმართ ძისა ღმრთისა მხოლოდ-შობილისა. 19. და ესე არს სასჯელი, რამეთუ ნათელი მოვიდა სოფლად, და შეიყუარეს კაცთა ბნელი, ვიდრე ნათელი, რამეთუ იყვნეს საქმენი მათნი ბოროტ. 20. რამეთუ ყოველი რომელი ბოროტსა იქმს, სძულს მას ნათელი და არა მოვალს ნათელსა, რაჲთა არა ემხილნენ საქმენი მისნი. 21. ხოლო რომელი იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაჲთა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან.

22. ამისა შემდგომად მოვიდა იესუ და მოწაფენი მისნი ქუეყანად ჰურიასტანისა და მუნ იყოფოდა მათ თანა და ნათელ-სცემდა. 23. იყო იოვანეცა და ნათელ-სცემდა ენონს, მახლობელად სალიმსა, რამეთუ წყალნი ფრიად იყვნეს მუნ, და მოვიდოდეს და ნათელს-იღებდეს მისგან. 24. რამეთუ არღა შევრდომილ იყო იოვანე საპყრობილედ. 25. და იყო გამოძიებაჲ მოწაფეთაგან იოვანესთა ჰურიათა თანა განწმედისათჳს. 26. და მოვიდეს იოვანესა და ჰრქუეს მას: რაბი, რომელი-იგი იყო შენ თანა წიაღ იორდანესა, რომლისათჳს შენ სწამე, აჰა იგი ნათელ-სცემს, და ყოველნი მივლენან მისა. 27. მიუგო იოვანე და ჰრქუა მათ: ვერ ჴელ-ეწიფების კაცსა მოღებად თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა ზეცით. 28. თქუენ თჳთ მეწამებით მე, რამეთუ ვთქუ: არა ვარ მე ქრისტე, არამედ მოვლინებულ ვარ წინაშე მისსა. 29. რომელსა აქუნდეს სძალი, იგი სიძე არს; ხოლო მეგობარი სიძისაჲ რომელი დგას და ესმის მისი, სიხარულით უხარის ჴმითა სიძისაჲთა. ესე უკუე სიხარული ჩემი აღსრულებულ არს. 30. მისა ჯერ-არს აღორძინებად, ხოლო ჩემდა მოკლებად. 31. ზეგარდამომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს, ხოლო ზეცით მომავალი ყოველთა ზედა არს. 32. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს. 33. რომელმან მიიღო წამებაჲ მისი, დაჰბეჭდა, რამეთუ ღმერთი ჭეშმარიტ არს. 34. და რომელი მოავლინა ღმერთმან, სიტყუათა ღმრთისათა იტყჳს, რამეთუ არა ზომით მოსცა ღმერთმან სული. 35. მამასა უყუარს ძე და ყოველივე მოსცა ჴელთა მისთა. 36. რომელსა ჰრწმენეს ძე, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, ხოლო რომელი ურჩ იყოს ძისა, არა იხილოს ცხორებაჲ, არამედ რისხვაჲ ღმრთისაჲ დადგრომილ არს მის ზედა.

4

1. ვითარცა გულისჴმა-ყო უფალმან, რამეთუ ესმა ფარისეველთა, ვითარმედ იესუს უმრავლესნი მოწაფენი უსხენ და ნათელ-სცემს, ვიდრე იოვანეს, 2. რამეთუ თჳს იესუ არა ნათელ-სცემდა, არამედ მოწაფენი მისნი, 3. დაუტევა ჰურიასტანი და წარვიდა გალილეად. 4. ხოლო თავადი განსლვად იყო სამარიაჲთ. 5. და მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სუქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. 6. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი. ხოლო იესუ, მაშურალი გზისა სლვისაგან, ჯდა წყაროსა მას ზედა. ჟამი იყო ვითარ მეექუსე. 7. მოვიდა დედაკაცი სამარიაჲთ ვსებად წყლისა. ჰრქუა მას იესუ: მასუ მე წყალი. 8. რამეთუ მოწაფენი მისნი წარსრულ იყვნეს ქალაქად, რაჲთა საზრდელი იყიდონ. 9. ჰრქუა მას დედაკაცმან მან სამარიტელმან: ვითარ, შენ ჰურიაჲ ხარ და ჩემგან წყალსა ითხოვ, სამარიტელისა დედაკაცისაგან? რამეთუ არა შეეხნიან ჰურიანი სამარიტელთა. 10. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: უკუეთუმცა იცოდე შენ ნიჭი ღმრთისაჲ და ვინ არს, რომელი გეტყჳს შენ: „მეც მე წყალი, რაჲთა ვსუა“, შენმცა სთხოვე მას, და გცამცა წყალი ცხოველი. 11. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, არცა სავსებელი გაქუს, და ჯურღმული ესე ღრმა არს. ვინაჲ გაქუს შენ წყალი ცხოველი? 12. ნუუკუე შენ უფროჲს ხარა მამისა ჩუენისა იაკობისა, რომელმან ესე ჯურღმული მომცა ჩუენ? და იგი თავადი ამისგან სუმიდა და ძენი მისნი და საცხოვარი მისი. 13. მიუო იესუ და ჰრქუა მას: ყოველი რომელი სუმიდეს წყლისა ამისგან, სწყუროდის კუალადცა, 14. ხოლო რომელმან სუას წყლისა მისგან, რომელი მე მივსცე მას, არღარა სწყუროდის უკუნისამდე, არამედ წყალი, რომელი მე მივსცე მას, იქმნეს მის შორის წყარო წყლის, რომელი ვიდოდეს ცხორებად საუკუნოდ. 15. ჰრქუა დედაკაცმან მან: უფალო, მეც მე წყალი ესე, რაჲთა არა მწყუროდის, არცაღა მოვიდე აქა ვსებად. 16. ჰრქუა მას იესუ: წარვედ და მოხადე ქმარსა შენსა და მოვედ აქა. 17. მიუგო დედაკაცმან მან და ჰრქუა: არა მივის ქმარი. ჰრქუა მას იესუ: კეთილად სთქუ, ვითარმედ: არა მივის ქმარი, 18. რამეთუ ხუთ ქმარ გესხნეს, და აწ რომელი გივის, არა არს ქმარი შენი; ესე ჭეშმარიტი სთქუ. 19. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: უფალო, ვხედავ, რამეთუ წინაწარმეტყუელი ხარ შენ. 20. მამანი ჩუენნი მთასა ამას თაყუანის-სცემდეს, და თქუენ იტყჳთ, ვითარმედ: იერუსალჱმს არს ადგილი, სადა ჯერ-არს თაყუანის-ცემაჲ. 21. ჰრქუა მას იესუ: დედაკაცო, გრწმენინ ჩემი, რამეთუ მოვალს ჟამი, ოდეს არცა ამას მთასა, არცა იერუსალჱმს თაყუანის-სცემდეთ მამასა. 22. თქუენ თაყუანის-სცემთ, რომელი არა იცით, ხოლო ჩუენ თაყუანის-ვსცემთ, რომელი ვიცით, რამეთუ ცხორებაჲ ჰურიათაგან არს. 23. არამედ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს ჭეშმარიტნი თაყუანის-მცემელნი თაყუანის-სცემდენ მამასა სულითა და ჭეშმარიტებითა, რამეთუ მამაჲცა ეგევითართა ეძიებს თაყუანის-მცემელთა მისთა. 24. სულ არს ღმერთი, და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ. 25. ჰრქუა მას დედაკაცმან მან: ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. 26. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ. 27. და ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდეს მოწაფენი მისნი და უკჳრდა, რამეთუ დედაკაცისა თანა იტყოდა. და არავინ ჰრქუა მას: რასა ეძიებ, ანუ რასა იტყჳ მის თანა? 28. დაუტევა უკუე სარწყული იგი მისი დედაკაცმან და წარვიდა ქალაქად და უთხრა კაცთა მათ: 29. მოვედით და იხილეთ კაცი, რომელმან მითხრა მე ყოველი, რაჲცა ვქმენ. ნუუკუე იგი არს ქრისტე? 30. გამოვიდეს ქალაქით და მოვიდოდეს მისა.

31. და ვიდრე-იგი მოვიდოდეს, ამას ოდენ სიტყუასა ეტყოდეს მას მოწაფენი და ჰრქუეს: რაბი, ჭამე! 32. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მე ჭამადი მაქუს ჭამად, რომელი თქუენ არა იცით. 33. იტყოდეს მოწაფენი ურთიერთას: ნუუკუე მო-ვინმე-ართუა მას ჭამადი? 34. ჰრქუა მათ იესუ: ჩემი ჭამადი არს, რაჲთა ვყო ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ და აღვასრულო საქმე მისი. 35. არა თქუენ იტყჳთა, ვითარმედ: ოთხღა თუე არიან, და მოვალს მკაჲ? აჰა ესერა მე გეტყჳ თქუენ: აღიხილენით თუალნი თქუენნი და იხილეთ ყანები, რამეთუ სპეტაკ არიან სამკალად აწვე. 36. და მომკალმან სასყიდელი თჳსი მოიღოს და შეიკრიბოს ნაყოფი ცხორებად საუკუნოდ, რაჲთა მთესვარსა და მომკალსა ერთბამად უხაროდის მის თანა. 37. რამეთუ ამით არს ჭეშმარიტ სიტყუაჲ იგი, ვითარმედ სხუაჲ არს მთესვარი და სხუაჲ არს მომკალი. 38. მე წარგავლინებ თქუენ მკად, რომელსა თქუენ არა დაშუერით, სხუანი დამაშურალ არიან, და თქუენ შრომილსა მათსა შემოხუედით. 39. ხოლო ქალაქისა მისგანთა მრავალთა ჰრწმენა მისა მიმართ, სამარიტელთა მათ, სიტყჳთა მის დედაკაცისაჲთა, რამეთუ წამებდა, ვითარმედ: ყოველივე მითხრა მე, რაოდენი ვქმენ. 40. და ვითარცა მოვიდეს მისა სამარიტელნი იგი, ევედრებოდეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა. და დაადგრა მუნ ორ დღე. 41. და უფროჲსსა სიმრავლესა ჰრწმენა სიტყუათა მისთაჲ. 42. და ეტყოდეს დედაკაცსა მას, ვითარმედ: არღარა სიტყჳთა შენითა გურწამს, რამეთუ ჩუენ თჳთ გუესმა მისგან და უწყით, რამეთუ ესე არს ჭეშმარიტად მაცხოვარი სოფლისაჲ, ქრისტე.

43. შემდგომად ორისა მის დღისა გამოვიდა მიერ და წარვიდა გალილეად. 44. რამეთუ თავადი იესუ წამებდა, ვითარმედ: წინაწარმეტყუელსა თჳსსა სოფელსა პატივი არა აქუს. 45. და ოდეს მივიდა გალილეად, შეიწყნარეს იგი გალილეველთა, რამეთუ ყოველი ეხილვა, რაოდენი ქმნა იერუსალჱმს დღესასწაულსა მას და რამეთუ იგინიცა მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას.

46. მოვიდა იესუ მერმეცა კანად გალილეაჲსა, სადა-იგი ქმნა წყალი ღჳნოდ. და იყო ვინმე სამეუფოჲთ მოსრული კაცი, რომლისა ძე სნეულ იყო კაპერნაუმს. 47. ამას ესმა, ვითარმედ: იესუ მოსრულ არს ჰურიასტანით გალილეას; მოვიდა მისა და ევედრებოდა, რაჲთა მივიდეს მის თანა და განკურნოს ძე იგი მისი, რომელი მიახდა სიკუდიდ. 48. ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ არა იხილოთ სასწაულები და ნიშები, არა გრწმენეს. 49. ჰრქუა მას სამეუფოჲსა კაცმან მან: უფალო, მოვედ პირველად სიკუდილადმდე ძისა ჩემისა. 50. ჰრქუა მას იესუ: ვიდოდე, ცოცხალ არს ძე შენი. და ჰრწმენა კაცსა მას სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, და წარვიდა. 51. და ვითარცა მი-ოდენ-ვიდოდა იგი, მონანი მისნი მოეგებვოდეს მას და უთხრეს და ჰრქუეს, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. 52. ჰკითხვიდა მათ: რომელსა ჟამსა უმოლხინეს იქმნა? ჰრქუეს მას: გუშინ მეშჳდესა ჟამსა ოდენ დაუტევა იგი მჴურვალებამან. 53. მოეჴსენა მამასა მის ყრმისასა, რამეთუ მას ჟამსა ოდენ ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: ძე შენი ცოცხალ არს. და ჰრწმენა მას და ყოველთა სახლეულთა მისთა. 54. ესე კუალად მეორე სასწაული ქმნა იესუ, მო-რაჲ-ვიდა ჰურიასტანით გალილეად.

5

1. ამისა შემდგომად იყო დღესასწაული ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ იერუსალჱმდ. 2. და არს იერუსალჱმს ცხოვართა საბანელსა მას ტბაჲ, რომელსა ჰრქჳან ებრაელებრ ბეთეზდა, და ხუთ სტოვა იყო. 3. ამას შინა ისხა სიმრავლე უძლურთაჲ, ბრმები, მკელობლები, განჴმელები, რომელნი მოელიედ წყლისა მის აღმრღუევასა. 4. რამეთუ ანგელოზი წლითი წლად გარდამოვიდოდა საბანელსა მას და აღამრღჳის წყალი იგი; და რომელიცა პირველ შთავიდის აღმრღუევასა მას წყლისასა, განიკურნის, რომლითაცა შეპყრობილ არნ სნეულებითა. 5. იყო ვინმე მუნ კაცი, რომელსა ოც და ათრვამეტი წელი დაეყო უძლურებასა შინა. 6. ესე იხილა იესუ მდებარე და გულისჴმა-ყო, რამეთუ მრავალი წელი აქუს უძლურებასა შინა. ჰრქუა მას იესუ: გნებავსა, რაჲთა განიკურნო? 7. მიუგო უძლურმან მან და ჰრქუა: უფალო, კაცი არა მაქუს, რაჲთა, რაჟამს წყალი ესე აღიმრღუეს, და შთა-მცა-მაგდო საბანელსა ამას. ვიდრე მე მოვიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის და განიკურნის. 8. ჰრქუა მას იესუ: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 9. და მეყსეულად განცოცხლდა კაცი იგი და აღიღო ცხედარი თჳსი და წარვიდა. ხოლო იყო შაბათი დღე იგი. 10. ეტყოდეს მას ჰურიანი იგი: შაბათი არს, და არა ჯერ-არს შენდა აღებად ცხედარი შენი. 11. ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: რომელმან-იგი განმკურნა მე, მან მჰრქუა: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე! 12. ჰკითხვიდეს უკუე მას ჰურიანი იგი და ჰრქუეს: ვინ არს კაცი იგი, რომელმან გრქუა შენ: აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე? 13. ხოლო განკურნებულმან მან არა უწყოდა, ვინ არს, რამეთუ იესუ მიეფარა, რამეთუ ერი იყო ადგილსა მას. 14. ამისსა შემდგომად პოვა იგი იესუ ტაძარსა მას შინა და ჰრქუა მას: აჰა ცოცხალ იქმენ, ნუღარა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ. 15. წარვიდა კაცი იგი და უთხრა ჰურიათა მათ, ვითარმედ: იესუ არს, რომელმან განმკურნა მე.

16. და ამისთჳს სდევნიდეს ჰურიანი იგი იესუს და ენება მოკლვაჲ მისი, რამეთუ ამას იქმოდა შაბათთა შინა. 17. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მამაჲ ჩემი მოაქამომდე იქმს, და მეცა ვიქმ. 18. ამისთჳს უფროჲს ხოლო ეძიებდეს ჰურიანი იგი მოკლვად იესუს, რამეთუ არა ხოლო თუ შაბათსა დაჰჴსნიდა, არამედ ღმერთსაცა მამად თჳსა იტყოდა და თავსა თჳსსა სწორ-ჰყოფდა ღმრთისა. 19. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა ჴელ-ეწიფების ძესა კაცისასა საქმედ თავით თჳსით არცა ერთი რაჲ, უკუეთუ არა იხილოს რაჲმე მამისაგან საქმე, რამეთუ რავდენსა-იგი მამაჲ იქმს, მას ძე ეგრეთვე მსგავსად იქმს. 20. რამეთუ მამასა უყუარს ძე და ყოველსავე უჩუენებს მას, რაოდენსაცა იგი იქმს, და უფროჲსიცა ამისა უჩუენოს მას საქმე, რაჲთა თქუენ გიკჳრდეს. 21. რამეთუ ვითარცა-იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაჲ ჰნებავს, აცხოვნებს. 22. არცაღა მამაჲ სჯის არავის, არამედ ყოველი სასჯელი მოსცა ძესა, 23. რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა, რამეთუ რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა, რომელმან მოავლინა იგი. 24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად. 25. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ. 26. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა. 27. და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს. 28. ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. 29. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა. 30. არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა. 31. უკუეთუ მე ვწამებდე თავისა ჩემისათჳს, წამებაჲ ჩემი არა არს ჭეშმარიტ. 32. სხუაჲ არს, რომელი წამებს ჩემთჳს, და უწყი, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი, რომელსა წამებს ჩემთჳს. 33. თქუენ მიავლინეთ იოვანესა, და წამა ჭეშმარიტი. 34. ხოლო მე წამებაჲ კაცისაგან არა მოვიღო, არამედ ამას ვიტყჳ, რაჲთა თქუენ სცხონდეთ. 35. იგი იყო სანთელი აღნთებული და საჩინოჲ, ხოლო თქუენ ინებეთ ჟამ ერთ სიხარული ნათელსა მისსა. 36. ხოლო მე მაქუს წამებაჲ უფროჲს იოვანესსა, რამეთუ საქმენი, რომელნი მომცნა მე მამამან, რაჲთა აღვასრულნე იგინი, ესევე საქმენი წამებენ ჩემთჳს, რომელთა მე ვიქმ, რამეთუ მამამან მომავლინა მე. 37. და რომელმან მომავლინა მე, მამამან, მან წამა ჩემთჳს. თქუენ არცა ჴმაჲ მისი გესმა სადამე, არცა ხატი მისი იხილეთ. 38. და სიტყუაჲ მისი არა არს თქუენ თანა დადგრომილ, რამეთუ რომელი-იგი მოავლინა ღმერთმან, ესე თქუენ არა გრწამს. 39. გამოიძიებდით წიგნთა, რამეთუ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ გაქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მათ შინა; და იგინი არიან, რომელნი წამებენ ჩემთჳს. 40. და თქუენ არა გნებავს მოსლვად ჩემდა, რაჲთა ცხორებაჲ გაქუნდეს. 41. დიდებაჲ კაცთაგან არა მოვიღო. 42. არამედ გიცნი თქუენ, რამეთუ სიყუარული ღმრთისაჲ არა გაქუს თავთა შინა თქუენთა. 43. მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ. 44. ვითარ უკუე ჴელ-გეწიფების თქუენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოჲსა ღმრთისასა არა ეძიებთ. 45. ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მე შეგასმინნე თქუენ მამასა ჩემსა; არს შემასმენელი თქუენი მოსე, რომელსა თქუენ ესავთ. 46. უკუეთუმცა გრწმენა მოსესი, გრწმენამცა ჩემიცა, რამეთუ მან ჩემთჳს დაწერა. 47. უკუეთუ მისთა წიგნთაჲ არა გრწამს, ჩემთა სიტყუათაჲ ვითარ-მე გრწმენეს?

6

1. ამისა შემდგომად წიაღჴდა იესუ წიაღ ზღუასა მას გალილეაჲსასა, რომელ არს ტიბერიაჲსაჲ. 2. და მისდევდა მას ერი მრავალი, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მათ, რომელთა იქმოდა უძლურთა ზედა. 3. და აღვიდა მთასა და მუნ დაჯდა მოწაფითურთ თჳსით. 4. და იყო მოახლებულ პასქაჲ, დღესასწაული იგი ჰურიათაჲ. 5. აღიხილნა თუალნი თჳსნი იესუ და იხილა, რამეთუ მრავალი ერი მოვალს მისა. ჰრქუა ფილიპეს: ვინაჲ ვიყიდოთ პური, რაჲთა ჭამონ ამათ? 6. ამას რაჲ ეტყოდა, გამოსცდიდა მას, ხოლო თჳთ უწყოდა, რაჲ ეგულებოდა ყოფად. 7. ჰრქუა ფილიპე: ორასისა დრაჰკნისა პური ვერ კმა არს ამათა, რაჲთა კაცად-კაცადმან მცირედ რაჲმე მიიღოს. 8. ჰრქუა მას ერთმან მოწაფეთა მისთაგანმან, ანდრია, ძმამან სიმონ-პეტრესმან: 9. არს აქა ყრმაჲ, რომელსა აქუს ხუთი პური ქრთილისაჲ და ორი თევზი, არამედ ესე რაჲ არს ესოდენთა წინაშე? 10. ჰრქუა მათ იესუ: დასხით კაცები ესე. და იყო თივაჲ ფრიად ადგილსა მას, და დასხდა კაცები იგი, რიცხჳთ ვითარ ხუთ ათას ოდენ. 11. და მოიხუნა იესუ პურნი იგი და ჰმადლობდა და მისცემდა მოწაფეთა, და მოწაფენი მისცემდეს ერსა მას, რომელნი-იგი დასხდეს. ეგრეცა თევზთა მათგანი, რაოდენი-იგი უნდა მათ. 12. და ვითარცა განძღეს, ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: შეკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რაჲთა ნუმცა რაჲ წარწყმდების. 13. ხოლო მათ შეკრიბეს და აღავსეს ათორმეტი გოდორი ნამუსრევითა ხუთთა მათ პურთაგან ქრთილისათა, რომელ-იგი დაუშთა მათ, რომელთა-იგი ჭამეს. 14. ხოლო კაცთა მათ ვითარცა იხილეს სასწაული იგი, რომელ ქმნა იესუ, იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი, რომელი მოსრულ არს სოფლად. 15. ხოლო იესუ გულისჴმა-ყო, რამეთუ მოვიდოდეს წარტაცებად, რაჲთამცა ყვეს იგი მეფე, და განეშორა და წარვიდა მთად იგი ხოლო მარტოჲ.

16. და ვითარცა შემწუხრდა, შთავიდეს მოწაფენი მისნი ზღუად. 17. და შევიდეს ნავსა და მოვიდოდეს წიაღ ზღუასა მას კაპერნაუმდ. და ვითარ შე-ოდენ-რიჟუდებოდა, და არღა მოსრულ იყო მათა იესუ, 18. და ზღუაჲ იგი ქარისაგან დიდისა აღიძრვოდა. 19. და შე-ოდენ-სრულ იყვნეს ვითარ ოც და ხუთ უტევან გინა ოც და ათ, იხილეს იესუ, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა; და მოეახლა რაჲ ნავსა მას, შეეშინა მათ. 20. ხოლო თავადმან მან ჰრქუა მათ: მე ვარ, ნუ გეშინინ! 21. უნდა მათ, რაჲთამცა შეიყვანეს იგი ნავსა მას. და მეყსეულად იპოვა ნავი იგი ქუეყანასა მას, ვიდრეცა მივიდოდეს.

22. ხვალისაგან ერი იგი რომელი დგა წიაღ ზღუასა მას, უწყოდეს, რამეთუ სხუაჲ ნავი არა იყო მუნ, გარნა ერთი იგი ხოლო, რომელსა შესრულ იყვნეს მოწაფენი იესუჲსნი, და რამეთუ არა შევიდა იესუ მოწაფეთა თანა ნავსა მას, არამედ მოწაფენი ხოლო მისნი შევიდეს. 23. მოვიდეს უკუე სხუანიცა ნავნი ტიბერიით, მახლობელად ადგილსა მას, სადა-იგი ჭამეს პური, რომელი-იგი აკურთხა უფალმან და ჰმადლობდა. 24. ვითარცა იხილა ერმან მან, ვითარმედ იესუ არა მუნ არს, არცა მოწაფენი მისნი, მოადგინეს მათ ნავები იგი და მოვიდეს კაპერნაუმდ და ეძიებდეს იესუს. 25. და პოვეს იგი წიაღ ზღუასა მას და ჰრქუეს მას: რაბი, ოდეს მოუხუედ აქა? 26. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: მეძიებთ მე, არა თუ რამეთუ იხილენით სასწაულნი, არამედ რამეთუ სჭამეთ პურთა მათგან და განსძეღით. 27. იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხორებად საუკუნოდ, რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ, რამეთუ ამას მამამან დაჰბეჭდა, ღმერთმან. 28. ჰრქუეს მას: რაჲ ვყოთ, რაჲთა ვიქმოდით საქმესა ღმრთისასა? 29. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისაჲ, რაჲთა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა. 30. და მათ ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა იქმ, რაჲთა ვიხილოთ და გურწმენეს შენი? რასა იქმ? 31. მამანი ჩუენნი ჭამდეს მანანასა უდაბნოსა ზედა, ვითარცა წერილ არს: პური ზეცით მოსცა მათ ჭამად. 32. ჰრქუა მას იესუ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: არა მოსე მოგცა თქუენ პური ზეცით, არამედ მამამან ჩემმან მოგცა თქუენ პური ჭეშმარიტი ზეცით. 33. რამეთუ პური ღმრთისაჲ არს, რომელი გარდამოჴდა ზეცით და მოსცა ცხორებაჲ სოფელსა. 34. ჰრქუეს მას: უფალო, მარადის მომეც ჩუენ პური ესე. 35. ჰრქუა მათ იესუ: მე ვარ პური ცხორებისაჲ; რომელი მოვიდეს ჩემდა, არა შიოდის, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, არასადა სწყუროდის. 36. არამედ გარქუ თქუენ, ვითარმედ: მიხილეთ მე და არა გრწამს. 37. ყოველი რომელი მომცა მე მამამან ჩემმან, ჩემდა მოვიდეს; და რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე. 38. რამეთუ გარდამოვჴედ ზეცით, არა რაჲთა ვყო ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ. 39. ხოლო ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისა მამისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი მომცა მე, არა წარვწყმიდო მისგან, არამედ აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 40. რამეთუ ესე არს ნებაჲ მომავლინებელისა ჩემისაჲ, რაჲთა ყოველი რომელი ხედვიდეს ძესა და ჰრწმენეს მისი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 41. დრტჳნვიდეს მისთვის ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდმოვჴედ, 42. და იტყოდეს: არა ესე არსა იესუ, ძე იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ? 43. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნუ სდრტჳნავთ ურთიერთას. 44. ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა მამამან, მომავლინებელმან ჩემმან, მოიყვანოს იგი ჩემდა, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 45. წერილ არს წინაწარმეტყუელთა შინა, ვითარმედ: იყვნენ ყოველნი ღმრთივ სწავლულ. ყოველსა რომელსა ესმეს მამისა ჩემისაგან და ისწავოს, მოვიდეს ჩემდა. 46. არა თუ მამაჲ ვის უხილავს, არამედ რომელი-იგი არს ღმრთისაგან, ამან იხილა მამაჲ. 47. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ. 48. მე ვარ პური ცხორებისაჲ. 49. მამათა თქუენთა ჭამეს მანანაჲ უდაბნოსა და მოწყდეს. 50. ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა; უკუეთუ ვინმე ჭამოს მისგანი, არა მოკუდეს. 51. მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკუეთუ ვინმე ჭამდეს ამის პურისაგან, არა მოკუდეს, არამედ ცხოვნდეს უკუნისამდე. და პური, რომელი მე მივსცე, ჴორცი ჩემი არს, რომელსა მე მივსცემ ცხორებისათჳს სოფლისა. 52. ილალვიდეს ურთიერთას ჰურიანი იგი და იტყოდეს: ვითარ-მე ჴელ-ეწიფების ამას მოცემად ჩუენდა ჴორცი თჳსი ჭამად? 53. ჰრქუა მათ იესუ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნედეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. 54. ხოლო რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და მე აღვადგინო იგი უკუანაჲსკნელსა მას დღესა. 55. რამეთუ ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. 56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. 57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. 58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. 59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს.

60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა? 61. იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? 62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ? 63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება. 64. არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი. 65. და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა. 66. ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა. 67. ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის? 68. მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. 69. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. 70. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა-მე ათორმეტნი გამოგირჩიენა? და ერთი თქუენგანი ეშმაკი არს. 71. ხოლო იტყოდა იუდას სიმონისსა, ისკარიოტელსა, რომელი იყო ერთი ათორმეტთაგანი, რამეთუ ამას ეგულებოდა მიცემაჲ მისი.

7

1. ამისა შემდგომად იქცეოდა იესუ გალილეას და არა უნდა მისლვად ჰურიასტანს, რამეთუ ეძიებდეს მას ჰურიანი იგი მოკლვად. 2. ხოლო იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ. 3. ჰრქუეს მას ძმათა მისთა: გარდაგუალე ამიერ და წარვედ ჰურიასტანად, რაჲთა მოწაფეთაცა შენთა იხილნენ საქმენი შენნი, რომელთა იქმ. 4. რამეთუ არავინ ფარულად რასმე იქმნ და ეძიებნ, რაჲთამცა განცხადებულ იყო. უკუეთუ ამას იქმ, გამოუცხადე თავი შენი სოფელსა. 5. რამეთუ არცაღა ძმათა მისთა ჰრწმენა მისი. 6. ჰრქუა მათ იესუ: ჟამი ჩემი არღა მოწევნულ არს, ხოლო ჟამი თქუენი ოდესვე განმზადებულ არს. 7. ვერ ჴელ-ეწიფების სოფელსა მოძულებად თქუენდა, ხოლო მე ვსძულ, რამეთუ ვწამე მისთჳს, ვითარმედ საქმენი მისნი ბოროტ არიან. 8. თქუენ აღვედით დღესასწაულსა ამას, ხოლო მე არა აღვალ დღესასწაულსა ამას, რამეთუ ჟამი ჩემი არღა აღსრულებულ არს. 9. ესე ჰრქუა მათ და დაადგრა გალილეას. 10. და ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა არა განცხადებულად, არამედ ვითარცა ფარულად. 11. ხოლო ჰურიანი იგი ეძიებდეს მას დღესასწაულსა მას და იტყოდეს: სადა-მე არს იგი? 12. და იყო მრავალი დრტჳნვაჲ მისთჳს ერსა შორის. რომელნიმე იტყოდეს: კეთილ არს; ხოლო სხუანი იტყოდეს: არა, არამედ აცთუნებს ერსა. 13. და არავინ განცხადებულად იტყოდა მისთჳს შიშისათჳს ჰურიათაჲსა.

14. და ვითარცა დღესასწაული იგი გან-ოდენ-ზოგებულ იყო, აღვიდა იესუ ტაძრად და ასწავებდა. 15. უკჳრდა ჰურიათა მათ და იტყოდეს: ვითარ უკუე ამან წიგნი იცის უსწავლელად? 16. მიუგო იესუ და ჰრქუა: ჩემი ესე მოძღურებაჲ არა არს ჩემი, არამედ მომავლინებელისა ჩემისაჲ. 17. უკუეთუ ვინმე ნებასა მისსა ჰყოფდეს, ცნას მან მოძღურებაჲ ესე, ვითარ რაჲ არს: ღმრთისაგან არს, ანუ მე თავით თჳსით ვიტყჳ. 18. რომელი თავით თჳსით იტყჳნ, დიდებასა თავისა თჳსისასა ეძიებნ; ხოლო რომელი ეძიებნ დიდებასა მომავლინებელისა თჳსისასა, იგი ჭეშმარიტ არს, და სიცრუჱ არა არს მის თანა. 19. ანუ არა მოსე მოგცა თქუენ სჯული? და არავინ თქუენგანი ჰყოფს სჯულსა. რაჲსათჳს მეძიებთ მე მოკლვად? 20. მიუგო ერმან მან და ჰრქუა: ეშმაკი არს შენ თანა. ვინ გეძიებს შენ მოკლვად? 21. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ერთი საქმე ვქმენ თქუენ შორის, და ყოველთა გიკჳრს. 22. ამისთჳს მოსე მოგცა თქუენ წინადაცუეთაჲ. არა თუ მოსესგან არს, არამედ მამათაგან, და შაბათსა წინადაიცჳთის კაცმან. 23. უკუეთუ წინადაცუეთილებაჲ მოიღის კაცმან შაბათსა, რაჲთა არა განქარდეს სჯული მოსესი, მე მაბრალებთა, რამეთუ ყოვლადვე განვაცოცხლე კაცი შაბათსა შინა? 24. ნუ სჯით თუალ-ღებით, არამედ სამართალი სასჯელი საჯეთ. 25. იტყოდეს ვინმე იერუსალჱმელთაგანნი: არა ესე არსა, რომელსა ეძიებდეს მოკლვად? 26. აჰა ესერა განცხადებულად იტყჳს, და არარას ეტყჳან მას. ნუუკუე ჭეშმარიტად ცნეს მთავართა მათ, ვითარმედ ესე არს ჭეშმარიტად ქრისტე? 27. არამედ ესე ვიცით, ვინაჲ არს. ხოლო ქრისტე ოდეს მოვიდეს, არავინ უწყოდის, თუ ვინაჲ არს. 28. ღაღად-ყო იესუ ტაძარსა მას შინა, ასწავებდა და ეტყოდა: მეცა მიცით და იცით, ვინაჲ ვარ; და თავით ჩემით არა მოსრულ ვარ, და არს ჭეშმარიტ, რომელმან-იგი მომავლინა მე, რომელი თქუენ არა იცით. 29. ხოლო მე ვიცი იგი, რამეთუ მის მიერ ვარ, და მან მომავლინა მე. 30. ეძიებდეს მას შეპყრობად, და არავინ დაასხნა მას ჴელნი, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი. 31. და მრავალთა ერისა მისგანთა ჰრწმენა მისა მიმართ და იტყოდეს: ქრისტე ოდეს მოვიდეს, ნუუკუე უმრავლესნი სასწაულნი ქმნნესა, რომელნი ამან ქმნნა? 32. და ესმა ფარისეველთა ერისა მის დრტჳნვაჲ მისთჳს. და მიავლინნეს მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა მსახურნი, რაჲთა შეიპყრან იგი. 33. და თქუა იესუ: მცირედ ჟამ თქუენ თანა ვარ და წარვალ მომავლინებელისა ჩემისა. 34. მეძიებდეთ მე და არა მპოვოთ; და სადა-იგი მე ვიყო, თქუენ ვერ ძალ-გიც მოსლვად. 35. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ვიდრე-მე ეგულების ამას წარსლვად, და ჩუენ არა ვპოოთ იგი? ნუუკუე განთესულთა მათ წარმართთასა ეგულების მისლვად და სწავლად მუნ წარმართთა? 36. რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს: მეძებდეთ მე და არა მპოვოთ, და სადა მე ვიყო, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად? 37. და დასასრულსა მას დიდისა მის დღესასწაულისასა დადგა იესუ, ღაღატ-ყო და თქუა: უკუეთუ ვისმე სწყუროდის, მოვედინ ჩემდა და სუემდინ. 38. და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი. 39. ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იყო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ, რამეთუ არღა მოცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ. 40. მრავალთა ერისა მისგანთა ისმინეს სიტყუაჲ ესე და იტყოდეს: ესე არს ჭეშმარიტად წინაწარმეტყუელი. 41. სხუანი იტყოდეს: ესე არს ქრისტე; ხოლო სხუანი იტყოდეს: ნუუკუე გალილეაჲთ მოსლვად არსა ქრისტე? 42. არა წიგნი იტყჳსა, ვითარმედ თესლისაგან დავითისა და ბეთლემით დაბით, სადა იყო დავით, მოვიდეს ქრისტე? 43. და განწვალებაჲ იყო მისთჳს ერსა შორის. 44. და რომელთამე მათგანთა უნდა შეპყრობაჲ მისი, და არავინ მიყვნა ჴელნი მის ზედა. 45. მოვიდეს მსახურნი იგი მღდელთ-მოძღუართანი და ფარისეველთანი, და ჰრქუეს მათ: რად არა მოიყვანეთ იგი? 46. მიუგეს მსახურთა მათ და ჰრქუეს: არასადა ვინ იტყოდა კაცი ესრეთ, ვითარ ესე კაცი. 47. მიუგეს ფარისეველთა მათ და ჰრქუეს: თქუენცა ნუუკუე შე-ვე-ცთომილ ხართა? 48. ნუუკუე მთავართაგანთა ვიეთმე ჰრწმენაა მისი ანუ ფარისეველთა? 49. არამედ ერსა ამას, რომელმან არა იცის სჯული, დაწყეულ არიან. 50. ჰრქუა მათ ნიკოდიმოს, რომელი-იგი მოსრულ იყო პირველ მისა, იყო ერთი მათგანი: 51. ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს? 52. მიუგეს მათ და ჰრქუეს მას: ნუ შენცა გალილეაჲთ ხარ? გამოიძიე და იხილე, რამეთუ გალილეაჲთ წინაწარმეტყუელი არა აღდგომილ არს. 53. და წარვიდა კაცად-კაცადი სახიდ თჳსად.