საქმე წმიდათა მოციქულთაჲ (აღწერილი ლუკა მახარებელისაჲ)

თავი 1

1. პირველი ესე სიტყუაჲ ვყავ ყოველთათჳს, ჵ ღმრთის მოყუარეო, რომელთა იწყო იესო ყოფად და სწავლად. 2. ვიდრე დღედ, რომლადმდე ამცნებდა მოციქულთა სულითა წმიდითა, რომელნი გამოირჩინა, ამაღლდა, 3. რომელთაცა წარუდგინა თავი თჳსი ცხოველი შემდგომად ვნებისა თჳსისა მრავლითა სახითა, ორმეოცთა დღეთა ეჩუენებოდა მათ და ეტყოდა სასუფეველისათჳს ღმრთისა, 4. და თანა-ექცეოდა მათ და ამცნებდა: იერუსალჱმით ნუ განეშორებით, არამედ მოელოდეთ აღთქუმასა მამისასა, რომელი გესმა ჩემგან. 5. რამეთუ იოანე ნათელ-სცემდა წყლითა, ხოლო თქუენ ნათელ-იღოთ სულითა წმიდითა არა მრავალთა ამათ დღეთა შემდგომად. 6. ხოლო რომელნი-იგი შეკრებულ იყვნეს, ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: უფალო, უკეთუ ამათ ჟამთა კუალად მოაგოა სასუფეველი ისრაჱლსა? 7. ხოლო მან ჰრქუა მათ: არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი-იგი მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა, 8. არამედ მოიღოთ ძალი მოსლვასა სულისა წმიდისასა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალჱმს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულადმდე ქუეყანისა. 9. და ესე ვითარცა თქუა, ამაღლდა, ხედვიდეს რაჲ იგინი, და ღრუბელმან შეიწყნარა იგი თუალთაგან მათთა. 10. და ვითარცა ხედვიდეს იგი ზეცად აღსლვასა მისსა, და აჰა-ესერა ორ კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა სპეტაკითა, 11. და ჰრქუეს მათ: კაცნო გალილეველნო, რაჲსა სდგათ და ჰხედავთ ზეცად? ესე იესო, რომელი ამაღლდა თქუენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად. 12. მაშინ მოიქცეს იერუსალჱმდ მთისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ზეთის ხილთაჲ, რომელ არს მახლობელ იერუსალჱმსა შაბათის გზა ოდენ. 13. და ოდეს შევიდეს, აღჴდეს ქორსა მას, სადაცა იყოფოდეს პეტრე და იოვანე, იაკობ და ანდრეა, ფილიპე და თომა, ბართლომე და მატთეოს, იაკობ ალფესი და სიმონ მოშურნე და იუდა იაკობისი. 14. ესე ყოველნი იყვნეს განკრძალულ ლოცვასა და ვედრებასა ერთბამად დედებითურთ და მარიამ დედით იესუჲსით და ძმებითურთ მისით.

15. და ამათ დღეთა შინა აღდგა პეტრე შორის მოწაფეთა და თქუა 16. (იყო რიცხჳ ერისაჲ მის ერთბამად ვითარ ას და ოც ოდენ): კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა, 17. რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის. 18. ამან მოიგო დაბაჲ იგი სასყიდლითა მით სიცრუვისაჲთა და განსივნა და განსთქდა შორის, და განიბნინეს ყოველნი ნაწლევნი მისნი. 19. და საცნაურ იქმნა ყოველთა მკჳდრთა იერუსალჱმისათა, ვიდრეღა ეწოდაცა დაბასა მას თჳსითა სიტყჳთა მათითა აკელდამა, ესე იგი არს დაბაჲ სისხლისაჲ. 20. რამეთუ წერილ არს წიგნსა მას ფსალმუნთასა: იყავნ სამკჳდრებელი მისი ოჴერ და ნუ იყოფინ მკჳდრი მას შინა, და განსაგებელი მისი სხუამან მიიღენ. 21. ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, 22. იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი. 23. და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. 24. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, 25. მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. 26. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა.

თავი 2

1. და აღსრულებასა მას დღისა მეერგასისასა, იყვნეს ყოველნი ერთბამად ურთიერთას, 2. და იყო მეყსეულად ზეცით ოხრაჲ, ვითარცა მოწევნაჲ ქარისა სასტიკისაჲ, და აღივსო ყოველი იგი სახლი, სადა-იგი იყვნეს მსხდომარე. 3. და ეჩუენნეს მათ განყოფანი ენათანი ვითარცა ცეცხლისანი, და დაადგრა თითოეულად კაცად-კაცადსა მათსა ზედა. 4. და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იწყეს სიტყუად უცხოთა ენათა, ვითარცა სული იგი მოსცემდა მათ სიტყუად. 5. ხოლო იყვნეს იერუსალჱმს დამკჳდრებულნი ჰურიანი, კაცნი ღმრთის მოშიშნი ყოველთაგან თესლთა, რომელნი არიან ცასა ქვეშე. 6. და იყო რაჲ ჴმაჲ ესე, შეკრბა სიმრავლე ერისაჲ და შეშფოთნეს, რამეთუ ესმოდა თითოეულსა კაცად-კაცადსა მათსა თჳსი სიტყუაჲ მათი, იტყოდეს რაჲ იგინი. 7. განჰკრთეს ყოველნი და დაუკჳრდა ერთსა-ერთისა თანა და იტყოდეს: ანუ არა ესე ყოველნი არიანა, რომელნი იტყჳან გალილეველ? 8. და ვითარ ჩუენ გუესმის კაცად-კაცადსა თჳსი სიტყუაჲ ჩუენი მათგან, რომელნი ვართ. 9. პართნი და უჟიკნი და ელამიტელნი და მკჳდრნი შუა მდინარისანი ჰურიასტანისანი და კაბადუკიაჲსანი, პონტოჲსანი და ასიაჲსანი, 10. ფრიგჳაჲსანი და პამფჳლიისანი, ეგჳპტისანი და ადგილისა ლუბიისანი, კჳრინით კერძონი და მოსრულნი ჰრომნი, ჰურიანი და მწირნი, 11. კრიტელნი და არაბიელნი, გუესმის, იტყჳან რაჲ ჩუენითა ენითა დიდებასა ღმრთისასა?! 12. ხოლო განჰკრთეს ყოველნი და გამოეძიებდეს ერთი-ერთისა თანა და იტყოდეს: რაჲმე ჰნებავს ამას ყოფად? 13. ხოლო სხუანი ეკიცხევდეს და იტყოდეს, ვითარმედ: ტკბილითა განსავსე არიან.

14. ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, 15. რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე. 16. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ: 17. და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო, 18. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ. 19. და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ; 20. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა. 21. და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს. 22. კაცნო ისრაიტელნო, ისმინენით სიტყუანი ესე: იესუ ნაზარეველი, კაცი განჩინებული ღმრთისა მიერ თქუენდა მიმართ, ძალითა და ნიშებითა და სასწაულებითა, რომელნი-იგი ქმნნა ღმერთმან მის მიერ შორის თქუენსა, ვითარცა-იგი თქუენცა უწყით, 23. ესე განჩინებულითა ზრახვითა და წინაჲსწარ ცნობითა ღმრთისაჲთა განცემითა ჴელთა უსჯულოთაჲთა მიიყვანეთ და შეჰმსჭუალეთ და მოჰკალთ, 24. რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა და დაჰჴსნნა სალმობანი სიკუდილისანი, რამეთუ ვერ შესაძლებელ იყო დაყენებაჲ მისი მის მიერ. 25. რამეთუ დავით იტყჳს მისთჳს: წინაჲსწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაჲთა არა შევიძრა, 26. ამისთჳს განიხარა გულმან ჩემმან და გალობდა ენაჲ ჩემი, უფროჲს ჴორცთაცა ჩემთა დაიმკჳდრონ სასოებით. 27. რამეთუ არა დაუტეო სული ჩემი ჯოჯოხეთს და არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელი, 28. მაუწყენ მე, უფალო, გზანი ცხორებისანი და აღმავსო მე სიხარულითა პირისა შენისაჲთა. 29. კაცნო ძმანო, ჯერ-არს თქუმად განცხადებულად თქუენდა მიმართ მამათმთავრისა დავითისთჳს, რამეთუ აღესრულა და დაეფლა, და საფლავი მისი არს ჩუენ შორის ვიდრე მოდღენდელად დღედმდე. 30. წინასწარმეტყუელი უკუე იყო და იცოდა, რამეთუ ფიცით ეფუცა მას ღმერთი ნაყოფისაგან მუცლისა მისისა ჴორციელად აღდგინებად ქრისტე და დაჯდომად საყდართა მისთა. 31. წინაჲსწარ იცოდა და იტყოდა აღდგომისათჳს ქრისტესისა, რამეთუ არა დაშთა სული მისი ჯოჯოხეთს, არცა ჴორცთა მისთა იხილეს განსახრწნელი. 32. ესე იესუ აღადგინა ღმერთმან, რომლისა ვართ ჩუენ ყოველნი მოწამე; 33. მარჯუენითა უკუე მისითა ამაღლდა და აღთქუმაჲ სულისა წმიდისაჲ მოიღო მამისაგან და მოჰფინა, რომელსა-ესე აწ თქუენ ხედავთ და გესმის. 34. რამეთუ არა დავით ამაღლდა ზეცად, ვითარცა იტყჳს იგივე, ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, 35. ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 36. განცხადებულად უკუე უწყოდენ ყოველმან სახლმან ისრაჱლისამან, რამეთუ უფალ და ცხებულ ყო იგი ღმერთმან, ესე იესუ, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ.

37. ესმა რაჲ ესე, შეინანეს და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲმე ვყოთ, კაცნო ძმანო? 38. ხოლო პეტრე ჰრქუა მათ: შეინანეთ და ნათელ-იღეთ კაცად-კაცადმან თქუენმან სახელითა უფლისა იესუ ქრისტესითა მისატევებელად ცოდვათა, მიიღოთ ნიჭი სულისა წმიდისაჲ. 39. რამეთუ თქუენი არს აღთქუმაჲ და შვილთა თქუენთაჲ და ყოველთა შორიელთაჲ, რაოდენთა მოუწოდის უფალმან ღმერთმან ჩეუნმან. 40. და სხჳთაცა მრავლითა სიტყჳთა უწამებდა, ჰლოცვიდა მათ და ეტყოდა: ცხოვნდით ნათესავისა ამის დრკუჲსაგან. 41. და რომელთა-იგი სიხარულით შეიწყნარეს სიტყუაჲ მისი, ნათელ-იღეს და შეეძინნეს მას დღესა შინა სულნი ვითარ სამ ათასნი ოდენ. 42. და იყვნეს განკრძალულ მოძღურებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა და ლოცვასა. 43. და იყო ყოველსა ზედა სულსა შიში, და მრავალნი ნიშები და სასწაულები მოციქულთა მიერ იქმნებოდა. 44. ყოველნივე მორწმუნენი იყვნეს ერთბამად, და აქუნდა ყოველივე ზოგად. 45. და დღითი-დღედ განკრძალულ იყვნეს ტაძარსა მას შინა, აკურთხევდეს სახლ-მდაბრ პურსა, მიიღებდეს საზრდელსა მხიარულითა და განმარტებულითა გულითა, 47. აქებდეს ღმერთსა, და აქუნდა მადლი ყოვლისა მიმართ ერისა. ხოლო უფალი შესძინებდა ცხოვნებულთა დღითი-დღედ ეკლესიასა.

თავი 3

1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. 2. და კაცი ვინმე იყო მკელობელი დედის მუცლითგან თჳსით, რომელი-იგი აღიკიდიან და დასჳან დღითი-დღედ ბჭეთა თანა მის ტაძრისათა, რომელთა ერქუა შუენიერ, თხოვად ქველის-საქმისა შემავალთაგან ტაძრად, 3. რომელმან იხილა პეტრე და იოვანე, შე-რაჲ-ვიდოდეს ტაძრად, და ითხოვდა ქველის-საქმესა მათგან. 4. მიჰხედა მას პეტრე და იოვანეთურთ და ჰრქუა: მოიხილა ჩუენდა. 5. ხოლო იგი ჰხედვიდა მათ და ელოდა მოღებად რასმე მათგან. 6. ჰრქუა მას პეტრე: ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, გცეთ შენ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა: აღდეგ და ვიდოდე! 7. და უპყრა ჴელი მარჯუენე მისი და აღადგინა. და მეყსეულად განუმტკიცნეს ფერჴნი მისნი და კოჭნი. 8. და ხლდომით აღდგა და ვიდოდა, და შევიდა მათ თანა ტაძარსა მას, და ვიდოდა და ხლდებოდა და აქებდა ღმერთსა. 9. და იხილა იგი ყოველმან ერმან, ვიდოდა რაჲ და აქებდა ღმერთსა; 10. იცოდეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი ქველის-საქმისათჳს ზინ ბჭეთა თანა შუენიერთა ტაძრისათა. და აღივსნეს იგინი შიშითა და საკჳრველებითა, რომელი იქმნა მის ზედა. 11. და ვითარ-იგი ეპყრა განკურნებულსა მას მკელობელსა პეტრე და იოვანე, შეკრბებოდა მათა ყოველი ერი სტოასა მას, რომელსა ჰრქჳან სოლომონისი, საკჳრველებისა მისთჳს. 12. ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა ერსა მას: კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი? 13. ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან ადიდა ძე თჳსი იესუ, რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი. 14. ხოლო თქუენ წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა. 15. ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. 16. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მისმან. და სარწმუნოებამან მის მიერმან მოსცა მას სიცოცხლე ესე წინაშე თქუენ ყოველთა. 17. და აწ უწყი, ძმანო, რამეთუ უმეცრებით ჰქმენით, ვითარცა-იგი მთავართა თქუენთა. 18. ხოლო ღმერთმან რომელი-იგი წინაჲსწარ აღუთქუა პირითა ყოველთა წინასწარმეტყუელთა თჳსთაჲთა ვნებაჲ ქრისტესი, აღასრულა ესრეთ. 19. შეინანეთ უკუე და მოიქეცით, რაჲთა აღიჴოცნენ ცოდვანი თქუენნი, 20. რაჲთა, რაჟამს მოიწინენ ჟამნი განსუენებისანი პირისაგან უფლისა, და მოავლინოს, რომელსა-იგი ჴელი შეჰყავთ თქუენ, ქრისტე იესუ, 21. რომლისა-იგი ჯერ-არს ზეშთა შეწყნარებაჲ ვიდრე ჟამადმდე კუალად-გებისა ყოველთა, რომელთა იტყოდა ღმერთი საუკუნითგან პირითა ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყუელთა მისთაჲთა. 22. რამეთუ მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინასწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა-ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსა გეტყოდის თქუენ. 23. და იყოს ყოველმან სულმან რომელმან არა ისმინოს მის წინასწარმეტყუელისაჲ, მოისპოს იგი ერისაგან. 24. და ყოველნი წინასწარმეტყუელნი სამოელისითგან და შემდგომითი-შემდგომად რაოდენნი იტყოდეს და წინაჲსწარ უთხრობდეს დღეთა ამათ. 25. რამეთუ თქუენ ხართ შვილნი წინასწარმეტყუელთანი და აღთქუმისანი, რომელი-იგი აღუთქუა ღმერთმან მამათა ჩუენთა და ჰრქუა აბრაჰამს, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი ტომნი ქუეყანისანი. 26. თქუენ პირველად აღგიდგინა ღმერთმან ძე თჳსი იესუ, რომელი-იგი მოავლინა მაკურთხეველად თქუენდა, რაჲთა მოიქცეთ კაცად-კაცადი უკეთურებისაგან თქუენისა.

თავი 4

1. და ვიდრე ეტყოდეს-ღა იგინი ერსა მას, მოიწინეს მათ ზედა მღდელნი იგი და ერისთავი იგი ტაძრისაჲ მის და სადუკეველნი, 2. ლმობილნი და მკსინვარენი სწავლისა მისთვის ერისა და მითხრობისა იესუჲს მიერ აღდგომისათჳს მკუდრეთით, 3. და დაასხეს მათ ზედა ჴელნი მათნი და მისცნეს იგინი დამარხვად ხვალისა, რამეთუ შემწუხრდებოდა. 4. და მრავალთა, რომელთა ესმა სიტყუაჲ იგი მათი, ჰრწმენა; და იყო რიცხჳ იგი მორწმუნეთაჲ მათ ვითარ ხუთ ათას ოდენ. 5. და იყო ხვალისაგან შეკრებაჲ მთავართა მათთაჲ და ხუცესთაჲ და მწიგნობართაჲ იერუსალჱმს, 6. და ანა მღდელთ მოძღუარი და კაიაფა, და იოჰანე და ალექსანდრე და რაოდენნი იყვნეს ნათესავისაგან მღდელთ მოძღუართაჲსა. 7. და დაადგინნეს იგინი შორის მათსა და ჰკითხვიდეს: რომლითა ძალითა, ანუ რომლითა სახელითა ჰქმენით თქუენ ესე? 8. მაშინ პეტრე აღივსო სულითა წმიდითა და ჰრქუა მათ: მთავარნო ერისანო და მოხუცებულნო ისრაჱლისანო, 9. უკუეთუ ჩვენ დღეს განვიკითხვიდეთ ქველის-საქმესა ზედა კაცისა უძლურისასა, რომლითა ესე ცხონდა, 10. ცხად იყავნ თქუენ ყოველთა და ყოვლისა ერისა ისრაჱლისა, ვითარმედ სახელითა იესუ ქრისტე ნაზარეველისაჲთა, რომელი თქუენ ჯუარს-აცუთ, რომელი-იგი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, ამის მიერ დგას ესე წინაშე თქუენსა ცოცხალი. 11. ესე არს ლოდი იგი, რომელი შეურაცხ იქმნა თქუენ მიერ მაშენებელთა, რომელი იქმნა თავ საკიდურთა, 12. და არავინაჲ არს სხჳთ ცხორებაჲ და არცაღა არს სახელი სხუაჲ ცისა ქუეშე მოცემული კაცთა, რომლითამცა ჯერ-იყო ცხორებაჲ ჩუენდა.

13. ხოლო იგინი ხედვიდეს რაჲ პეტრესსა მას განცხადებულებასა და იოვანესსა, და უწყოდეს, რამეთუ კაცნი უწიგნონი არიან და უმეცარნი, დაუკჳრდა, იცოდნეს იგინი, რამეთუ იესუჲს თანა იყვნეს. 14. და კაცსა მას ხედვიდეს მათ თანა მდგომარესა განკურნებულსა და ვერ ეძლო მათა ცილობად. 15. და ბრძანეს განსლვაჲ მათი გარეშე კრებულისაგან, იტყოდეს ურთიერთას 16. და თქუეს: რაჲ-მე უყოთ კაცთა ამათ, რამეთუ სასწაული განცხადებული იქმნა მათ მიერ, ყოველთა შორის მკჳდრთა იერუსალჱმისათა ჩანს და ვერ ჴელ-გუეწიფების უარისყოფად? 17. არამედ რაჲთა არა უფროჲს განითქუას ერსა შორის, შინებით უთქუმიდეთ მათ, რაჲთა არა უთხრობდენ სახლითა ამით არავის კაცსა. 18. და მოუწოდეს მათ და ამცნეს ყოვლითურთ არა სიტყუად, არცა სწავლად სახელითა იესუჲსითა. 19. ხოლო პეტრე და იოანე მიუგეს და ჰრქუეს მათ: უკუეთუ სამართალ არს წინაშე ღმრთისა თქუენი სმენაჲ უფროჲს, ანუ ღმრთისაჲ, საჯეთ. 20. რამეთუ ჩუენ ვერ ჴელ-გუეწიფების, რომელი-იგი გუესმა და ვიხილეთ, ვითარმცა არა ვიტყოდეთ. 21. ხოლო იგინი ამას ზედა უთქუმიდეს-ვე და განუტევნეს, რამეთუ ყოველნი ადიდებდეს ღმერთსა საქმისა მისთჳს. 22. რამეთუ უმეტეს ორმეოცისა წლისა იყო კაცი იგი, რომელსა ზედა იქმნა სასწაული ესე კურნებისაჲ.

23. ხოლო ესენი, ვითარცა განუტევნეს მათ, მოვიდეს თჳსთა თანა და უთხრეს მათ, რაჲ-იგი მღდელთ მოძღუართა და მოხუცებულთა ჰრქუეს მათ. 24. ხოლო მათ, ვითარცა ესმა ესე, აღიღეს ერთბამად ჴმაჲ ღმრთისა მიმართ და თქუეს: უფალო ღმერთო, შენ ხარ, რომელმან ჰქმენ ცანი და ქუეყანაჲ და ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, 25. რომელმან მამისა ჩუენისა დავით მონისა შენისა პირითა სთქუ სულისა მიერ წმიდისა: რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? 26. მოვიდეს მეფენი ქუეყანისანი და მთავარნი შეკრბეს ერთად უფლისათჳს და ცხებულისა მისისათჳს. 27. რამეთუ შეკრბეს ჭეშმარიტად ქალაქსა ამას წმიდასა ძესა შენსა ზედა იესუს, რომელსა შენ სცხე, ჰეროდე და პონტიელი პილატე თესლებითურთ ერისა თანა ისრაჱლისა 28. საქმედ, რაოდენი ჴელმან შენმან და ზრახვამან შენმან წინაჲსწარ განაჩინა ყოფად. 29. და აწცა, უფალო, მოხედენ თქუმასა ამას მათსა ზედა და მოეც მონათა შენთა ყოვლითა განცხადებულებითა სიტყუად სიტყჳსა შენისა, 30. განრთხმად ჴელი შენი კურნებად და სასწაულებისა და ნიშებისა ყოფად სახელითა წმიდისა ძისა შენისა იესუჲსითა. 31. და ლოცვასა მათსა შეიძრა ადგილი იგი, სადა იყვნეს შეკრებულ, და აღივსნეს ყოველნი სულითა წმიდითა და იტყოდეს სიტყუასა მას ღმრთისასა განცხადებულად.

32. ხოლო სიმრავლისა მის მორწმუნეთაჲსა იყო გული და გონებაჲ ერთ, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათდა ზოგად. 33. და ძალითა დიდითა ჰყოფდეს მოციქულნი წამებასა მას აღდგომისასა უფლისა ჩეუნისა იესუ ქრისტჱსსა. და მადლი დიდი იყო მათ ყოველთა ზედა, 34. და არავინ იყო ნაკლულევან მათ შორის, რამეთუ რომელნი-იგი პოვნიერ იყვნეს სახლებისა გინა დაბნებისა, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი განსყიდულთაჲ მათ 35. და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა, და მიეცემოდა კაცად-კაცადსა, რაჲცა ვის უჴმდა. 36. ხოლო იოსებ, რომელსა ეწოდა ბარნაბა მოციქულთა მიერ, რომელი გამოითარგმანების ძე ნუგეშინის-ცემისაჲ, ლევიტელი კჳპრელი ნათესავით, 37. ამას აქუნდა დაბაჲ და განყიდა იგი და მოიღო ფასი და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა.

თავი 5

1. კაცი ვინმე იყო ანანია სახელით, საპფირას თანა ცოლისა მისისა განყიდა დაბაჲ 2. და გამოაჴუა სასყიდლისა მისგან, – უწყოდა ესე ცოლმანცა მისმან, – და მოიღო ზოგი რაოდენიმე და დადვა ფერჴთა თანა მოციქულთასა. 3. ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა? 4. ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ეგე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა. 5. ვითარცა ესმინეს სიტყუანი ესე ანანიას, დაეცა და სული წარჰჴდეს. და დაეცა შიში დიდი ყოველთა, რომელთა ესმა ესე. 6. და აღდგეს ჭაბუკნი და შემოსეს იგი და განიღეს და დაჰფლეს. 7. და იყო ვითარ სამისა ოდენ ჟამისა დაყოვნება, და ცოლმან მისმან არა უწყოდა საქმე ესე, და შევიდა. 8. ჰრქუა მას პეტრე: მითხარ მე, უკუეთუ ესოდენის განჰყიდეთ დაბაჲ იგი? ხოლო მან ჰქრუა: ჰე, ეგოდენის. 9. ჰრქუა მას პეტრე: რაჲსათჳს ესრეთ შეითქუენით თქუენ განცდად სულსა უფლისასა? ანუ არა აჰა-ესერა ფერჴნი დამფლველთა ქმრისა შენისათანი კართა ზედა დგანან და განგიღონ შენცა? 10. და დაეცა მეყსეულად ფერჴთა თანა მისთა და სული წარჰჴდეს. შევიდეს ჭაბუკნი იგი და ჰპოვეს იგი მომკუდარი და განიღეს და დაჰფლეს ქმრისა მისისა თანა. 11. და იყო შიში დიდი ყოველსა მას ზედა კრებულსა და ყოველთა, რომელთა ესმა ესე.

12. ხოლო ჴელითა მოციქულთაჲთა იქმნებოდა სასწაულები და ნიშები მრავალი ერსა შორის და იყვნეს ყოველნი ერთბამად სტოასა მას სოლომონისსა. 13. ხოლო სხუათა მათ ვერვის ძალ-ედვა შეხებად მათდა, რამეთუ ადიდებდა მათ ერი იგი. 14. უფროჲს-ღა შეეძინებოდეს მორწმუნენი უფალსა, სიმრავლე მამათაჲ და დედათაჲ, 15. ვითარმედ უბანთაცა ზედა გამოაქუნდეს უძლურნი და დასდგმიდეს ცხედრებითა და საკაცებითა, რაჲთა მოსლვასა მას პეტრესსა აჩრდილი ოდენ მისი შეადგეს მათგანსა. 16. და შეკრბებოდა სიმრავლე გარემო ქალაქებისაჲ იერუსალჱმს და მოაქუნდეს უძლურნი და შეპყრობილნი სულთაგან არაწმიდათა და განიკურნებოდეს ყოველნი.

17. აღდგა მღდელთ მოძღუარი იგი და ყოველნი მისთანანი, რომელ-იგი იყო წვალებაჲ სადუკეველთაჲ აღივსნეს შურითა. 18. და დაასხნეს ჴელნი მათნი მოციქულთა ზედა და შესხნეს იგინი საპყრობილესა შინა დამარხვად ხვალისამდე. 19. ხოლო ანგელოზმან უფლისამან ღამე განუხუნა კარნი საპყრობილისანი და გამოიყვანნა იგინი და ჰრქუა: 20. მივედით და დადეგით და ეტყოდეთ ტაძარსა შინა ერსა მას ყოველთა მათ სიტყუათა ამის ცხორებისათა. 21. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, შევიდეს ცისკარს ოდენ ტაძრად და ასწავებდეს. მაშინ მოვიდა მღდელთ მოძღუარი იგი და მისთანანი, და მოუწოდეს შესაკრებელსა მას და ყოველთა მოხუცებულთა ძეთა ისრაჱლისათა, და მიავლინნეს საპყრობილედ მოყვანებად მოციქულთა. 22. ხოლო მი-რაჲ-ვიდეს მსახურნი იგი, არა პოვნეს იგინი საპყრობილესა შინა და მოიქცეს იგინი 23. და უთხრეს მათ და ჰრქუეს, ვითარმედ: საპყრობილე იგი ვპოვეთ დაჴშული ყოვლითა კრძალულებითა და მცველნი იგი მდგომარენი წინაშე კართა; ხოლო გან-რაჲ-ვაღეთ, შინა არავინ ვპოეთ. 24. და ვითარცა ესმნეს სიტყუანი ესე ერისთავსა მას ტაძრისასა და მღდელთ მოძღუართა, განიზრახვიდეს მათთჳსმ ვითარმედ: რაჲმე იქმნა ესე? 25. მო-ვინმე-ვიდა და უთხრა მათ და ჰრქუა, ვითარმედ: აჰა ეგერა კაცნი იგი, რომელნი თქუენ შესხენით საპყრობილესა, არიან ტაძარსა შინა, დგანან და ასწავებენ ერსა. 26. მაშინ წარვიდა ერისთავი იგი მსახურთა თანა და მოიყვანნა იგინი არა ძლით, რამეთუ ეშინოდა ერისა მის, ნუუკუე ქვაჲ დაჰკრიბონ. 27. და ვითარცა მოიყვანნეს იგინი დაადგინეს შორის კრებულსა და ჰკითხვიდა მათ მღდელთ მოძღუარი იგი 28. და ჰრქუა: არა მცნებით გამცენით თქუენ, რაჲთა არღარა ასწავებდეთ სახელითა ამით, და აჰა-ესერა აღგივსიეს იერუსალჱმი მოძღურებითა თქუენითა და გნებავს მოწევნად ჩუენ ზედა სისხლი კაცისაჲ ამის? 29. მიუგო პეტრე და მოციქულთა და ჰრქუეს: მორჩილებაჲ ჯერ-არს ღმრთისაჲ უფროჲს ვიდრე კაცთაჲ. 30. ღმერთმან მამათა ჩუენთამან აღადგინა იესუ, რომელსა-იგი თქუენ ჴელნი შეასხენით და დამოჰკიდეთ ძელსა; 31. ესე ღმერთმან წინამძღურად და მაცხოვრად აღამაღლა მარჯუენითა თჳსითა მიცემად სინანული ისრაჱლსა და მოტევებაჲ ცოდვათაჲ, 32. და ჩუენ ვართ მოწამე მისა სიტყუათა ამათ და სული წმიდაჲ, რომელ მოსცა ღმერთმან მორწმუნეთა მისთა. 33. ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე, განიხერხებოდეს და განიზრახვიდეს მოკლვასა მათსა. 34. ხოლო აღ-ვინმე-დგა კრებულსა მას შორის ფარისეველი, სახელით გამალიელ, სჯულის მოძღუარი, პატიოსანი ყოველსა ერსა შორის, და ბრძანა მცირედ გარე განყვანებაჲ მოციქულთაჲ, 35. და ჰრქუა მათ: კაცნო ისრაიტელნო, ეკრძალენით თავთა თქუენთა კაცთა ამათგან, რაჲ გეგულებით ყოფად? 36. რამეთუ უწინარეს დღეთა ამათ აღდგა თევდა და იტყოდა თავსა თჳსსა, ვითარმედ არს ვინმე, რომელსა მისდევდეს კაცნი რიცხჳთ ვითარ ოთხას ოდენ, რომელ იგიცა მოისპო, და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს და იქმნეს ვითარცა არარაჲ. 37. ამისა შემდგომად აღდგა იუდა გალილეველი დღეთა მათ სოფლის წერისათა და განიდგინა ერი მრავალი შემდგომად მისსა; და იგიცა წარწყმდა და ყოველნი მორჩილნი მისნი განიბნინეს. 38. და აწცა გეტყჳ თქუენ: განეშორენით კაცთა ამათგან და უტევენით იგინი. რამეთუ, უკუეთუ არს კაცთაგან ზრახვაჲ ესე გინათუ საქმე ესე, დაჰჴსნდეს; 39. ხოლო უკუეთუ ღმრთისაგან არს, ვერ ჴელგეწიფების დაჴსნად მისა, ნუუკუე ღმრთის მოლალეცა იპოვნეთ. ხოლო იგინი ერჩდეს მას. 40. და მოუწოდეს მოციქულთა, ტანჯნეს იგინი და ამცნეს, რაჲთა არღარა იტყოდიან სახელითა იესუჲსითა, და განუტევნეს იგინი. 41. ხოლო იგინი წარვიდეს პირისაგან მის კრებულისა და უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად. 42. და ყოველსა დღესა ტაძარსა მას შინა და სახლსა არა დასცხრებოდეს მოძღურებითა და სახარებითა იესუ ქრისტესითა.

თავი 6

1. ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ. 2. მაშინ მოუწოდეს ათორმეტთა მათ სიმრავლესა მას მოწაფეთასა და ჰრქუეს: არა სათნო არს ჩუენდა დატევებაჲ სიტყჳსა ღმრთისაჲ და მსახურებაჲ ტაბლებსა. 3. აწ გამოირჩიენით, ძმანო, კაცნი თქუნგანნი, რომელნი წამებულ იყვნენ შჳდნი, სავსენი სულითა წმიდითა და სიბრძნითა, რომელნი დავადგინნეთ საჴმარსა ამას ზედა, 4. ხოლო ჩუენ ლოცვასა და მსახურებასა ამის სიტყვისასა განვეკრძალნეთ. 5. და სათნო უჩნდა სიტყუაჲ ესე წინაშე ყოვლისა მის სიმრავლისა. და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმიდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს, მწირი ანტიოქელი, 6. და დაადგინნეს წინაშე მოციქულთა და ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ჴელნი მათნი. 7. და სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ აღორძნდებოდა და განმრავლდებოდა რიცხჳ იგი მოწაფეთაჲ იერუსალჱმს შინა ფრიად და მრავალი ერი მღდელთაჲ მათ ერჩდა სარწმუნოებასა.

8. ხოლო სტეფანე სავსე მადლითა და ძალითა, იქმოდა სასწაულებსა და ნიშებსა დიდ-დიდსა ერსა შორის. 9. აღ-ვინმე-დგეს კრებულისა მისგან, რომელსა ჰრქჳან ლიბირტიმელთაჲ და კჳრინელთაჲ და ალექსანდრელთაჲ და კილიკიაჲთ და ასიაჲთ, და გამოეძიებდეს სტეფანეს თანა სიტყუასა, 10. და ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით სულისა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი. 11. მაშინ აბირნეს ვინმე კაცნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: გუესმნეს მაგისგან სიტყუანი გმობისანი, რომელთა იტყოდა მოსესთჳს და ღმრთისა. 12. და აღძრნეს ერი იგი და მოხუცებულნი და მწიგნობარნი და ზედა მიადგეს და აღიტაცეს იგი და მოიყვანეს წინაშე კრებულისა, 13. და წარმოადგინნეს მოწამენი ცრუნი, რომელთა თქუეს: კაცი ესე არა დასცხრების სიტყუად სიტყუათა გმობისათა ადგილისა ამისთჳს წმიდისა და სჯულისა, 14. რამეთუ გუესმა მაგისგან, იტყოდა რაჲ, ვითარმედ: იესო ნაზარეველმან ამან დაარღჳოს ადგილი ესე და ცვალოს რჯული, რომელი მომცა ჩუენ მოსე. 15. და მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაჲ.

თავი 7

1. ჰრქუა მას მღდელთ მოძღუარმან მან: უკუეთუ ესე ესრეთ არსა? 2. ხოლო მან თქუა: კაცნო, ძმანო და მამანო, ისმინეთ ჩემი! ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა, და ჰრქუა მას: 3. გამოვედ ქუეყანისაგან შენისა და ნათესავისაგან შენისა და მოვედ ქუეყანად, რომელი მე გიჩუენო შენ. 4. მაშინ გამოვიდა ქუეყანისაგან ქალდეველთასა და დაეშენა ქარანს შინა. და მიერ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა დაამკჳდრა იგი ქუეყანასა ამას, რომელსა-ეგე აწ თქუენ დამკჳდრებულ ხართ. 5. და არა სცა მას სამკჳდრებელი მას შინა, არცა ფერჴის წარსადგმელ, და აღუთქუა მიცემად მას იგი დამკჳდრებელად და ნათესავსა მისსა შემდგომად მისსა. და არა ესუა მას შვილი. 6. ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა, და დაიმონებდენ მათ და ძჳრსა უყოფდენ ოთხას წელ. 7. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან, და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას. 8. და მოსცა მას სჯული წინა-დაცუეთისაჲ, და მან შვა ისაკი და წინა-დასცჳთა მას მერვესა დღესა, და ისაკმან – იაკობსა და იაკობმან – ათორმეტსა მათ მამათმთავართა. 9. და მამათმთავარნი იგი ეშურებოდეს იოსებს და განყიდეს იგი ეგვიპტეს. და იყო ღმერთი მის თანა 10. და განარინა იგი ყოველთაგან ჭირთა მისთა და მოსცა მას მადლი და სიბრძნე წინაშე ფარაო მეფისა მეგჳპტელთაჲსა და დაადგინა იგი მთავრად ეგვიპტესა ზედა და ყოველსა ზედა სახლსა მისსა. 11. იყო სიყმილი ეგჳპტეს და ყოველსა ქუეყანასა ქანანისასა და ჭირი დიდი, და არა ჰპოებდეს საზრდელსა მამანი ჩუენნი. 12. ხოლო ესმა იაკობს, ვითარმედ არს საზრდელი ეგჳპტეს, წარავლინნა მამანი ჩუენნი პირველად. 13. და მეორესა ჯერსა გამოეცხადა იოსებ ძმათა თჳსთა. და განეცხადა ფარაოს ნათესავი იოსებისი. 14. და მიავლინა იოსებ და მოუწოდა მამასა თჳსსა იაკობს და ყოველსა ნათესავსა მისსა, სულსა სამეოც და ათხუთმეტსა. 15. და შთავიდა იაკობ ეგჳპტედ და აღესრულა იგი და მამანი ჩუენნი. 16. და მოიხუნეს იგინი სჳქემდ და დაისხნეს საფლავსა მას, რომელ მოიგო აბრაჰამ სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ძეთაგან ემორისთა სჳქემს. 17. და ვითარცა მოეახლა ჟამი იგი აღთქუმისაჲ, რომლისათჳს ეფუცა ღმერთი აბრაჰამს, აღორძნდა ერი იგი და განმრავლდა ეგჳპტეს შინა, 18. ვიდრემდის აღდგა სხუაჲ მეფე ეგჳპტესა ზედა, რომელმან არა იცოდა იოსები. 19. ესე ჰმძლავრობდა ნათესავსა ჩუენსა და ბოროტსა უყოფდა მამათა ჩუენთა და გარე-განუთხევდა ყრმათა მათთა, რაჲთა არა ცხოვნდენ, 20. რომელსა ჟამსა იშვა მოსე. და იყო იგი მკჳრცხლ წინაშე უფლისა და იზარდებოდა სამ თუე სახლსა შინა მამისა თჳსისასა. 21. და ვითარცა განაგდეს იგი გარე, აღიქუა იგი ასულმან ფარაოჲსმან და განზარდა იგი თავისა თჳსისა შვილად. 22. და განისწავლა მოსე ყოვლითა სიბრძნითა მეგვიპტელთაჲთა და იყო იგი ძლიერ სიტყჳთა და საქმითა მისითა. 23. და ვითარცა აღესრულნეს ორმეოცნი წელნი ჟამთა მისთანი, მოუჴდა გულსა მისსა მიხედვად ძმათა თჳსთა ძეთა ისრაჱლისათა, 24. და იხილა ვინმე დაწუნებული, ერეოდა, და ყო შურისგებაჲ დაწუნებულისა მისთჳს და მოკლა მეგჳპტელი იგი. 25. ჰგონებდა, ვითარმედ გულისჴმა-ყონ ძმათა მისთა, რამეთუ ჴელითა მისითა მოსცეს მათ ღმერთმან ცხორებაჲ, ხოლო მათ არა გულისჴმა-ყვეს. 26. კუალად მეორესა დღესა იხილნა ვინმე მოლალენი, და დააგებდა მათ მშჳდობად და ჰრქუა: კაცნო, თქუენ ძმანი ხართ, რაჲსათჳს ავნებთ ურთიერთას? 27. ხოლო რომელი-იგი ავნებდა მოყუასსა, აჭენა მას და ჰრქუა: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა? 28. ანუ ჩემიცა მოკლვაჲ გნებავს, ვითარცა მოჰკალ გუშინ მეგჳპტელი იგი? 29. და ივლტოდა მოსე სიტყჳთა ამით, და მწირობდა იგი ქუეყანასა მადიამისასა, სადა-იგი ესხნეს ორ ძე. 30. და ვითარცა აღსრულნეს ორმეოცნი წელნი, ეჩეუნა მას უდაბნოსა მთისა სინისასა ანგელოზი უფლისაჲ ალითია ცეცხლისაჲთა მაყულოვანით. 31. ხოლო მოსე იხილა რაჲ, დაუკჳრდა ხილვაჲ იგი. და ვითარ მივიდოდა განცდად, იყო მისა მიმართ ჴმაჲ უფლისაჲ: 32. მე ვარ ღმერთი მამათა შენთაჲ, ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი. შეძრწუნდა მოსე და ვერ ეძლო განცდად. 33. ჰრქუა მას უფალმან: წარიჴადენ სანდალნი ფერჴთაგან შენთა, რამეთუ ადგილი ეგე, რომელსა ზედა სდგა, ქუეყანაჲ წმიდა არს, 34. ხილვით ვიხილე ჭირი ერისა ჩემისაჲ რომელ არს ეგჳპტეს და სულ-თქუმანი მათნი შეისმინეს და გარდამოვჴედ განრინებად მათა, და აწ მოვედ მიგავლინო შენ ეგჳპტედ. 35. ესე მოსე, რომელი უარ-ყვეს და თქუეს: ვინ დაგადგინა შენ მთავრად და მსაჯულად ჩუენ ზედა, ესე ღმერთმან მთავრად და მჴსნელად მოუვლინა ჴელითა მის ანგელოზისაჲთა, რომელი ეჩუენა მაყულოვანსა მას შინა. 36. ამან გამოიყვანნა იგინი და ქმნა ნიშები და სასწაულები ქუეყანასა მას ეგჳპტისასა და ზღუასა მას მეწამულსა და უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ. 37. ესე არს მოსე, რომელმან-იგი ჰრქუა ძეთა ისრაჱლისათა, ვითარმედ: წინასაწმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა ვითარცა ესე მე, მისი ისმინეთ. 38. ესე არს, რომელი იყო კრებულსა მას თანა უდაბნოსა ზედა ანგელოზისა მის თანა, რომელი ეტყოდა მას მთასა სინასა და მამათა ჩუენთა, რომელმან შეიწყნარა სიტყუანი იგი ცხორებისანი მოცემად ჩუენდა. 39. რომელთაჲ არა ინებეს დამორჩილებად მამათა მათ ჩუენთა, არამედ განიშორნეს და მიიქცეს გულითა მათითა ეგჳპტედ. 40. ეტყოდეს აჰრონს: მიქმნენ ჩუენ ღმერთნი, რომელნი წინა მიძღოდიან ჩუენ, რამეთუ მოსე ესე, რომელმან გამომიყვანნა ჩუენ ქუეყანით ეგჳპტით, არა ვიცით, თუ რაჲ შეემთხჳა მას. 41. და ქმნეს ჴბოჲ მათ დღეთა შინა და შეწირეს მსხუერპლი კერპისა მის და იხარებდეს ქმნულსა ჴელთა მათთასა. 42. მიაქცინა და მისცნა იგინი ღმერთმან მსახურებად ძალთა ცისათა, ვითარცა წერილ არს წიგნსა წინასწარმეტუელთასა: საკლველებსა ნუ და მსხუერპლებსა შესწირევდით ჩემდა უდაბნოსა ზედა ორმეოც წელ, სახლო ისრაჱლისაო? 43. და აღიღეთ კარავი იგი მოლოქისი და ვარსკულავი ღმრთისა თქუენისა რემფაჲსი, კერპნი იგი, რომელ ჰქმნენით თაყუანის-საცემელად, და მიგჴადნე თქუენ მიერ კერძო ბაბილოვნსა. 44. კარავი იგი საწამებელი იყო მამათა ჩუენთა თანა უდაბნოსა ზედა, ვითარცა-იგი უბრძანა, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეტყოდა მოსეს საქმედ მისა მსგავსად ხატისა მის, რომელი-იგი ეხილვა, 45. რომელცა-იგი შემოიღეს მამათა ჩეუნთა შემდგომითი-შემდგომად იესუჲს თანა დამკჳდრებასა მას წარმართთასა, რომელნი-იგი მოსრნა ღმერთმან პირისაგან მამათა ჩუენთასა ვიდრე დღეთადმდე დავითისთა, 46. რომელმან პოა მადლი წინაშე ღმრთისა და ითხოა პოვნად საყოფელი ღმრთისა იაკობისი. 47. ხოლო სოლომონცა უშენა მას სახლი. 48. არამედ არა თუ მაღალი იგი ჴელით ქმნულთა ტაძართა შინა დამკჳდრებულ არს, ვითარცა წინასწარმეტყუელი იტყჳს: 49. ცანი საყდარნი ჩემნი და ქუეყანაჲ კუარცხლბერკი არს ფერჴთა ჩემთაჲ. ვითარი სახლი მიშენოთ მე, თქუა ღმერთმან, ანუ რაჲ-მე ადგილი იყოს განსასუენებელისა ჩემისაჲ? 50. ანუ არა ჴელმან ჩემმან შექმნა ესე ყოველი? 51. ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. 52. რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომელსა-იგი თქუენ აწ შინა-განმცემელ და მკლველ იქმნენით, 53. რომელთა მოიღეთ სჯული ბრძანებისაებრ ანგელოზთაჲსა და არა დაიმარხეთ. 54. ხოლო მათ ვითარცა ესმოდა ესე, განიხერხებოდეს გულითა მათითა და იღრჭენდეს მის ზედა კბილთა მათთა. 55. ხოლო იგი სავსე იყო სულითა წმიდითა, ახედნა ცად და იხილა დიდებაჲ ღმრთისაჲ და იესუ, მდგომარე მარჯუენით ღმრთისა. 56. და თქუა: აჰა-ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა. 57. ხოლო მათ ჴმითა მაღლითა ღაღად-ყვეს და ჴელნი ყურთა შეისხნეს და მიჰმართეს ერთბამად მის ზედა; 58. და განიყვანეს გარეშე ქალაქსა და ქვასა დაჰკრებდეს. და მკლველნი იგი დასდებდეს სამოსელსა მათსა ფერჴთა თანა ჭაბუკისა ვისთამე, რომელსა სახელი ერქუა სავლე. 59. და ქვასა დაჰკრებდეს სტეფანეს. ხოლო იგი ილოცვიდა და იტყოდა: უფალო იესუ ქრისტე, შეივედრე სული ჩემი. 60. დაიდგინა მუჴლნი და ჴმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას. და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა.