წიგნი დაბადებისა, რომელსა ეწოდების ებრაელთაგან ბერესით

26

1. და იქმნა სიყმილი ქუეყანასა ზედა თჳნიერ მის სიყმილისა, რომელ-იგი იყო ჟამთა აბრაჰამისთა. და მივიდა ისაკ აბიმელექისა, მეფისა ფილისტიმელთასა, გერარდ.

2. ეჩუენა მას უფალი და ჰრქუა: ნუ შთახუალ ეგჳპტედ. არამედ დაემკჳდრე ქუეყანასა მას, რომლისა მე გრქუა შენ.

3. და მწირობდ მუნ შინა და ვიყო მე შენ თანა და გაკურთხო შენ, და რამეთუ შენ და ნათესავსა შენსა მივსცე ესე ყოველი და დავამტკიცო ფიცი იგი, რომელ ვეფუცე აბრაჰამს, მამასა შენსა.

4. და განვამრავლო ნათესავი შენი ვითარცა ვარსკულავნი ცისანი, და მიგცე შენ და ნათესავსა შენსა ყოველი ესე ქუეყანაჲ. და იკურთხეოდიან ნათესავისა შენისა მიმართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი.

5. ამისთჳს რამეთუ ერჩდა აბრაჰამ ჴმასა ჩემსა, რამეთუ დაიმარხა მცნებანი ჩემნი და ბრძანებანი ჩემნი და სჯულნი ჩემნი.

6. და დაეშენა ისაკ გერარეთს.

7. ჰკითხეს კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, და თქუა: დაჲ ჩემი არს. რამეთუ შეეშინა თქუმად, ვითარმედ: ცოლი ჩემი არს, ნუუკუე-მცა მოკლეს იგი კაცთა მის ადგილისათა რებეკაჲსთჳს, ცოლისა მისისა, რამეთუ შუენიერ იყო იგი პირითა.

8. და იყო იგი მუნ მრავალ ჟამ. და შთახედა აბიმელექ მეფემან გერარელთამან სარკუმლით და იხილა ისაკ, იმღერდა რებეკაჲს თანა, ცოლისა თჳსისა.

9. მოუწოდა აბიმელექ ისაკს და ჰრქუა: ცოლი სამე შენი არს. რაჲსათჳს სთქუ, დაჲ ჩემი არს? ჰრქუა მას ისაკ: ვთქუ, ნუუკუემცა მოვჰკუედ მაგის ძლით.

10. ჰრქუა მას აბიმელექ: რაჲ ესე მიყავ ჩუენ? მცირედღა და წარ-მცა- იტაცა ვინმე იგი ნათესავისა ჩუენისაგანმან ცოლი შენი და მო-მცა-ჰჴადე ჩუენ ზედა უმეცრებაჲ. და უბრძანა აბიმელექ ყოველსა ერსა თჳსსა

11. და ჰრქუა: ყოველი, რომელი შეეხოს კაცსა მას და ცოლსა მისსა, სიკუდილისა თანა-მდებ იყოს.

12. სთესა ისაკ მას წელსა და იყო ას ასეული ქრთილისაჲ. აკურთხა იგი უფალმან.

13. და ამაღლდა კაცი იგი და ვიდოდა და უფროჲს იქმნებოდა, ვიდრემდე დიდ იქმნა ფრიად.

14. და იყო მისი სამწყსოჲ ცხოვართაჲ და მროწლე ზროხათაჲ და ქუეყანისა საქმე ფრიად. ეშურებოდეს მას ფილისტიმელნი იგი.

15. და ყოველივე ჯურღმულები, რომელი თხარეს მონათა მამისა მისისათა, დაყვეს იგი ფილისტიმელთა და აღავსეს მიწითა.

16. ჰრქუა აბიმელექ ისაკს: განვედ ჩუენგან, რამეთუ უძლიერეს ჩუენსა იქმენ ფრიად.

17. და წარვიდა ისაკ და დაივანა ჴევსა მას გერარისასა და დაეშენა მუნ.

18. და მერმე მო-ვე-თხარა ისაკ ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა აბრაჰამ მამისა მისისათა და დაყუეს იგი ფილისტიმელთა მათ შემდგომად სიკუდილისა მამისა მისისა აბრაჰამისა და დასდვა მათ სახელები, რაჲცა-იგი დაედვა აბრაჰამს, მამასა მისსა.

19. და თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარისასა და პოვეს მუნ ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ.

20. და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი მწყემსთა მათ ისაკისთა და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი. და უწოდა სახელი ჯურღმულსა მას "ვნებაჲ", რამეთუ ავნეს მას.

21. წარმოვიდა მიერ ისაკ და თხარა ჯურღმული სხუაჲ. და ესჯოდეს მას იგინი მისთჳსცა და დასდვა მას სახელი "მტერობაჲ".

22. და წარვიდა იგი მიერ-ცა და თხარა ჯურღმული სხუაჲ და არა ჰლალვიდეს მისთჳს და დასდვა მას სახელი "ფართოებაჲ" და თქუა: რამეთუ განგჳფართა ჩუენ უფალმან აწ და აღგუაორძინა ჩუენ ქვეყანასა ზედა.

23. აღმოვიდა მიერ ჯურღმულსა მას ზედა ფიცისასა.

24. და ეჩუენა მას უფალი ღამესა მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი მამისა შენისა აბრაჰამისი. ნუ გეშინინ, რამეთუ მე შენ თანა ვარ. და გაკურთხო შენ და განვამრავლო ნათესავი შენი აბრაჰამისთჳს, მამისა შენისა.

25. და აღაშენა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელი უფლისა და აღმართა მუნ კარავი თჳსი. თხარეს მონათა ისაკისთა ჯურღმული ჴევსა მას გერარონისასა.

26. და აბიმელექ მოვიდა გერარონით და ოქოზათ, ეზოჲსმოძღუარი მისი, და ფიქოლ, ერისთავი ძლიერებისა მისისაჲ.

27. და ჰრქუა მათ ისაკ: რაჲსათჳს მოხუედით ჩემდა, რამეთუ თქუენ მომიძულეთ მე? და გამომავლინეთ თქუენგან.

28. ხოლო მათ ჰრქუეს: ხილვით ვიხილეთ, უფალი, რამეთუ შენ თანა არს, და ვთქუთ: იყავნ ფიცი შორის შენსა და ჩუენსა და აღვთქუათ შენ თანა აღთქუმაჲ.

29. რათა არა ჰყო ბოროტი ჩუენდა მომართ, ვითარცა-იგი ჩუენ არა მოგიძაგეთ შენ, ვითარცა-იგი გიყავთ ჩუენ კეთილად და წარმოგავლინეთ მშჳდობით. და აწ შენ კურთხეულ ხარ უფლისა მიერ.

30. და უმზადა ისაკ სერი. ჭამეს და სუეს.

31. და აღდგეს განთიად და ეფუცა კაცი მოყუასსა თჳსსა. და წარგზავნა იგინი ისაკ და წარვიდეს მისგან ცოცხლებით.

32. და მათ დღეთა ოდენ მოვიდეს მონანი ისაკისნი და უთხრეს ჯურღმულისა მისთჳს, რომელ თხარეს, და ჰრქუეს: არა ვპოვეთ წყალი.

33. და ფიცისა მისთჳს უწოდა ქალაქსა მას "ჯურღმული ფიცისა", ვიდრე დღეინდელად დღემდე.

34. იყო ესავ ორმეოცის წლის და მოიყუანა ცოლი იუდინა, ასული ბეჰრისი ქეტელისა, და ბასემათ, ასული ელონისი ეველისაჲ.

35. და იყვნეს მჴდომ ისაკისა და რებეკასა.

27

1. და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე.

2. ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა.

3. აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი.

4. და მიქმენ მე სანოვაგენი, ვითარ-იგი მე მიყუარს. და მომართუ მე და ვჭამო, რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

5. ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ესავს, ძესა თჳსსა და ვითარცა განვიდა ესავ ველად და ნადირობად ნადირისა მამისათჳს თჳსისა.

6. მოუწოდა რებეკა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა, და ჰრქუა: ესერა, მესმა, ვითარ-იგი ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა:

7. მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა.

8. აწ უკუე, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ

9. და წარვედ არვედ და მომართუენ მიერ ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი.

10. და უქმნე იგი სანოვაგედ მამასა შენსა, ვითარ-იგი უყუარს მას. და შეართვი იგი მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდილადმდე მისსა.

11. ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ.

12. ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ.

13. ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ.

14. ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა.

15. და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა.

16. და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა.

17. და მისცა საჭმელი იგი, რომელ ქმნა და პური ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა.

18. და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო და მან ჰრქუა: აჰა, მე, ვინ ხარ შენ, შჳლო?

19. და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შჳლი შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

20. ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა.

21. ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა.

22. და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი - ესავისნი.

23. და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავის, ძმისა მისისანი, ფაჩუნიერ და აკურთხა იგი.

24. და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ? და თქუა: მე ვარ.

25. და ჰრქუა ისაკ: მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა და ღჳნოჲ სუა.

26. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო.

27. და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან.

28. მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ.

29. და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ.

30. და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით.

31. და უქმნა საჭმელი და შეართუა მამასა თჳსსა და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან.

32. და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ.

33. განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ.

34. და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ესავს ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო.

35. ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი.

36. და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა ისაკს: არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო?

37. მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო?

38. ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად.

39. მიუგო ისაკ და ჰრქუა: აჰა ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო.

40. და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნენ უღელი მისი ქედისაგან შენისა.

41. და ძჳრსა უთქმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა იგი ისაკ, მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი.

42. უთხრეს რებეკას სიტყუაჲ ესე ძისა თჳსისა უხუცესისა. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად.

43. აწ უკუე, შჳლო, ისმინე ჴმისა ჩემისა: და აღდეგ და წარივლტოდე შუამდინარედ ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანად.

44. და იყავ მის თანა რაოდენმე დღე, ვიდრემდე გარე მიიქცეს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისა შენგან.

45. და დავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ, ნუუკუე უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგან-ვე ერთსა შინა დღესა.

46. და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი?

28

1. მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა: არა მოიყუანო ცოლი ასულთაგან ქანანისათა.

2. არამედ აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათოელისა, დედის მამისა შენისა, და მიერ მოიყვანე თავისა შენისა ცოლი, ასულთაგან ლაბანისათა, დედისძმისა შენისათა.

3. ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და განგამრავლენ და იყავ შენ კრებულად ნათესავთა.

4. და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ, შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა და დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე მწირობისა შენისა, რომელი მოსცა ღმერთმან აბრაჰამს.

5. და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა შუამდინარედ ლაბანისსა, ძისა ბათოელ ასურისა, ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა.

6. ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკმან იაკობი და წარვიდა შუამდინარედ. ასურეთისა მოყვანებად მიერ თავისა თჳსისა ცოლი და კურთხევასა მას მისსა ამცნო მას და ჰრქუა: არა მოყვანებად ცოლი ასულთაგან ქანანისთა.

7. და რამეთუ ერჩდა იაკობ მამასა თჳსსა და დედასა, და წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა.

8. და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანანელთანი წინაშე ისაკისა, მამისა მისისა.

9. წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა მაელეთ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა თჳსა ცოლად.

10. და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად.

11. და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას.

12. და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა.

13. ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა.

14. და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ.

15. და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ.

16. და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე.

17. და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭე ზეცისაჲ.

18. აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა.

19. და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად.

20. და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად.

21. და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა.

22. და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას.

29

1. და წარემართა იაკობ და წარვიდა ქუეყანად მზისა აღმოსავალად ლაბანის, ასურისა, ძისა ბათოელ ასულისა, ხოლო ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა.

2. და მიჰხედა, და იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამნი მწყემსნი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან წყალი სამწყსოსა მათსა. და ქვაჲ დაედვა პირსა ზედა ჯურღმულისასა.

3. და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა-ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა.

4. და ვითარ იხილნა იგინი იაკობ, ჰრქუა მათ: ძმანო, ვინანი ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ.

5. და ჰრქუა მათ: იცით-ა ლაბან, ძე ნაქორისა? და მათ ჰრქუეს: ვიცით.

6. ხოლო მან ჰრქუა: ცოცხლებით არს-ა? და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს. და ვიდრე იგინი ამას იტყოდეს, აჰა, რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა.

7. და თქუა იაკობ: დღე დგას-ღა ფრიად და არ-ღა არს შეკრებაჲ სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა, წარვედით და აძოებდით.

8. ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ, ვიდრე შეკრებადმდე ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა ამის და მაშინ-ღა ვასუათ საცხოვარსა ჩუენსა.

9. ჯერეთ ზრახვიდა იგი მათ, და რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა მისისათა, რამეთუ აძოებდა ცხოვართა მამისა მისისათა.

10. და ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი. დედისძმისა თჳსისა, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი პირისაგან მის ჯურღმულისა და სუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედისძმისა თჳსისათა.

11. და ამბორს-უყო რაქელს და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა.

12. და უთხრა რაქელს, ვითარმედ ძმაჲ არს მამისა მისისა და ვითარმედ ძე არს რებეკასი. და წარვიდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა სიტყჳსა მისებრ იაკობისა

13. და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დისწულისა თჳსისა, სრბით გამოვიდა შემთხუევად მისა და ვითარცა იხილა იგი, მოეხჳა მას და ამბორს-უყო. და შეიყვანა სახიდ თჳსა და უთხრა ლაბან ყოველთა სიტყუანი ესე.

14. ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა.

15. და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი?

16. ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისა ლია და სახელი უმრწემესისა მის რაქელ.

17. და იყვნეს თუალნი ლიასნი უძლურ, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა.

18. და უყვარდა იაკობს რაქელ და თქუა: გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა.

19. მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა.

20. და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს შჳდნი წელნი,

21. ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი.

22. და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი.

23. და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა და შევიდა მისსა იაკობ.

24. და მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, ზელფა მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. და ვითარცა იყო განთიადი და, აჰა ესერა, იყო იგი ლია.

25. და ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲ ესე ჰყავ, ანუ აჰა რაქელისთჳს გმონებდ? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე.

26. და თქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრეთ-მიცემად უმრწემესი უწინარეს უხუცესისა.

27. აღასრულენ სხუანი-ღა წელნი და მიგცე იგი შენ საქმისა მისთჳს. რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმეცა შჳდ წელ.

28. და ყო იაკობ ეგრეთ და აღასრულნა სხუანი წელნი.

29. და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად მისა და რაქელს მისცა ბალა, მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად.

30. და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა.

31. და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ.

32. მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან.

33. და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ.

34. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი.

35. და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა და. უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობისაგან.

30

1. და ვითარცა იხილა რაქელ, რამეთუ არა უშვა ძე იაკობს, და ეშურებოდა რაქელ ლიას, დასა თჳსსა, და ჰრქუა იაკობს: მეც მე შვილი; უკუეთუ არა, მოვკუდე მე.

2. განურისხნა იაკობ რაქელს და ჰრქუა: ნუუკუე, ნაცუალი ღმრთისა ვარი მე, რომელმან დაგაკლო შენ ნაყოფი მუცლისა შენისა.

3. ხოლო რაქელ ჰრქუა იაკობს: აჰა ეგერა, ბალა, მჴევალი ჩემი შევედ უკუე მისა და მიშუეს მე მუჴლთა ჩემთა ზედა და შვილიერ ვიქმნე მეცა მისგან.

4. და მისცა მას რაქელ ბალა, მჴევალი თჳსი, ცოლად და შევიდა მისა იაკობ.

5. და მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, ღა უშვა ძე იაკობს.

6. და თქუა რაქელ: მისაჯა მე ღმერთმან და ისმინა ვედრებისა ჩემისა და მომცა მე შვილი. ამისთჳს უწოდა სახელი მისი დაან.

7. და მერმე მიუდგა ბალა, მჴევალი რაქელისი, და შვა ძე მეორე.

8. და თქუა რაქელ: შემეწია მე ღმერთი და მივესწორე დასა ჩემსა და უწოდა სახელი მისი ლეფთალემ.

9. და ვითარცა იხილა ლია, რამეთუ დადგა შობისაგან, მოიყუანა ზელფა, მჴევალი თჳსი, და მისცა იგი იაკობს ცოლად და შევიდა მისა მიმართ იაკობ.

10. და მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და უშვა იაკობს ძე.

11. და თქუა: კეთილ და ბედნიერ, და უწოდა სახელი მის გაად.

12. და მერმე მიუდგა ზელფა, მჴევალი ლიასი, და შვა ძე მეორე.

13. და თქუა ლია: ნეტარ ვარ მე, რამეთუ მნატრიდენ მე დედანი. და უწოდა სახელი მისი ასერ.

14. განვიდა რუბენ დღესა ზაფხულისასა ცხელსა და პოვა ვაშლი მანდრაგორი ველსა ზედა და მოართუა იგი ლიას, დედასა თჳსსა. და ჰრქუა რაქელ დასა თჳსსა: მომეც მანდრაგორი ძისა შენისანი.

15. და ჰრქუა მას ლია: ვერ კმა არს შენდა, რამეთუ მიმიღე ქმარი ჩემი? და აწ მანდრაგორიცა ძისა ჩემისა მი-ვე-იღო-ა? ჰრქუა მას რაქელ: აჰა ეგერა, შევედინ შენდა ამას ღამესა მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა.

16. შემოვიდა იაკობ ველით მიმწუხრი. და განვიდა ლია მიგებებად მისა და ჰრქუა: ჩემდა შემოხჳდე დღეს, რამეთუ მომიყიდიე შენ მანდრაგორთა წილ ძისა შენისათა. და შევიდა მისა მას ღამესა.

17. და ისმინა ღმერთმან ლიასი. და მიუდგა და უშვა იაკობს ძე მეხუთე.

18. და თქუა ლია: მომცა მე ღმერთმან სასყიდელი ჩემი ამისთჳს, რამეთუ მივეც მჴევალი ჩემი ქმარსა. და უწოდა სახელი მისი იზაქარ, რომელ არს სასყიდელი.

19. და მიუდგა ლია და უშვა იაკობს, ძე მეექუსე.

20. და თქუა ლია: მომანიჭა მე ღმერთმან ნიჭი კეთილი. ამიერითგან სათნო-მიყოს მე ქმარმან ჩემმან, რამეთუ უშვენ ძენი ექუსნი. და უწოდა სახელი მისი ზაბულონ.

21. და ამისა შემდგომად შვა ასული და უწოდა სახელი მისი დინა.

22. ხოლო მოეჴსენა ღმერთსა რაქელ და შეისმინა მისი და განაღო საშოჲ მისი.

23. მიუდგა და უშვა იაკობს ძე და თქუა რაქელ: მომისპო მე ღმერთმან ყუედრებაჲ ჩემი.

24. და უწოდა სახელი მისი იოსებ. და თქუა რაქელ: შემძინა მე ღმერთმან შჳლი სხუაჲ.

25. და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები, ჰრქუა იაკობ ლაბანს: წარმავლინე მე, და წარვიდე ქუეყანად ჩემდა, და ადგიდ ჩემდა.

26. და მომცენ მე ცოლნი ჩემნი და შვილნი ჩემნი, რომელთათჳს გმონებდ შენ, რათა წარვიდე, რამეთუ შენ იცი მონებაჲ ჩემი, რომელ გმონე შენ.

27. ჰრქუა მას ლაბან: უკეთუ ვჰპოვე მადლი წინაშე შენსა, ვისმინო, თუ მაკურთხა მე ღმერთმან შემოსლვასა შენსა.

28. და თქუა: განიჩინე სასყიდელი შენი ჩემ თანა და მე მიგცე შენ.

29. ჰრქუა მას იაკობ: შენ იცი, რამეთუ გმონე შენ და რაოდენ იყო საცხოვარი შენ ჩემ თანა, რამეთუ მცირედ იყვნეს, რაოდენ-იგი იყვნეს ჩემ წინაშე.

30. და აღგაორძინა სიმრავლედ და გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან ფერჴსა ჩემსა, აწ უკუე ოდეს-ღა ვიშენო თავისა ჩემისა სახლი.

31. ჰრქუა მას ლაბან: რაჲ მიგცე შენ? ჰრქუა მას იაკობ: ნუ რას მომცემ მე. უკუეთუ ჰყო სიტყუაჲ ესე ჩემი, კუალად ვჰმწყსიდე-ღა ცხოვართა შენთა და ვსცვიდე.

32. წარმოავლინე ყოველი ცხოვარი შენი დღეს და გამოარჩიე მიერ ყოველი ცხოვარი ფერით ტარიგთაგან და ყოველი სპეტაკი და სხურებული თხათაგან. ესე იყო სასყიდელად ჩემდა.

33. და შეისმინოს ჩემი სიმართლემან ჩემმან ამას დღესა შინა ხვალე, რამეთუ არს სასყიდელი ჩემი შენ თანა: ყოველი, რომელი არა იყოს სხურებულ და მოთეთრე თხათა შორის და სპეტაკ და ფეროჲ კრავთა შორის, წოდებულ იყავნ ჩემდა.

34. ჰრქუა მას ლაბან: იყავნ სიტყჳსაებრ შენისა!

35. და განარჩია მას დღესა შინა ვაცები სხურებული და სპეტაკი და ყოველი თხაჲ ნეზჳ ჭრელი და სპეტაკი, და ყოველი-ვე, რომელი იყო თეთრ მათ შორის, და ყოველივე, რომელი იყო ფეროჲ კრავთა შორის, და მისცა მას, ჴელითა ძეთა თჳსთათა და სამწყოსოჲ თჳს-თჳსად.

36. განაშორა გზასა სამისა დღისასა შორის მათსა და შორის იაკობისა. და იაკობ ჰმწყსიდა ცხოვართა ლაბანისთა ნეშტთა.

37. ხოლო იაკობ მოიღო კუერთხი ბრაწისა და ნიგუზისაჲ და ძელქჳსაჲ ნედლი და გამოქურთნა იგი იაკობ, ნაქრთუენად თეთრად, გარე შემძრველმან სიმწვანისამან, ხოლო დააჩნდა კუერთხთა მათ თეთრი იგი, რომელ გამოქურთნა ჭრელად.

38. და დაუსხა კუერთხები იგი წინა ისარნებსა მას წყლისსასუმელსა, რათა, რაჟამს მოვიდეს ცხოვარი სუმად წყლისა წინაშე კუერთხთა მოსლვასა მათსა სუმად.

39. მიხედოდიან ცხოვართა მათ და ისახოდიან კუერთხებსა მას და შობდეს სპეტაკსა და ჭრელსა და ნაცრისფერად სხურებულსა.

40. ხოლო ტარიგები იგი დაარჩია იაკობ და დაადგინა წინაშე ცხოვართა მათ ვერძი მოსპეტაკე და ყოვლად ჭრელი ტარიგთა შორის და განაშორვა სამწყსო იგი თჳსაგან და არა შერთო იგი ცხოვართა ლაბანისთა.

41. და იყო მას ჟამსა შინა, ოდეს მაკდებიედ ცხოვარნი და მუცლად-იღებდენ, დაასხის იაკობ კუერთხები იგი წინაშე ცხოვართა მათ ისარნებსა შორის წყლის სასხმელსა მას, რათა მუცლად-იღონ მათ კუერთხებისა მის სახედ.

42. და რაჟამს შობედ, არა დაასხის. და იყო უნიშნოჲ იგი ლაბანისაჲ, ხოლო ნიშნოანი იგი იაკობისა.

43. და განმდიდრდა კაცი იგი ფრიად ფრიად და იყო მისი საცხოვარი ფრიად: ზროხაჲ, და მონაჲ და მჴევალი, აქლემი და ვირები.