წინასწარმეტყველება დანიელისა

6

1. და სათნო იქმნა წინაშე დარიოს მეფისა და დაადგინნა სამეფოსა ზედა სატრაპესნი ასოცნი ყოფად იგინი ყოველსა შინა მეფობასა მისსა

2. და ზედაჲთ მათსა მეწესენი სამნი და იყო დანიელ ერთი მათგანი, რაჲთა მათ მისცემდენ სატრაპესნი სიტყუასა, და არა შფოთებდეს მეფე.

3. და იყო დანიელ ზეშთამძლეველ ზეშთა მეწესეთა და სატრაპესთა პირისპირ, რამეთუ სული მეტი იყო მის შორის.

4. და მეფემან დაადგინა იგი ყოველსა ზედა მეფობასა მისსა. და მეწესენი და სატრაპესნი ეძიებდეს პოვნად მიზეზსა ძჳნად დანიელისსა მეფობისაგან. და ყოველი მიზეზი და ცთომაჲ ვერ პოეს ძჳნად მისსა, რამეთუ სარწმუნო იყო.

5. და თქუეს მეწესეთა მათ: ვერ ვპოოთ მიზეზი ძჳნად დანიილისა თჳნიერ შჯულიერთა შორის ღმრთისა მისისა თანა.

6. მაშინ მეწესენი სატრაპესნი წარმოუდგეს მეფესა და ჰრქუეს მას: დარიე მეფე, საუკუნეთა ცოცხლებდ!

7. თანაზრახვა-ყვეს ყოველთა სპათმთავართა და სატრაპესთა მეფობისა შენისა ზედა და ჳპატოსთა, და ადგილისმთავართა დადგინებად დგომათა მეფობრივითა და განძლიერებად განსაზღვრა, რაჲთა რომელმანცა ითხოოს თუ თხოაჲ ყოვლისაგანვე ღმრთისა და კაცისა ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შევარდეს მღჳმესა ლომთასა.

8. აწ, უკუე, მეფე, დაადგინე განსაზღურება და დაწერე წერილი, რაჲთა არა შეიშალოს რწმენა მიდთა და სპარსთა.

9. მაშინ მეფემან დარიოს ბრძანა დაწერად რწმენაჲ.

10. და დანიელმან, ვითარცა ცნა, ვითარმედ დაიწერა რწმენაჲ, შევიდა სახიდ თჳსსა, და სარკმელნი განღებულ მისდა ქორედთა შორის მისთა დამართით იერუსალიმისა, და ჟამთა დღისათა სამთა იყო მოდრეკილ მუჴლთა ზედა მისთა და მლოცველ და აღმსაარებელ წინაშე ღმრთისა მისისა, ვითარცა იყვის მოქმედი წინაპარ.

11. მაშინ კაცთა მათ დაუმზირეს და პოეს დანიილი მოქენედ და მვედრებლად წინაშე ღმრთისა თჳსისა.

12. და მოსრულნი ეტყჳან მეფესა: მეფე, არა განსაზღურებაჲ დააწესეა, რაჲთა ყოველმან კაცმან, რომელმანცა ითხოოს ყოვლისაგან ღმრთისა და კაცისა სათხოველი ვიდრე დღეთამდე ოცდაათთა, გარნა თჳნიერ შენსა, მეფე, შთავარდეს მღჳმესა ლომთასა? და თქუა მეფემან: ჭეშმარიტ არს სიტყუა და რწმენაჲ მიდთა და სპარსთაჲ და არა წარჴდეს.

13. მაშინ მიუგეს და თქუეს წინაშე მეფისა: დანიელ ძეთაგანი ტყუეობისა იუდაჲსთაჲ არა ერჩდა რწმენასა შენსა განსაზღურებისათჳს, რომელ დააწესე, და ჟამთა დღისათა სამთა ითხოვს ღმრთისაგან თჳსისა თხოათა მისთა.

14. მაშინ მეფესა ვითარცა ესმა სიტყუა, ფრიად შეწუხნა მის ზედა და დანიილისათჳს იღუწიდა, ვითარ განარინოს იგი, და ვიდრე მწუხრამდე ღუაწლსა შინა იყო განრინებად მისსა.

15. მაშინ კაცთა მათ მიუგეს მეფისა მიმართ: უწყოდე, მეფე, ვითარმედ რწმენისა მიდთა და სპარსთაჲსა ყოვლისათჳს განსაზღურებისა დადგომასა, რომელიცა მეფემან დაადგინოს, არ ჯერ-არს გარდაცვალება.

16. მაშინ მეფემან თქუა, და მოიყვანეს დანიელი და შთააგდეს იგი მღჳმესა ლომთასა. და ჰრქუა მეფემან დანიილსა: ღმერთმან შენმან, რომლისა შენ მიმდემად მკუთნველ ხარ, მან განგარინენ შენ.

17. და მოიღეს ლოდი დიდი და დასდვეს პირსა ზედა მღჳმისასა. და დაჰბეჭდა მეფემან ბეჭდისა მიერ მისისა და ბეჭდისა მიერ დიდებულთა მისთაჲსა, რაჲთა არ შეიცვალოს საქმე დანიელის ზედა.

18. და წარვიდა მეფე სახიდ თჳსსა და დაწვა უსეროდ, და სანოაგენი არა მოართუნეს მას, და ძილი განეყენა მისგან. და დაჴშნა ღმერთმან პირნი მათ ლომთანი და არა შეეხნეს დანიელს.

19. მაშინ მეფე აღდგა განთიად სანთლითა და სწრაფისა მიერ მოვიდა მღჳმესა მას ლომთასა.

20. და მიახლებასა მისსა მღჳმისა მიმართ, ჴმა-უყო დანიილსა ძლიერითა ჴმითა. და მიუგო მეფემან და ჰრქუა დანიელს: დანიილ, მონაო ღმრთისა ცხოველისაო, ღმერთმან შენმან, რომლისა განმკუთვნელ ხარ მიმდემად, უკეთუ შეუძლო განრინებაჲ შენი პირისაგან ლომთასა?

21. და ეუბნა დანიელ მეფესა და თქუა: მეფე, საუკუნეთა ცოცხლებდ!

22. ღმერთმან ჩემმან მოავლინა ანგელოზი თჳსი და დაჴშნა პირნი ლომთანი და არა განმრყუნეს მე, რამეთუ წინაშე მისსა სიწრფოება ჩემი იპოვა და წინაშე შენსაცა, მეფე, შეცოდება არა ვყავ.

23. მაშინ მეფე მრავლად მხიარულ იქმნა მის ზედა და დანიილისი თქუა აღმოყვანება მღჳმისაგან. და აღმოყვანებულ იქმნა დანიილ მღჳმით. და ყოველი განხრწნილება არა იპოვა მის თანა, რამეთუ ჰრწმენა ღმრთისა მიმართ მისისა.

24. და თქუა მეფემან, და მოიყვანნეს კაცნი, შემასმენელნი დანიილისნი, და მღჳმესა ლომთასა შთაიყარნეს იგინი, და ძენი მათნი, და ცოლნი მათნი, და არღა მიწევნილ იყვნეს იატაკად მღჳმესა, ვიდრე ეუფლნეს მათ ლომნი და ყოველნი ძუალნი მათნი დააწულილნეს. ზ

25. მაშინ დარიოს მეფემან მიუწერა ყოველთა ერთა, ტომთა, ენათა, მკჳდრთა ყოვლისა შორის ქუეყანისა: მშჳდობა თქუენი განმრავლდინ!

26. პირისაგან ჩემისა დაიდვა რწმენაჲ ყოველსა შორის მთავრობასა მეფობისა ჩემისასა ყოფა მძრწოლარეთა და მოშიშთა პირისაგან ღმრთისა დანიილისისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ცხოველი და გებული საუკუნეთა, მეფობა მისი არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე.

27. შეეწევის, და იჴსნის და იქმს სასწაულთა და ნიშთა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, რომელმან იჴსნა დანიილი პირისაგან ლომთასა.

28. და დანიელ ესრეთ წარემართა მეფობასა შინა დარიოსისსა და მეფობასა შინა კჳროზ სპარსისასა.

7

1. პირველსა შინა წელსა ვალტასარ მეფისა ქალდეველთაჲსსა ძილისშორისი იხილა დანიელ, და ხილვაჲ თავისა მისისა საწოლსა ზედა მისსა. და ძილისშორისი დაწერა დასაწყისი სიტყუათა მისთაჲ და მიმგებელმან თქუა:

2. მე, დანიილ, ვხედევდ ხილვასა შინა ჩემსა ღამისასა: და, აჰა, ოთხნი ქარნი ცისანი ეკუეთებოდეს ზღჳსა მიმართ დიდისა.

3. და ოთხნი მჴეცნი დიდნი აღმოვიდოდეს ზღჳსაგან, განსხუაებულნი ურთიერთას,

4. პირველი - ვითარცა ლომაჲ, და ფრთენი, ვითარცა არწივისანი. ვხედევდ, ვითარმედ მოეფხურნეს ფრთენი მისნი, და აღღებულ იქმნა ქუეყანით, და ფერჴთა ზედა კაცისათა დადგა და გული კაცისაჲ მოეცა მას.

5. და, აჰა, მჴეცი სხუაჲ, მსგავსი დათჳსა, და ნაწილსა ერთსა ზედა დადგა, და სამნი გუერდნი პირსა შორის მისსა საშუალ კბილთა მისთა, და ესრეთ ეტყოდეს მას: აღდეგ, ჭამენ ჴორცნი მრავალნი!

6. შემდგომად ამისსა ვხედევდ და, აჰა, სხუაჲ მჴეცი, ვითარცა ვეფხი, და მისნი ფრთენი ოთხნი მფრინველისანი ზეშთა კერძო მისსა, და ოთხნი თავნი მჴეცსა, და ჴელმწიფებაჲ მოეცა მას.

7. და შემდგომად მისსა ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, მჴეცი მეოთხე საშინელი და განსაკჳრვებელი და ძლიერი მეტად, და კბილნი მისნი რკინისანი და დიდნი, ჭამდა და დააწულილებდა, და დანაშთომთა მისთა დასთრგუნვიდა. და იგი განხრწნიდა მეტადრე უფროს ყოველთა მჴეცთა უწინარესთა მისთასა და რქანი ედგნეს მას ათნი.

8. და რქათა მისთა განვიცდიდ, ათნი რქანი მისნი, და, აჰა, რქა სხუაჲ მცირე აღმოვიდოდა შორის მათსა. და სამნი რქანი წინასწარნი მისნი აღმოიძირნეს პირისაგან მისისა. და, აჰა, თუალნი ვითარცა თვალნი კაცისანი, რქისა მის შორის და პირი მეტყუელი დიდ-დიდთა. და ჰყოფდა ბრძოლასა წმიდათა მიმართ.

9. და ვხედევდ, ვითარმედ საყდარნი დაიდგნეს და ძუელი დღეთა დაჯდა. და შესამოსელი მისი, ვითარცა თოვლი სპეტაკი, და თმაჲ თავისა მისისა, ვითარცა მატყლი განწმედილი, საყდარი მისი - ალი ცეცხლისა, ეტლისთუალნი მისნი - ცეცხლი მოტყინარე.

10. მდინარე ცეცხლისაჲ იზიდვოდა, გამომავალი წინაშე მისსა, ათასნი ათასთანი ჰმსახურებდეს მას და ბევრნი ბევრთანი წარდგომილ იყვნეს წინაშე მისსა სამსჯავროს.

11. და ჯდა და წიგნნი განეხუნნეს. ვხედევდ მას შინა ჴმისაგან სიტყუათა დიდთაჲსა, რომელთა რქანი იგი იტყოდიან. მხილველ ვიყავ, ვიდრემდის მოიკლა მჴეცი და წარწყმდა, და სხეული მისი მიეცა დასაწუელად ცეცხლითა.

12. და ნეშტთაცა მჴეცთაჲ გარდადგა მთავრობაჲ. და სიგრძე სიცოცხლისა მიეცა მათ ვიდრე ჟამისამდე და წამისა.

13. ვხედევდ ხილვასა შინა ღამისასა: და, აჰა, ღრუბელთა თანა ცისათა, ვითარცა ძე კაცისა, მომავალ იყო, და ვიდრე ძუელისა დღეთაჲსამდე მოიწია და წინაშე მისსა მიყვანებულ იქმნა იგი.

14. და მას მიეცა მთავრობა, და პატივი, და მეფობა, და ყოველნი ერნი, ტომნი, ენანი მას ჰმსახურებდეს, და ჴელმწიფება მისი ჴელმწიფება საუკუნე, რომელი არა წარჴდეს და მეფობა მისი არა განიხრწნას.

15. განცჳბრდა სული ჩემი, მე, დანიელ, ანაგებსა შორის ჩემსა, და ხილვანი თავისა ჩემისანი შემაშფოთებდეს მე.

16. და მოუჴედ ერთსა მდგომარეთაგანსა და სიმკაცრესა ვეძიებდ მისგან ამათ ყოველთა ზედა, და მითხრა მე სიმკაცრე და თანშეტყუება სიტყუათაჲ მაუწყა მე:

17. ესე მჴეცნი დიდნი ოთხნი - ოთხნი მეფობანი აღდგენ ქუეყანასა ზედა,

18. რომელნი აღიხუნენ, და მიიღონ მეფობა წმიდათა მაღლისათა და იპყრან იგი ვიდრე საუკუნომდე და ვიდრე საუკუნომდე საუკუნეთა.

19. და ვეძიებდ სიმკაცრით მჴეცისათჳს მეოთხისა, რამეთუ განსხუაებულ იყო უფროს ყოვლისა მჴეცისა და საშინელ მეტად, კბილნი მისნი რკინანი და ფრცხილნი მისნი რვალისანი, ჭამდა და დააწულილებდა და ნეშტთა ფერჴებითა მისითა დასთრგუნვიდა.

20. და რქათა მისთათჳს ათთა თავისა მისისა შორისთა მისსა, და ერთისა მის რქისა, მავალისა და განმჴდელისა, უპირველესი იგი სამისა, რქისა მის, რომლისანი თუალნი და პირი მეტყველი დიდსა, და ხილვა მისი უმეტეს სხვათა.

21. და ვხედევდ და რქა იგი ყოფდა ბრძოლასა წმიდათასა, განძლიერდა მათდა მიმართ,

22. ვიდრე არა მოვიდა ძუელი დღეთა და მსჯავრი მისცა წმიდათა მაღლისათა. და ჟამი მოიწია და მეფობა დაიპყრეს წმიდათა.

23. და თქუა: ესე მჴეცი მეოთხე მეფობაჲ მეოთხე იყოს ქუეყანასა ზედა, რომელი ზეშთა იყოს ყოველთა მეფობათა, და შეჭამოს ყოველი ქუეყანაჲ, და დათრგუნოს იგი, და დაჭრას იგი.

24. და ათნი რქანი მისნი ათნი მეფენი აღდგენ. და შემდგომად მათსა აღდგეს სხუა, რომელი უფროს იყოს ბოროტებითა ყოველთა წინაწართასა, და სამნი მეფენი დაამდაბლნეს,

25. და სიტყუანი მაღლისა მიმართ თქუნეს, და წმიდანი მაღლისანი შეაცთუნნეს, და მოიგონოს ცვალება ჟამთა და შჯულისა, და მიეცეს ჴელსა შინა მისსა ვიდრე ჟამისამდე და ჟამთა და ნახევარსა ჟამისასა.

26. და სამსჯავრო დაჯდეს, და მთავრობა მისი გარდაადგინონ უჩინო-ყოფად და წარწყმედად ვიდრე სრულიად.

27. და მეფობა და ჴელმწიფებაჲ და დიდებულებაჲ მეფეთა ყოვლისა ცისქუეშისათაჲ მოეცა წმიდათა მაღლისათა, და მეფობა მისი - მეფობა საუკუნე. და ყოველნი მთავრობანი მას ჰმონებდენ და ერჩდენ.

28. ვიდრე აქამომდე დასასრული სიტყჳსაჲ. მე, დანიილს, გულისზრახვანი ჩემნი მრავლად შემაშფოთებდეს მე. და შესახედავი ჩემი იცვალა და სიტყუა გულსა შორის ჩემსა დავიცევ.

8

1. წელსა მესამესა მეფობისა ვალტასარისსა ხილვაჲ მეჩუენა ჩემდამო, მე, დანიელს, შემდგომად ჩუენებისა ჩემისა პირველისა

2. და ვიხილე ხილვასა შინა, და იქმნა ხედვასა შინა ჩემსა. და ვიყავ მე შობიბორისასა ტაძარსა, რომელ არს სოფელსა ელამისასა, და ვხედევდ ხილვასა შინა. და ვიყავ უბალსა ზედა.

3. და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, ვერძი ერთი მდგომარე უბალსა თანა, და ესხნეს მას რქანი, და რქანი მაღალნი, და ერთი იგი უმაღლეს ერთისა მის, და მაღალი აღვიდოდა უკანაჲსკნელ.

4. და ვიხილე ვერძი იგი მრქენალად ზღუად მიმართ და ჩრდილოთ და სამხრით, და ყოველნი მჴეცნი ვერ დადგეს წინაშე მისსა, და არავინ იყო განმარინებელ ჴელისაგან მისისა, და ქმნა ნებისაებრ თჳსისა და განდიდნა.

5. და მე ვიყავ გულისხმა-მყოფელ. და, აჰა, ვაცი თხათაჲ მოვიდოდა სამხრისაგან პირსა ზედა ქუეყანისა ყოვლისასა, და არა იყო შემხებელ ქუეყანისა. და ვაცსა მას რქაჲ სახილველი საშუალ თუალთა მისთა.

6. და მოვიდა ვაცი ვიდრე ვერძისადმე რქათა მქონებელისა, რომელი ვიხილე მდგომარედ წინაშე უბალსა. და მორბიოდა მისსა მიმართ მიმართებითა ძალისა მისისაჲთა.

7. და ვიხილე მიწევნული ვიდრე ვერძისამდე, და განველურნა მისსა მიმართ, ეკუეთა ვერძსა და შემუსრნა ორნივე რქანი მისნი, და არა იყო ძალი ვერძისა დადგრომად წინაშე მისსა, და დააგდო იგი ქუეყანასა ზედა და დათრგუნა იგი, და არა იყო განმარინებელი ვერძისა ჴელისაგან მისისა.

8. და ვაცი თხათაჲ განდიდნა ვიდრე ფრიად და განძლიერებასა შინა მისსა შეიმუსრა რქაჲ მისი დიდი. და აღმოჴდეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა ოთხთა მიმართ ქართა ცისათა.

9. და ერთისა მათგანისაგან გამოვიდა რქაჲ ერთი ძლიერი და განდიდნა ნამეტნავად სამხრად მიმართ,

10. და აღმოსავალად მიმართ და ძალისა მიმართ, და განდიდნა ვიდრე ძალისამდე ცისაჲსა, და დაეცა ქუეყანასა ზედა ძალისაგან და ვარსკულავთაგან, და დათრგუნეს იგი.

11. და ვიდრე მთავრისამდე ძალისაჲსა განმტკიცნა და ვიდრემდის მთავარსპათმძღუარმან იჴსნას ტყუეობა, და მისთჳს მსხუერპლი, შეშფოთნა შეცოდებითა, და იქმნა, და წარემართა მას და წმიდაჲ მოოჴრდეს.

12. და მოეცა მსხუერპლსა ზედა ცოდვაჲ, და-მე-ვარდა სიმართლე მიწად, და ქმნა და წარემართა.

13. და მესმა ერთისა წმიდისა სიტყჳსა მზრახვალისაჲ, და ჰრქუა ერთმან წმიდამან ფილმონსა, მზრახვალსა: ვიდრემდის ხილვაჲ დადგეს და მსხუერპლი უქმქმნილი, და ცოდვა იგი მოოჴრდეს, რომელ მოეცა, და წმიდაჲ და ძალი დაითრგუნოს?

14. და ჰრქუა მას: ვიდრე მწუხრამდე და განთიად დღენი ორ ათას და სამასნი, და განწმედს წმიდასა.

15. და იყო მხედველობასა შინა ჩემსა მე დანიელისგან ხილვისასა, ვეძიებდ გულისხუმის-ყოფასა, და, აჰა, დადგა წინაშე ჩემსა, ვითარცა ხილვაჲ მამაკაცისა.

16. და მესმა ჴმაჲ მამაცისაჲ საშუალ უბალსა. და უწოდა და თქუა: გაბრიელ, გულისხუმა-უყავ იმას ხილვაჲ!

17. და მოვიდა და დადგა მახლობელად დგომისა ჩემდა. და მოსლვასა ოდენ მისსა დავსულბი და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა. და თქუა ჩემდამო: გულისხუმა-ყავ, ძეო კაცისაო, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ.

18. და ზრახვასა შინა მისსა ჩემ თანა შევსულბი, და დავვარდი პირსა ზედა ჩემსა ქვეყანასა ზედა, და შემახო მე და დამადგინა ფერჴთა ზედა ჩემთა.

19. და თქუა: აჰა, მე გაუწყებ შენ ყოფადთა უკანასკნელთა რისხვისათაჲსა, რამეთუ მერმე ჟამად მიმართ დასასრულისა ხილვაჲ.

20. ვერძი, რომელი იხილე მქონებელი რქათაჲ, მეფე არს მიდთა და სპარსთაჲ.

21. და ვაცი თხათაჲ - მეფე იონთა, და რქა, რომელი იყო საშუალ თუალთა მისთა, თჳთ იგი არს მეფე პირველი.

22. და რამეთუ შეიმუსრა და აღდგეს ოთხნი რქანი ქუეშე კერძო მისსა, ოთხნი მეფენი აღდგენ ნათესავისაგან მისისა და არა ძალისაებრ მისისა.

23. და უკანაჲსკნელთა ზე მეფობისა მათისათა განსრულებასა ცოდვათა მათთასა აღდგეს მეფე ურცხჳნოჲ პირითა და გულისხუმის-მყოფელი წინდადებათაჲ,

24. და მტკიცე იყოს ძალი მისი და არა ძალითა მისითა, და საკჳრველნი განხრწნნეს, და წარემართოს, და ყოს, და განხრწნნეს ძლიერნი და ერი წმიდაჲ,

25. და უღელი ერისა მისისაჲ წარჰმართოს, ზაკვა ჴელსა შორის მისსა და გულსა შორის მისსა განდიდნეს, და ზაკჳთა განხრწნნეს მრავალნი და წარწყმედასა ზედა მრავალთასა დადგეს, და, ვითარცა კუერცხნი, ჴელისა მიერ შემუსრნეს იგინი.

26. და ხილვაჲ მწუხრისა და ცისკრისაჲ, თქუმული, ჭეშმარიტ არს. და შენ დაჰბეჭდე ხილვაჲ, რამეთუ დღემდე მრავალ არს.

27. და მე, დანიილ, დავწევ და დავსუსტენ დღეთა, და აღვდეგ და ვიქმოდე საქმეთა მეფისათა, და საკჳრველ-მიჩნდა ხილვაჲ, და არა იყო გულისხუმის-მყოფელ.

9

1. პირველსა შორის წელსა დარიოს ძისა ასურისსა, თესლისაგან მიდთაჲსა, რომელი განმეფნა მეფობასა ზედა ქალდეველთასა.

2. მე, დანიელ, გულისხმა-ვყავ. წიგნთა შორის რიცხუებისა წელიწადთასა, რომელ იქმნა სიტყუა უფლისაჲ იერემიას მიმართ წინაწარმეტყუელისა, შესასრულებელად ოჴრებასა იერუსალჱმისსა სამეოცდაათ წელ.

3. და მივეც პირი ჩემი უფლისა მიმართ ღმრთისა გამოძიებად ლოცვითა და ვედრებითა მარხვათა მიერ და ძაძისა და ნაცრისა.

4. და ვილოცე უფლისა მიმართ ღმრთისა ჩემისა და ვთქუ აღმსაარებელმან: უფალო ღმერთო, დიდო და საკჳრველო და დამცველო აღთქმასა და წყალობასა მოყვარეთა შენთა და დამცველთა მცნებათა შენთასა.

5. ვცოდეთ, ვიუსამართლოეთ, ვიუთნოეთ, და განვსდეგით და მივსდერკით მცნებათაგან შენთა და მსჯავრთაგან შენთა.

6. და არა ვისმინეთ მონათა შენთა წინაწარმეტყუელთაჲ, რომელნი იტყოდეს სახელისა მიერ შენისა მეფეთა მიმართ ჩუენთა, და მთავართა მიმართ ჩუენთა, და მამათა ჩუენთა და ყოვლისა მიმართ ერისა ქუეყანისაჲსა.

7. შენდა, უფალო, სიმართლე და ჩუენდა სირცხჳლი პირისაჲ, ვითარცა დღესა ამას კაცისა იუდაჲსასა, და დამკჳდრებულთა იერუსალჱმისათა, და ყოვლისა ისრაჱლისა მახლობელთა და შორიელთა, ყოვლისა შორის ქუეყანისა, სადა განსთესენ იგინი, მუნ, შეურაცხებისათჳს მათისა, რომელ იშეურაცხეს შენდამი.

8. უფალო, ჩუენდა სირცხჳლი პირსა, და მეფეთა ჩუენთა, და მთავართა ჩუენთა, და მამათა ჩუენთა, რომელთა ვცოდეთ შენდამი.

9. უფალსა ღმერთსა ჩუენსა წყალობანი, და შეწყნარებანი და ლხინებანი, რამეთუ განვდეგით.

10. და არა ვისმინეთ ჴმისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სლვად შჯულთა შორის მისთა, რომელნი მოსცნა წინაშე პირსა ჩუენსა ჴელისა მიერ მონათა მისთა წინაწარმეტყუელთაჲსა.

11. და ყოველი ისრაილი გარდაჰჴდეს შჯულსა შენსა და მიდრკეს არსმენად ჴმისა შენისა. და მოიწია ჩუენ ზედა წყევაჲ და ფიცი დაწერილი შჯულსა შინა მოსეს, მონისა ღმრთისასა, რამეთუ ვცოდეთ მისსა,

12. და დაადგინნა სიტყუანი მისნი, რომელნი თქუნა ჩუენ ზედა და მსაჯულთა ჩუენთა ზედა, რომელნი მშჯიდეს ჩუენ მოწევნად ჩუენ ზედა ძჳრნი დიდნი, ვითარნი არა იქმნეს ქუეშე კერძო ყოვლისა ცისა ქმნილთაებრ იერუსალიმს შინა,

13. ვითარ-იგი წერილ არს შჯულსა შინა მოსესსა. ყოველნი ესე ბოროტნი მოიწინეს ჩვენ ზედა და არ ვევედრენით პირსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა მოქცევად უსამართლოებათაგან ჩუენთა და გულისხუმის-ყოფად ყოვლისა შორის ჭეშმარიტებისა.

14. და იღჳძა უფალმან ღმერთმან ჩუენმან სიბოროტესა ზედა ჩუენსა და მოაწია ესე ჩუენ ზედა, რამეთუ მართალ არს უფალი ჩუენი ყოველსა ზედა ქმნასა მისსა, რომელი მიქმნა მით, რამეთუ არ შევისმინეთ ჴმისა მისისაჲ.

15. და აწ, უფალო ღმერთო ჩუენო, რომელმან გამოიყვანე ერი შენი ქუეყანისაგან ეგჳპტისაჲსა ჴელითა მტკიცითა და ჰყაე თავისა შენისა სახელი, ვითარცა დღესა ამას ვცოდეთ, ვიუსჯულოეთ.

16. უფალო, ყოვლისა მიმართ წყალობისა შენისა გარემიიქეცინ გულისწყრომაჲ შენი ქალაქისაგან შენისა იერუსალიმისა, მთისა წმიდისა შენისა, რამეთუ ვცოდეთ უსამართლოებათა მიერ ჩუენთა და მამათა ჩუენთასა. იერუსალიმი და ერი შენი საყუედრელად შეიქმნა ყოველთა შორის გარემოჲსთა ჩუენთა.

17. და აწ შეისმინე, უფალო ღმერთო ჩუენო, ლოცვისა მონისა შენისა და ვედრებისა მისისა და ზედგამოაჩინე პირი შენი სიწმიდესა შენსა ზედა, რომელ მოოჴრებულ არს შენთჳს, უფალო!

18. მოყავ, ღმერთო, ყური შენი და ისმინე, განახუენ თუალნი შენნი და იხილე უჩინოქმნულებაჲ ჩუენი, და სახელი შენი და ქალაქისა შენისაჲ, რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი შენი მას ზედა, რამეთუ რა სიმართლეთა ზედა ჩუენთა მივაგდებთ ჩუენ შეწყნარებასა ჩუენსა წინაშე შენსა, არამედ წყალობათა შენთა ზედა მრავალთა.

19. უფალო, შეისმინე, უფალო, ლხინება-ყავ! უფალო, მოიხილე, უფალო, ყავ, და ნუ ჰყოვნი შენთჳს, ღმერთო ჩემო, რამეთუ სახელი შენი ზედწოდებულ არს ქალაქსა ზედა შენსა და ერსა შენსა ზედა.

20. და მერმე მზრახვალობასაღა ჩემსა და მლოცველობასა და აღმსაარებელობასა ცოდვათა ჩემთა, და ცოდვათა ერისა ჩემისა ისრაჱლისათა და დაგდებასა შეწყალებისა ჩემისასა წინაშე უფლისა ღმრთისა ჩემისა.

21. მთისათჳს წმიდისა ღმრთისა ჩემისაჲსა და მერმე მზრახვალობასაღა ლოცვასა შინა. და, აჰა, მამაკაცი გაბრიელ, რომელი ვნახე ხილვასა შინა ჩემსა დაწყებისა შორის მომფრინვალე და შემახო მე, ვითარ ჟამსა მსხუერპლისა სამწუხროჲსასა.

22. და გულისხუმა-მიყო მე და სიტყუა-ყო ჩემ თანა და თქუა: დანიელო, აწ გამოვედ დაზავებად შენდა გულისხუმის-ყოფისა.

23. და დასაბამსა ვედრებისა შენისასა გამოვიდა სიტყუაჲ და მე მოვედ მითხრობად შენდა, რამეთუ კაცი გულისსათქმელთა ხარი შენ. აწ განიგონე სიტყჳსა შენ და გულისხუმა-ყავ ჩუენებისა შორის.

24. სამეოცდაათნი შჳდეულნი შემოკლებულნი ერსა შენსა ზედა და ქალაქსა ზედა წმიდასა, ვიდრე დაძუელებამდე შეცოდებისა, და დასრულებად ცოდვისა, და დაბეჭდვად ცოდვათა და აღჴოცად უსჯულოებათა, და ლხინებად უსამართლოებათა, და აღმოყვანებად სიმართლესა საუკუნესა, და დაბეჭდვად ხილვაჲ და წინაწარმეტყუელი და ცხებად წმიდაჲ წმიდათა,

25. მეცნიერება და გულისხუმის-ყოფაჲ და გამოსლვითგან სიტყუათათ მიგებად და აღშენებად იერუსალჱმისა ვიდრე ქრისტესადმე წინამძღუარისა შჳდეულნი შჳდ და შჳდეულნი სამეოცდაორ, და მოაქციოს და აღეშენნენ უბანნი და ზღუდე, და განახლდენ ჟამნი.

26. და შემდგომად შჳდეულისა სამეოცდაორთა მოისპოს ცხებაჲ და მსჯავრი არა იყოს მას შინა, და ქალაქი და წმიდაჲ განიხრწნას წინამძღუარისა თანა მომავალისა და მოიკუეთნენ წყლითრღუნასა შინა და ვიდრე დასასრულამდე ბრძოლისა შემოკლებულისა დააწესნეს უჩინოქმნულებად, და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთაჲ შჳდეულსა ერთსა და ნახევარსა შორის შჳდეულისასა დააცხროს მსხუერპლისსაცავი და მსხუერპლი შესაწირავი და ფრთესა ზედა დააწესოს უჩინოქმნისაგან და ვიდრე აღსასრულისამდე და სწრაფისა დააწესოს უჩინოქმნასა ზედა.

27. და განაძლიეროს აღთქმაჲ მრავალთა შჳდეულსა ერთსა და კერძოსა შჳდეულისასა აღებულ იქმნეს მსხუერპლი ჩემი და შესაწირავი და ამათ თანა შორის ტაძრისა საძაგელი მოოჴრებისა იყოს და ვიდრე დასასრულამდე ჟამისაჲსა დასასრული მოეცეს მოოჴრებასა შინა.

10

1. წელსა შინა მესამესა კჳროს მეფისასა სპარსთაჲსასა სიტყუაჲ გამოეცხადა დანიელსა, რომელსა სახელად ზედეწოდა ვალტასარ, და ჭეშმარიტ არს სიტყუაჲ, და ძალი დიდი და გულისხუმის-ყოფა მოეცა ჩუენებასა შინა.

2. მათ დღეთა შინა მე, დანიელ, ვიყავ მგლოვარე სამსა შჳდეულსა დღეთასა.

3. პური გულისსათქმელი არა ვჭამე, და ჴორცი და ღჳნო არ შევიდა პირად ჩემდა და საცხებელი არ ვიცხე ვიდრე დასასრულამდე სამთა შჳდეულთა დღეთასა.

4. და დღესა შინა მეოცდამეოთხესა თთჳსა პირველისასა მე ვიყავ მახლობელად მდინარისა დიდისა, რომელ არს ტიგრისი ედდეკელ.

5. და აღვიხუენ თუალნი ჩემნი და ვიხილე: და, აჰა, დადგა კაცი ერთი შემოსილი ბადენითა და წელნი მისნი გარემორტყმულ ოქროთა, ოფაზითა.

6. და სხეული მისი, ვითარცა თარშე, და პირი მისი, ხილვა ვითარცა ელვისაჲ, და თუალნი მისნი, ვითარცა ლამპარნი ცეცხლისანი, და მკლავნი მისნი და წჳვნი მისნი, ვითარცა ხილვაჲ რვალისა აელვებულისა, და ჴმაჲ სიტყვათა მისთაჲ, ვითარცა ჴმაჲ ერისაჲ.

7. და ვიხილე მე, დანიელ, მარტომან ჩუენება და ჩემთანათა კაცთა არა იხილეს ჩუენება, არამედ, განცჳბრება დიდი დაეცა მათ ზედა და ივლტოდეს შიშისაგან.

8. და მე დავშთი მარტოჲ და ვიხილე ჩუენება ესე დიდი და არა დაშთა ჩემ შორის ძალი, და დიდებაჲ ჩემი გარდაიქცა განხრწნილებად და ვერ ვიპყარ ძალი.

9. და მესმა ჴმაჲ სიტყუათა მისთაჲ და სმენასა შინა ჩემდა ჴმისა სიტყვათა მისთაჲსასა ვიყავ შეჭმუნვილ პირითა ჩემითა, და პირი ჩემი დამედრიკა ქუეყანასა ზედა.

10. და, აჰა, ჴელი შემხები ჩემი, და აღმადგინა მე მუჴლთა ჩემთა ზედა და კუალთა ზედა ფერჴთა ჩემთასა.

11. და თქუა ჩემდამო: დანიელ, კაცო გულისსათქმელო, გულისხუმა-ყუენ სიტყუანი, რომელთა მე ვიტყჳ შენდამი და თქუმასა შინა მისსა ჩემდამო დადეგ დგომასა ზედა შენსა, რამეთუ აწ მოვივლინე შენდამი, და თქმასა შინა მისსა ჩემდამო სიტყჳსა ამისსა აღვდეგ მძრწოლარე.

12. და თქუა ჩემდა მომართ: ნუ გეშინინ, დანიელ, რამეთუ დღითგან პირველით, რომლით მიეც გული შენი გულისხუმის-ყოფად და ძჳრის-ხილვად წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა, სასმენელ ექმნეს სიტყუანი შენნი. და მე მოვედ სიტყუათა შინა შენთა.

13. და მთავარი მეფობისა სპარსთაჲსაჲ დგა წინააღმდგომად ჩემდა ოცდაერთსა დღესა. და, აჰა, მიხაილ, ერთი მთავართაგანი პირველთაჲ მოვიდა შეწევნად ჩემდა. და იგი დაუტევე მუნ მთავარსა თანა მეფობისა სპარსთაჲსასა.

14. და მოვედ გულისხუმის-ყოფად შენდა, რაოდენნი შეემთხჳნენ ერსა შენსა უკანაჲსკნელთა დღეთა ზე, რამეთუ მერმე ხილვაჲ დღეთა მიმართ.

15. და ზრახვასა შინა მისსა ჩემდამო სიტყუათა ამათებრ მივეც პირი ჩემი ქუეყანასა ზედა და შევჭმუნდი.

16. და, აჰა, ვითარცა მსგავსება ძისა კაცისა, შემახო ბაგეთა ჩემთა, და აღვაღე პირი ჩემი, და ვზრახევდ და ვთქუ მდგომარისა მიმართ წინაშე ჩემსა: უფალო, ჩუენებასა შინა შენსა მოიქცეს შინაგანნი ჩემნი ჩემ შორის, და, აჰა, არა მაქუს ძალი.

17. და ვითარ შემძლებელ იქმნეს მონაჲ შენი, უფალო, ზრახვად უფლისა ამის თანა ჩემისა? და ამიერითგან არ დადგეს ჩემ შორის ძალი და მშჳნვაჲ არ დაშთა ჩემ თანა.

18. და შესძინა და შემახო მე, ვითარცა ხილვამან კაცისამან, და განმაძლიერა მე.

19. და მრქუა მე: ნუ გეშინინ, მამაკაცო გულისსათქმელთაო, მშჳდობაჲ შენდა, მჴნობდ და განძლიერდი! და ზრახვასა მისსა ჩემ თანა განვძლიერდი და ვთქუ: იტყოდედ უფალი, რამეთუ განმაძლიერე მე.

20. და მრქუა მე: უკუეთუ უწყი, ვითარმედ მოვედ შენდა მომართ და აწ მივიქცე ბრძოლად მთავრისა თანა სპარსთასა, და მე განვიდოდე და მთავარი ელლინთაჲ მოვიდოდა,

21. არამედ ანუ მიგითხრა შენ შორის დაწესებული წერილსა შორის ჭეშმარიტებისასა. და არა არს ერთიცა თანმოქმედი ჩემ თანა ამათთჳს, გარნა ხოლო მიქაილ, მთავარი თქუენი.