წინაწარმეტყველება ესაიასი

1

1. ხილვა, რომელი იხილა ესაია, ძემან ამოსისმან, რომელი იხილა ძჳნად იუდეასა და ძჳნად იერუსალიმისა მეფობასა შინა ოზიაჲსასა და იოათამისა და აქაზ, და ეზეკიაჲსასა, რომელნი მეფობდეს იუდეას.

2. ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქვეყანაო, რამეთუ უფალი იტყოდა: ძენი ვშვენ და აღვამაღლენ, ხოლო მათ შეურაცხ-მყვეს მე.

3. იცნა ჴარმან მომგებელი, და ვირმან ბაგა უფლისა თვისისა; ხოლო ისრაჱლმან მე არა მიცნა და ერმან ჩემმან მე არა გულისხმა-მყო.

4. ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა და ერსა სავსესა ცოდვითა, თესლი ბოროტი, ძენი უსჯულონი! დაუტევეთ უფალი, განარისხეთ წმიდაჲ ისრაილისა, და უცხო ექმნენით და განსდექით.

5. რად მერმეცა იწყლვით დამრთველნი უშჯულოვებისა? ყოველი თავი ტკივილად და ყოველი გული მწუხარებად.

6. ფერჴთაგან ვიდრე თავამდე არა არს მის შორის სიმრთელე, არცა წყლული, არცა ნაგვემი, არცა ბრძჳლი განსივებული, არა არს სალბუნი დასადებელად, არცა ზეთი, არცა შესაკრველნი.

7. ქვეყანა თქვენი ოჴერ, ქალაქნი თქვენნი ცეცხლით მომწუარ, სოფელსა თქვენსა წინაშე თქვენსა უცხონი მოშჭამენ მას და მოოჴრებულ არს გარდაქცეული ერისა მიერ უცხოთასა.

8. დატევებულ იქმნეს ასული სიონისა, ვითარცა კარავი ვენაჴსა შინა და ვითარცა ხილისსაცავი ნესოანსა შინა, ვითარცა ქალაქი გამოღებული.

9. და არა თუმცა უფალმან საბაოთ დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომიამცა ვიქმნენით და ვითარ გომორრასმცა ვემსგავსენით.

10. ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ მთავართა სოდომისათა, ეკრძალეთ შჯულსა ღმრთისასა ერი გომორრაჲსა.

11. რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი, _ რამეთუ სავსე ვარ მე ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს.

12. არცა მოხვიდეთ ჩვენებად ჩემდა. ვინ გამოიძინა ესენი ჴელთაგან თქვენთა, დათრგუნვად ეზოჲსა ჩემისა არა შესძინოთ?

13. უკეთუ მომართვათ სამინდოჲ ამაო, საკმეველი საძაგელ არს ჩემდა. ახალთთუენი თქვენნი და შაბათნი და დღე დიდი არა თავს-ვიდვა.

14. მარხვა და უქმობაჲ და დღესასწაულნი თქვენნი ძულან სულსა ჩემსა. მექმნენით მე სიმაძღრედ. არღა მერმე ულხინო ცოდვათა თქვენთა.

15. ოდეს განიპყრნეთ ჴელნი თქვენნი ჩემდამო, მივაქცინე თვალნი ჩემნი თქვენგან და, უკეთუ განამრავლოთ ვედრებაჲ, არ შევისმინო თქვენი, რამეთუ ჴელნი თქვენნი სისხლითა სავსე.

16. განიბანენით, წმიდა იქმნენით, მოსპენით უკეთურებანი სულთაგან თქვენთა წინაშე თვალთა ჩემთა, დასცხერით ბოროტთაგან თქვენთა.

17. ისწავეთ კეთილსა ქმნაჲ გამოიძიეთ მშჯავრი, იჴსენით მიმძლავრებული, უსაჯეთ ობოლსა და განამართლეთ ქურივი.

18. და მოვედით და შევიტყუნეთ, _ იტყჳს უფალი, _ და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო.

19. და უკეთუ გინდესთ, და ისმინოთ ჩემი, კეთილნი ქვეყანისანი შჭამნეთ.

20. ხოლო უკეთუ არ გინდესთ, არცა ისმინოთ ჩემი, მახჳლმან შეგჭამნეს თქვენ, რამეთუ პირი უფლისაჲ იტყოდა ამათ:

21. ვითარ იქმნა მეძავ ქალაქი სარწმუნოჲ სიონ, რომელსა შინა სიმართლემან დაიძინა მის შორის, ხოლო აწ კაცისმკლველთა.

22. ვეცხლი თქვენი გამოუცდელ, ხამარნი თქვენნი შერევენ ღვინოსა წყლითა.

23. მთავარნი თქვენნი ურწმუნო, ზიარებ მპარავთა, მოყუარე ძღვენთა, მდევარ მოსაგებელთა ობოლთა არა მშჯელ და მშჯავრსა ქურივთასა არ მიმხედველ.

24. ამისთვის ამათ იტყვის მეფჱ, უფალი საბაოთ ძლიერი ისრაჱლისა: ვაჲ ძლიერთა ისრაჱლისათა, რამეთუ არ დასცხრეს გულისწყრომაჲ ჩემი წინააღმდგომთა შორის, და მშჯავრი მტერთა ჩემთაგან ვყო.

25. და მოვაწიო ჴელი ჩემი შენ ზედა და გამოგაჴურვო შენ სიწმიდედ, ხოლო უსმნი წარვწყმიდნე, და მოვსპნე ყოველნი უშჯულონი შენგან და ყოველნი ამპარტავანნი.

26. დავადგინნე მსაჯულნი შენნი ვითარცა პირველ, და თანმზრახვალნი შენნი ვითარცა დასაბამსა და ამის შემდგომად გეწოდოს! ქალაქი სიმართლისაჲ, დედაქალაქი სარწმუნოჲ - სიონ.

27. რამეთუ მშჯავრისა თანა ცხოვნდეს ტყუეობაჲ მისი და მოწყალებისა თანა.

28. და შეიმუსრნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და დამტევებელნი უფლისანი მოესრულნენ

29. მით, რამეთუ სირცხჳლეულ იქმნენ კერპთა მათთა ზედა, რომელნი მათ ინებნეს, და ჰრცხუენეს გამოქანდაკებულთა მათთა ზედა, რომელნი მათ ქმნნეს. და კდემულ იქმნნეს მტილთა მათთა ზედა, რომელთა გული უთქმიდა,

30. რამეთუ იყვნენ, ვითარცა ბელეკონნი, განმყრელნი ფურცელთანი, და ვითარცა სამოთხე, არმქონებელი წყლისაჲ.

31. და იყოს ძალი მათი, ვითარცა ლელწამი სელისაჲ, და მოქმედებანი მათნი, ვითარცა ნაბერწყალი ცეცხლისაჲ. და დაიწუნენ უშჯულონი და ცოდვილნი ერთბამად, და არა იყოს დამშრეტელ.

2

1. სიტყვა ქმნილი ესაიაჲს მიმართ, ძისა ამოსისა, იუდეასათჳს და იერუსალჱმისა.

2. ვითარმედ იყოს უკანასკნელთა დღეთა საჩინო მთაჲ უფლისაჲ და სახლი ღმრთისაჲ მწუერვალთა ზედა მთათასა და ამაღლდეს ზეშთა ზედაჲთ ბორცუთასა და მოვიდოდიან მისდამი ყოველნი წარმართნი.

3. და მოუჴდენ ნათესავნი მრავალნი და იტყოდიან: მოვედით, აღვიდეთ მთად უფლისა და სახიდ ღმრთისა იაკობისსა. და მომითხრას ჩვენ გზაჲ თჳსი, და ვიდოდით მას შინა, რამეთუ სიონით გამოვიდეს შჯული და სიტყვა უფლისაჲ იერუსალჱმით.

4. და შჯიდეს შორის ნათესავთასა და ამხილოს ერსა მრავალსა, და თანად დაშჭრიდენ მახვილებსა მათსა საჴნისად და ლახურებსა მათსა მანგლად. და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახჳლი და არღა ისწავებდენ მერმე ბრძოლასა.

5. და აწ შენ, სახლო იაკობისაო, მოვედით და ვიდოდით ნათელსა უფლისასა,

6. რამეთუ დაუტევა ერი თჳსი, სახლი იაკობისი, რამეთუ აღივსო ვითარცა დასაბამსა სოფელი მათი მისნობითა, ვითარცა უცხოტომთაჲ და შვილნი მრავალნი უცხოტომნი იყვნეს მათდა,

7. რამეთუ აღივსო სოფელი მათი ვერცხლითა და ოქროჲთა, და არა იყო რიცხჳ საუნჯეთა მათთა და აღივსო ქვეყანა მათი ცხენებითა, და არა იყო რიცხჳ ეტლებისა მათისაჲ.

8. და აღივსო ქვეყანაჲ საძაგელებათაგან საქმეთა ჴელთა მათთასა და თაყვანის-სცეს, რომელნი ქმნნეს თითთა მათთა.

9. და მოდრკა კაცი და დამდაბლდა მამაკაცი, და არა ულხინო მათ.

10. და აწ შევედით კლდეთა მიმართ და დაიმალენით ქვეყანასა შინა პირისაგან შიშისა უფლისაჲსა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს მოსრვად ქვეყანისა,

11. რამეთუ თვალნი უფლისანი მაღალ, ხოლო კაცი მდაბალ. და დამდაბლდეს სიმაღლე კაცთა და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა,

12. რამეთუ დღე უფლისა საბაოთისა მოიწიოს ყოველსა ზედა მაგინებელსა და ამპარტავანსა და ყოველსა ზედა მაღალსა და განსაცხრომელსა, და დამდაბლდენ,

13. და ყოველსა ზედა ნაძუსა ლიბანისსა, მაღალთა და განსაცხრომელთა და ყოველსა ზედა ხესა რკოჲსასა ბასანურსა,

14. და ყოველსა ზედა მთასა მაღალსა, და ყოველსა ზედა ბორცუსა მაღალსა,

15. და ყოველსა ზედა ზღუდესა მაღალსა, და ყოველსა ზედა გოდოლსა მაღალსა,

16. და ყოველსა ზედა ნავსა ზღჳსასა, და ყოველსა ზედა ხილვასა ნავთა შუენიერებისასა.

17. და დამდაბლდეს ყოველი კაცი და დაეცეს სიმაღლე კაცთაჲ და ამაღლდეს უფალი მხოლოჲ მას დღესა შინა.

18. და ჴელითქმნულნი ყოველნი დამალნენ

19. შემხუმელთა ქუაბებისა მიმართ და დანახეთქებისა კლდეთასა და ნაპრალთა მიმართ ქუეყანისათა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძალისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა,

20. რამეთუ მას დღესა გამოიხუნეს კაცმან საძაგელნი თვისნი ოქროსანი და ვეცხლისანი, რომელნი ქმნნეს თაყვანის-საცემელად ამაოთა და მღამიობთა,

21. შესლვად ნაპრალებსა მყარისა კლდისასა, და ჴურელებსა კლდეთასა პირისაგან შიშისა უფლისა და დიდებისაგან ძლიერებისა მისისა, ოდეს აღდგეს სრვად ქვეყანისა.

22. და დასცხრენით კაცისაგან, რომლისა სამშჳნველი მისი ცხჳრთა შინა მისთა არს, რამეთუ რაჲსა შერაცხილ იქმნა მათდა?

3

1. აჰა, მეუფჱ უფალი საბაოთ მოსპოლავს იერუსალემისაგან და იუდეასაგან შემძლებელსა მამაკაცსა და შემძლებელსა დედაკაცსა, ძალსა პურისასა და ძალსა წყლისასა,

2. გმირსა და შემძლებელსა, კაცსა მბრძოლსა და მსაჯულსა, და წინასწარმეტყველსა და მოჰაზრესა და მოხუცებულსა

3. და ერგასისთავსა და საკჳრველსა თანამზრახვალსა და ბრძენსა ხუროთმოძღვარსა და გულისხმის-მყოფელსა მსმენელსა.

4. და დავადგინნე ჭაბუკნი მთავრად მათდა და მემღერენი ეუფლებოდიან მათ.

5. და დაეცეს ერი, კაცი კაცისა მიმართ და კაცი მოყუსისა მიმართ მისისა, წარეკუეთოს ყრმა მოხუცებულისა მიმართ, უპატივოჲ პატიოსნისა მიმართ,

6. რამეთუ შეიპყრეს კაცმან ძმაჲ თვისი, ანუ სახლეული მამისა თვისისა მეტყუელმან: შესამოსელი გაქუს, წინამძღვარ ჩვენდა იქმენ და ჭამადი ჩვენი შენ ქუეშე იყოს.

7. და მიმგებელმან მას დღესა შინა თქვას: არა ვიყო მე თქვენდა წინამძღვარ, რამეთუ არა არს სახლსა შინა ჩემსა პური, არცა სამოსელი. არა ვიყო მე წინამძღვარ ერისა ამის.

8. რამეთუ დატევებულ იქმნა იერუსალემი, და იუდეაჲ დაეცა და ენანი მათნი უშჯულოებით უფლისა მიმართ ურწმუნოებენ.

9. მით, რამეთუ აწ დამდაბლდა დიდება მათი და სირცხჳლი პირისა მათისა აღუდგა მათ, და ცოდვა მათი, ვითარცა სოდომელთაჲ, მიუთხრეს და გამოაჩინეს ვაჲ სულისა მათისა მით, რამეთუ განიზრახეს განზრახვა ბოროტი ძჳნად თავთა მათთა.

10. და მეტყუელთა: შევკრათ მართალი, რამეთუ ძნელ საჴუმეველ არს ჩუენდა. აწ სადმე ნაშრომთა საქმეთა მათთასა ჭამდენ.

11. ვაჲ უშჯულოსა, ბოროტნი საქმეთაებრ მისთა თანა შთავიდენ მისსა.

12. ერო ჩემო, მეხარკენი თქვენნი მოგკუფხლვენ თქვენ! და მიმჴდელნი გეუფლებიან თქვენ. ერო ჩემო, მნეტარებელნი თქვენნი გაცთუნებენ თქვენ და კუალებსა ფერჴთა თქვენთასა აღაშფოთებენ.

13. არამედ აწ დადგის სასჯელად უფალი და დაადგინოს შჯად ერი თვისი.

14. თჳთ უფალი საშჯელად მოვიდეს მოხუცებულთა თანა ერისათა და მთავართა თანა მისთა, ხოლო თქვენ რად მოსწჳთ ვენაჴი ჩემი და ნატაცები გლახაკისაჲ, სახლთა შინა თქვენთა?

15. რად ჰმძლავრობთ თქვენ ერსა ჩემსა და პირსა გლახაკთასა არცხუენთ? ამას იტყჳს უფალი, მეუფჱ საბაოთ.

16. ამათ იტყჳს უფალი მათ წილ, რომელ ამაღლდეს ასულნი სიონისანი და ვიდოდეს ქედითა მაღლითა და წამის-ყოფითა თვალთათა, და სლვასა ფერჴთასა თანამთრეველნი სამოსელთანი და ფერჴებითა თანად მომღერალნი.

17. და დაამდაბლებს უფალი მთავრობათა ასულთა სიონისათა და უფალი გამოაცხადებს სახესა მათსა.

18. მას დღესა შინა და მოსპობს უფალი დიდებასა შემოსილებისა მათისასა და შეწყობილებასა მათსა.

19. და შესაკრველთა ფესუედთა და ქედისა სახუეველთა მკობილთა.

20. და მოსაბლარდნელსა და სამკაულსა პირისა მათისასა და შეწყობასა სამკაულისა დიდებისასა და დასტანაგებსა და სალტებსა და შეთხზულებსა

21. და ბეჭდებსა და სამარჯუნეებსა და საყურებსა

22. და პორფირისგარეთა და საშუალთა პორფირთა და ზედასასხმელთა სასახლეთა და საჩინოთა ლაკონიკურთა.

23. და ბისსონისათა და ჳაკინთისათა და ძოწეულთა და ბისსონსა ოქროჲსა თანა და ჳაკინთისა თანამოქსოილსა და თერისტროთა განტკეცილთა.

24. და იყოს ნაცვლად საყნოსისა ტკბილისა მტუერი და ნაცვლად სარტყლისა საბელი მოირტყა და ნაცვლად თავისსამკაულისა ოქროანისა სიმტიერე გაქუნდეს საქმეთათჳს შენთა. და ნაცვლად შესამოსლისა შუა პორფირისასა გარემოირტყა ძაძაჲ.

25. და ძე შენი უკეთესი, რომელი გიყვარს, მახჳლითა დაეცეს და შემძლებელნი თქვენნი მახჳლითა დაეცნენ.

26. და დამბალბდენ და გოდებდენ შთასადებელნი სამკაულისა თქვენისანი და დაშთე მხოლოჲ და ქვეყანად მიმართ დაიატაკდე.

4

1. და შეიპყრან შჳდთა დედათა ერთი მამაცი მეტყუელთა: პური ჩუენი ვშჭამოთ და სამოსელნი ჩვენნი შევიმოსნეთ, ოდენ სახელი იწოდენ ჩუენ ზედა, მომისპე ყუედრება ჩვენი.

2. ხოლო მას დღესა ზედგამობრწყინდეს ღმერთი განზრახვისა მიერ დიდებისა თანა ქვეყანასა ზედა, ამაღლებად და დიდებად ნეშტსა ისრაილისასა.

3. და იყოს დატევებული სიონს და დაშთომილი იერუსალიმს შინა, წმიდად იწოდებოდიან ყოველნი დაწერილნი ცხოვრებად იერუსალიმს შინა,

4. რამეთუ განჰრცხის უფალი მწიკულსა ძეთა და ასულთა სიონისათასა და სისხლსა იერუსალიმისასა განსწმედს, საშუალისაგან მისისა სულითა განკითხვისათა და სულითა დაწუვისათა.

5. და მოვიდეს და იყოს ყოველი ადგილი მთისა სიონისაჲსა და ყოველნი გარემონი მისნი, აგრილობდეს ღრუბელი დღისი და ვითარცა კუამლითა და ნათლითა ცეცხლისა მგზებარისათა - ღამე, დიდებითა დაფაროს ყოველი.

6. და იყოს საჩრდილობელად სიცხისაგან, დასაფარველისა შორის და დაფარულსა შინა სიფიცხისაგან და წჳმისა.

5

1. უქო შეყუარებულსა ქება საყვარელისა ვენაჴსა ჩემსა.

2. ვენაჴი ექმნა შეყვარებულსა რქისა მიერ ადგილსა შინა პოხილსა და ზღუდე გარემოვსდევ და მოვიკრძალე და დავჰნერგე ვენაჴი სორექი და აღვაშენე გოდოლი საშუალ მისა, და წინ სასაწნეხელე მოვთხარე მას შინა, და ველოდე ყოფად ყურძნისა, ხოლო ყუნა ეკალნი.

3. და აწ, მკჳდრთა იერუსალიმისათა და კაცმან იუდასმან, საჯეთღა ჩემ შორის და საშუალ ვენაჴისა ჩემისა!

4. რაჲ უყო მერმე ვენაჴსა ჩემსა, და არა უყავ მას? მით, რამეთუ ვჰგებდი, რაჲთა ყოს ყურძენი, ხოლო ყვნა ეკალნი?

5. აწ უკვე მიგითხრა თქვენ, თუ რაჲ უყო მე ვენაჴსა ჩემსა: მოვძარცო ღობე მისი და იყოს დასატაცებელ, და დავარღჳო ზღუდე მისი და იყოს დასათრგუნველ,

6. და დაუტევო ვენაჴი ჩემი: და არა მოისხლას და არცა მოითოჴნოს, და აღმოსცენდენ, ვითარცა კორდსა შინა ეკალნი და ღრუბელთა ვამცნებ არა წჳმად მის ზედა წვიმაჲ.

7. რამეთუ ვენაჴი უფლისა საბაოთისი სახლი ისრაილისა არს და კაცი იუდაჲსაი - ახალნერგი შეყვარებული. ველოდე, რაჲთამცა ყო მშჯავრი, ხოლო ყო უშჯულოება; და არა სიმართლე, არამედ ღაღადება.

8. ვაჲ, რომელნი შეაყოფენ სახლსა სახლისა მიმართ, და აგარაკსა აგარაკისა მიმართ შეაახლებენ, რაჲთა მოყვასსა მო-რამე-ჰხუეჭონ, ნუ მარტონი დაემკჳდრნეთა ქვეყანასა ზედა?

9. რამეთუ ისმინეს ყურთა უფლისა საბაოთისთა ესენი: რამეთუ, უკეთუ იქმნენ სახლნი მრავალნი, საოჴრად იყვნენ დიდნი და კარგნი, და არა იყვნენ შორის მკვიდრნი,

10. რამეთუ სადა იქმოდის ათი უღელი ჴართაჲ, ქმნას ლაგვინი ერთი, და მთესველმან სათუელისა ექუსისამან ქმნას საწყაული სამი.

11. ვაჲ, რომელნი აღდგებიან განთიად და თაფლუჭსა სდევენ, დაადგრებიან მწუხრამდე, რამეთუ ღვინომან შეწუნეს იგინი.

12. რამეთუ ქნარისა თანა და საფსალმუნისა და ავლთა ღვინოსა სუმენ, ხოლო საქმეთა უფლისათა არა ხედვენ და საქმეთა ჴელთა მისთასა არ განიცდიან.

13. ვინაჲცა ტყუე იქმნა ერი ჩემი არცნობისათვის მათგან უფლისა, და სიმრავლე მკუდართა შეიქმნა სიყმილისა მიერ და წყურილისა წყლისა.

14. განავრცო ჯოჯოხეთმან გუამი თვისი და აღაღო პირი მისი არა მოკლებად და შთავიდედ დიდებულნი და დიდნი და მდიდარნი და ბილწებანი მისნი და მოხარულნი მას შინა.

15. და დამდაბლდეს კაცი, და შეურაცხ იქმნეს მამაკაცი და თვალნი განმცხრომელნი დამდაბლდენ.

16. და ამაღლდეს უფალი საბაოთ საშჯელსა შინა და ღმვრთი წმიდა იდიდოს სიმართლესა შინა.

17. და ძოვდენ განთესულნი, ვითარცა კურონი, და უდაბნოთა და ქადებულთასა კრავნი ჭამდენ.

18. ვაჲ, რომელნი მოიზიდვენ ცოდვათა მათთა, ვითარცა საბლითა გრძელითა, და, ვითარცა უღლითა ევნითა დიაკეულისათა, უშჯულოებათა,

19. რომელნი იტყვიან: მალიად მოეახლენინ, რომელთა ჰყოფს, რაჲთა ვიხილოთ. და მოვედინ განზრახვა წმიდისა ისრაჱლისაჲ, რაჲთა ვცნათ.

20. ვაჲ, რომელნი იტყჳან ბოროტსა კეთილად და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად და ტკბილსა მწარედ!

21. ვაჲ, რომელნი ბრძენ არიან თავით თვისით და წინაშე მათსა ზედმიწევნულებ!

22. ვაჲ, რომელნი გმძლავრობენ თქვენ, რომელნი ღჳნოსა სუმენ. ძლიერნი, რომელნი წდევენ თაფლუჭსა,

23. რომელნი განამართლებენ უთნოსა ქრთამისათვის და სამართალსა მართლისასა აღიღებენ!

24. ამისთვის, ვითარსახედ დაიწუების ლელწამი ნაკუერცხლისაგან ცეცხლისა, და თან დაიწვას ალისაგან აღტყინებულისა ძირი მათი, ვითარცა ნაცარი იყოს; და ყუავილი მათი, ვითარცა მტუერი, აღვიდეს, რამეთუ არა ინებეს შჯული უფლისაჲ საბაოთისი, არამედ სიტყვა წმიდისა ისრაჱლისა განაძვინეს.

25. და გულმწყრალ იქმნა რისხვა უფლისა საბაოთისი ერსა მისსა ზედა. და მიყო ჴელი მისი მათ ზედა და დასცნა იგინი. და განძვინდეს მთანი და იქმნეს მძორნი მათნი, ვითარცა სკორე, შორის გზასა,. და ამას ყოველსა ზედა არა მოიქცა გულისწყრომა მისი, არამედ მერმეცა ჴელი მისი მაღალ.

26. ესრეთ უკუე აღიღოს სასწაული წარმართთა მიმართ შორიელთა და მოზიდნეს იგინი კიდით ქუეყანისათ, და, აჰა, მსწრაფლ სუბუქად მოვლენ.

27. არა შიისყე, არცა დაშურებიან, არცა ჰრულის, არცა დაიძინებენ, არცა განიჴსნიან სარტყელთა მათთა წელთა შინა მათთა, არცა მოერღუნენ ბაწარნი ჴამლთა მათთანი,

28. რომელთანი ისარნი მახჳლ არიან და მშჳლდნი მათნი გარდაცმულებ. ფერჴნი ცხენთა მათთანი, ვითარცა მყარი კლდე შეირაცხნეს, ეტლისთვალნი ეტლთა მათთანი - ვითარცა ნიავქარი.

29. მიიმართებენ ვითარცა ლომნი, და წარმოდგენ, ვითარცა ლეკუნი ლომისანი, და შეიპყრას და ჴმა-ყოს, ვითარცა მჴეცმა და განჴადოს და არა იყოს მჴსნელი მათი.

30. და ჴმა-ყოს მის მიერ მას დღესა, ვითარცა ჴმაჲ ზღვისა მღელვარისა, და მიიხილონ ცად მიმართ ზე და ქუეყანად დამართ ქუე. და, აჰა, ბნელი ფიცხელი სლვასა შინა მათსა.