დავით წინასწარმეტყველისა მიერ ქებაჲ

81
ფსალმუნი, გალობაჲ ასაფისი

1. ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა, ხოლო შორის ღმერთნი განიკითხნეს.

2. ვიდრემდის შჯიდეთ სიცრუესა და თუალთა აღებდეთ ცოდვილთა?

3. უსაჯეთ ობოლსა და გლახაკსა, და მდაბალი და დავრდომილი განამართლეთ;

4. განარინეთ გლახაკი და დავრდომილი და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსენით იგი.

5. არა ცნეს, არცა გულისჴმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან; შეიძრნედ ყოველნი საფუძველნი ქუეყანისანი.

6. მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი;

7. ხოლო თქუენ, ვითარცა კაცნი, მოსწყდებით და, ვითარცა ერთი მთავართაგანი, დაეცემით.

8. აღდეგ, ღმერთო, განსაჯე ქუეყანა, რამეთუ შენ დაიმკჳდრო ყოველთა შორის წარმართთა.

82

1. ფსალმუნი, გალობაჲ ასაფისი

2. ღმერთო, ვინ გემსგავსოს შენ? ნუ დასდუმდები, ნუცა დამშჳდნები, ღმერთო.

3. რამეთუ, ესერა, მტერთა შენთა იზახეს, და მოძულეთა შენთა აიღეს თავი.

4. ერსა შენსა ზედა ძმაცუიდეს ზაკვით და განიზრახეს წმიდათა შენთათჳს;

5. და თქუეს: მოდით და მოვსრნეთ იგინი თესლთაგან, და არღარა მოიჴსენოს სახელი ისრაჱლისა.

6. რამეთუ ზრახეს შეთქმით ურთიერთას და შენთჳს აღთქმა-ყვეს

7. ბანაკმან იდუმელთამან და ისმაიტელთამან, მოაბ და აგარიანთა,

8. გებალ, ამონ და ამალეკ და უცხოთესლთა დამკჳდრებულთა თანა ტჳროსისათა.

9. და რამეთუ ასურცა მოსრულ იყო მათ თანავე და ექმნეს თანაშემწე ძეთა მათ ლოთისთა.

10. ჰყვენ იგინი, ვითარცა მადიამი და სისარა და ვითარცა იაბი ჴევსა მას კიშონისასა.

11. მოისრნეს იგინი აენდრს შინა და იქმნეს იგინი, ვითარცა სკორე ქუეყანისა.

12. დასხენ მთავარნი მათნი, ვითარცა ორებ და ზიბ და ზებეე და სალმონა, ყოველნი მთავარნი მათნი,

13. რომელთა თქუეს: დავიმკჳდროთ თჳსად სიწმიდე ღმრთისაჲ.

14. ღმერთო ჩემო, ყვენ იგინი, ვითარცა ურმისთუალი და ვითარცა ლერწამი წინაშე პირსა ქარისასა.

15. ვითარცა ცეცხლმან რა მოწუნის მაღნარნი და ვითარცა ალმან, რომელმან შეწუნის მთანი,

16. ეგრეთ სდევნნე იგინი ნიავქარითა შენითა და რისხვითა შენითა შეაძრწუნენ იგინი.

17. აღავსე პირი მათი გინებითა, და მოიძიონ სახელი შენი, უფალო.

18. ჰრცხუენოდედ და შეძრწუნდედ უკუნითი უკუნისამდე და სირცხჳლეულ იქმნედ და წარწყმდედ.

19. და ცნედ, რამეთუ სახელი შენი უფალ არს, და შენ მხოლო მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა.

83

1. დასასრულსა, საწნეხელთათჳს, ძეთა კორესთა ფსალმუნი

2. ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო ძალთაო!

3. ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა, გული ჩემი და ჴორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა.

4. და რამეთუ სირმანცა პოვა თავისა თჳსისა სახელი და გურიტმან ბუდე თჳსი, სადა დაისხნეს მართუენი თჳსნი; საკურთხეველი შენი, უფალო ძალთაო, მეუფეო ჩემო და ღმერთო ჩემო.

5. ნეტარ არიან, რომელნი დამკჳდრებულ არიან სახლსა შენსა, უკუნითი უკუნისამდე გაქებდენ შენ.

6. ნეტარ არს კაცი, რომლისა შეწევნა მისი შენგან არს; აღსლვა გულსა თჳსსა დაიდვა

7. ღელესა მას გლოვისასა, ადგილსა მას, რომელსაცა აღუთქუა,

8. და რამეთუ კურთხევა მოსცეს, რომელმანცა შჯული დადვა. ვიდოდიან იგინი ძალითი ძალად, და გამოუჩნდეს მათ ღმერთი ღმერთთა სიონს.

9. უფალო ღმერთო ძალთაო, ისმინე ლოცვისა ჩემისა, ყურად-იღე, ღმერთო იაკობისაო.

10. მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.

11. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.

12. რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან;

13. უფალმან არა მოაკლოს კეთილი, რომელნი ვლენან უბიწოდ. უფალო ღმერთო ძალთაო, ნეტარ არს კაცი, რომელი გესავს შენ.

84

1. დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი

2. გთნდა, უფალო, ქუეყანა შენი, მოაქციე ტყუჱ იაკობისი.

3. მიუტევენ უსჯულოებანი ერსა შენსა, დაფარენ ყოველნი ცოდვანი მათნი.

4. დააცხრვე ყოველი გულისწყრომა შენი, მოაქციე რისხვისაგან გულისწყრომისა შენისა.

5. მომაქციენ ჩუენ, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, და გარეწარაქციე რისხვაჲ შენი ჩუენგან.

6. ნუ უკუნისამდე მრისხავ ჩუენ, ნუცა განაგრძობ რისხვასა შენსა თესლითი თესლადმდე.

7. ღმერთო, შენ მომაქცინე და მაცხოვნნე ჩუენ, და ერი შენი იხარებდეს შენდამი.

8. მიჩუენე ჩუენ, უფალო, წყალობაჲ შენი და მაცხოვარებაჲ შენი მომეც ჩუენ.

9. ვისმინო მე, რასაცა მეტყოდის უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ იტყოდის იგი მშჳდობასა ერისა თჳსისა ზედა და წმიდათა მისთა ზედა და მათ ზედაცა, რომელთა მოუქცევიან გულნი მისა მიმართ.

10. რამეთუ ახს მოშიშთა მისთა მაცხოვარებაჲ მისი დამკჳდრებად დიდებაჲ მისი ქუეყანასა ჩუენსა.

11. წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ შეიმთხჳნეს, სიმართლემან და მშჳდობამან ამბორს-უყვეს.

12. ჭეშმარიტებაჲ ქუეყანით აღმოსცენდა და სიმართლე ზეცით გამოჩნდა.

13. და რამეთუ უფალმან მოსცეს სიტკბოებაჲ, და ქუეყანამან ჩუენმან გამოსცეს ნაყოფი თჳსი.

14. სიმართლე მის წინაშე ვიდოდის, და დადვას გზად სლვა თჳსი. დიდებაჲ

85
ლოცვა დავითისი

1. მოყავ, უფალო, ყური შენი და ისმინე ჩემი, რამეთუ გლახაკ და დავრდომილ ვარი მე.

2. იცევ სული ჩემი, რამეთუ წმიდა ვარ, აცხოვნე მონა შენი, ღმერთო ჩემო, რომელი გესავ შენ.

3. მიწყალე მე, უფალო, რამეთუ შენდამი ღაღად-ვყავ მარადღე.

4. ახარე სულსა მონისა შენისასა, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.

5. რამეთუ შენ, უფალი, ტკბილ და მართალ ხარ და დიდად მოწყალე ყოველთათჳს, რომელნი გხადიან შენ.

6. ყურად-იღე, უფალო, ლოცვა ჩემი და მოხედენ ჴმასა ვედრებისა ჩემისასა.

7. დღესა ჭირისა ჩემისასა ღაღად-ვყავ შენდამი, რამეთუ ისმინე ჩემი.

8. არა არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო, და არა არს საქმე შენთაებრ.

9. ყოველი თესლები, რაოდენი ჰქმენ, მოვიდენ და თაყუანის-გცენ წინაშე შენსა, უფალო, და ადიდებდენ სახელსა შენსა, უფალო.

10. რამეთუ დიდ ხარ შენ, და მოქმედი საკჳრველებათა შენ ხარ ღმერთი მხოლო.

11. მიძღოდე მე, უფალო, გზათა შენთა და ვიდოდი მე ჭეშმარიტებითა შენითა; იხარებდეს გული ჩემი შიშითა სახელისა შენისათა.

12. აღგიარო შენ, უფალო ყოვლითა გულითა ჩემითა და ვადიდო სახელი შენი უკუნისამდე;

13. რამეთუ დიდ არს წყალობაჲ შენი ჩემ ზედა, და იჴსენ სული ჩემი ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა.

14. ღმერთო, უსჯულონი აღდგეს ჩემ ზედა, და კრებულმან ძლიერთამან იძიეს სული ჩემი და არა შეგრაცხეს შენ წინაშე მათსა.

15. და შენ, უფალო ღმერთო ჩემო, შემწყნარებელ ხარ და მოწყალე, სულგრძელ და დიდად მოწყალე და ჭეშმარიტ.

16. მოიხილე ჩემ ზედა და შემეწიე მე, მოეც ძალი მონასა შენსა და აცხოვნე ძე მჴევლისა შენისა.

17. ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე და ნუგეშინის-მეც მე.

86

1. ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა, საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.

2. უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.

3. დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.

4. მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ.

5. დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.

6. უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.

7. ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.

87

1. დასასრულსა, მალეთისთჳს მიგებად, სიტყუაჲ გონიერებისა ეთამ ისრაიტელისა, გალობაჲ ფსალმუნი ძეთა კორესთა

2. უფალო ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, დღისი ჴმა-ვყავ და ღამე წინაშე შენსა;

3. შევედინ შენ წინაშე ლოცვა ჩემი, მოყავ ყური შენი ვედრებასა ჩემსა.

4. რამეთუ აღივსო ძჳრთაგან სული ჩემი, და ცხორებაჲ ჯოჯოხეთსა მიეახლა.

5. შევირაცხე მე მათ თანა, რომელნი შთავიდოდეს მღჳმესა; ვიქმენ მე, ვითარცა კაცი შეუწევნელი,

6. მკუდართა თანა თავისუფალ და ვითარცა წყლულნი, დაძინებულნი სამარებსა, რომელთა არღა მოიჴსენე, და ესენი ჴელისა შენისაგან განეშორნეს.

7. დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა.

8. ჩემ ზედა განმტკიცნა გულისწყრომა შენი, და ყოველნი განსაცხრომელნი შენნი მოავლინენ ჩემ ზედა.

9. განმაშორენ ჩემგან მეცნიერნი ჩემნი, და შემრაცხეს მე საძაგელად მათდა; მივეცი და არა გამოვიდოდე.

10. და თუალნი ჩვმნი მოუძლურდეს გლახაკებითა; ღაღად-ვყავ შენდამი, უფალო, და მარადღე განვიპყრენ შენდამი ჴელნი ჩემნი.

11. მკუდართათჳს ნუ ჰყოა საკჳრველი? ანუ მკურნალთა აღადგინონ და აღგიარონ შენ?

12. მი-მე-ვინ-უთხრობდეს სამარესა შინა წყალობასა შენსა და ჭეშმარიტებასა შენსა წარსაწყმედელსა შინა?

13. საცნაურ ნუ იქმნესა ბნელსა შინა საკჳრველებაჲ შენი და სიმართლე შენი ქუეყანასა მას დავიწყებულსა?

14. და მე შენდამი, უფალო, ღაღად-ვყავ, და ცისკარსა ლოცვა ჩემი მიგეწიფოს შენ.

15. რადმე, უფალო, განიშორებ სულსა ჩემსა და გარემიიქცევ პირსა შენსა ჩემგან?

16. გლახაკ ვარი მე და შრომასა ჩემსა სიყრმით ჩემითგან, ხოლო ავმაღლდი რაჲ, დავმდაბლდი და შევსულბი.

17. ჩემ ზედა გარდაჴდეს რისხვანი შენნი, და საშინელებათა შენთა შემაძრწუნეს მე.

18. გარემომადგეს მე ვითარცა წყალნი, მარადღე შემიცვეს მე ერთბამად.

19. განმაშორენ ჩემგან მეგობარი და მახლობელი და მეცნიერნი ჩემნი გლახაკობითა ჩემითა. დიდება

88

1. გულისჴმის-ყოფისათჳს ეთამ ეზრაიტელისა, ფსალმუნი დავითისი

2. წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე უგალობდე; თესლითი თესლამღე მიუთხრობდე ჭეშმარიტებასა შენსა პირითა ჩემითა.

3. რამეთუ სთქუ: უკუნისამდე წყალობაჲ აღეშენოს, და ცათა შინა განემზადოს ჭეშმარიტებაჲ შენი.

4. ვყავ აღთქმა რჩეულთა ჩემთა თანა და ვეფუცე დავითს, მონასა ჩემსა;

5. უკუნისამდე განვჰმზადო ნათესავი შენი და აღვაშენო თესლითი თესლამდე საყდარი შენი.

6. აღიარებდენ ცანი საკჳრველებათა შენთა, უფალო, და ჭეშმარიტებასა შენსა ეკლესიასა შინა წმიდათასა.

7. რამეთუ ვინ ღრუბელთა შინა ესწოროს უფალსა და ემსგავსოს უფალსა ძეთა შორის ღმრთისათა?

8. ღმერთი დიდებულ არს ზრახვასა შინა წმიდათასა, დიდ არს და საშინელ ყოველთა ზედა, რომელნი არიან გარემოს მისა.

9. უფალო ღმერთო ძალთაო, ვინ გემსგავსოს შენ? ძლიერ ხარ შენ, უფალო, და ჭეშმარიტებაჲ შენი გარემო არს შენსა.

10. შენ უფლებ ძალსა ზედა ზღუათასა და აღძრვასა ღელვათა მისთასა შენ დაამშჳდებ.

11. შენ დაამდაბლე, ვითარცა წყლული, ამპარტავანი და მკლავითა ძლიერებისა შენისათა განაბნიენ მტერნი შენნი.

12. შენნი არიან ცანი და შენი არს ქუეყანა, სოფელი და სავსებაჲ მისი შენ დააფუძნე.

13. ჩრდილო და ბღუარი შენ შეჰქმენ, თაბორი და ერმონი სახელითა შენითა იხარებდენ.

14. შენი მკლავი ძლიერებით, განძლიერდინ ჴელი შენი და ამაღლდინ მარჯუენე შენი.

15. სიმართლე და განკითხვა არს განმზადებაჲ საყდრისა შენისა, წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ ვიდოდიან წინაშე პირსა შენსა.

16. ნეტარ არს ერი იგი, რომელმან იცის გალობაჲ შენი; უფალო, ნათლითა პირისა შენისათა ვიდოდიან,

17. და სახელითა შენითა იხარებდენ მარადღე და სიმართლითა შენითა ამაღლდენ.

18. რამეთუ სიქადული ძალისა მათისა შენ ხარ, და ნებითა შენითა ამაღლდეს რქაჲ ჩუენი.

19. რამეთუ უფლისაჲ არს შეწევნა და წმიდისა, ისრაჱლ, მეუფისა ჩუენისა.

20. მაშინ ეტყოდე ჩუენებით ნაშობთა შენთა და სთქუ: დავსდევ შეწევნა ძლიერსა ზედა და აღვამაღლე რჩეული ერისაგან ჩემისა.

21. ვპოე დავით, მონაჲ ჩემი, და საცხებელი წმიდაჲ ჩემი ვსცხე მას.

22. რამეთუ ჴელი ჩემი შეეწიოს მას, და მკლავმან ჩემმან განაძლიეროს იგი.

23. არა ირგოს მტერმან მისგან, და შვილმან უსჯულოებისამან ვერ შესძინოს ვნებად მისა.

24. და მოვსრნე პირისაგან მისისა მტერნი მისნი და მოძულენი მისნი დავამჴუნე.

25. წყალობაჲ ჩემი და ჭეშმარიტებაჲ ჩემი მის თანა, და სახელითა ჩემითა ამაღლდეს რქაჲ მისი;

26. და დავდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა _ მარჯუენე მისი.

27. მან მხადოს მე: მამა ჩემი ხარი შენ, ღმერთი ჩემი და შემწყნარებელი ცხორებისა ჩემისა.

28. და მე პირმშოდ დავადგინო იგი უმაღლეს უფროს მეფეთა ქუეყანისათა.

29. უკუნისამდე დაუმარხო მას წყალობაჲ ჩემი, და აღთქმა ჩემი ერწმუნოს მას.

30. და ეგოს უკუნითი უკუნისამდე თესლი მისი და საყდარი მისი, ვითარცა დღენი ცისანი.

31. და-თუ-უტეონ შვილთა მათთა შჯული ჩემი და სამართალთა ჩემთა არა ვიდოდიან,

32. სიმართლენი ჩემნი თუ შეაბილწნენ და მცნებანი ჩემნი არა დაიმარხნენ,

33. განვიხილნე კუერთხითა უსჯულოებანი მათნი და გუემითა უსამართლობანი მათნი;

34. ხოლო წყალობაჲ ჩემი არავე განვაქარვო მისგან, არცა ვვცრუვო ჭეშმარიტებასა ჩემსა,

35. არცა შევაგინო აღთქმა ჩემი და, რაჲ-იგი აღმოჴდა ბაგეთა ჩემთა, არა შეურაცხ-ვყო.

36. ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს და მე არა ვეცრუვო მას.

37. ნათესავი მისი უკუნისამდე ეგოს, და საყდარი მისი, ვითარცა მზე, წინაშე ჩემსა,

38. და ვითარცა მთოვარე განმტკიცებული უკუნისამდე და მოწამე სარწმუნო ცათა შინა.

39. ხოლო შენ განიშორე და შეურაცხ-ჰყავ და განაგდე ცხებული შენი;

40. და აქციე აღთქმა მონისა შენისა, შეაგინე ქუეყანასა ზედა სიწმიდე მისი.

41. დაარღჳენ ყოველნი ზღუდენი მისნი და ჰყვენ სიმტკიცენი მისნი შეძრწუნებულ;

42. და მიმოდაიტაცებდეს მას ყოველნი თანაწარმავალნი გზისანი, და იქმნა იგი საყუედრელ გარემოსთა მისთა.

43. აღამაღლე მარჯუენე მაჭირვებელთა მისთა და ახარე ყოველთა მტერთა მისთა;

44. გარემიაქციე შეწევნა მახჳლისა მისისა და არა შეეწიე ბრძოლასა შინა.

45. დაჰჴსენ სიწმიდე მისი და საყდარი მისი ქუეყანასა ზედა დაამჴუ;

46. შეამცირენ დღენი ჟამთა მისთანი და მიჰფინე მის ზედა სირცხჳლი.

47. ვიდრემდის, უფალო, გარემიიქცევი სრულიად, და აღატყდების, ვითარცა ცეცხლი, რისხვა შენი?

48. მოიჴსენე შენ, რა არს არსებაჲ ჩემი, ანუ ამაოდ ნუ შეჰქმნენა ყოველნი ძენი კაცთანი?

49. ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკუდილი და იჴსნეს სული თჳსი ჴელთაგან ჯოჯოხეთისათა?

50. სადა არიან წყალობანი შენნი პირველნი, უფალო, რომელ ეფუცე დავითს ჭეშმარიტებითა შენითა?

51. მოიჴსენე, უფალო, ყუედრებაჲ მონათა შენთა, რომელ დავიკრიბე წიაღთა ჩემთა მრავალთა თესლთა;

52. რომელ აყუედრეს მტერთა შენთა, უფალო, რომელ აყუედრეს ნაცვალსა ცხებულისა შენისასა.

53. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე. იყავნ, იყავნ. დიდება

89
გალობაჲ მოსეს, კაცისა ღმრთისაჲ

1. უფალო, შესავედრებელ-მეყავნ ჩუენ ნათესავითი ნათესავადმდე.

2. პირველ მთათა დაბადებადმდე, შექმნად ქუეყანისა და სოფლისა და საუკუნითგან და უკუნისამღე შენ ხარ.

3. ნუ მიაქცევ კაცსა სიმდაბლედ და სთქუ: მოიქეცით, ძენო კაცთანო.

4. რამეთუ ათასი წელი წინაშე თუალთა შენთა, უფალო, ვითარცა გუშინდელი დღე. რომელ წარჴდა და, ვითარცა საჴუმილავი ერთი, ღამესა შინა.

5. წელნი მათნი შეურაცხებით იყვნენ, განთიად ვითარცა მწუანე წარჴდეს,

6. განთიად აღყუავდეს და წარჴდეს, მწუხრი დაჭნეს, და განჴმეს და დაცჳვეს.

7. რამეთუ მოვაკლდით ჩუენ რისხვითა შენითა და გულისწყრომითა შენითა შევძრწუნდით.

8. დასხენ უსჯულოებანი ჩუენნი წინაშე შენსა და ცხორებაჲ ჩუენი _ ნათელსა პირისა შენისასა.

9. რამეთუ ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისხვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს.

10. დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ, და უმრავლესი მათი შრომა და სალმობაჲ; რამეთუ მოვიდა ჩუენ ზედა სიმშჳდე, და ჩუენ განვისწავლენით.

11. ვინმე უწყის სიმტკიცე რისხვისა შენისა და შიშითა შენითა გულისწყრომისა შენისა აღრაცხვაჲ?

12. მარჯუენე შენი ესრეთ მაუწყე მე და გულითა სწავლულითა _ სიბრძნე შენი.

13. მოიქეც, უფალო! ვიდრემდის? და ნუგეშინის-ცემულ იქმენ მონათა შენთა ზედა.

14. აღვივსენით ჩუენ ცისკარს წყალობითა შენითა, უფალო, და ვიხარებდეთ და ვიშუებდეთ

15. ყოველთა დღეთა ჩუენთა ვიხარებდეთ მათ დღეთა წილ, რომელთა დამამდაბლეს ჩუენ და წელთა, ვიხილეთ ჩუენ ძჳრი.

16. და მოხედენ მონათა შენთა ზედა და წარუძეღუ ძეთა მათთა.

17. და იყავნ ნათელი უფლისა ჩუენისა ჩუენ ზედა, და საქმენი ჴელთა ჩუენთანი წარჰმართენ ჩუენ ზედა და ქმნული ჴელთა ჩუენთა წარგჳმართე.

90

1. ქებაჲ გალობით დავითისი, ზედაწარწერილი ებრაელთა შორის. რომელი დამკჳდრებულ არს შეწევნითა მაღლისათა, საფარველსა ღმრთისა ზეცათასა განისუენოს.

2. ჰრქუას უფალსა: ჴელისამპყრობელი ჩემი ხარი შენ და შესავედრებელი ჩემი, ღმერთი ჩემი, და მე ვესავ მას.

3. რამეთუ მან გიჴსნეს შენ საფრჴისა მისგან მონადირეთასა და სიტყჳსა მისგან განსაკრთომელისა.

4. ბეჭთსაშუალითა მისითა გფარვიდეს შენ, და საგრილსა ფრთეთა მისთასა ესვიდე;

5. საჭურველად გარემოგადგეს შენ ჭეშმარიტებაჲ მისი.

6. არა გეშინოდის შიშისაგან ღამისა და ისრისაგან, რომელი ფრინავნ დღისი; ღუაწლისაგან, რომელი ვალნ ბნელსა შინა, შემთხუევისაგან და ეშმაკისა შუა დღისა.

7. დაეცნენ მარცხენით შენსა ათასეულნი და ბევრეულნი _ მარჯუენით შენსა, ხოლო შენ არა მიგეახლნენ.

8. ხოლო შენ თუალითა შენითა ხედვიდე და მისაგებელი ცოდვილთა იხილო.

9. რამეთუ შენ, უფალი, ხარ სასო ჩემდა და მაღალი გიყოფიეს შესავედრებელად შენდა.

10. არა შევიდეს შენდა ძჳრი, და გუემა არა მიეახლოს საყოფელთა შენთა.

11. რამეთუ ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა;

12. ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი;

13. ასპიტსა და ვასილისკოსსა ზედა ხჳდოდი. და დასთრგუნო შენ ლომი და ვეშაპი.

14. რამეთუ მე მესვიდა, და ვიჴსნა იგი და დავიფარო იგი, რამეთუ იცნა სახელი ჩემი.

15. ჴმა-ყოს ჩემდამო, და მე ვისმინო მისი და მის თანა ვიყო ჭირსა შინა; ვიჴსნა იგი და ვადიდო იგი.

16. დღეგრძელებით განვაძღო იგი და უჩუენო მას მაცხოვარებაჲ ჩემი. დიდებაჲ

91

1. ფსალმუნი, გალობაჲ დავითისი, დღისა შაბათისა

2. კეთილ არს აღსაარებაჲ ღმრთისაჲ და გალობად სახელსა შენსა, მაღალო;

3. მითხრობად ცისკარს წყალობაჲ შენი და ჭეშმარიტებაჲ შენი ღამედღამედ,

4. ათძალითა საფსალმუნისათა და ჴმითა ებნისათა;

5. რამეთუ მახარე მე დაბადებულითა შენითა, უფალო, და ქმნულითა ჴელთა შენთათა ვიხარებდე.

6. ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი, უფალო! ფრიად ღრმა იქმნნეს ზრახვანი შენნი.

7. კაცმან სულელმან არა ცნას, და უგნურმან არა გულისჴმა-ყოს ესე.

8. აღმოცენებასა ცოდვილთასა, ვითარცა თივა, და გამოჩნდეს ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა, რაჲთამცა მოისრნეს უკუნითი უკუნისამდე.

9. ხოლო შენ მაღალ ხარ უკუნისამდე, უფალო, რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი, უფალო,

10. რამეთუ, ესერა, მტერნი შენნი წარწყმდენ, და განიბნინენ ყოველნი რომელნი იქმან უსჯულოებასა.

11. და ამაღლდეს, ვითარცა მარტორქისა, რქაჲ ჩემი, და სიბერე ჩემი ზეთითა პოხილითა;

12. და იხილა თუალმან ჩემმან მტერთა ჩემთა და მათთჳს, რომელნი აღდგომილ არიან ჩემ ზედა ბოროტებით, ესმა ყურსა ჩემსა.

13. მართალი, ვითარცა ფინიკი, აღყუავნეს და, ვითარცა ნაძჳ ლიბანისა განმრავლდეს.

14. დანერგულნი სახლსა შინა უფლისასა ეზოთა სახლისა ღმრთისა ჩუენისათა ყუაოდიან.

15. უფროჲსად განმრავლდენ სიბერესა სიპოხისასა და ფუფუნეულ იყვნენ თხრობასა.

16. რამეთუ წრფელ არს უფალი ღმერთი ჩუენი, და არა არს სიცრუე მის თანა.

92
ფსალმუნი დავითისი, დღესა შაბათსა, რაჟამს დაემტკიცა ქუეყანაჲ, გალობაჲ

1. უფალი სუფევს, შუენიერებაჲ შეიმოსა; შეიმოსა უფალმან ძალი გარეშეირტყა; და რამეთუ დაამყარა სოფელი, რათა არა შეიძრას.

2. განმზადებულ არს საყდარი შენი მიერითგან, და საუკუნითგან შენ ხარ.

3. აღიღეს მდინარეთა, უფალო, აღიმაღლნეს მდინარეთა ჴმანი მათ აღდგენ მდინარენი სლვასა თჳსსა.

4. ჴმითა წყალთა მრავალთა საკჳრველ არიან განცხრომანი ზღჳსანი; საკჳრველ არს მაღალთა შინა უფალი. წამებანი შენნი სარწმუნო იქმნნეს ფრიად;

5. სახლსა შენსა შუენის სიწმიდე, უფალო, სიგრძესა დღეთასა.

93
ფსალმუნი დავითისი, მეოხისა შაბათისა

1. ღმერთი შურისძიებათა, უფალი ღმერთი შურისძიებათა განცხადნა.

2. ამაღლდი, რომელი შჯი ქუეყანასა, მიაგე მისაგებელი ამპარტავანთა.

3. ვიდრემდის ცოდვილნი, უფალო, ვიდრემდის ცოდვილნი იქადოდიან?

4. აღმოთქუან და იტყოდიან სიცრუესა, იტყოდიან ყოველნი, რომელნი იქმან უსჯულოებასა.

5. ერი შენი, უფალო, დაამდაბლეს და სამკჳდრებელი შენი განაბოროტეს;

6. ქურივი და მწირი მოკლეს და ობოლი მოსწყჳდეს

7. და თქუეს: არა იხილოს უფალმან, არცა გულისჴმა-ყოს ღმერთმან იაკობისმან.

8. გულისჴმა-ყავთ აწ, უგნურნო ერისანო და ცოფნო, ოდესმე გულისჴმა-ჰყოთ.

9. რომელმან დაჰნერგა ყური, არა ნუ ესმისა? ანუ რომელმან შექმნა თუალი, არა ნუ ხედავსა?

10. რომელი სწავლის თესლებსა, არა ნუ ამხილოსა, რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ?

11. უფალმან უწყნის ზრახვანი კაცთანი, რამეთუ არიან ამავო.

12. ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწაო მას.

13. დამშჳდებად მისა დღეთა ბოროტთა, ვიდრემდის ეთხაროს ჴნარცჳ ცოდვილსა.

14. რამეთუ არა განიშოროს უფალმან ერი თჳსი და სამკჳდრებელი თჳსი არა უგულებელს-ყოს,

15. ვიდრემდის მოიქცეს სიმართლე განკითხვად, და მიეახლნენ მას ყოველნი, რომელნი წრფელ არიან გულითა.

16. ვინ წინააღმიდგეს მე უკეთურთაგანი? ანუ ვინ თანაწარმომიდგეს მე მათგანი, რომელნი იქმან უსჯულოებასა?

17. არა თუმცა უფალი შემეწია მე, კნინ ერთღა და-მცა-ემკჳდრა ჯოჯოხეთს სული ჩემი.

18. უკუეთუმცა ვიტყოდე: შემიძრწუნდა ფერჴი ჩემი, წყალობაჲ შენი, უფალო, შემწევდა მე.

19. მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა.

20. ნუ დადგებინ შენ წინაშე საყდარი უსჯულოებისა, რომელნი იქმან შრომასა ბრძანებულსა ზედა.

21. მოინადირონ სული მართლისა და სისხლსა უბრალოსა ბრალეულ-ჰყოფდენ.

22. და მეყო მე უფალი შესავედრებელ და ღმერთი ჩემი მწე სასოებისა ჩემისა.

23. და მიაგოს მათ უფალმან უსჯულოებაჲ მათი და უკეთურებისა მათისაებრ უჩინო-ყვნეს იგინი უფალმან ღმერთმან ჩუენმან. დიდება

95
გალობაჲ დავითისი, აღშენებისათჳს ტაძრისა შემდგომად ტყუეობისა

1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, უგალობდით უფალსა ყოველი ქუეყანაჲ;

2. უგალობდით უფალსა, აკურთხევდით სახელსა მისსა, ახარებდით დღითი დღე მაცხოვარებასა მისსა.

3. მიუთხართ წარმართთა შორის დიდებაჲ მისი და ყოველსა ერსა შორის _ საკჳრველებაჲ მისი.

4. რამეთუ დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად და საშინელ არს იგი უფროს ყოველთა ღმერთთა;

5. რამეთუ ყოველნი ღმერთნი წარმართთანი ეშმაკ არიან, ხოლო უფალმან ცანი შექმნნა.

6. აღსაარებაჲ და ჰაეროვნებაჲ არს წინაშე მისსა, სიწმიდე და დიდად შუენიერებაჲ არს სიწმიდესა მისსა.

7. შესწირევდით უფლისა ტომები თესლებისა, შესწირევდით უფლისა დიდებასა და პატივსა;

8. შესწირევდით უფლისა დიდებასა სახელისა მისისასა; აღიღეთ მსხუერპლები, და შევიდოდეთ ეზოთა მისთა;

9. თაყუანის-ეცით უფალსა ეზოსა შინა წმიდასა მისსა; შეძრწუნდინ პირისა მისსისაგან ყოველი ქუეყანაჲ.

10. თქუთ წარმართთა შორის, რამეთუ უფალი სუფევს, და რამეთუ წარმართა სოფელი, რომელი არა შეიძრას; განიკითხნეს ერნი სიწრფოებით.

11. იხარებდინ ცანი და გალობდინ ქუეყანაჲ, აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი.

12. იხარებდენ ველნი და ყოველი, რაჲ არს მათ შინა; მაშინ იხარებდენ ყოველნი ხენი მაღნარისანი

13. პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს იგი განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი ჭეშმარიტებითა თჳსითა.

96
დავითისი, ოდეს ქუეყანა მისი დაემკჳდრებოდა, წარუწერელი ებრაელთა შორის

1. უფალი სუფევს, იხარებდინ ქუეყანაჲ, და იშუებდედ ჭალაკნი მრავალნი.

2. ღრუბელი და ნისლი გარემო არს მისსა, სიმართლე და განკითხვა წარმართება საყდრისა მისისა.

3. ცეცხლი მის წინაშე ვიდოდის და შეწუნეს გარემოს მტერნი მისნი.

4. გამოჩნდეს ელვანი მისნი სოფელსა, იხილა და შეძრწუნდა ქუეყანაჲ.

5. მთანი, ვითარცა ცჳლი, დადნეს პირისაგან უფლისა, პირისაგან უფლისა ყოვლისა ქუეყანისა.

6. უთხრეს ცათა სიმართლე მისი, და იხილონ ყოველთა ერთა დიდებაჲ მისი.

7. ჰრცხუენოდენ ყოველთა, რომელნი თაყუანის-სცემენ ჴელითქმნულთა და რომელნი იქადიან კერპებითა მათითა. თაყუანის-ეცით მას ყოველთა ანგელოზთა მისთა.

8. ესმა და იხარებდა სიონი, და იშუებდეს ასულნი ჰურიასტანისანი სამართალთა შენთათჳს, უფალო.

9. რამეთუ შენ, უფალი, მაღალ ხარ ყოველსა ქუეყანასა ზედა, ფრიად ამაღლდი შენ უფროს ყოველთა ღმერთთა.

10. რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი; დაიცვნეს უფალმან სულნი წმიდათა მისთანი. და ჴელთაგან ცოდვილისათა იჴსნნეს იგინი.

11. ნათელი გამოუბრწყინდა მართალსა და გულითა წრფელთა _ სიხარული.

12. იხარებდით მართალნი უფლისა მიმართ და აუარებდით საჴსენებელსა სიწმიდისა მისისასა. დიდება

97
ფსალმუნი დავითისი

1. უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკჳრველ-ქმნა უფალმან; აცხოვნა იგი მარჯუენემან მისმან და მკლავმან წმიდამან მისმან.

2. აჩუენა უფალმან მაცხოვარებაჲ თჳსი, წინაშე თესლთა განაცხადა სიმართლე მისი.

3. მოიჴსენა მოწყალებაჲ მისი იაკობის თანა და ჭეშმარიტებაჲ მისი _ სახლსა ზედა ისრაჱლისასა; იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა.

4. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, უგალობდით და იხარებდით და აქებდით.

5. უგალობდით უფალსა ებნითა, ებნითა და ჴმითა ფსალმუნისათა;

6. ნესტჳთა ჭედილითა და ჴმითა ნესტჳსა რქისათა ღაღადებდით წინაშე მეუფისა უფლისა.

7. აღიძარნ ზღუაჲ და სავსებაჲ მისი, სოფელი და ყოველნი დამკჳდრებულნი მას შინა.

8. მდინარეთა აღიტყუელონ ჴელნი თანად;

9. მთანი იხარებდენ პირისაგან უფლისა, რამეთუ მოვალს, რამეთუ მოვიდეს განკითხვად ქუეყანისა; განიკითხოს სოფელი სიმართლით და ერნი _ სიწრფოებით.

98
ფსალმუნი დავითისი, წარუწერელი ებრაელთა შორის

1. უფალი სუფევს, განრისხნედ ერნი, რომელი ზის ზედა ქერობინთა, შეიძარნ ქუეყანა.

2. უფალი სიონს დიდ არს და მაღალ არს ყოველთა ზედა ერთა.

3. აუარებდენ სახელსა შენს დიდსა, რამეთუ საშინელ და წმიდა არს.

4. და პატივსა მეუფისასა სამართალი უყუარს; შენ განჰმზადე სიწრფოებაჲ, და განკითხვა და სიმართლე იაკობის თანა შენ ჰყავ.

5. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-სცემდით კუარცხლბეკსა ფერჴთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.

6. მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა და სამოელ მათ თანა, რომელნი ხადიან სახელსა მისსა; ჰხადოდეს უფალსა და მას ესმა მათი,

7. და სუეტითა ღრუბლისათა ეტყოდა მათ; რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელ მოსცნა მათ.

8. უფალო ღმერთო ჩუენო, შენ ისმინე მათი; ღმერთო, შენ მომტევებელ ექმენ და შურისმეძიებელ ყოველთა ზედა საქმეთა მათთა.

9. აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის-ეცით მთასა წმიდასა მისსა, რამეთუ წმიდა არს უფალი ღმერთი ჩუენი.

99

1. ფსალმუნი დავითისი აღსარებისათჳს

2. ღაღადებდით ღმრთისა ყოველი ქუეყანა, ჰმონებდით უფალსა სიხარულით,

3. შევიდოდეთ მის წინაშე მხიარულებით, და უწყოდეთ, რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი ჩუენი; მან შემქმნნა ჩუენ, და არა ჩუენ; ხოლო ჩუენ ვართ ერი მისი და ცხოვარნი სამწყსოსა მისისანი.

4. შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა,

5. რამეთუ ტკბილ არს უფალი და უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი, და თესლითი თესლამდე არს ჭეშმარიტებაჲ მისი.

100
ფსალმუნი დავითისი

1. წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო, გიგალობდე და გულისჴმა-ვყო

2. გზასა უბიწოსა; ოდეს მოხჳდე ჩემდა? ვიდოდე მე უმანკოებითა გულისა ჩემისათა შოვრის სახლისა ჩემისა.

3. არა დავდევ წინაშე თუალთა ჩემთა საქმე უსჯულო და მყოფნი გარდასლვისანი მოვიძულენ;

4. არა შემომეყო მე დრკუ გული, გარემიქცევა ბოროტისა ჩემგან მე არა უწყოდე.

5. რომელი იტყჳნ იდუმალ მოყურისა თჳსისა ძჳრსა, ესე წარვსდევნო; რომელი ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა არა ვჭამო.

6. თუალნი ჩემნი სარწმუნოთა ზედა ქუეყანისათა, რათა დასხდენ იგინი ჩემ თანა; რომელი ვიდოდა გზასა უბიწოსა, ესე მმსახურებდა მე.

7. არა დაიმკჳდრა შორის სახლსა ჩემსა, რომელმან ყვის ამპარტავნებაჲ; რომელი იტყჳნ სიცრუესა, არა წარემართა წინაშე თუალთა ჩემთა.

8. ცისკარს მოვსწყუედდი ყოველთა ცოდვილთა ქუეყანისათა, მოსპოლვად ქალაქისაგან უფლისა ყოველთა მოქმედთა უსჯულოებისათა. დიდებაჲ.