წინასწარმეტყველება იერემიასი

46

1. სიტყვა, ქმნილი უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ყოველთა ზედა წარმართთა ეგჳპტისათა,

2. ძალსა ზედა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა, რომელი იყო მდინარესა ზედა ევფრატსა, ქარამის შინა, რომელი დასცა მეფემან ბაბილონისამან ნაბუქოდონოსორ, წელსა მეოთხესა იოაკიმ ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსასა.

3. აღიხუენით საჭურველნი და ფარები მიიხუენით ბრძოლად მიმართ,

4. დაასხენით ცხენებსა, ამჴედრდით ცხენოსანნი და განჰმზადენით ჩაფხუტნი თავთა მიერ თქუენთა. წარმოიღეთ ჰოროლები, შთაიცუთ ჯაჭუ-ჭური თქუენი.

5. რად? რამეთუ ამათ ეშინის და შეიქცევიან უკუღმართ მით, რამეთუ ძლიერნი მათნი მოისრნენ, ლტოლვით ივლტოდეს და არ შემოიქცეს გარემოცვულნი გარემოჲს, - იტყჳს უფალი.

6. ნუ ივლტინ მალე და ნუ განერებინ ძლიერი ჩრდილოჲთ კერძო ევფრატსა ზედა მოუძლურდეს, და დაეცნეს.

7. ვინ ესე, ვითარცა მდინარე აღმოვიდეს და ვითარცა მდინარენი აღელვებს წყალთა მისთა?

8. წყალი ეგჳპტე, ვითარცა მდინარე, აღმოვალს და, ვითარცა მდინარენი, აღსძრავს ღელვათა მისთა და იტყჳს: აღვიდე, და დავფარო ქუეყანაჲ, და წარვწყმიდო ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა.

9. აღსხედით ცხენთა ზედა, განჰმზადენით საჭურველნი, გამოვედით მებრძოლნი ეთიოპელნი და ლიბიელნი, ჭურვილნი საჭურველებითა, და ლუდნი აღვედით, მოირათხთ მშჳლდი.

10. და დღე იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა დღე შურისძიებისა არს, ძიებად შური მტერთა მისთა, შეჭამნეს მახჳლმან და განძღეს და დაითროს სისხლისაგან მათისა, რამეთუ მსხუერპლი უფლისა საბაოთისაჲ ქუეყანასა ზედა ჩრდილოსა, მდინარესა ზედა ევფრატსა.

11. აღვედ გალადდმი და მოიღე რეტინე ქალწულისა, ასულისა ეგჳპტისა. ამაოდ ჰამრავლენ კურნებანი შენნი, სარგებელ არა არიან შენდა.

12. ესმა წარმართთა ჴმისა შენისაჲ და ღაღადებისაგან შენისა აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ მბრძოლი მბრძოლისა მიმართ მოუძლურდა, ერთბამად დაეცნეს ორნივე,

13. რომელნი თქუნა უფალმან ჴელითა იერემია წინაწარმეტყუელისათა მოსლვისათჳს ნაბუქოდონოსორისსა, მეფისა ბაბილონისა, დასამორჩილებელად ქუეყანასა ეგჳპტისასა.

14. მიუთხართ შორის ეგჳპტისა, და სასმენელ-ყავთ შორის მაგდოლოჲსა, და დაჰმოწმეთ შორის მემფისა და შორის ტაფნისა. თქუთ: ზედ დადეგ და განჰძზადე თავი შენი, რამეთუ შეჭამა მახჳლმან ბრწამლი შენი.

15. მით, რამეთუ ივლტოდა აპის ზუარაკი რჩეული შენი, ვერ დადგა, რამეთუ უფალმან დაჰჴსნა იგი.

16. და სიმრავლე მოუძლურდა და დაეცა, კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა იტყოდა და თქუა: აღვდგეთ და მივიქცეთ ერისა მიმართ ჩუენისა და მამულისა მიმართ ჩუენისა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა.

17. მოუწოდეთ სახელსა ფარაო ნექაოჲსსა, მეფისა ეგჳპტისა: საონ ესერე მოიდ.

18. ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი ღმერთი, - მეფე ძალთა სახელი მისი, რამეთუ ვითარცა არს თაბორი მთათა შორის, და ვითარცა კარმელი ზღუასა შორის, ეგრეთ მოვიდეს.

19. ჭურჭელნი ტყუეობისანი იქმნენ თავისა შენისად. მკჳდრობამან ასულისა ეგჳპტისამან, რამეთუ მემფი უჩინო საქმნელად იყოს, და ეწოდოს ვაება არყოფისაგან მკჳდრთა მის შორის.

20. დიაკეული კარგი და შემკული ეგჳპტე, გამონახეთქი ჩრდილოჲთ მოვიდა მის ზედა.

21. და მორეწენი მისნი მის შორის, ვითარცა ზუარაკნი ჭამებულნი მით, რამეთუ იგინიცა მიიქცეს და ივლტოდეს ერთბამად, ვერ დადგეს, რამეთუ დღე წარწყმედისაჲ მოიწია მათ ზედა და დღე შურისძიებისა მათისაჲ.

22. ჴმაჲ მათი, ვითარცა გუელისა მსტჳნავისა, რამეთუ ქჳშასა ზედა ვიდოდიან, ცულებისა მიერ მოვიდენ მის ზედა, ვითარცა მკოდელნი ხეთანი.

23. მოკაფეთ მაღნარი მისი, - იტყჳს უფალი, - რამეთუ არღა ეოცნოს, რამეთუ განმრავლდეს უფროჲს მკალთასა, და არა არს რიცხჳ მათი.

24. ჰრცხუენა ასულსა ეგჳპტისასა, მიეცა ჴელთა ერისა ჩრდილოჲთგამოჲსათა.

25. თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, შურსა ვიგებ ძისა მისისა ამმონისსა და ფარაოსა და ეგჳპტესა ზედა, და ღმერთთა ზედა მისთა, და მეფეთა ზედა მისთა, და ფარაოს ზედა და მოსავთა ზედა მისდამი.

26. და მივსცნე იგინი ჴელთა მეძიებელთა სულისა მათისათა და ჴელთა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისასა, და ჴელთა მონათა მისთასა. ამის შემდგომად დაყუდნეს დღეთაებრ პირველთა, - იტყჳს უფალი.

27. ხოლო შენ ნუ შეშინდები, მონაო ჩემო იაკობ! ნუცა სწიწნეულობ, ისრაილ, მით, რამეთუ, აჰა, მე გიჴსნი შორით და თესლსა შენსა ტყუეობისაგან მათისა. და მოიქცეს იაკობ და დაყუდნეს, და დაიძინოს, და არა იყოს მაშფოთებელი მისი.

28. და შენ ნუ გეშინინ, ყრმაო ჩემო იაკობ, იტყჳს უფალი, რამეთუ შენთანა მე ვარ. უშიში, და შუებული განცემულ იქმნა, რამეთუ ვყო აღსასრული შორის ყოველსა ნათესავსა, რომელთა მიმართ განგაგარეე შენ მუნ, ხოლო შენი არა ვყო მოკლება. და გწუართო შენ მსჯავრით, და უბრალოობით არ უბრალოგყო შენ.

47

1. სიტყუაჲ, რომელი იქმნა იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა უცხოტომთა ზედა, პირველ განწყობისა ფარაოჲს ღაზაჲსა.

2. ამათ იტყჳს უფალი: აჰა, წყალნი აღმოვლენ ჩრდილოჲთა, და იყვნენ ღუარად წარმღუნელად და წარრღუნან ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა. და ღაღადებდენ კაცნი, და ვალალებდენ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი

3. ჴმისაგან მიმართებისა მისისა, და საჭურველები ფერჴთა მათთა ძლიერთაჲსა, და ძრვისაგან ეტლთა მათთაჲსა და ჴმისა ურმისთვალთა მათთაჲსა, არა მოიქცეს მამანი ძეთა ზედა მათთა.

4. მორჩილებისაგან ჴელთა მათთაჲსა დღესა შინა მომავალსა წარწყმედად ყოველთა უცხოტომთა, და განვრყუნე ტჳროსი და სიდონი და ყოველნი ნეშტნი შემწეობისა მათისანი, რამეთუ მოჰსრავს უფალი დაშთომილთა ჭალაკებისათა.

5. ახს სიმტიერე ღაზასა ზედა, განვარდა ასკალონი და ნეშტნი ენაკიმეთნი, ვიდრემდის შეკრბებოდით, ვიდრემდის ჰკუეთ,

6. მახჳლო უფლისაო, ვიდრემდის არა დაჰყუდნები, კუალად ეგე ქარქაშსა შენსა, განისუენე და დაყუდენ,

7. ვითარ დაყუდნეს. და უფალმან ამცნო მას ასკალონსა ზედა და ზღჳსკიდისათა ზედა, და ნეშტთა ზედა აღდგომად.

48

1. მოაბსა ესრეთ თქვა, უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვაჲ ნაბავსა ზედა, რამეთუ წარწყმდა, მოისპო, წარღებულ იქმნა კარიათიმი. სირცხჳლეულ იქმნა სიმაგრე მასოგასა და იძლია.

2. არღარა არს მერმე მუღრობაჲ ესსებონს შინა მოაბისასა, ისიტყუნეს მის ზედა ძჳრნი, მოვედით და მოვჰკუეთოთ იგი ნათესავისაგან და დაცხრომით დასცხრეს, უკუანა შენსა ვიდოდეს ოდეს მახჳლი,

3. რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ მთათაგან ორონაიმისათასა, ღაღადება შემუსრვილებასა მოსრვითა დიდითა.

4. შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორად მიმართ უჭაბუკესთა მისთა,

5. რამეთუ აღივსო ალაოთი ტირილითა, რამეთუ აღსავალისა მიერ ფიქლოანისა აღვიდეს მტირალი ტირილისა მიერ, გზასა ზედა მთათა ორონაიმისათასა. ღაღადებაჲ შემუსრვილებისაჲ და ჭირი მტერთა ესმა.

6. ივლტოდეთ და განარინენით სულნი თქუენნი და იქმნენით, ვითარცა ვირი ველური უდაბნოს შინა,

7. ვინათგან ესევდ სიმაგრეთა მიმართ შენთა, მოვიდენ შენდა ჭირნი და შეგიპყრანცა შენ, და გამოვიდეს ქამოს ტყუჱობად მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად.

8. და მოვიდეს მოსრვა ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა განერეს, და წარწყმდეს ღელე, და მოისრას ველობი, ვითარცა თქუა უფალმან:

9. ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ ნთებით აღენთოს და ყოველნი ქალაქნი მისნი უვალად იყუნენ არ ყოფისაგან დამკჳდრებულისა მის შორის, ვინავე მყოფსა მას შინა.

10. წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით, და წყეულ იყავნ განმმარტებელი მახჳლისა მისისაჲ სისხლისაგან.

11. განისუენა მოაბმან სიყრმისაგან, და მოსავ იყო დიდებასა ზედა მისსა, და არ შთაასხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად, და გარდასახლებად არა ვიდოდა. ამისთჳს არს გემოჲ მისი მის თანა და საყნოსი მისი არა მოაკლდა.

12. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - თქვა უფალმან, - და მიავლინნე მის ზედა დამდრეკელნი და დადრიკონ იგი და ჭურჭელნი მისნი და დააწულილენ და რქანი მისნი შემუსრნენ.

13. და ერცხჳნოს მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ერცხჳნა სახლსა ისრაილისასა ბეთელისაგან სასოებისა მისისა.

14. ვითარ იტყჳთ: ძლიერნი ვართ და კაცნი შემძლებელნი მბრძოლობად.

15. წარწყმდა მოაბ და ქალაქნი მისნი და რჩეულნი, ჭაბუკნი მისნი შთავიდეს მოსაკლავად, იტყვის მეფე, უფალი ძალთაჲ, სახელი მისი.

16. ახს დღე მოაბისი მოსლვად და უკეთურება მისი მალიად ფრიად.

17. შეძართ იგი ყოველთა გარემოს მისსა, ყოველთა მცოდნელთა სახლისა მისისათა თქუთ, ვითარ შეიმუსრა არგანი სიკეთისაჲ, კუერთხი დიდთვალი.

18. შთამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ სინოტიესა შინა მჯდომარე. ასული დებონისი შეიმუსროს, რამეთუ წარწყმდა მოაბი. აღვიდა შენდა განმრყუნელი სიმაგრეთაგანთაჲ,

19. გზასა ზედა დადეგ და იხილე მჯდომარე აროირს შინა და ჰკითხე მეოტსა და განრომილსა და არქუ: რაჲ იქმნა?

20. ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა. ვალალაებდ და ღაღად-ყავ. მიუთხარ არიონისა შორის, ვითარმედ წარწყმდა მოაბი.

21. და სასჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისსა. ქელონსა ზედა და იარსა და მოფათსა,

22. და დებონსა ზედა და ნავავსა. და სახლსა ზედა დევლათემისსა,

23. და კარიათემსა ზედა და სახლსა ზედა ღამოლაჲსსა და სახლსა ზედა მაოთისსა,

24. და სახლსა ზედა კარიაოთისსა და ბოსორისა ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა ქუეყანისა მოაბისათა, შორიელთა და მახლობელთა.

25. დაიჴსნა რქაჲ მოაბისაჲ და ჴელთა შინა მისა შეიმუსრა, თქუა უფალმან:

26. დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა განდიდნა, და ტყუელვიდეს მოაბ ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგიცა.

27. და რამეთუ შენდაცა საკიცხელ იყო ისრაილი, ანუ პარვათა შინა შენთა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას, და მისთანავე წარიტყუენო.

28. დაუტევნეს ქალაქნი და დაეშენნეს კლდეთა შინა მკჳდრნი მოაბისანი; იქმნნეს, ვითარცა ტრედნი მებუდარნი კლდეთა შინა პირსა სოროჲსსა.

29. მესმა გინება მოაბისაჲ, აგინა ფრიად სიმაღლე თჳსი, და გინებაჲ და ამპარტავანება მისი და სილაღე მისი ვიხილე, და ამაღლდა გული მისი.

30. ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, - იტყჳს უფალი, - არა კმა-ყოფისაებრ მისისა. ეგრეთ მკლავნი მისნი არა ეგრეთ ყო?

31. ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით, მოაბსა ზედა ყოველთა ჴმა-ყავთ. კაცთა ზედა ზღუდისათა სკირადათა განბიცებისათა.

32. და კილოჲ აღიღოს, ვითარცა ტირილი. იაზირო, დაგტირო შენ, ავენაჴენ, საბამისნი, მწუერვალნი შენნი, განვლო ზღვა ქალაქმან იაზირისმან. შეახო ნაყოფსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა და მესთულეთა შენთა ზედა დაეცა მოსასრველი.

33. დასწყდა შუებაჲ და მხიარულება კარმელისა და ქუეყანისაგან მოაბიტელთასა, და ღჳნოჲ საწნეხელთა შინა შენთა არა დაწნიხეს განთიად იდად, არცა მიმწუხრი არა ყვეს იდად.

34. ხოლო ამათ ღაღადებისაგან ესსებონისა ვიდრე ვლეილამდე და ვიდრე იასამდე მოსცეს ჴმაჲ მათი ქალაქთა მათთა, სეგორითგან, ვიდრე მთათამდე ნემისთა, და მითხრობაჲ სალისიასა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ წყალიცა ნევრიმისაჲ შემწუელად იყოს.

35. და წარვწყმიდო მოაბი, - თქუა უფალმან, - აღმავალი ბომონსა ზედა და მკუმეველი ღმერთთა მისთა.

36. ამისთჳს გული ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ავლი, ოხრიდეს. გული ჩემი კაცთა ზედა სკირადათა განბიცებისათა, ვითარცა ავლმან, იოხროს. ამისთჳს, რომელთა ვემზრუნვლე, წარწყმდენ კაცთაგან.

37. ყოველი თავი ყოველსა შინა ადგილსა აღიპარსოს, და ყოველი წუერი დაიყჳნოს, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ და ყოველსა ზედა წელსა ძაძაჲ.

38. და ყოველთა ზედა ერდოთა მოაბისთა და უბნებსა ყოველსა შორის ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი, ვითარცა ჭურჭელი, რომლისა არა არს საჴმარებაჲ მისი, - თქუა უფალმან.

39. ვითარ იძლია ჴჳობით, ვითარ მიაქცია ზურგი მოაბმან? ჰრცხუენა და იქმნა მოაბის საკიცხელ და სარისხველ ყოველთა გარემოსთა მისთა,

40. რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, ვითარცა არწივმან მიიმართოს და განიმარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა.

41. დაპყრობილ იქმნა კარიაოთი და სიმაგრენი მოიპყრნეს და იყოს გული ძლიერთა მოაბისათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობისაჲ.

42. და წარწყმდეს მოაბი ერისაგან, რამეთუ უფალსა ზედა განდიდნა.

43. შიში და მთხრებლი და საბრჴე შენ ზედა, მჯდომარეო მოაბსა შორის, - თქუა უფალმან.

44. მლტოლვარე პირისაგან შიშისა შთავარდეს მთხრებლსა და აღმოსრული მთხრებლით შეპყრობილ იქმნეს საბრჴითა მით, რამეთუ მოვაწინე ესენი მოაბსა ზედა წელიწადსა შინა, რომელსა ზედმივიხილო მათდამი, თქუა უფალმან,

45. საფარველსა ესსებონისასა დადგეს მლტოლვარენი საბრჴისაგან, რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესსებონით და ალი ქალაქით სეონისით, და შეჭამნა მთავარნი მოაბისანი და გამოიძინა ძენი სეონისნი.

46. ვაჲ შენ, მოაბ! წარსწყმდი, ერო ხამორისო, რამეთუ წარიხუნეს ძენი შენნი იავარად და ასულნი შენნი ტყუედ.

47. და მოვაქციო ტყუე მოაბისა უკანასკნელთა დღეთა, - თქუა უფალმან, - ვიდრე აქამომდე საშჯელნი მოაბისანი, რაოდენნი წინაწარმეტყუელნა იერემია ძჳნად ყოველთა ნათესავთა,

49

1. ძეთა ამმონისთა. ესრეთ თქუა უფალმან: ნუ ძენი არა არიან ისრაჱლსა შორის? ანუ დამპყრობელი არა არს მათ შორის? რაჲსათჳს დაიპყრა მელქომ გალადი? და ერი მათი ქალაქთა მათთა შინა მკჳდრ არს.

2. ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და ვასმინო რაბათსა ზედა ძეთა ამმონისთასა შფოთი ბრძოლათა და იყოს უვალად და წარსაწყმედელად და ბომონნი მათნი ცეცხლისა მიერ დაიწუედ. და დაიპყრას ისრაჱლმან მთავრობაჲ მისი, თქუა უფალმან.

3. ღაღადებდ, ესებონ, რამეთუ მოისპო ძალი გაისაჲ. ღაღად-ყავთ, ასულნო რაბბათისანო, მოირტყთ ძაძები და იპყრობვოდეთ და იტყებდით და რბიოდეთ ზღუდეთა ზედა, რამეთუ მელქომ ტყუეობად ვალს, მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად,

4. რამეთუ სიხარული ველთა შორის ენაკიმისთა, განკფდეს ველნი შენნი, ასულო უგლიმობისაო, მოსავობაჲ საუნჯეთა ზედა მისთა, მეტყუელი: ვინ ზედმოვიდეს ჩემ ზედა.

5. აჰა, მე მოვიღო შიში შენ ზედა, - თქუა უფალმან ძალთამან, - ყოველთაგან გარემოსმყოფთა შენთა და განიწესოს კაცადი პირისა კერძ თჳსისა და არა არს, რომელმან შეკრიბოს ტყუექმნილი

6. და ამის შემდგომად მოვაქციო ტყუეობაჲ ძეთა ამმონისთაჲ, - თქუა უფალმან,

7. იდუმეასა, ამათ იტყჳს უფალი ძალთაჲ: არღა არს მერმე სიბრძნე შორის თემანსა, წარწყმდა განზრახვაჲ გონიერთაგან, წარჴდა სიბრძნე მათი,

8. დაითრგუნა ადგილი მათი, დააღრმეთ თქუენდად დასაჯდომელად მკჳდრთა დედანისათა, რამეთუ ძნელნი ქმნნა. მივავლინე მას ზედა ჟამსა შინა, რომელსა ზედმივჰხედე მას.

9. რამეთუ მესთულენი მოვიდეს შენდა, რომელთა არ დაგიშთინონ შენ მოსაკუფხლველი, ვითარცა მპარავთა ღამესა შინა დადვან შენ ზედა ჴელი მათი.

10. რამეთუ მე შთამოვამჴუ ესავი, გამოვაცხადენ დაფარულნი მათნი. დაფარვად ვერ უძლონ, წარწყმედად თესლი მისი ჴელითა ძმისა მისისათა და მეზობლისათა.

11. და არა არს მეტყუელი დატევებასა ობლისა შენისასა, რაჲთა ცხოვნდეს, და მე ვაცხოვნო იგი. და ქურივნი შენნი ჩემდამო ესვიდენ,

12. რამეთუ ამათ იტყჳ უფალი, - აჰა, რომელთა არა იყო შჯულ სუმად სასუმელი, მსუმელთა სუეს, და შენ უბრალოქმნილი არა უბრალო იქმნე, რამეთუ მსუმელი სუამს.

13. რამეთუ თავისა მიმართ ჩემისა ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ უვალად და საყუედრელად და საწყევარად იყო შორის მისსა, და ყოველნი ქალაქნი მისნი იყვნენ ოჴერ უკუნისამდე.

14. სასმენელი მესმა უფლისაგან. და მიმთხრობელნი წარმართთა მიმართ მიავლინნა: შეკერბით და მოვედით მისსა, და არ დააცალონ ბრძოლად მის ზედა,

15. რამეთუ, აჰა, კნინღა მიგეც შენ წარმართთა შორის და ადვილ საწუნელ კაცთა შორის.

16. ლაღობამან გულისა შენისამან გიწყნა შენ ესენი, უგლიმობამან გულისა შენისამან მყოფ გქმნა ჴურელებსა კლდეთასა. შეიპყრა ძალი ბორცჳსა მაღლისა, რამეთუ აღამაღლო თუ, ვითარცა არწივმან, ბუდებნი, მიერ გარდამოაგდებენ, - თქვა უფალმან.

17. და იყოს იდუმეაჲ უვალად, ყოველი თანწარმავალი მის ზედა განჰკრთეს და დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა,

18. ვითარცა დაიქცა სოდომაჲ და გომორრაჲ და მოზღვრენი მათნი, - თქვა უფალმან, ყოვლისა მპყრობელმან, არა დაჯდეს მუნ კაცი და არ დაიმკჳდროს მუნ ძემან კაცისამან.

19. აჰა, ვითარცა ლომი აღმოვიდეს საშუალით იორდანისაჲთ ადგიდ ეთამისა, რამეთუ მსთუად განვდევნნე იგინი მისგან და ჭაბუკნი დაადგინენით მის ზედა. ვინ არს რჩეულ მისსა მიმართ? მე ვიხილო, რამეთუ ვინ არს ვითარ მე, და ვინ წინა აღმიდგეს მე, და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელი დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?

20. ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელი განიზრახა იდუმეას ზედა და გულისსიტყუაჲ მისი, რომელი სიტყუა დამკჳდრებულთა ზედა თემანისათა? არა თუ თანაღირიცხუნენ მათსა უუნდოესნი ცხოვართანი? არა თუ უვალ იქმნნეს მათ ზედა სავანე მათი?

21. რამეთუ ჴმისაგან დაცემულებისა მათისა შეირყია ქუეყანა, და ღაღადება შენი ზღვისა შორის მეწამულისა ისმა.

22. აჰა, ვითარცა არწივი აღვიდეს და იხილვოს და განმარტნეს ფრთენი თჳსნი სიმაგრეთა ზედა მისთა, და იყოს გული ძლიერთა იდუმეასათა მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობიარისა.

23. დამასკოსა: ჰრცხუენა ემათსა და არფათსა, რამეთუ სასმენელი ბოროტი ესმაყე, განჰკრთეს ზღჳსა შორის, გულმწყრალ იქმნეს, განსუენებად ვერ შეუძლონ.

24. მოკლებულ იქმნა დამასკოჲ. მიიქცა სივლტოლად და განვარდა, ძრწოლამან შეიპყრა იგი, სალმობამან მოიცვა, ვითარცა მშობი.

25. ვითარ არა დაუტევა ქალაქი ჩემი, დაბაჲ შეიყვარა?

26. ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი შენნი უბანთა შენთა ზედა, და ყოველნი კაცნი შენნი მბრძოლნი დაეცნენ მას დღესა შინა, - ჰრქვა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან, -

27. და აღვაგზნა ცეცხლი ზღუდეთა ზედა დამასკისათა, და შეჭამნეს ურაკნი ძისა ადერისნი.

28. კიდარს, მეფისა ეზოჲსსა, რომელი მოსრა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ესრეთ ჰრქუა უფალმან: აღდეგით და აღვედით კიდარსა ზედა, დაწყლენით ძენი კედემისნი,

29. კარავნი მათნი და ცხოვარნი მათნი წარიხუენ, სამოსელნი მათნი და ყოველნი ჭურჭელნი მათნი და აქლემნი მათნი მიიყვანენ თავისა მათისად, და მოუწოდეთ მათ ზედა წარწყმედასა გარემოს,

30. ივლტოდეთ ფრიად, განჰკერთით, დააღრმეთ შთასაჯდომელად მსხდომარეთა ეზოსა შინა, - იტყჳს უფალი, - რამეთუ განიზრახა თქუენ ზედა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, განზრახვაჲ და ისიტყუა თქუენ ზედა გულისსიტყვა.

31. აღდეგით, აღვედით ნათესავსა ზედა კეთილმდგომსა და მყუდროსა და მჯდომარესა განსუენებულად, - იტყჳს უფალი, - რომლისა არა არიან კარებ, არა ვალანებ, არა მოქლონებ, მარტონი მევანეობენ.

32. და იყვნენ აქლემნი მათნი სათავისო და სიმრავლე საცხოვართა მათთაჲ წარსაწყმედელ, და განუფიწლნე იგინი ყოველსა ქარსა, განრყუნილ პირნი მათნი. და ყოვლისაგან წიაღ კერძოჲსა მათისა ვყო ძლეულება მათი, - თქუა უფალმან,

33. და იყოს ეზო მათი საყოფელ სირთა და უგზო საუკუნომდე. არ დაემკჳდროს მუნ კაცი და არ დაჯდეს მუნ ძე მიწისნაშობისაჲ.

34. სიტყუა, რომელი იქმნა უფლისა მიერ იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა, ელამისათჳს დასაბამსა მეფობისა სედეკიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა და თქუა:

35. ამათ იტყჳს უფალი ძალთა: აჰა, ესერა, შევჰმუსრო მშჳლდი ელამისა, დასაბამი მძლავრებისა მათისა.

36. და მოვხადო ელამსა ზედა ოთხთა ქართა, ოთხთაგან მწუერვალთა ცისათა და განვთესნე იგინი ყოველთა მიმართ ქართა ცისათა და არა იყოს ნათესავი, რომელ არა მოვიდეს მუნ განმაგაარებელნი ელამისნი,

37. და შიშნეულ-ვყუნე იგინი წინაშე მტერთა მათთა, რომელნი ეძიებდეს სულთა მათთასა და მოვაწიო მათ ზედა რისხვისაებრ გულისწყრომისა ჩემისა, - იტყჳს უფალი, - და ზედმივავლინო უკუანა მათსა მახჳლი ჩემი, ვიდრე მოსპოლვადმდე მათდა.

38. და დავდვა ელამს შინა საყდარი ჩემი და წარვწყმიდო მუნით მეფე და დიდ-დიდნი, - თქუა უფალმან,

39. და იყოს უკანასკნელთა დღეთა, ზემოვაქციო ტყუეობა ელამისა, - იტყჳს უფალი, დაწყებასა მეფე-ყოფისა სედეკია მეფისასა იყო სიტყუა ესე ელამისთჳს ბაბილოვნელთა ზედა.

50

1. სიტყუა, რომელი თქუა უფალმან ბაბილონსა ზედა, ქუეყანასა ზედა ქალდეველთასა ჴვლითა იერემია წინაწარმეტყუელისათა.

2. მიუთხრენით წარმართთა შორის და სასმენელ-ყვენით და აღიღეთ სასწაული, ასმინეთ და ნუ დაჰმალავთ. არქუთ: აოჴრდა ბაბილონი ბილ უშიში, შუებული მიეცა. მეოდახ. ჰრცხუენა კერპთა მისთა, ჰრცხუენა ქანდაკებულთა მისთა,

3. რამეთუ აღმოვიდა მის ზედა ნათესავი ჩრდილოთ. მან დადვას ქუეყანა მისი მოსაოჴრებელად. და არა იყოს დამკჳდრებული მის შორის, კაცითგან მისაცხოვართამდე, შეირყინეს, წარჴდეს.

4. მათ დღეთა შინა, - იტყჳს უფალი, - და მას ჟამსა შინა მოვიდენ ძენი ისრაილისანი, იგინი და ძენი იუდაჲსნი ერთბამად მოარულნი და მტირალნი, წარვიდენ მეძიებელნი უფლისა ღმრთისა მათისანი.

5. ვიდრემდის სიონს იკითხონ გზაჲ, რამეთუ აქა მისცენ პირი მათი და მოვიდენ და შეივლტოდიან უფლისა მიმართ, ღმრთისა მათისა, რამეთუ აღათქმაჲ საუკუნოჲ არა მოაკლდეს.

6. ცხოვარებ წყმედულებ იქმნა ერი ჩემი, მწყემსთა მათთა განჴადნეს იგინი, მთათა ზედა შეაცთუნნეს იგინი, მთათაგან ბორცუთა ზედა ვიდოდეს, დავიწყდა სადგური საწოლი მათი.

7. ყოველნი მპოვნელნი მათნი განჰლევდეს მათ. მტერთა მათთა თქუეს: არა ულხინოთ მათ მის წილ, რომელ შესცოდეს უფალსა. შჯული სიმართლისა შემკრებელი მამათა მათთა უფლისაჲ.

8. უცხო იქმნენით შორის ბაბილონისაგან და ქუეყანისაგან ქალდეველთასა, გამოვედით და იქმნენით, ვითარცა ვეშაპნი წინაშე პირსა ცხოვართასა.

9. რამეთუ, აჰა, მე აღვადგენ და აღმოვიყვანებ ბაბილონსა ზედა შესაკრებელსა, ნათესავთა დიდთასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და წყობა-ყონ მის შორის. მუნით მოესრულოს, ვითარცა სატყორცი მბრძოლისა გულისჴმიერისაჲ, ისარნი მისნი არა მოიქცენ ცუდად.

10. და იყოს ქალდეაჲ საიავროდ, ყოველნი მეიავრენი მისნი განძღენ, - იტყჳს უფალი, - რამეთუ იშუებთ და იქადით დამტაცებელნი სამკჳდრებელისა ჩემისანი.

11. და მით, რამეთუ სტრიობდით ვითარცა ზროხანი მწუანებსა შორის, და ურქენდით, ვითარცა კურონი.

12. სირცხჳლეულ იქმნა დედა თქუენი ფრიად, მოიქცა მშობელი თქუენი დედაჲ კეთილთა მომართ. აჰა, უკანასკნელი წარმართთა ოჴერ და ურწყულ და უვალ.

13. რისხვისაგან უფლისა არა დამკჳდრებულ იქმნეს, და იყოს განსარყუნელად ყოვლად. და ყოველი წარმვლელი ბაბილონით დაწუხნეს, დაისტჳნოს ყოველსა ზედა წყლულსა მისსა.

14. წყობა-ყავთ ბაბილონსა ზედა გარემოჲს ყოველთა მომრთხმელთა მშჳლდისათა, მშჳლდვა-ყავთ მის ზედა, ნუ ჰრიდებთ მშჳლდვასა თქუენსა ზედა, რამეთუ უფალსა შესცოდა.

15. და დაიპყართ მის ზედა გარემოჲს, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, დაეცნეს დაეფანნი მისნი, დაირღვა ზღუდე მისი, რამეთუ შურისგება ღმრთისა მიერ არს. შური იძიეთ მის ზედა, ვითარცა ყო, უყავთ მას.

16. მოსპეთ თესლი ბაბილონისაგან, მპყრობელი მანგლისაჲ ჟამსა მკისასა პირისაგან მახჳლისა ელლინებრისა. კაცადი ერისა მიმართ თჳსისა მიიქცენ და კაცადი ქუეყანად თჳსისა მიივლტოდიან.

17. ცხოვარი ცთომილი ისრაჱლი, ლომთა განაგარეეს იგი. პირველად შეჭამა იგი მეფემან ასსურისმან, და ესრეთ უკანასკნელ მეფემან ბაბილონისამან, ნაბუქოდონოსორ, ძუალნი მისნი დაჭამნა.

18. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: აჰა, მე შურისძიებასა ვჰყოფ მეფისა ზედა ბაბილონისასა და ქუეყანასა ზედა მისსა. ვითარცა შური ვიძიე მეფისა ზედა ასურისასა.

19. და კუალად ვაგო ისრაჱლი საძოვრისა მიმართ მისისა, და ძოვდეს შორის კარმელსა და შორის ბასანსა და შორის მთასა ეფრემისსა და შორის გალაადისა. და აღივსნენ სულნი მათნი.

20. მათ დღეთა შინა და მას ჟამსა შინა, - იტყჳს უფალი, - ეძიებდენ უსამართლოებასა ისრაჱლისასა, და არა იყოს, და ცოდვათა იუდაჲსთა, და არა იპოოს, რამეთუ მლხინებელ ვეყო დაშთომილთა ქუეყანასა ზედა, - იტყჳს უფალი,

21. - ქუეყანასა ზედა განმამწარებელთასა მიიწიე მას ზედა მწარედ და დამკჳდრებულთა მისთა ზედა შური იძიე, მახჳლო! და უჩინო-ყავ, - იტყჳს უფალი, - უკანაგან მათსა ძჳრნი, და ჰყოფდ ყოველთაებრ, რავდენთა გამცნებ შენ.

22. ჴმაჲ ბრძოლისაჲ და შემუსრვაჲ დიდი ქუეყანასა შინა ქალდეველთასა,

23. ვითარ შეიმუსრა და შეიფქვა უროჲ ყოვლისა ქუეყანისაჲ, ვითარ იქმნა განსარყუნელ ბაბილონი წარმართთა შორის?

24. წინაგანგეწყვეა შენ და ზედადაგესხნენ შენ? და წარჰჴდე, ბაბილონ, და ვერ სცნა, იპოვე, შეპყრობილ იქმენ, რამეთუ უფალსა უჴდებოდე.

25. განაღო უფალმან საფასე თჳსი და გამოიხუნა ჭურნი რისხვისა მისისანი, რამეთუ საქმე არს უფლისა ღმრთისა ძალთაჲსაჲ შორის ქუეყანასა ქალდეველთასა,

26. რამეთუ მოიწინეს ჟამნი მისნი, განახუენით დასაკრებელნი მისნი, გამოიკულიეთ იგი, ვითარცა ქუაბი, და მოასრულეთ იგი. ნუ იყოფინ მისსა დანეშტებული.

27. აღაჴმენით ყოველნი ნაყოფნი მისნი და შთამოვიდოდედ კლვად. ვაჲ მათდა, რამეთუ მოიწია დღე მათი და ჟამი შურისგებისა მათისაჲ.

28. ჴმაჲ მეოტთაჲ და განრინებულთაჲ ქუეყანისაგან ბაბილონისა მითხრობად შორის სიონსა. შურისძიებაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩუენისა, შურისძიებაჲ ტაძრისა მისისა.

29. და მოწმება ყავთ ბაბილონსა ზედა მრავალთა, ყოვლით კერძო გარდამცემელთა მშჳლდისათა მოადეგით მას ზედა გარემოს. ნუ იყოფინ მისსა განრინებული. მიაგეთ მას საქმეთაებრ მისთა. ყოველთაებრ რავდენნი ყუნა, უყავთ მას, რამეთუ უფლისა მიმართ წინაგენეწყო წმიდისა ისრაჱლისა.

30. ამისთჳს დაეცნენ ჭაბუკნი მისნი უბანთა მისთა ზედა და ყოველნი მამაკაცნი მბრძოლნი მისნი განერნენ, - თქუა უფალმან.

31. აჰა, მე შენ ზედა, - იტყჳს უფალი ძალთაჲ, - მაგინებელთა, რამეთუ მოიწია დღე დაცემისა შენისაჲ და ჟამი შურისგებისა შენისა.

32. და მოუძლურდეს გინებაჲ შენი და დაეცეს, და არა იყოს აღმმართებელი მისი, და აღვაგზნა ცეცხლი მაღნარსა მისსა შორის, და შეჭამნეს ყოველნი გარემოსნი მისნი.

33. ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მიმძლავრებულ არიან ძენი ისრაჱლისანი და ძენი იუდაჲსანი. ერთბამად ყოველნი წარმტყუენველნი მათნი ემძლავრნეს მათ, რომელთა არა ინებეს გამოვლინებაჲ მათი,

34. და მჴსნელი მათი ძლიერ უფალი ძალთაჲ, ყოვლისა მპყრობელ სახელი მისი. საშჯელი საჯოს წინამოსაჯულთა მისთა მიმართ, რაჲთა მოსპოს ქუეყანაჲ და განაძჳნნეს დამკჳდრებულნი ბაბილონისნი.

35. მახჳლი ქალდეველთა ზედა, - თქუა უფალმან, - და დამკჳდრებულთა ზედა ბაბილოვნისათა და დიდებულთა ზედა მისთა და გულისჴმისმყოფელთა ზედა მისთა, და მოისპნენ.

36. მახჳლი მისანთა ზედა მისთა, და დაშურენ. მახჳლი მბრძოლთა ზედა მისთა, და დაიჴსნნენ.

37. მახჳლი ცხენებსა ზედა მისსა და ეტლებსა ზედა მისსა, მახჳლი მჴედართა ზედა მისთა და შერთულთა ზედა შორის მისსა, და იყუნენ, ვითარცა დედანი. მახჳლი საუნჯეთა ზედა მისთა, და დაიტაცნენ.

38. მახჳლი წყალსა ზედა მისსა, რომლისამი ესვიდა, და განჴმეს და სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ ქუეყანაჲ ქანდაკებულთაჲ არს ჭალაკთა შენთა შორის და ექადოდინ.

39. ამისთჳს დაემკჳდრნენ ურჩხულნი ჭალაკთა შინა და დაემკჳდრნენ მას შინა ასულნი სირინოსთანი, და არა აღეშენოს მერმე უკუნისამდე, და არა დამკჳდრებულ იქმნეს მერმე ნათესავითი ნათესავად,

40. ვითარცა დააქცინა უფალმან სოდომაჲ და გომორრაჲ, და მოზღურენი მათნი, - თქუა უფალმან, - არა დაეშენოს მუნ კაცი, და არა იმსხემოს ძემან კაცისამან.

41. აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულით ქუეყანისაჲთ.

42. მშჳლდი და მაზრაკი აქუნდესყე; უგბილ არიან და არა შეიწყალებენ: ჴმაჲ მათი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენთა ზედა ცხენოსნობდენ განმზადებულნი, ვითარცა ცეცხლი მბრძოლობად შენ ზედა, ასულო ბაბილონისაო!

43. ესმა მეფესა ბაბილონისასა სასმენელი მათი, დაიჴსნნეს ჴელნი მისნი, ჭირმან შეიპყრა იგი სალმობათა, ვითარცა მშობისათა.

44. აჰა, ვითარცა ლომი, გამოვიდეს მაღნართაგან იორდანისათა, ადგილსა ეთამისთა, სამკჳდრებელსა შორის დასაბამისსა, რამეთუ მალიად განვდევნნე იგინი მისგან, და ყოველი ჭაბუკი მას ზედა დაეადგინო, რამეთუ ვინ ვითარ მე? და ვინ წინააღმიდგეს მე? და ვინ ესრეთ მწყემსი, რომელ დადგეს წინაშე პირსა ჩემსა?

45. ამისთჳს ისმინეთ განზრახვა უფლისაჲ, რომელსა განიზრახავს ბაბილონსა ზედა და გულისსიტყუანი მისნი, რომელნი სიტყუნა ყოველთა ზედა დამკჳდრებულთა ქალდეაჲსათა, არა თუ განხრწნეთ კრავნი ცხოვართა მისთანი, არა თუ განქარდეს მათგან საძოვარი.

46. მით, რამეთუ ჴმისაგან მოსრვისა ბაბილონისა შეიძრას ქუეყანა, და ღაღადებაჲ მისი ისმეს ნათესავთა შორის.