ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია

(ქ. ბორჯომი და ბორჯომის რაიონი)

მთავარეპისკოპოსი სერაფიმე (თამაზ ჯოჯუა)

დაბ. 15.02.1961. სოხუმი;
1990 - თბილისის სამხატვრო აკადემია;
28.08.1992 - ბერად აღკვეცა;
02.10.1992 - დიაკვნად კურთხევა;
26.11.1992 - მღვდლად კურთხევა;
1994 - ფოკის მონასტრის წინამძღვარი;
20.04.1995 - ეპისკოპოსი;
2000 - მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ახალქალაქისა;
2002 - მთავარეპისკოპოსი ბორჯომისა და ბაკურიანისა.

 

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია შიდა ქართლის სამხრეთით, ისტორიული პროვინციის თორის ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ბორჯომის რაიონს და მის მიმდებარე ბორჯომის იგივე ძვ.სადგერის ხეობას. ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება მანგლისისა და წალკის, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან - გორისა და სამთავისის და ურბნისისა და რუისის, ჩრდილო-დასავლეთიდან - მარგვეთისა და უბისის და ვანისა და ბაღდათის, დასავლეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან - ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის, სამხრეთიდან - ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიები.

ტიმოთესუბნის მონასტერი

ისტორიული თორის საერისთავო II-IV სს. დაარსდა და სრულად აერთიანებდა მტკვრის ხეობას, რომელსაც XV ს-დან სადგერის ხეობა ეწოდებოდა, XIX ს-დან კი - ბორჯომის ხეობა. ხეობა მტკვრის (ტაშისკარიდან აწყურამდე), საკუთრივ სადგერის (სადგერიდან წაღვერ-კიმოთესუბანსა და თორ-ბაკურიანს) და გუჯარეთის ხეობებისაგან შედგებოდა. თორის საერისთავო მთათა ბუნებრივ ქვაბულში - ლიხის, ღადოს, ბაკურიანის და თორის - მთებს შორის იყო მოქცეული. შუა-ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშოდ ითვლებოდა და მას თორელთა ფეოდალური საგვარეულო განაგებდა. XII ს. II ნახევრიდან თორელთა ფეოდალური საგვარეულო ფრიად დაწინაურდა და ამ ოჯახის წევრები, როგორც საქვეყნოდ გამრიგე მოხელეები (ახალქალაქის ერისთავთერისთავები), ისე დარბაზის რიგის მოხელეები (ამილახვრები, ამირსპასალარები, მეჭურჭლეთუხუცესები) იყვნენ. მათი მმართველობის საერისთავოს საზღვრები ჯავახეთის და სამცხის მნიშვნელოვან ნაწილზეც ვრცელდებოდა. XIII ს-ში მონღოლთაგან ქვეყნის დუმნებად დაყოფისას უკვე მთელი ჯავახეთის გამგებლობა მინდობილი ჰქონდათ თორელებს. მოგვიანებით, თორს სამცხის ათაბაგები, ხოლო XV ს-დან ხეობაში ავალიშვილთა სათავადოს (საავალიშვილო) შექმნის შემდეგ, ეს გვარეულობა მართავდა.

ტრადიცია საერისთავოს გამგებლების, თორელების წარმომავლობას წმინდა ანდრია მოციქულის გაქრისტიანებულ პირველ ქართულ საგვარეულოს - სამძივარებს უკავშირებს. წერილობითი წყაროების და წმინდა საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სოსანგეთში (აწყური), შემოსული, წმინდა მოციქულის ქადაგებისა და აქაური მთავრის, ქვრივი ქალის სამძივარის გარდაცვლილი შვილის სასწაულებრივი აღდგენის შემდეგ, სამძივართა ოჯახი ქრისტიანობაზე მოექცა და პირველი ეკლესიაც მათ მამულში დაარსდა. საქართველოში დაფუძნებულ პირველ ქრისტიანულ თემს წმინდა მოციქულმა ეპისკოპოსი დაუდგინა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც დაუტოვა. აწყურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებული მრავალი სასწაულის შესახებ გვაუწყებენ საქართველოს ისტორიის უპირველესი წერილობითი წყაროს „ქართლის ცხოვრების“ თხზულებები. ამდენად, მოციქულებს საქართველოში პირველი სამღვდელმთავრო სამწყსო - აწყურის ეპარქია ისტორიული თორის ტერიტორიაზე დაუარსებიათ. პირველგაქრისტიანებული ქართული ოჯახის მემკვიდრეები კი ამ საერისთავოს ხანგრძლივი დროის მანძილზე მართავდნენ. IV ს-ში, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ, სადგერის ხეობის მოსახლეობაც გაქრისტიანებულა და ამ კუთხეში ეკლესია-მონასტრების ინტენსიური აღმშენებლობაც დაიწყო. თუმცა იმდროინდელი საღვთისმსახურო მრავალი შენობა-ნაგებობა დროის მსვლელობისა და მტერთა აურაცხელი შემოსევების გამო განადგურებულა. ამ მხარის უძველეს ტაძართაგან აღსანიშნავია ნეძვის სამეკლესიანი ბაზილიკა, ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსი, ლიკანის, ჩითახევის, ახალდაბი, დაბის ეკლესიები და სხვ.

ეს კუთხე ადრიდანვე მაწყვერელი მღვდელმთავრის სამწყსოდ ითვლებოდა. ვახუშტი ბატონიშვილის უწყებით მაწყვერელი იყო „მწყემს ყვიბის - კორტანეთს ზეითისა, და მტკურის ჩრდილოეთისა და ბოცოს წყლის ჩრდილოეთის კერძოსი, ვიდრე გურიის მთისამდე“. ამდენად, საქართველოს უძველესი ეპარქია თავიდანვე საკმაოდ განვრცობილი ყოფილა და ისტორიული თორისა და სამცხის ტერიტორიებს მოიცავდა. „ქართლის ცხოვრების“ მემატიანეები ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გზა-გასაყარზე მდებარე კუთხის შესახებ ხშირად გვაუწყებენ, მომხვდურმა „...კუალად მოაოხრა ქუეყანა ესე“-ო, ან „...ტყუეჰყვნა აწყუერისანი სრულიად“-ო და სხვ. სპარსელების, არაბების, თურქ-სელჩუკთა და თათარ-მონღოლთა შემდეგ, XV ს-დან ეს მხარე განსაკუთრებული სისასტიკით გააჩანაგეს თურქ-ოსმალებმა. აქაური მოსახლეობა „კაცნი ყოფილან მბრძოლნი ძლიერნი“, მაგრამ მტერთან ბრძოლაში განახევრებულან და ზემო ქართლსა და იმერეთს შეხიზვნიან. ოსმალთაგან დაპყრობილ მხარეში დაიწყო ეკლესია-მონასტრების მეჩეთებად გადაკეთდება, სამღვდელოების დევნა და საეპისკოპოსოს თანდათანობითი გაუქმების პროცესი... ქრისტიანი მოსახლეობისაგან გაუკაცრიელებულ ხეობაში XVIII ს. შუახანებიდან სამღვდელმთავრო კათედრაც გაუქმებულა და კათოლიკოს-პატრიარქ დომენტის 1741 წლისთვის სადგერის ხეობა დაუქვემდებარებია მროველისათვის, „ვინაითგან მაწყუერელი არღარა არს“-ო.

საუკუნეთა მანძილზე გაუკაცრიელებული უძველესი კუთხის აღდგენა XIX ს. პირველი ნახევრიდან დაიწყო. ტოპონიმ „ბორჯომის“ წერილობით წყაროებში პირველი მოხსენიებაც ამავე პერიოდს უკავშირდება. XV-XVIII სს. ბორჯომის ადგილზე რამდენიმე პატარა სოფელი იყო: ნუა, ფაფა, ჭალა და სხვ. ბორჯომის სახელწოდება მესხეთში ურავლის ხეობაში სოფელ ბორჯომიდან (ამჟამად ანდრიაწმინდის ახლოს მდებარე ნასოფლარი ახალციხის რაიონში) ოსმალთა დაპყრობების დროს ლტოლვილი მოსახლეობიდან მომდინარეობს. ბორჯომის გაქალაქება კი XIX ს. ბოლო პერიოდიდან დაიწყო, როდესაც იგი 1871 წ. კავკასიის მეფისნაცვალს, დიდ მთავარ მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვს გადაეცა. უძველესი ნაქალაქარის აღდგენას და ხეობის ცენტრალურ ქალაქად გადაქცევას ძირითადად ბორჯომის ბუნებრივმა პირობებმა შეუწყო ხელი.

1917 წ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მიუხედავად, 20-იან წლებში ეკლესიის წინააღმდეგ დაწყებული რეპრესიების გამო, უძველეს ქრისტიანულ კერაზე - თორში ტრადიციული ეკლესიური ცხოვრების განახლება თითქმის შეუძლებელი იყო. მხოლოდ 1978 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ მხარეში ეპარქიის დაარსება. 1978 წ. აღდგენილ სამცხე-ჯავახეთის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა ბორჯომის ხეობაც. 1995 წ. 5 აპრილს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრების განჩინებით, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიულად მეტად განვრცობილი ეპარქიის საფუძველზე ჩამოყალიბდა ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქია. 2002 წლის 17 ოქტომბერს კი, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის საფუძველზე დაარსდა ორი ეპარქია: ა) ახალქალაქისა და კუმურდოს და ბ) ბორჯომისა და ბაკურიანისა. ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად წმინდა სინოდმა მანამდე ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის მწყემსმთავარი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მთავარეპისკოპოსი სერაფიმე ჯოჯუა დაადგინა.

მთავარეპისკოპოს სერაფიმეს ძალისხმევით ეპარქიის ტერიტორიაზე ათობით მოქმედი და მშენებარე ეკლესიაა, რომელთაც შესაბამისი რაოდენობის ღვთისმსახური ემსახურება. უშუალოდ მღვდელმთავრის მიერ ბოლო დროს რამდენიმე ეკლესია მოიხატა. ათწლეულობით გამოკეტილ ეკლესია-მონასტრებში, ღვთის მადლით, დღეისათვის კვლავ აღესრულება ღვთისმსახურება, მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ საზრდოს მოკლებული აქაური მრევლი ტრადიციულ საეკლესიო წიაღს უბრუნდება. ეპარქიის ძველ სამონასტრო კერებზე თანმიმდევრულად მიმდინარეობს ტრადიციული ბერ-მონაზვნური ცხოვრების წესის განახლება, საუკუნეთა განმავლობაში მივიწყებული ქრისტიანული ხელოვნების და ხელსაქმის (სატაძრო არქიტექტურა, ხუროთმოძღვრებაზე, მინიატურული და მონუმენტური საეკლესიო ფერწერა, ხეზე და ქვაზე კვეთა, ქარგვა, გალობა და სხვ.), სასულიერო განათლების ტრადიციის აღდგენა და სხვ.

თანამედროვე ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ტერიტორიაზე, ისტორიული თორის საერისთავოში, ადრიდანვე ქვეყნისა და დედა ეკლესიისთვის თავდადებული მრავალი მამულიშვილი მოღვაწეობდა: საისტორიო ტრადიციის თანახმად წმინდა გრიგოლ ხანძთელსა და მის ძმობას ამ მხარეში მრავალი ეკლესია აუგიათ. წმინდა გიორგი მთაწმინდელი კი საქართველოდან გამგზავრებამდე თანამედროვე ბორჯომის რ-ის სოფ. ტაძრისის დედათა მონასტერში იზრდებოდა მამიდასთან. ქვეყნისა და დედა ეკლესიისთვის მოწამეობრივად აღსრულებული შალვა თორელ-ახალციხელი ამ კუთხიდან იყო წარმოშობით და მის სახელს უკავშირდება ტიმოთესუბნის ეკლესიის მშენებლობა და სხვ. ბოლო პეროდის მოვლენებიდან კი აღსანიშნავია ქვეყნის გაერთიანებისათვის მებრძოლი მეფე ერეკლე მეორის განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ მხარისადმი. ასპინძის ომში გზად მიმავალი მეფე და ქართული მხედრობა სოფელ სადგერში წმინდა გიორგის სახელობის მონასტერთან შეჩერებულან, ღამე გაუთევიათ და ლოცვაში  ქართველთა მფარველი მხედრის - დიდმოწამე გიორგისთვის ზეციური შეწევნა გამოუთხოვიათ. ბრძოლის დაწყების წინ მოღალატურად მარტოდ მიტოვებული მცირერიცხოვანი ქართველებისგან მტერზე ბრწყინვალე გამარჯვებას მეფეც და ქართველი მხედრობაც ღვთიური შეწევნით ხსნიდნენ და განსაკუთრებულად მადლობდნენ უფალს.

დღეისათვის ეპარქიაში არსებულ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია ბორჯომის წმიდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხატი მისივე წმინდა ნაწილით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწუალთმოქმედი ხატი „შენ ხარ ვენახი“ და სხვ.

გოჩა გუგუშვილი