საეკლესიო ტერმინთა მცირე განმარტებითი ლექსიკონი
-
გ -
გადმოცემა წმიდა - მაცხოვრისა და მოციქულების მიერ ზეპირად გადმოცემული სწავლება,
რომლებიც მოგვიანებით იქნა ჩაწერილი. ის შეიცავს: 1) უძველესი ადგილობრივი ეკლესიების
სარწმუნოების სიმბოლოს; 2) „მოციქულთა წესებს“, რომელიც მიიღო კანონიკურად მართლმადიდებელმა
ეკლესიამ; 3) მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებს, რომელთა ავტორიტეტი აღიარებულ
იქნა VI მსოფლიო კრებაზე; 4) წმიდა მამათა მიერ ჩამოყალიბებულ ხიმბოლოებს; 5) მსოფლიო
და ადგილობრივი კრებების გადაწყვეტილებებს; 6) პირველ ლიტურგიებს, რომელთა წარმოშობა
ეკუთვნით მოციქულებს; 7) პირველ წმინდანთა მარტვილობას, რომელიც შედგენილია თვითმხილველთა
მიერ; და სხვა.
განბანვა - ნათლობისა და მირონცხების შემდეგ მირონის მოწმენდა წყლით. პირველ საუკუნეებში
სრულდებოდა მირონცხების შემდეგ მე-8 დღეს. თანამედროვე პრაქტიკაში სრულდება იმავე
დღეს.
განდეგილობა - ბერ-მონაზვნური ცხოვრების განსაკუთრებული წესი, განმარტოებით დაყუდება
აღმატებული მარხვისა და ლოცვისათვის.
„განიცადე“ - გალობა, რომელიც სრულდება ღვთისმსახურთა ზიარების დროს და წარმოადგენს
ჟამის წირვის ბოლო ნაწილს, სახელწოდება მოდის ფსალმუნისაგან: „განიცადეთ და იხილეთ,
რამეთუ ტკბილ არს უფალი“.
განკვეთა - ერესის გამო ეკლესიიდან გაძევება.
განკითხვის დღე - ქვეყნის აღსასრული, ღვთის საშინელი სამსჯავრო, რომელზეც გადაწყდება
ცოდვილთა და მართალთა საბოლოო ბედი. პირველნი ჯოჯოხეთის ცეცხლში ჩაიყრებიან, მეორენი
კი - ნეტართა სასუფეველში მოხვდებიან.
„განმანათლებელი“ - ცისკრის ლოცვაზე მე-9 ძლიპირის გალობის შემდეგ წასაკითხი სამმუხლიანი
ლოცვა.
განტევება - კურთხევით პატიება შეცოდებისა.
„განძლიერდასა“ - საგალობლის (კანონის) მე-3 გალობა, სახელწოდება აღებულია ბიბლიური
ანას გალობის დასაწყისის მიხედვით: „განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიერ“ (1 მეფეთა
2, 1).
გაპატიოსნება - მიცვალებულისათვის ყველა საჭირო წესის აღსრულება, პატივის დადება,
დასაკრძალავად მომზადება, შემოსვა, წესის აგება.
გარდამავალი დღესასწაულები - 13 საეკლესიო დღესასწაული, გამოითვლება არა რიცხვით,
არამედ სხვა დიდი დღესასწაულების მიხედვით. მაგ. შიო მღვიმელის (ყველიერის ხუშთაბათი),
გამოცხადება ივერიის ღვთისმშობლის ხატისა (ბრწყინვალე სამშაბათს) და სხვა.
გარდაცვალება - სულის გამოსვლა სხეულიდან, რომლის შედეგად სხეული მიწისაგან შექმნილი
„მიწად მიიქცევა“, ხოლო სული განაგრძობს არსებობას და წარსდგება ღვთის წინაშე.
გარდამოხსნა (მოხსნა, ჩამოღება) – 1) ქრისტეს ჩამოღება ჯვრიდან. 2) ქსოვილი, რომელზეც
გამოსახულია მაცხოვრის ცხედარი. 3) მსახურება, რომელიც აღესრულება დიდ პარასკევს.
გერი - ასე ეწოდება მიბაძვით გალობებს, სტიქრონებს, რომელთაც უმთავრესად საკუთარი
მელოდია აქვთ.
გვერდნი („გუერდი“) - ჰიმნოგრაფიული ტერმინი, რომელიც აღნიშნავს პლაგალურ ე.ი. დამატებით
ხმას, ძირითადი ხმებისაგან განსხვავებით.
გვირგვინი - ქორწინების საიდუმლოში გვირგვინის თავზე დადგმა ნიშნავს მეუღლეების მიერ
ვნებებზე გამარჯვებას და მათ მიერ ქორწინებამდე კეთილსინდისიერად განვლილი ცხოვრებისათვის
მინიჭებულ ჯილდოს (იხ. ქორწინება).
გინგილა - დიაკონის შესამოსელის ნაწილი. მხარზე გადასაკიდი გრძელი ვიწრო ბაფთი. სიმბოლურად
ნიშნავს ანგელოზთა არანივთიერ ფრთას.
„გიხაროდენი“ - ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი საგალობელი. სახელწოდება მოდის გაბრიელ
მთავარანგელოზის მიერ მარიამ ღვთისმშობლისადმი ხარების დროს წარმოთქმული მიმართვის
დასაწყისი სიტყვებიდან: „გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა“ (ლუკა 1,
28).
გულანი - საეკლესიო წიგნების კრებული, რომელშიც თავმოყრილია საღვთისმსახურო წიგნები:
სახარება, საქმე მოციქულთა, მოციქულთა ეპისტოლენი, თორმეტივე თვის საგალობლები, მარხვანი,
ზატიკი, საწინასწარმეტყველო, ფსალმუნნი, ჟამნი, სვინაქსი, ტიპიკონი, მოკლე ჰაგიოგრაფიული
საკითხავები და სხვა. გულანი ორიგინალური ქართული კრებულია და არც ერთ სხვა ეკლესიას
არ აქვს.
|