დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი

დიდუბის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
სასწაულთმოქმედი ხატი

მისამართი: წერეთლის გამზირი № 44.

ტელეფონი: 35-11-08.

აშენების თარიღი: გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ამჟამად ეკლესიაა აღმართული, კეთილმსახური მწყემსი ფარას აძოვებდა. მას დაესიზმრა ანგელოზი, რომელმაც აუწყა ადგილი, სადაც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი იყო დასვენებული და უთხრა: მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დილას ამ ადგილას მწყესმა თანასოფლელებთან ერთად ერთი ბრმა წაიყვანა. ღვთისმშობლის დიდებულმა ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული - ბრმას თვალები აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. ამ ადგილას მაშინვე აღუმართავთ ნიში სასწაულთმოქმედი ხატისათვის. უფრო მოგვიანებით კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი აუგიათ. დღევანდელი დიდუბის ეკლესიის წინამორბედი ტაძარი მეექვსე საუკუნით თარიღდება. მას მეცხრამეტე საუკუნემდე ნანაგრევების სახით მოუღწევია. ახალი ეკლესიის მშენებლობა 1874 წელს დაწყებულა დეკანოზ ბესარიონ ზედგენიძის თაოსნობით. 1884 წელს ეკლესია აკურთხეს, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი სახით (ხის გუმბათით) თანახმად უძეველესი ქართული სამშენებლო წესისა, რომელიც ითვალისწინებდა გუმბათის დაშენებას 7 წლის შემდეგ.

არქიტექტურა: მე-19 საუკუნეში საქართველოს ეკლესიას ეგზარქოსები მართავდნენ. მათ ინტერესებში არ შედიოდა ქართული ეროვნული არქიტექტურის ტრადიციების გაგრძელება და სურდათ, დიდუბის ტაძრის რუსიფიკაციის საშუალებად გადაქცევა. საეგზარქოსოს არ სურდა, დიდუბის ტაძარი ქართული ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურის პრინციპების შესაბამისად აგებულიყო. მათ დეკანოზ ბესარიონს შესთავაზეს ხუთგუმბათიანი ტაძრის პროექტი (ავტორი: არქიტექტორი ა. ჩიჟოვი). ბევრი მცდელობის შემდეგ დეკანოზმა ბესარიონმა ისღა მოახერხა, რომ ზედმეტი გუმბათები პროექტიდან ამოაღებინა და ცალკეული ქართული დეტალებიც შეიტანა მასში.

ხატები: დიდუბის ტაძრის ფრესკები შესრულებულია 1978 წელს მხატვარ ალექსანდრე ბალძელაძის მიერ. ტაძარში თანამედროვე ეპოქასა და გასულ საუკუნეში დაწერილი ხატებია, რომელთაგან აღსანიშნავია კანკელის მაცხოვრის ხატი, წმიდა გიორგის, წმიდა ნიკოლოზის, წმიდა ნინოს, წმიდა ილია მართლის, წმიდა თამარ მეფის (დაწერილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II მიერ) ხატები. ტაძრის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც ქართულ მართლმადიდებლურ სამყაროში ცნობილია დიდუბის ღვთისმშობლის სახელწოდებით. ხატი შემოსილია მოოქროვილი პერანგით.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 13, 1999 წ.