წმიდა მოწამე სუქია და მისთანა 16 ქართველი:
ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი,
ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე (II)

15 (28) აპრილი

წმიდა მოწამენი - სუქია, ანდრია, ანასტასი, თალალე, თეოდორიტე, ივქირიონი, იორდანე, კონდრატე, ლუკიანე, მიმნანოსი, ნერანგიოსი, პოლიევქტოსი, იაკობი, ფოკა, დომენტიანე, ბიქტორი და ზოსიმე - ქართველი დიდებულები იყვნენ. ისინი ალბანეთის მთავრის კარზე მსახურობდნენ და შესაბამისი პატივიც ჰქონდათ მთავრისაგან.

სომეხთა მეფის, არტაქსარის მეფობის დროს (88-123 წწ) წმიდანები არტაშტში, სომხეთის მაშინდელ დედაქალაქში მოხვდნენ. ისინი ახლდნენ ალბანეთის მთავრის ასულ სათენეკს, რომელიც სომეხთა მეფეს გაჰყვა ცოლად. აქ ქადაგებდა წმიდა თადეოზ მოციქულის მოწაფე და ხელდასხმული ხუცესი ხრისოსი. ქართველი დიდებულები დაემოწაფნენ მას და გადაწყვიტეს უფლის სამსახურისთვის გადაედოთ თავი. ხრისოსმა ახალმოქცეულები მესოპოტამიაში წაიყვანა და ევფრატის წყალში მონათლა. ნათლისღებისას მათ იხილეს ბორცვზე მდგარი ქრისტე. ახალნათელღებული ქრისტიანები აღარ განეშორებოდნენ ადგილს, სადაც ნათელიღეს, მაცხოვრის გამოცხადების ადგილას ჯვარი აღმართეს და მას ჯვარი ხარებისა უწოდეს.

ამის შემდეგ ხრისოსთან არტაქსარ მეფის გამოგზავნილი კაცები მივიდნენ და სთხოვეს, თავისი მოწაფეებისთვის ებრძანებინა სომხეთში დაბრუნება. ხრისოსმა უპასუხა: „ნებისაებრ თვისისა აღირჩიონ მათ სარგებელი თვისი“. მოძღვრის სიმტკიცით განრისხებულმა ბარბაროსებმა ხრისოსი და ოთხი მოწაფე მახვილით მოსწყვიდეს, სუქიასთვის კი ხელი არ უხლიათ, რადგან ეშინოდათ დედოფლისა, რომელსაც წმიდანი ნათესავად ეკუთვნოდა.

სუქიამ და მისმა თანამოძმეებმა დაფლეს სიმართლისათვის ვნებულნი, თვითონ კი „დაადგრეს სამხოლოსა მათსა ანგელოსებრივითა ცხოვრებითა“.

ხრისოსის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ საძმოს სულიერი მოძღვარი წმიდა სუქია გახდა. მალე ისინი გადავიდნენ სუკაკეთის მთაზე, რომელიც სოფელ ბაგდევანდის ახლოს მდებარეობდა. ყოფილი დიდებულები მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. მათი საჭმელი იყო მთის ბალახი, სასმელი კი - ცივი წყაროს წყალი. გამუდმებით ღია ცის ქვეშ ცხოვრებამ მოღვაწეთა კანი გამომწვარ თიხას დაამსგავსა, სხეულს კი თმა მოედო, რომელიც მათ ყოველგვარ სნეულებისაგან იცავდა.

წარმართული ალბანეთის ახალმა მთავარმა დატიანოსმა შეიტყო, რომ მისმა ქვეშევრდომმა დიდებულებმა ნათელიღეს და განმარტოებით ცხოვრობდნენ. მან თავის კარისკაც ბარლაპას უბრძანა, სპითურთ წასულიყო სუკაკეთს და პატივით მოეყვანა სუქია და მისი თანმხლებნი, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი მახვილით მოეწყვიტა ბერები.

ბარლაპამ სუკაკეთის ტყეში მოიძია მამაკაცები, რომლებიც უტყვ ველურებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე დიდებულებს. მან მეფის ბრძანება გადასცა სუქიას, პასუხად კი წმიდანმა მიუგო: „ჩვენ სახელისათვის უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა, რომელ არს შემოქმედი და უფალი ყოველთა მყოფთა, ნებსით მკუდარ ვიქმნენით და დავიწყებულ ხორციელად და რად სადამე სახმარ მკვდართა პატივი მთავრობითი, რომელნიცა ქრისტეს ჩვენისაგან მისთანა უკვდავსა და უბერებელსა, წარუდგინებელსა და სამარადისოსა მოველით დიდებასა ანგელოსთან თანა წმიდათა“.

წმიდანთა სიმტკიცით განრისხებულმა ბარლაპამ ბრძანა, შეეკრათ ძმები და ცეცხლი შემოენთოთ. წმიდანები 21-ე ფსალმუნს გალობდნენ: „შენ, უფალო, ნუ განმაშორებ შეწევნასა შენსა ჩემგან და ხელის აღპყრობად ჩემდა მომხედენ. იხსენ მახვილისაგან სული ჩემი და ხელთაგან ძაღლთაისა მხოლოდშობილება ჩემი, უთხრა სახელი შენი ძმათა და შორის ეკლესიისა გიგალობდე შენ“.

ცეცხლმოკიდებული წმიდა მოწამენი ბარლაპას ბრძანებით მახვილით აკუწეს, მათი დანახშირებული ნაწილები კი მიმოაბნიეს.

ეს მოხდა 123 წელს (სხვა გადმოცემით - 130 წელს, ათონის ივერთა მონასტრის XI ს-ის პერგამენტის მიხედვით - 100 წელს). უღმრთო მთავარმა წმიდანთა ნაწილების დაფლვა აკრძალა. ღვთის განგებულებამ 230 წლის განმავლობაში დაუმარხავი წმიდა ნაწილები უხრწნელად დაიცვა. IV საუკუნეში ქრისტიანებმა შეაგროვეს ისინი, ლუსკუმაში ჩაასვენეს და დაფლეს (წმიდანთა სახელები კლდეზე აღმოჩნდა ამოკაწრული).

წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლმა, სომეხთა განმანათლებელმა (+335; ხს. 30 სექტემბერს), წმიდა სუქიასა და მისი ძმების წამების ადგილზე ააგო ეკლესია და დააარსა მონასტერი. შემდგომ ამ ადგილას მაკურნებელმა წყალმა ამოხეთქა.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.