უფალ იესო ქრისტეს მოღვაწეობის დასაწყისი
ადამიანთა მოდგმის გადასარჩენად

დიდება ძლიერებასა შენსა, უფალო...

მარიამის მაღალი ხვედრი იყო ის, რომ თავისი ცხოვრებით ჩვენთვის ხსნა მოენიჭებინა. იგი ძის მომავალ აღთქმულ მეუფებას ელოდა და ბოლოს, როცა იესო ქრისტეს 30 წელი შეუსრულდა, ეს დღეც დადგა; იუდეური ჩვეულების თანახმად, ამ ასაკზე ადრე სახალხო მასწავლებლის ან მოძღვრის წოდებას ვერავინ მიიღებდა; რადგან სჯულს ემორჩილებოდა. ღმერთკაცს სახარების ქადაგება გარკვეულ ასაკამდე არ დაუწყია. ის ნაზარეთიდან წავიდა იორდანეს ნაპირებისაკენ, სადაც იოანე წინამორბედი თავის მსახურებას აღასრულებდა და ყველას წყლით ნათლობისაკენ - სინანულისა და განწმენდისაკენ მოუწოდებდა.

მან, ვინც კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, არ იუკადრისა, რომ „ხატი მონისა“ მიეღო და იოანე ნათლისმცემლის ხელით იორდანეში მოინათლა, რათა ყველასთვის, ვინც მას შეუდგებოდა, ნათლისღების აუცილებლობა ესწავლებინა. ამ დროს ცა გაიხსნა, სულიწმიდა მტრედის სახით (მტრედი ყოველთვის იყო სიწმინდის, მოკრძალებისა და ერთგულების სიმბოლო) მათზედ გარდამოვიდა და გაისმა ხმა მამისა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. მაცხოვრის ღვთაებრიობა წმინდა სამების განცხადებამ დაამოწმა.

წყლიდან გამოსვლის შემდეგ იესო იორდანეს უდაბნოში განმარტოვდა, რათა ლოცვითა და მარხვით წინასაუკუნეთა მიერ მისთვის განსაზღვრული საქმისთვის - კაცობრიობის ხსნისთვის - მომზადებულიყო. ორმოცი დღე და ღამე გაატარა მან ამ ველურ ადგილებში, სადაც მაცდური ეშმაკი დაამარცხა და სულიერად ძლიერი, მოწაფეებისა და ხალხის თანხლებით დაბრუნდა ყოვლადწმინდა დედასთან.

მცირე ხნის შემდეგ უფალი იესო კანას გალილეაში საქორწინო დღესასწაულზე ღვთისმშობელთან ერთად მიიწვიეს, გადმოცემა გვამცნობს, რომ ქორწინდებოდა სვიმონ კანანელი, რომელიც ღარიბი ოჯახის შთამომავალი, ქალწული მარიამის ნათესავი იყო. დედა ღვთისამ ყურადღება მიაქცია ნეფისა და პატარძლის მღელვარებას: აღმოჩნდა, რომ ღვინო არ ჰყოფნიდათ და მან შუამდგომლობისათვის ღვთაებრივ ძეს მიმართა: „ღვინოჲ არა აქუს“. მის გულში დამარხულიყო მთავარანგელოზ გაბრიელის სიტყვები, მწყემსებისა და მოგვების მონათხრობი, ამიტომ, როდესაც დაინახა, რომ ძე მისი განმარტოებული და შეუმჩნეველი ცხოვრებიდან ადამიანთა მსახურებისათვის გამოვიდა, დარწმუნებულმა, რომ სწორედ იგია აღთქმული მესია, პირველად სცადა მწუხარეთა და ჭირვეულთათვის მის წინაშე ეშუამდგომლა: „ძეო ჩემო, მათ უჭირთ და დაეხმარე, ნუგეში ეცი: „ღვინოჲ არა აქუს“ - შეესიტყვა იგი ძეს, რომელიც მასთან ახლოს იჯდა. იესომ უპასუხა: „რაჲ არს ჩემდა და შენდა დედაკაცო, არღარა მოწეულ არს ჟამი ჩემი“. ისე ჩუმად უთხრა ეს სიტყვები, გაგონება ვერავინ შეძლო. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, თითქოს სურდა, განესწავლა იგი, რომ ამ ქვეყნად მისი მოვლინების საქმეს ზეციური მამა განაგებს. თვითონაც მამის ნების აღსასრულებლად მოვიდა და მისი ღვთაებრივი ღირსების გამოვლინებას უფრო მაღალი მიზანი აქვს, ვიდრე ადამიანთა ამქვეყნიური გაჭირვების თუნდაც ზებუნებრივი ნუგეშისცემაა. მაცხოვრის სიტყვები არ იყო უარისა - საწყენი მარიამისთვის. ყოვლადწმინდა ქალწულს იმდენად სწამდა ძის გულმოწყალება, რომ მისი ნათქვამი უარად არ მიუღია. ამ შეურყეველი რწმენით მშვიდად ეუბნება იგი ლხინის მომსახურეებს: „რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ“.

ძველი ჩვეულებისამებრ იუდეველთა სახლის შესასვლელთან ყოველთვის იდგა დიდი თიხის სარწყული, რომელშიც ხელებისა და ფეხების განსაბანი წყალი ინახებოდა. „აღავსენით სარწყულნი ეგე“, როცა ისინი ბოლომდე გაავსეს, უფალმა კვლავ უბრძანა - „აღმოავსეთ აწ და მოართვით პურის უფალსა“. ყველაფერი ეს ჩუმად თქვა, ისე, რომ არავინ არაფერი იცოდა, მაგრამ, როდესაც ლხინის უფალმა ღვინოდ გარდაქმნილი წყალი ნახა, ბრძანა, მასპინძლისთვის ეხმოთ - „ყოველმან კაცმან ღვინოჲ კეთილი პირველად წარმოდგის და ოდეს დაითვრნიან, მაშინ იჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღვინოჲ კეთილი აქამომდე“. მიმართა მას. ამგვარად, უფალმა სასწაულების აღსრულება დაიწყო თავისი ყოვლადწმინდა დედის შუამდგომლობით, რათა ხალხისათვის ჩაეგონებინა, რომ მხურვალე მეოხი ყოველთვის შეევედრება თავის ძეს - ღვთაებრივი წყალობა მოიღოს მწუხარეთა და ჭირვეულთა, ცოდვებით მოწყლულთა ზედა.

კანას გალილეაში აღსრულებულ პირველ სასწაულს მოჰყვა სხვა მრავალი, რომელიც მოვლენილი მესიის ღვთაებრივ ბუნებას აშკარად ამოწმებდა: მისი სიტყვით ქარიშხალი დაეყუდებოდა, სნეულებანი განიკურნებოდა, დემონები განიდევნებოდა, მკვდრები აღდგებოდნენ, ჯანმრთელობა და სიცოცხლე უბრუნდებოდათ, ეძლეოდათ ყველაფერი, რისი მინიჭებაც მხოლოდ ღმერთს შეუძლია.

იესო ქრისტე ცოტა ხნით კანაში დარჩა და შემდეგ ყოვლადწმიდა დედასთან და მოწაფეებთან ერთად კაპერნაუმში წავიდა, რათა თავისი მოღვაწეობის ჟამს ქალწული მარიამი იქ დაებინავებინა. კაპერნაუმში პეტრე და ანდრია მოციქულების სახლი იყო. მათთან სტუმრობდა ხოლმე უფალი და ღვთისმშობელიც აქვე დატოვა.

ზეციური სასუფევლის ხარება უფალმა კაპერნაუმიდან დაიწყო: „შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ“. მისი ქადაგების პირველივე სიტყვები სინანულის აუცილებლობა იყო. გულგასასტიკებული კაპერნაუმელების თვალწინ არაერთი სასწაული მოიმოქმედა, რომ მათში რწმენა გაეღვიძებინა, მაგრამ მათ ურწმუნოებითა და სიბრმავით საკუთარ ქვეყანას მართლმსაჯული ღმერთის საზარელი რისხვა დაატეხეს თავზე. ეს ოდესღაც მდიდარი სავაჭრო ქალაქი დღეს აღარ არსებობს, სრულიად გაუდაბურდა და ერთი ბილიკიც კი აღარსად მოჩანს, ქვის შავი გროვები მაღალი და გაუვალი ბირკავით დაფარულა.

პალესტინაში მოგზაურობისას იესო ქრისტე ნაზარეთში მივიდა და ჩვეულებისამებრ სინაგოგაში იქადაგა, მისი სიტყვების მადლმა ყველა განაცვიფრა.

„რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა“, საიდან გამოვიდა ეს ახალი წინასწარმეტყველი და სჯულისმოძღვარი? - ეკითხებოდნენ ერთმანეთს შურით აღვსილი ფარისევლები და მწიგნობრები, რომ ვიცნობთ მას, გალილეველი ხუროს ვაჟს“. წარმოშობას ახსენებდნენ და დაცინვითა და აღშფოთებით ესხმოდნენ თავს. „არავინ წინაჲსწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თვისსა სოფელსა“ - თქვა უფალმა. სასწაულს ბევრი ელოდა, მაგრამ ურწმუნოს სასწაული არ მიეცემა. ქვრივი მრავალი იყო ილია წინასწარმეტყველის დროში, მაგრამ ილია მიივლინა მხოლოდ ერთთან - სარეფთას სიდონში. ელისე წინასწარმეტყველის დროსაც ბევრი კეთრით მოწყლული იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი - ნეემან ასურის გარდა - არ განწმენდილა.

მხილება სინაგოგაში მყოფმა ხელისუფლებმა მოისმინეს და მათი გული რისხვით აღივსო. იესო სინაგოგიდან განაძევეს და აიყვანეს მთის მწვერვალზე, რათა იქიდან გადაეგდოთ. გადმოცემის მიხედვით, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ამ დროს ნაზარეთში იყო. როცა სინაგოგაში მომხდარი ამბავი გაიგო, იქითკენ ისწრაფა და მთის კალთაზე ხალხის დიდი ბრბო დაინახა. ნაზარეველთა მრისხანე შეძახილებითა და გაბოროტებული სახეებით ის მიხვდა, თუ რა საფრთხე ელოდა იესოს და შიშისგან ძალა წაერთვა.

მაგრამ ჯერაც არ დამდგარიყო ჟამი მისი და მისი სიცოცხლის ხელყოფა არავის შეეძლო მანამ, სანამ ამის უფლებას თვითონვე არ მისცემდა. განრისხებული ბრბო სიბრმავემ მოიცვა, იესო ქრისტემ უხილავად გაიარა მათ შორის და დაბრუნდა კაპერნაუმში, სადაც მარიამ კლეოპასთან და მის მოკეთეებთან ერთად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც თან გაჰყვა.

გადმოცემა ამ მოვლენის ადგილზეც მიგვანიშნებს: მთა ნაზარეთის სამხრეთით მდებარეობს, მისი შვეული ფლატეები 15 საჟენის სიმაღლეზე ვიწრო კალთებამდე ადის, აქედან ახალი ფლატე იწყება, რომელიც უფსკრულშია გადაკიდებული და ეზდრელონის ველს ებჯინება.

გამუდმებით ხალხით გარშემორტყმულმა იესომ კაპერნაუმში მრავალი სასწაულებრივი კურნება აღასრულა, მაგრამ თვით სასწაულთა სიდიადესაც კი არ შეუძლია, კეთილისმყოფელი გავლენა იქონიოს მტერზე, შურსა და ბოროტებას, რომ დაუბრმავებია.

ეშმაკეულის განკურნების საბაბით კაპერნაუმის სინაგოგაში გაცხარებული კამათი გაიმართა. ფარისევლები და მაცხოვრის სხვა მტრები ირწმუნებოდნენ, რომ ყველა ეს სასწაული მასში მოქმედი ბელზებელისგან მოდისო. იესო ქრისტემ ცილისმწამებელთა ბრალდება გააქარწყლა და დაადუმა ისინი. მათ სიტყვებს საუკუნოდ მიუტევებელი ცოდვა - სულიწმიდის გმობა უწოდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა და მასთან სხვა ხორციელმა ნათესავებმა იცოდნენ მტრის ძლიერი სიძულვილი იესოსადმი, ამით შეშინებულნი მივიდნენ, რათა რისხვისგან დაეცვათ იგი. მაგრამ სიმჭიდროვეში ვერც კი მიუახლოვდნენ. ამით ისარგებლეს მტრებმა. ქადაგება რომ შეეწყვიტათ და ხალხში მისი ღვთაებრივი წარმომავლობის მიმართ უნდობლობა გაეღვივებინათ, ხორციელ ნათესავებზე მიანიშნეს: „აჰა, დედაჲ შენი და ძმანი შენნი დგანან გარეშე და უნებს რაჲმე სიტყუად“. მაგრამ იესო ქრისტემ, რომელსაც სურდა ხალხისათვის დაენახვებინა, რომ ის მარიამის ძეა ხორცით, მაგრამ, ამავე დროს, არის ჭეშმარიტი ძე ღვთისა, რომელიც ქვეყნად ადამიანთა ცოდვისაგან სახსნელად მოვიდა, რომ ის მოვალეა იქადაგოს სახარება და პირველ ყოვლისა ზეციური მამის ნება აღასრულოს, უპასუხა: „ვინ არს დედაჲ ჩემი, ანუ ვინ არიან ძმანი ჩემნი?“ - და გარშემო მსხდარ ხალხზე მიუთითა - „აჰა, დედაჲ ჩემი და ძმანი ჩემნი, რამეთუ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსა, იგი არს ძმაჲ და დაჲ და დედაჲ ჩემი“. ამ სიტყვებით მან აშკარად მიანიშნა იმ მაღალ დანიშნულებაზე, რისთვისაც ამქვეყნად მოივლინა და სულიერი ხორციელზე მაღლა დააყენა. ამ სიტყვებით იგი წარმოაჩენს ღირსებას ღვთისმშობლისას, რომელიც ყველაზე ყურადღებიანი მსმენელი, მისი ღვთაებრივი სწავლების აღმასრულებელია და ამ სიტყვების ჭეშმარიტებას თვითონვე ამოწმებს: ერთხელ ქადაგებისას, როდესაც ერთმა ქალმა ხმამაღლა შესძახა: „ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტვირთა შენ და ძუძუნი, რომელთა სწოვდი“. მან დაუყოვნებლივ უპასუხა: „ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი“. ამ სიტყვებით იესო ქრისტემ აამაღლა ღირსება თავისი დედისა, რომელიც ნეტარია არა მარტო იმიტომ, რომ ღმერთკაცი შვა, არამედ უმეტესად იმიტომ, რომ არავინ ისმენდა მის სიტყვებს და გულში ისეთი თანაგრძნობით არავინ იმარხავდა, როგორც მისი ყოვლადწმინდა დედა.

ღვთისმშობელს არასოდეს გადაუხვევია ღვთისმოსაური წესიდან და პასექის დღესასწაულზე ყოველწლიურად იერუსალიმში ადიოდა. მისი მსახური მორწმუნე დედებით გარშემორტყმული თავის ძეს ხშირად თან დაჰყვებოდა.

იესომ იუდეიდან გალილეაში საქადაგებლად მიმოსვლისას მრავალი ქალაქი შემოიარა, გამუდმებით გარშემორტყმული იყო ხალხით, რომელსაც უქადაგებდა და სასწაულებს აჩვენებდა. მისი სიტყვით ბრმადშობილნი ხედავდნენ, კოჭლები - ფეხს იდგამდნენ, კეთროვანნი - განიკურნებოდნენ, მკვდარნი - აღდგებოდნენ, ღატაკნი - კეთილდღეობას აღწევდნენ, ეშმაკები - განიდევნებოდნენ, ყველას სარწმუნოებისამებრ ეძლეოდა წყალობა. მაცხოვარი ტიროდა იმ გაქვავებული გულების გამო, საკუთარ დაღუპვას რომ ვერ ამჩნევდნენ. ის გულგრილი არ დარჩენილა საბრალო ქვრივის ცრემლების მიმართ - ერთადერთი ვაჟის სიკვდილს რომ გლოვობდა. „ნუ სტირ“ - ყოვლისშემძლე გულმოწყალებით უთხრა მას, ხელი შეახო გარდაცვლილ ყმაწვილს, აღადგინა და მისცა იგი დედას. ყველასთვის და ყოველთვის უფალი მხოლოდ სიკეთეს იქმოდა, მაგრამ ჯოჯოხეთის ძლიერება გაბოროტებულ მტრებში მძვინვარებდა და ისინი მოსაკლავად დაეძებდნენ მას. „მრავალი საქმეჲ კეთილი გიჩუენე თქუენ, რომლისა მათგანისა საქმისათვის ქვასა დამკრებთ მე?!“ - ეუბნებოდა იგი, მაგრამ არ ისმენდნენ. მათი სიძულვილი უსაზღვროდ გაიზარდა. მოახლოვდა ქრისტე მაცხოვრის წამების დრო და დაიწყო მისი ყოვლადწმინდა დედის ტანჯვა. სასტიკი შინაგანი ძრწოლა აპობდა მის გულს. ღვთაებრივი ძისადმი სიყვარულის გამო აშინებდა მისი წამების ხილვა. მაგრამ, რადგანაც ღვთის ნებას მორჩილებდა, იძულებული იყო, მსხვერპლი, რომელსაც ღმერთი და მხოლოდშობილი ძე მისი ცოდვილთა სიყვარულით, მათი გამოხსნის სურვილით თავს იდებდა, უდრტვინველად ეტვირთა, რადგან ყოველივე საუკუნეთა უწინარეს საღვთო სამსჯავროზე იყო დადგენილი. იესო ქრისტე, როგორც კაცი დედის მწუხარებით ეწამებოდა, როგორც ღმერთი - ძალას აძლევდა მას, რომ ეს განსაცდელი გადაეტანა. იტანჯებოდა დედა, როცა ძეს მტრებით გარშემორტყმულსა და შეურაცხყოფილს ხედავდა, მაგრამ, როგორც ღმერთკაცის მშობელი, ნატრობდა, რომ ზეადამიანური წამება გადაეტანა და ძეზე მთლიანად მინდობილი მის ჟამს სიმტკიცით ელოდა.