წამება და ღუაწლი წმინდა დიდ-მოწამე აბო თბილელისა

აბო ტფილელი ითვლება ქართლისა და განსაკუთრებით კი ქალაქ თბილისის მფარველად

(ევედრებიან ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ტყვეობისაგან ეშმაკთა და ბოროტთა სულთა მანქანებათაგან თავდასახსნელად,
აგრეთვე ვნებათაგან სულიერთა და სენთაგან ხორციელთა განსაკურნებელად)

VII ს-ის დასაწყისში მუსლიმანური ფანატიზმით აგზნებული არაბები მსოფლიოს მოედნენ, რათა იგი ისლამისკენ მიექციათ და მოკლე ხანში მრავალი ქვეყანა დაიმორჩილეს. ისლამი ან სიკვდილი! ამ დევიზით არაბებმა, რომელთაც სპარსეთისა და სომხეთის მსგავსი მძლავრი ქვეყნები დაამხეს, ძლევამოსილი და მსახვრალი იარაღი რამდენიმე საუკუნის მანძილზე მრავალჯერ მიმართეს კავკასიის სიღრმისკენ, საქართველოსკენ.

არაბი (მომთაბარეს, მოხეტიალეს ნიშნავს) ტომების ცხოვრებაში იმთავითვე გარკვეული ადგილი ეჭირა რელიგიურ, წარმართულ რწმენა-წარმოდგენებს. მათთან გავრცელებული იყო ანიმიზმიც (რწმენა იმისა, რომ ყველა საგანი სულიერია), ფეტიშიზმიცა (უსულო საგნების თაყვანისცემა) და მნათობების თაყვანისცემაც. ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ ქალღმერთების დედას, ლათს. მოხეტიალე ბედუინებში გავრცელებული იყო ცის კულტიც. ვარსკვლავებს კი „ღმერთების ქალიშვილებს“ უწოდებდნენ. არაბები თავს ბიბლიური აბრაამის ძის, ისმაილის შთამომავლებად თვლიდენ და ამიტომაც ისმაილიტებად იწოდებოდენ. მათ აგრეთვე აგარიანებსაც უწოდებდნენ, რადგან ისმაილს, აბრაამის უკანონო შვილს აგარისაგან (2024 წ ქ.შ.-მდე), დარჩა 12 ძე და ყველა ისინი სახლობდნენ „ხავილადან მოყოლებული შურამდე, ეგვიპტის გასწვრივ, აშურისკენ“ (დაბ. თ. 25-18)). ისინი დიდ პატივს მიაგებდნენ უმაღლეს ღმერთს, რომელსაც არ ჰქონდა სახელი ან არ შეიძლებოდა მისი სახელის ხსენება. ღმერთების სიმრავლეში არაბები ძირითადად უპირატესობას ანიჭებდნენ თავიანთი გვარების ღვთაებებს და მათ გამოსახულებებს კერპების სახით სალოცავად ქალაქ მექაში, ქა-ბას ტაძარში დგამდნენ. მარტო ამ ერთ სალოცავში კერპებისა და ჯინების 300-მდე გამოსახულება მდგარა. ისინი გამორჩევით ეთაყვანებოდნენ ქვებს. ყველა ამ ქვას კუბის ფორმა ჰქონდა, რის გამოც ეწოდებოდათ ქა-ბა (კუბს ნიშნავს). ჯერ კიდევ მუჰამედამდე ყველა არაბისთვის ქა-ბა იყო წმინდა ადგილი, რომელიც აერთიანებდა ყველა ტომს. დღესასწაულზე აუცილებელი იყო ტაძრის ირგვლივ შემოვლა და მსხვერპლის შეწირვა. სიცოცხლეში ერთხელ მაინც ქა-ბაში თაყვანისცემა და ხელით შეხება „შავი ქვისა“ პილიგრიმისთვის სავალდებულოდ ითვლებოდა. არაბ ტომთა გაერთიანების პროცესში თანდათან გამოიკვეთა რამდენიმე წარჩინებული გვარი, რომელთა შორის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ მუჰამედის წინაპრები - ყურშეიტები. სწორედ მექაში მცხოვრები ამ გვარის ღვთაება ყოფილა ალაჰი, ხორცშესხმული „შავ ქვაში“. ღმერთის ეს მუსულმანობამდელი და ძალზე ძველი სახელი თავისი ფუძით (ილიაჰ) უკავშირდება ღვთის ძველ ებრაულ სახელს ელ-ს, ელოი-ს, (ელოჰიმ-ი - საპატიო მრავლობითში). ასე, რომ მუჰამედს იმ ღმერთისათვის, რომლის წინასწარმეტყველადაც თავი მიაჩნდა, სახელის გამოგონებაც კი არ დასჭირვებია. მოგვიანებით, მისი ბრძანებით, დაამსხვრიეს ყველა კერპი, გარდა ალაჰისა (ამ შემთხვევაში ის გულისხმობდა „შავ ქვას“). ასე დაწინაურდა ყურშეიტების გვარის ღვთაება ალაჰი და იქცა არაბების ერთადერთ ღმერთად.

მუჰამედმა იმის მაგივრად, რომ მოსეს რჯულს დაყრდნობოდა, რომლის აღსასრულებლადაც მოვიდა იესო ქრისტე, თავისი საკუთარი რჯული მოიგონა და პირდაპირ გაილაშქრა ახალი აღთქმის ძირითადი არსის წინაარმდეგ (615წ). აი, როგორ აფასებს წმინდა იოანე დამასკელი მუჰამედს: „არაბებს ცრუ წინასწარმეტყველი გამოუჩნდათ, რომელსაც სახელად მუჰამედი ერქვა. ეს კაცი შემთხვევით გაეცნო ძველი და ახალი აღთქმის შინაარსს და ასე, შემთხვევით, თითქოს არიოზის მწვალებლობის მიმდევარ მონაზონსაც კი გასაუბრებია და ამ ცრუ სწავლებასთან მისადაგებით, აგრეთვე ძველ და ახალ აღთქმათა თვითნებური გამოყენებით, შეუდგენია კიდეც თავისი საკუთარი მწვალებლობა. მუჰამედმა ყალბი ღმრთისმოშიშებისა და მოჩვენებითი კეთილმოსურნეობის წყალობით ადამიანთა კეთილგანწყობა მოიპოვა და ცრუდ დაიწყო იმის მტკიცება, თითქოს მას ზეგარდამო, ღვთისაგან მიენიჭა წერილი. დაწერა რა თავის წიგნში რაღაც ამბები და აზრები, რომლებიც ჩვენთვის სასაცილოც კია, მან თავის ხალხს გადასცა იგი, როგორც დიდი სიწმინდე, ღირსი თაყვანისცემისა და ყველგან და ყველაფერში სახელმძღვანელოდ გამოყენებისა“.

ცნობილია, რომ მუჰამედიცა და მისი შემდგომი ხალიფებიც - აბუ-ბექრი, ომარი, ოსმანი, ალი და მათი დაახლოებული პირები არა მარტო მრავალბრძოლაგამოვლილენი იყვნენ, არამედ დახელოვნებული მხედართმთავრებიც, რადგან ყველა არაბის დაუმორჩილებელი სული, ბედუინი იქნებოდა ის თუ ბინადარ ცხოვრებას მიჩვეული, მუდმივად აღივსებოდა ბრძოლაში გამარჯვების ჟინით. არაბების შესახებ ტბეთის ეპისკოპოსი სტეფანე წერდა: „კაცნი მხეცისა ბუნებისანი, მტაცებელნი, რომელთა სახლ და ცხოვრებაი აქლემის ზურგი“. საღვთო ომი - ჯიჰადი ანუ ისლამის გავრცელება იარაღის ძალით - მართლმორწმუნე მუსულმანებისთვის წმინდა ვალად ითვლებოდა. მუჰამედი ამართლებდა „ურწმუნოთა“ მიმართ ბრძოლის ყველა საშუალებას და „მართლმორწმუნეთ“ საომრად აქეზებდა. ყურანში იყო მოწოდება „ურჯულოთა“, როგორც დამორჩილებისა და დამცირების (ყურ. VIII-62,66,70. IX-29), ასევე მათი ამოხოცვის მოთხოვნით „ოდეს ურჯულოებს შეხვდეთ, ჰოდა! ამოხოცეთ ისე, რომ დიდი ჟლეტვა-ხოცვა ჩაიდინოთ, ხოლო დატყვევებულებს გზები ძლიერ შეუკარით“. საღვთო ომი პირველად შეეხო მეზობელ ქვეყნებს, ხოლო შემდეგ გაიზარდა არაბთა დაპყრობის რადიუსი და მიაღწია ისეთ ძირძველ ქრისტიანულ ქვეყნებსაც, რომლებიც არ იყვნენ არაბთა მეზობლები. „განეფინა ქადაგება მაჰმად უშჯულოისა და მრავალი ერი შეუდგა მას“, რადგან ცეცხლითა და მახვილით მოსულ მტერს და მის სარწმუნოებას ვერ გაუწიეს სათანადო წინააღმდეგობა. დაპყრობილთაგან ვინც დაგმობდა თავის რჯულს და ისლამს მიიღებდა, შეიძლებოდა მუსლიმის თანაბარი უფლებით მიეღოთ უმმაში (მუსლიმანური თემი), ხოლო ის, ვინც არც ალაჰს აღიარებდა, ან ერთხელ მოქცეული, მას უარყოფდა, სიკვდილით დაისჯებოდა. მუჰამედი მთელი სისასტიკით ახშობდა ყოველგვარ საშიშ გამოსვლას და ამავე დროს გულმოწყალის როლს თამაშობდა. VII საუკუნის II ნახევარში არაბებმა განსაცვიფრებელი სისწრაფით შექმნეს უდიდესი სახელმწიფო, რომლის გეოგრაფიულ საზღვრებში შედიოდა ირანი, ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები, ამიერკავკასიის დიდი ნაწილი, სირია, პალესტინა, ეგვიპტე, აფრიკის სანაპირო მაროკოს საზღვრამდე; ხოლო, VIII საუკუნის I მესამედში არაბებმა დაიპყრეს პირინეის ნახევარკუნძული და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთის დიდი ნაწილი. მათ ხელთ იგდეს მსოფლიო მნიშვნელობის სავაჭრო გზები, არსებითად შეცვალეს მრავალი ქვეყნის კულტურა და განავითარეს ახალი რელიგიური მოძღვრება. არაბებმა ისტორიული განვითარების გეზი შეუცვალეს ისეთ ძლიერ ქვეყანასაც კი, როგორიც იყო სასანიანთა ირანი, სადაც მაზდეანობა შეცვალა მუჰამედის სარწმუნოებამ, ხოლო ფალაური დამწერლობა - არაბულმა. გადმოცემით, მუჰამედი გარდაიცვალა 632 წელს, თავის დაბადების დღეს, 63 წლის ასაკში, მაგრამ მისი შექმნილი მონოთეისტური რალიგია, ისლამი, საკმაოდ მყარი საფუძველი გამოდგა ჯერ თვით ცრუ მოციქულისა და შემდეგ მისი ოთხი მემკვიდრის ხელში ერთიანი არაბული თეოკრატიულ-პოლიტიკური სახელმწიფოს - სახალიფოს - შესაქმნელად, რომელიც თავისი სამხედრო პოლიტიკითა და სისასტიკით კარგა ხანს აფორიაქებდა მთელ მსოფლიოს. ამ პოლიტიკის ქვაკუთხედი იყო ალაჰის იდეა, რომლის სახელითაც არაბების მიერ პოლიტიკური ბატონობის მისაღწევად ჩადენილი მრავალი უსამართლობა ალაჰისადმი ერთგულებად ცხადდებოდა.

VII ს-ის მეორე ნახევრიდან არაბებმა მკვიდრად მოიკიდეს ფეხი კავკასიაში. არაბთა ხალიფატი უშუალო მეზობელი გახდა ლაზეთის სამთავროსი. არაბები პირველად 642-643 წლებში შემოიჭრნენ საქართველოში ჰაბიბ იბ მასლამის სარდლობით. ქართლს არ შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია არაბთა უზარმაზარი სამხედრო ძალისთვის. ქართლის ერისთავარმა სტეფანოზ II-მ ელჩები და ძღვენი გაუგზავნა არაბთა სარდალს და დაზავება შესთავაზა. არაბებიც დასთანხმდნენ და დაიდო ხელშეკრულება, რომელსაც „დაცვის სიგელი“ ეწოდა. ქართველები ვალდებულნი იყვნენ ერთ კომლზე ერთი დინარი ეხადათ, ხოლო ვინც ისლამს მიიღებდა, გადასახადისგან თავისუფლდებოდა. დროთა განმავლობაში მათ მეფობა მოშალეს, თბილისის საამირო დაარსეს და საქართველოს დედაქალაქი არაბეთის ხალიფის ნაცვლის ძალაუფლებას დაუქვემდებარეს.

668 წელს ხალიფას მოადგილემ კავკასიაში, ომაიანთა დინასტიის წევრმა მურვან II იბნ მუჰამედმა (ამირა მურვანმა), რომელსაც უმაგალითო სისასტიკისა და შეუსმენლობის გამო ქართველმა ხალხმა „მურვან-ყრუ“ შეარქვა, დაარბია ქვეყანა. 693 წელს მუჰამედმა თავისი ჯარების დიდი ნაწილი გამოგზავნა საქართველოს დასაპყრობად. მურვანი მეორედ დაბრუნდა საქართველოში 718 წელს, ან რამდენიმე წლით ადრე. 717 წელს საქართველო დაიპყრო ხორასნის მმართველმა, სულეიმანის სარდალმა იეზიდმა.

ამ დროს, მიუხედავად სარწმუნოებრივი ერთობისა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა ვერ ურიგდებოდა ბიზანტიელთა მფლობელობას და 697 წ. ლაზეთის მთავრის, გიორგი ბარნუკის-ძის, მეთაურობით აჯანყდა მათ წინააღმდეგ. აჯანყებულებმა მცდარი გზა აირჩიეს და დასახმარებლად „ურწმუნო“ არაბებს მიმართეს. საქმე იმით დასრულდა, რომ არაბებს გზა გაეხსნათ დასავლეთ საქართველოსკენ. იქ მათმა ბატონობამ გასტანა ნახევარი საუკუნე, 697 წლიდან VIII ს-ის 40-იან წლებამდე. ხალხში კიდევ უფრო მეტი წინააღმდეგობა გამოიწვია არაბთა ბატონობამ, ვიდრე ბიზანტიელებისამ, რადგანაც იგი ისეთსავე ბარბაროსულ სახეს ატარებდა, მოსახლეობის უსაზღვრო შევიწროებითა და დამსჯელი ოპერაციებით, როგორც კავკასიის სხვა ქვეყნებში.

VIII ს-ის ოციან-ოცდაათიან წლებში დასავლეთ საქართველოში გაიშალა ფართო მოძრაობა არაბ დამპყრობელთა წინაარმდეგ. ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ლაზეთის მთავარი ლეონ I (720-740 წ.წ). იგი გაეცალა შიდა-ეგრისს (ლაზეთს), სადაც მკვიდრად ჰქონდათ ფეხი მოკიდებული არაბებს და გადავიდა ლაზეთის ქვეყნების ჩრდილოეთ სანაპიროზე - აფხაზეთში და იქ გამაგრდა.

VIII ი-ის 20-იან წლებამდე აფხაზეთი, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს დანარჩენი მხარეები, არაბების ხელში იყო. ამ დროს „სარკინოზებს ეპყრათ აბაზგიაც, ლაზიკაც და იბერიაც“ - როგორც ეს აღნიშნულია თეოფანე ჟამთააღმწერლის მატიანეში (ცნობა - 717 წლის თარიღით).

ლეონ I-ს პოლიტიკური კავშირი დაუმყარებია ბიზანტიასთან, უცნია მისი სუვერენიტეტი და მისივე თანადგომით არაბთაგან გაუთავისუფლებია აფხაზეთის მხარეები, როგორც საკუთრივ აფხაზეთი, ისე აბსილეთი, მისიმიანეთი და სანიგეთ-ჯიქეთი (ტერიტორია შემდგომი ხანის აფხაზეთის სამფლობელოსი). ამავე დროს ბიზანტიასაც გარკვეული ვალდებულებანი აუღია და, კერძოდ ლეონ I-ის დინასტია უცვნია მემკვიდრეობით მფლობელებად არაბებისაგან გათავისუფლებული აფხაზეთის მხარეებისა, კეისრის ერისთავის - არქონტის ტიტულით. მისი მოღვაწეობა ხასიათდებოდა დიდი სახელმწიფოებრივი ტაქტითა და პოლიტიკური ვითარების სწორი შეფასებით.

ლეონ I-ს ასევე კავშირი შეუკრავს იბერიის ანტიარაბული ფრონტის მეთაურებთან - გორგასლიანთა ეროვნული დინასტიის დიდ წარმომადგენლებთან, ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზ II-ის შვილებთან - მირთან და არჩილთან (წმ. მეფე არჩილ II, ხს. 21-VI). მათი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა-რესტავრაცია იყო იმ სახით, როგორიც მას გაუქმების დროს ჰქონდა. ქართველთა მიზანი იყო აღდგენილიყო „ქართლის სამეფო“, ანუ გორგასლისდროინდელი დასავლეთ-აღმოსავლეთ საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფო. ეკლესიის მამები ამხნევებდნენ ქართველ ერს - ისინი წინასწარმეტყუელებდნენ, რომ აღდგებოდა ერთიანი ქართული სახელმწიფო და ქართული ენა კვლავ თავის ადგილს დაიჭერდა. ამიტომაც არაბებს გადაუწყვეტიათ ერთხელ და სამუდამოდ მოესპოთ წინააღმდეგობის ეს კერა დასავლეთ საქართველოში. ამ მიზანს ისახავდა ის დიდი ლაშქრობა, რომელიც 736-738 წლებში მოაწყო ხალიფა ჰიშამმა. მან კავკასიაში არაბთა ჯარების სარდლობა კვლავ მურვან ყრუს მიანდო. მურვან-ყრუმ „აღძრა ყოველი თესლ-ტომი წარმართთა და ვითარცა ღრუბელი ბნელი, ვითარცა მკალი და მუმლი მოეფინა და დაფარა პირი ქუეყანისა“. მან ააოხრა საბერძნეთი და მიწასთან გაასწორა მთელი კავკასია, ხოლო შემდგომ კი 120 ათასიანი ლაშქრით ქართლში შემოიჭრა, „დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, შემუსრა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა“. ქართლიდან იგი სამცხეს გადავიდა, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი) დააქცია, დანარჩენი მესხური მიწებიც ააოხრა და ზეკარის უღელტეხილით იმერეთისკენ დაიძრა. ქართველთა უმრავლესობა მთასა და ტყე-ღრეში გაიხიზნა. ჯუანშერი მოგვითხრობს: მურვანის შემოსევამ ისე გაანადგურა „ქუეყანაი ქართლისა, სომხითისა და რანისა“, რომ „არღარა იპოებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყვთა ყოვლადვე“- ო და ბერძენთა კეისარს შველა სთხოვესო.

საქართველოში არაბთა ლაშქრობათა შედეგად კიდევ უფრო დასუსტდა ერთ დროს სახელოვანი ქართული სამეფო დინასტია ხოსროიანთა (ვახტანგ გორგასლის შთამომავლებისა). არაბებმა დაიპყრეს თბილისი და საამიროს ცენტრად ააქციეს. გამაჰმადიანდა მრავალი ერი“. ძველი სამეფო დინასტიის თანდათანობითი გაქრობის კვალდაკვალ ყურადღების ცენტრში მოექცა ბაგრატიონთა სახლი, რომელსაც ჩვენი მემატიანეები და გრიგოლ ხანძთელიც დავით წინასწარმეტყველის შთამომავლებს უწოდებდნენ. დავით წინასწარმეტყველი კი „ხორციელად მამად ღმრთისა იწოდა“. არაბთა მფლობელობის დროს საქართველოში თუმცა მოსპობილი იყო „მეფობაი ქართლისა“ (ე.ი. გაუქმებული იყო ქართული სახელმწიფოებრიობა), მაგრამ შერჩენილი იყო ზოგიერთი ინსტიტუტი ძველი სახელმწიფოებრიობისა, კერძოდ, „ქართლის ერისმთავრის“-ა. ქართლის ერისმთავარი, ანუ დიდი ერისთავი, ანუ მთავარი ითვლებოდა ქართული ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლად არაბთა მთავრობის წინაშე. მას ხალიფა ნიშნავდა და რეზიდენცია თბილისში ჰქონდა, იქვე ჰქონდა რეზიდენცია ხალიფატის უზენაეს მოხელეს - ამირას.

VIII ს-ის ბოლოს საქართველო ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ქართლი ანუ თბილისი მისი შემოგარენით და შუა ნაწილი საქართველოსი არაბთა ამირას ემორჩილებოდა. აღმოსავლეთი - კახთა მთავარს ეპყრა, დასავლეთ საქართველოს აფხაზთა მთავარი (შემდგომ კი მეფე) განაგებდა, სამხრეთ საქართველო - მესხეთი კი, ღვთის ნებითა და გამორჩევით, იქცა აშოტ კურაპალატისა და მისი მემკვიდრეების სამკვიდრებელად.

VIII ს-ის II ნახევრიდან - ვიდრე IX ს-ის დასაწყისამდე არაბთა მიერ დაპყრობილ საქართველოში „ქართლის ერისმთავრებად“ იყვნენ „ბაგრატიონთა სახლის“ შემდეგი წარმომადგენლები: 1. ნერსე II ერისმთავარი (ძე ადარნასე ერისმთავრისა და კურაპალატისა) - VIII ს-ის II ნახევარში, ვიდრე 781 წლამდე. 2. სტეფანოზ IV ერისმთავარი (ქართლ-მესხეთის ბაგრატიონთა II შტოს წარმომადგენელი, ძე გურგენ ერისთავისა და დისწული ნერსესი) - 781 წლიდან VIII ს-ის დასასრულამდე. 3. აშოტ I დიდი (ბიძა სტეფანოზ IV ერისმთავრისა, ძმა გურგენ ერისთავისა - VIII ს-ის დასასრულსა და IX ს-ის დასაწყისში).

VIII ს-ის 40-იან წლებში არაბთა ხალიფატში იწყება დიდი შინაგანი არეულობა. 744 წელს ამირა მურვანი (მურვან-ყრუ) კავკასიიდან სირიაში მიდის და ბრძოლების შემდეგ იჭერს ხალიფის ტახტს, მაგრამ არეულობა ამით არ დასრულებულა და მურვანი, უკანასკნელი ხალიფა ომაიანთა დინასტიისა, 750 წ. იანვარში, მდინარე ზაბზე აბასიანებთან ბრძოლაში დამარცხდა და ეგვიპტეში გაიქცა, სადაც იმავე წლის აგვისტოში მოკლეს.

ამ პერიოდიდან იწყება ბიზანტიის აღორძინება და სამხედრო ძლიერების ზრდა, რამაც განაპირობა მისი წარმატება ხალიფატთან ომებში. ხალიფატის კრიზისით ისარგებლა იბერიის მთავარმა - არჩილმა, გამეფდა და იბერიის დამოუკიდებლობა აღადგინა, თუმცა ხანმოკლე დროის მანძილზე მან მიიღო „ქართველთა მეფის“ ტიტული, რომელსაც აღარ ატარებდნენ საქართველოს მთავრები VI ს-დან - VIII ს-მდე. ამავე დროს მომხდარა დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებაც არაბთა მფლობელობისგან.

VIII ს-ის II-ე ნახევარში ხალიფატში განმტკიცდა აბასიდების ახალი დინასტია და კავკასიაშიც არაბობამ მოიცა ძალა. 60-იანი წლებიდან კი საქართველოში კვლავ არაბები გაბატონდნენ, ახლა უკვე ხანგრძლივი დროით, ვიდრე დავით აღმაშენებელმა არ ალაგმა მათი თარეში.

თითქოს არაბთა ეს შემოსევები არ კმაროდა, 764 წელს თურქები ანუ ხაზარები (ძენი მაგოგისანი, სკვითები) კახეთში შემოვიდნენ დარუბანდის ხეობით, თბილისში შემოიჭრენ და სომხეთიც ააოხრეს. ხალიფა მანსურმა თავისი ჯარი გაგზავნა მათ წინააღმდეგ, მაგრამ არაბები დამარცხდენ.

ცუდი დრო დაუდგათ ქრისტიანებს და განსაკუთრებით ქართველებს აბბასელთა გვარის პირველი ხალიფების მეფობაში; მათ შემოიღეს მკაცრი სარწმუნოებრივი, მაჰმადიანური მიმართულება პოლიტიკაში. ომაიაელთა ხალიფების წინანდელი პოლიტიკა კი უღმერთოებად და ურწმუნოებად იყო ცნობილი. ქვეყანა მძიმე ტვირთის ქვეშ იჭყლიტებოდა. ის ვითარება, რომელიც არსებობდა აღმოსავლეთ საქართველოში VIII საუკუნის II ნახევარში, კარგად აქვს აღწერილი ამ ეპოქის ქართველ მწერალსა და ისტორიკოსს იოანე საბანის-ძეს: „ვართ - მძლავრებასა ქუეშე (არაბთასა) დამონებულ, - შეკრულნი, ვითარცა რკინითა, გუემულნი და ქენჯნილნი, ძვირ-ძვირად ზღვეულნი“.

არაბთა ჯარმა ჯერ დალაშქრა ქართლი („მოაოხრა და შემუსრა ყოველი შენებული ქართლისა“, როგორც გადმოგვცემს ძველი ისტორიული წყარო) და მოადგა კახეთს, სადაც ამ დროს იყო არჩილის სამეფოს მთავარი ცენტრი. არაბებმა ვერ შეძლეს შესვლა კახეთში. არაბთა ისტორიკოსი იაკუბი მოგვითხრობს, რომ ხალიფა აბუ ჯაფარის (მანსურის, 754-775) ხალიფობის დროს წანართა (ქართლ-კახეთის მთიანეთი) წინააღმდეგ გაილაშქრა არაბთა მმართველმა კავკასიაში ალ-ჰასანმა კახტაბის-ძემ, შეებრძოლა მათ, მაგრამ ვერა გააწყო რა. ამის შემდეგ ჰასანმა აცნობა ხალიფას მდგომარეობის გართულება, მოწინააღმდეგეთა ძლიერება და მრავალრიცხოვანება, რისთვისაც ითხოვდა ხალიფასაგან დამხმარე ჯარს. ხალიფამ გამოგზავნა დამხმარე მხედრობა ამირა ალ-ჰარისი ისმაილის-ძის სარდლობით. არაბთა ჯარი შევიდა კახეთში და გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლები. გადამწყვეტი ბრძოლა არაბებსა და ქართველთა ჯარს შორის რამდენიმე დღეს გაგრძელებულა და არაბთა გამარჯვებით დასრულებულა. იაკუბის სიტყვით, ქართველებმა დაკარგეს 16.000 კაცი, გარდა ტყვეებისა, რომლებიც არაბებს წაუყვანიათ. გამარჯვებული მხედარმთავარი ალ-ჰარისი თბილისისაკენ გამოემართა, ტყვეები გზაში ამოსწყვიტა, ხოლო არაბთა რაზმები სათარეშოდ მიუშვა წანარეთის თემებზე.

მტერი ქართველთა განადგურების საუკეთესო საშუალებად სარწმუნოების აღმოფხვრას მიიჩნევდა. იოანე საბანისძის გადმოცემით ბევრი „ნაშობნი ქრისტეანეთანი“ განდრიკეს ჭეშმარიტებისაგან მძლავრებითა და ცბიერებით. ისინიც კი, ვინც სარწმუნოებას ერთგულებენ, განსაცდელთა ზვაობით გვემულნი, „შიშით განილევიან და ირყევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, მაგრამ წინააღმდეგობის ძალა ქართველი ხალხისა ჯერ კიდევ არ იყო გატეხილი. სამღვდელოება და ერის მოწინავე, საუკეთესო შვილები გამოსავალს ეძებდნენ. სწორედ ამ დროს, არაბების ბატონობის დროს, ტომითვე არაბმა და ჩამომავლობით მაჰმადიანმა აბომ (სახელი აბო არის შემოკლებული აბრაამ) თავისი სარწმუნოება უარყო და ქრისტესთვის დასთხია თავისი უმანკო სისხლი. შეუძლებელია, აბოს ღვაწლს დიდი გავლენა არ მოეხდინა არაბთაგან შევიწროებულ ქართველობაზე.

766 წელს კახეთის აჯანყება მტერმა სისხლში ჩაახშო, დამარცხდა აჯანყებული ქართლიც. ქართლ-კახეთის აჯანყების მოწყობა და ფარული ხელმძღვანელობა ქართლის ერისმთავარს ნერსე II-ს დაბრალდა, ვინაიდან ნერსე II-ის „კარი სამეუფო“ იყო ცენტრი იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებისა, აქ იკრიბებოდა იმდროინდელი ქართული განათლებული საზოგადოება (ნერსეს ოჯახში აღიზარდა წმ. გრიგოლ ხანძთელი - ძმისწული ნერსეს მეუღლისა) და აქვე ისახება საფუძვლები საქართველოს მომავალი გაერთიანებისა. როგორც ჩანს, ნერსე II-ის წრის მოღვაწეა წმინდა აბოს ცხოვრებისა და მოწამეობრივი ღვაწლის აღმწერელი იოანე საბანისძეც, ქართული ეროვნული იდეოლოგიის ეს უდიდესი მედროშე ადრეულ შუა საუკუნეებში.

ნერსე II, როგორც ირკვევა, მიუღებელი პოლიტიკური ფიგურა იყო არაბთა ხელისუფლებისათვის, მას რამდენჯერმე განუცდია ტყვეობა და დევნა არაბებისაგან. იოანე საბანის-ძე გადმოგვცემს, რომ ნერსე ერისმთავარი დასმენილი ყოფილა ხალიფას წინაშე, რის გამოც 772 წელს არაბთა ხალიფამ აბდილამ (ალმანსურმა) ქართლის ერისმთავარი თავისივე აშენებულ ქალაქ ბაღდადში დაიბარა და მისვლისთანავე საპყრობილეში ჩააგდო. ნერსემ ტყვეობაში დაჰყო სამი წელი, ვიდრე ხალიფა აბდილა არ მოკვდა. გამეფდა მისი ძე მაჰდი. 775 წელს ახლადგამეფებულმა ხალიფა მაჰდიმ ნერსე პატიმრობიდან გაათავისუფლა, ისევ ქართლის ერისმთავრად დაადგინა და თბილისში გამოისტუმრა.

ნერსემ არაბთა ტყვეობაში გაიცნო 17 წლის მენელსაცხებლე აბო, რომელიც იყო „ყოვლადვე არაბიელთა თესლი მამულად და დედულად, რომლისაი მამაი მისი და დედაი მისი და დანი მისნი და ძმანი მისნი იყვნეს მუნვე ქალაქსა მას შინა ბაღდადს ბაბილოვნისასა... და იყო იგი ხელოვან კეთილად შემზავებელ სულნელთა მათ საცხებელთა და სწავლულ იყო მწიგნობრებითა სარკინოზთაითა, ძეთა ისმაელისათა, ძეთა აბრაჰამისათა, ნაშობთა აგარისათა“. აბო თვალს ადევნებდა ნერსეს ცხოვრებას და ყოფაქცევას. იგი მოხიბლული იყო ამ უცხო ტყვის სარწმუნოებრივი სიმტკიცით, ანგელოზებრივი სიმშვიდითა და ზნე-კეთილობით. ამიტომ მან გადაწყვიტა შელეოდა ყველაფერს - მშობლებს, ნათესავებს, სამშობლოს სიყვარულს და მხურვალედ სთხოვა ნერსეს: ნუ დამტოვებ სიბნელეში, წამიყვანე შენს სამშობლოში და მიგულე შენს მსახურთა რიცხვშიო. გულკეთილმა ნერსემ შეიწყნარა ჭაბუკის თხოვნა და სამშობლოში დაბრუნებისას აბოც თან წამოიყვანა. ამით აბო, იოანე საბანიძის თქმით, აბრაამს მიემსგავსა, რომელმაც ღმრთის მოწოდების შემდეგ დატოვა უშჯულო ქალდეველთა ქვეყანა და უზენაესის მიერ აღთქმული ქვეყნის გზას დაადგა. აბოც ასევე გამოეყო აბრამეანთა, რომ შემდეგ მიბრუნებოდა „წიაღსა აბრაჰამისა“ („აბრაჰამის წიაღი“ სიმბოლურად წმინდანთა სულიერ სავანედ ითვლება).

ნერსესთან ერთად თბილისში ჩამოსული არაბი ჭაბუკი გაკვირვებული იყო ქართველთა ზნეობით. იგი ქართველ ქრისტიანთა შორის ტრიალებდა, ქართულ ენასა და საღმრთო სჯულს სწავლობდა, ეკლესიაში მოუწყინებლად დადიოდა და სახარებას, საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს ისმენდა. სამღვდელოებას ესაუბრებოდა და საღმრთო სჯულის მასწავებელთაგან ცოდნას იღრმავებდა. თავისი კეთილი ხასიათითა და პატიოსნებით აბომ ქართველთა დიდი სიყვარული დაიმსახურა. როდესაც იგი დარწმუნდა, რომ ქრისტეს სარწმუნოება, ჭეშმარიტი სარწმუნოებააო, უარყო მაჰმადის სჯული, მამა-პაპათაგან ნაანდერძევი ლოცვის წესი დააგდო და „ყოვლითა გულითა“ ქრისტე შეიყვარა, მაგრამ თბილისში დამკვიდრებული სარკინოზების (არაბების) შიშით ვერ განაცხადა თავისი გაქრისტიანების შესახებ, თუმცა ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა.

ნერსე II ერისმთავარი, რომელიც, როგორც ირკვევა, ეროვნული პოლიტიკის ხაზის გამტარებელი ყოფილა და „ჩუეულებისაებრ მამულისა სლვისა“ იქცეოდა, - ვერ შერიგებია არაბთა ბატონობას და მათაც ისევ ეჭვის ქვეშ დაუყენებიათ ღმრთისა და სამშობლოს მოყუარე მთავარი. სავარაუდოდ ნერსე აჯანყებას ამზადებდა, რადგან ამ შეტაკებამდე გაცილებით ადრე, ნერსეს თავისი ოჯახი გახიზნული ჰყოლია „აფხაზეთის“ სამეფოში ანუ დასავლეთ საქართველოში.

VIII საუკუნის II ნახევარში აფხაზეთი (დასავლეთ-სამხრეთ საქართველო) არაბთა ხანმოკლე ბატონობის შემდეგ კვლავინდებურად ბიზანტიის მფლობელობის ქვეშ იყო (50-იანი წლებიდან 80-იან წლებამდე). თუმცა ბიზანტია ამ დროს საკმაოდ დასუსტებული იყო არაბებთან ბრძოლითა და შინაური საეკლესიო უთანხმოებისა და გამწვავებული ბრძოლის გამო ხატების თაყვანისმცემელთა და უარისმყოფელთა შორის. ამით უსარგებლია აფხაზეთის იმდროინდელ მფლობელს ლეონ II-ს (753-798წ.წ), რომელსაც „აფხაზეთის“ მფლობელის ხარისხი მიუღია VIII ს-ის 50-იან წლებში. ლეონ II, რომლის მფლობელობის ქვეშ გაერთიანებული ყოფილა ლაზეთის სამეფოს ქვეყნები, არ კმაყოფილდება კეისრის ერისთავის - არქონტის ტიტულით და ჯერ კიდევ ბიზანტიის სიუზერენიტეტის ქვეშ ღებულობს „მთავრის“ წოდებას. იოანე საბანისძის თხზულებაში, რომელიც ეხება დასავლეთ საქართველოს 780-781 წლებში, ლეონ II უკვე „მთავრის“ ტიტულით მოიხსენება. მემატიანის სიტყვით: „რა ჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა, სახელად ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომელსა მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი; ეს მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა და ძალითა მათითა გაადგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხადმდე, სახელ იდვა მეფე აფხაზთაო“. ლეონ II-ს მეფის წოდება მიუღია 786 წელს. აფხაზთა მეფის სამფლობელო ჩრდილოეთისკენაც ყოფილა გადაფენილი. ლეონ II-ს, ვიდრე იგი ბიზანტიას გადაუდგებოდა და დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა, დიდი დიპლომატიური წარმატებისათვის მიუღწევია ბიზანტიასთან პოლიტიკური ურთიერთობის გზით - დასავლეთ საქართველოს „აფხაზეთის“ სამფლობელოსთან შემოუერთებია სამხრეთ კოლხეთის (ჭანეთის) ტერიტორია - ტრაპიზონის მხარე.

იოანე საბანისძის თხზულებიდან ჩვენ ვგებულობთ, თუ რა დიდი წარმატებისათვის მიუღწევია დასავლეთ საქართველოს ლეონ II-ის ხანგრძლივი მმართველობის დროს. ქვეყანას უკვე მოუშუშებია ძველი ჭრილობები და სარგებლობს მშვიდობიანი ცხოვრებითა და მოწესრიგებული საზოგადოებრივი წყობით. ამავე თხზულებიდან ვიგებთ, რომ ის კავშირი, რომელიც გაიბა იბერიასა და დასავლეთ საქართველოს „აფხაზეთის“ სამფლობელოს შორის VIII ს-ის I ნახევარში, როდესაც იბერიელები და აფხაზები (აფხაზეთის ქართველები) ერთი დროშის ქვეშ იბრძოდნენ არაბ დამპყრობელთა წინააღმდეგ, გრძელდება VIII ს-ის II ნახევარშიც. იბერიელებს, რომელთაც ისევ უხდებათ ბრძოლის განგრძობა არაბთა წინააღმდეგ, ზურგი გამაგრებული აქვთ დას. საქართველოდან.

ქართლის ერისმთავარს ნერსე II-ს, რომელიც VIII ს-ის 80-იანი წლებში განდგომას ამზადებდა არაბთაგან, როგორც ირკვევა კავშირი ჰქონია დამყარებული როგორც ლეონთან, ისე ხაზართა ხაკანთან. არაბებს ადრევე გაუგიათ ნერსე ერისმთავრის ამ საეჭვო ხასიათის მზადებათა შესახებ და თავს დასხმიან მას. ნერსეს ბრძოლით უკან დაუხევია ქართლის მთიანეთში (781 წ), გაუვლია დარიალის კარი, სამასი კაცის თანხლებით გადასულა ჩრდილო კავკასიაში და მისულა არაბებთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებულ ხაზარებთან.

ხაზართა ხაკანი ქართლის ერისთავს, როგორც საპატიო სტუმარს, კეთილად დახვედრია. იმ ხანებში ხაზარეთში უკვე ვრცელდებოდა კულტურული მსოფლიოს გავლენა - „მრავალ არს ქალაქები და სოფლები ქუეყანასა მას ჩრდილოისასა, რომელნი სარწმუნოებითა ქრისტეისითა სცხოვნდებიან“-ო, გვამცნობს იოანე საბანისძე. ასეთი გავლენა მაშინ მხოლოდ ქართლიდან იყო შესაძლებელი. ამ მხარეში დღემდე შემორჩა ძველი ტაძრები ქართული წარწერებით. ჩრდილოეთის მრავალი ქალაქი და სოფელი დასახლებული ყოფილა ქრისტიანებით და აბომაც „ისწრაფა მიახლებად ქრისტეისა“ და პატიოსანი მღვდლების ხელით მოინათლა.

რამოდენიმე ხანში ნერსემ აფხაზეთში გადასვლა მოისურვა, რადგან იქ თავისი ოჯახი ეგულებოდა. „ღმერთმან მოამშვიდა პირი მეფისა მის ჩრდილოისა და განუტევა ნერსე მრავლითა ნიჭითა“ (დასაჩუქრებული გაუშვა). გახარებული ნერსე თავისი ამალით აფხაზეთისკენ გაეშურა. დღე და ღამე შეუსვენებლად იარეს და სამ თვეში დაუბრკოლებლად გაიარეს წარმართთა ქვეყნები. აბო გზაში ლოცულობდა, მარხულობდა და „არა დასცხრებოდა იგი ფსალმუნებითა“. აფხაზეთში ჩასულებს ნერსეს ოჯახი მშვიდობით დახვდათ და „ყოველნივე აკურთხევდეს ღმერთს ცოცხლებით და მშვიდობით შეკრებისა მათისათვის“. ამით დასრულდა ნერსე ერისმთავრის პოლიტიკური მოღვაწეობა.

კეთილმსახურმა ლეონ II-მ, როდესაც არაბი ჭაბუკის გაქრისტიანების ამბავი შეიტყო, ძლიერ გაიხარა, თავისთან დაიბარა და სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა და დალოცა. „ნუგეშინის სცემდეს მას სიტყვითა ცხორებისაითა და ახარებდეს ქრისტეისთვის და საუკუნოისა მის ცხორებისათვის“. ხოლო ნეტარი „მიუგებდა მათ მადლობით სიტყუათა მათ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისათა“. გაკვირვებული მთავარი და სამღვდელოება ღმერთს ადიდებდა, ხოლო აბო უფალს მადლობდა, რომ იხილა ქრისტიანებით დასახლებული ქვეყანა, სადაც ჭეშმარიტ ღმერთს არავინ უარყოფდა და ქრისტიანებსაც არავინ დევნიდა. აბომ იხილა რა აფხაზეთის მცხოვრებთა კეთილმსახურება და წმინდა ცხოვრება, საღმრთო შურით აღივსო და მოიხსენა წმინდა მოციქულის ნათქვამი „კეთილ არს ბაძვაი კეთილისათვის მარადის“. იანვრის 17-ს, როდესაც არის ხსენება წმ. ანტონი დიდისა, მან აიღო „ფიცხელი იგი შრომაი და შორის ქალაქსა, ვითარცა უდაბნოსა ზედა, ეწყვებოდა მტერსა მას ეშმაკსა და დუმილითა და მარხვითა მოაუძლურებდა იგი ხორცთა მათ სიჭაბუკისა თვისისათა“. ნეტარმა სამი თვე გაატარა ლოცვაში, მღვიძარებაში, მარხვასა და მდუმარებაში. დიდ მარხვაში მხოლოდ შაბათ-კვირას იღებდა მცირე საზრდელს ზიარების შემდგომ. აღდგომის დიდებულ დღესასწაულზე კი შეწყვიტა მძიმე მარხვა და გახსნა ენა ღვთის სადიდებლად.

ამასობაში ქართლში პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა. 781 წელს ამირა მაჰდიმ ქართლის ერისმთავრად ნერსეს ნაცვლად ბაგრატიონთა „სახლის“ წევრი (ბაგრატიონთა გვარეულობის II შტოს წარმომადგენელი) სტეფანოზ IV, ძე გურგენისა დაადგინა. „მაშინ მხიარულ იქმნა ნერსე, რამეთუ უფლებაი იგი სახლისა მისისაგან არა განაშორა ღმერთმან“ (სტეფანოზი იყო ნერსეს დისწული). 782 წლის დასასრულს სტეფანოზ ერისმთავრის შუამდგომლობით ნერსეს ქართლში დაბრუნების ნება დართეს.

მას შემდეგ, რაც არაბებმა საქართველოს დედაქალაქი თბილისი „შეიქმნეს სახლად საყოფელად თვისად“ და მათი უზენაესი დაწესებულებანის, თვით ამირაც იქ იყო დაბინავებული, რასაკვირველია, არაბთა და მაჰმადიან მცხოვრებთა რიცხვი საგრძნობლად უნდა გამრავლებულიყო. უკვე მერვე საუკუნეში თბილისში არაბ მაჰმადიანთა მოსახლეობა არსებობდა, მაგრამ ქართველი ქრისტიანები იქ მაინც ძლიერნი ყოფილან; თვით ქართლის ერისმთავარსაც მუდმივი ბინა თბილისში ჰქონია. არაბ-მაჰმადიანთა ბატონობისდა მიუხედავად, ქრისტიანებს შიგ ქ. თბილისში ბევრი ეკლესია ჰქონიათ და წინანდებურად „ხიდთა მათ ქალაქისათა... ზედა აღმართულ იყო პატიოსანი ჯუარი ხიდისაი“. იქ სადაც ახლანდელი ავლაბრის ორი ხიდია, მაშინაც, VIII საუკუნეში, ხიდები ყოფილა, ხოლო ხიდებზე ჯვარი იყო აღმართული. ქართველ ქრისტიანებს თბილისში რომ ძალა არ ჰქონოდათ, უეჭველია, მაჰმადიანები მოსპობდნენ ქრისტიანობის მთავარ სიმბოლოს, მაგრამ, საზოგადოდ, მაინც დიდ გაჭირვებასა და განსაცდელში იყო ქართველობა და ქრისტიანობა აღმოსავლეთ საქართველოში. არაბები ხშირად მდგომარეობის სრული ბატონ-პატრონნი ხდებოდნენ და ფულიც კი მოჭრეს თბილისში 704, 825, 826, 904 და 923 წლებში. არაბები ყოველგვარ უპირატესობას ანიჭებდნენ და მფარველობას უწევდნენ იმას, ვინც ქრისტიანობას უარყოფდა და მაჰმადიანობას მიემხრობოდა; რაკი ამასთანავე ქრისტიანები მძიმე ხარკით იყვნენ დატვირთულნი, რა გასაკვირია, თუ სუსტნი და მხდალნი „მფლობელთა ზედამდგომელთა“ ბანაკში გადავიდოდნენ. იოანე საბანისძეს მწუხარებით აღნიშნული აქვს: „აღვირიენით ერსა უცხოსა... ნათესავსა საწუთოისა ამის მოყუარესა... სარწმუნოებისა ჩუენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავეთ საქმენი მათნი და ვმონებდით გულის თქუმათა გულთა ჩუენთასა მიბაძვითა მათითა“.

აფხაზეთის მთავარმა აბოს ურჩია, არ დაბრუნებულიყო ქართლში, რადგანაც იქ გაბატონებული არაბები თვისტომს არ აპატიებდნენ სარწმუნოების შეცვლასა და გაქრისტიანებას. ნეტარმა კი მტკიცედ უპასუხა: ოქრო-ვერცხლშიც რომ ჩამსვან ან ცემა-გვემით სული ამომხადონ, ქრისტიანობას მაინც არ ვუღალატებ, და შენც ნუ შემაყოვნებ, ღმრთის მსახურო, რადგან რა მადლი აქვს ჩემს აქ ყოფნას, სადაც არც შიში და არც სიკვდილი არ მომელის ქრისტესთვის?! გამიშვი აქედან, რომ ცხადად დაინახონ ქრისტეს მოძულეებმა ჩემი მტკიცე ქრისტიანობაო. აბომ დაარწმუნა მთავარი თავის სიმართლეში და თან გამოჰყვა თავის კეთილის-მყოფელსა და მფარველს თბილისში.

ნერსე თავის თანმხლებ პირებთან ერთად, გადმოდის ქართლში, სადაც ცხოვრობს როგორც კერძო პირი. ჭაბუკი აბო კი ამჯერადაც არ შეუშინდა განსაცდელს და თავისი მაგალითითა და ქცევით ამხნევებდა ქართველ ქრისტიანებს. ამიერიდან იგი თავის ახალ სარწმუნოებას არამც თუ აღარ ფარავდა, არამედ აშკარად იღვწოდა, ვითარცა ჭეშმარიტი ქრისტიანი „იქცეოდა განცხადებულად ქრისტიანედ“, ჰგმობდა თვისთა თანამემამულეთა ბიწიერ ცხოვრებასა და სარწმუნოებას და ქრისტეს ყოვლადმხსნელ მოძღვრებას უქადაგებდა. მალე გამართლდა აფხაზთა მთავრის შიში. აბოს გულმოდგინებამ ქრისტიანობაში, მაღალმა სათნოებამ და დიდად ღუაწლმოსილმა ცხოვრებამ სიძულვილი აღძრა მის თანამემამულეთა შორის: ზოგნი ამტყუნებდნენ მას მამა-პაპათა სჯულის ღალატისათვის, ზოგნი სწყევლიდნენ და ლანძღვით იკლებდნენ, ზოგნი აგინებდნენ და სდევნიდნენ, და ზოგნიც სიკვდილით ემუქრებოდნენ, მაგრამ ვერც ცთუნებითა და ვერც მუქარით ვეღარ შეარყიეს ჭაბუკი და ვერ ააღებინეს ხელი ქრისტეს სარწმუნოების სიყვარულზე. ხოლო „ღმრთისმოყვრეთა, რომელთა იცოდეს სათნოებაი მისი - იღუწიდეს საზრდელითა და სანოვაგითა“. აბოს მოღვაწეობა თბილისსა და მის შემოგარენში გაგრძელდა სამ წელიწადს.

არაბების დაბეზღებამ გაჭრა - აბო დააპატიმრეს და მსჯავრის მისაგებად თბილისში მჯდარ არაბთა ამირას მიჰგვრეს. მან საპყრობილეში ჩასვა, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, ქართლის ერისმთავრის, სტეფანოზის, შუამდგომლობით გაათავისუფლა.

მაჰმადიანები მაინც თავისას არ იშლიდნენ და აბოს ურჩევდნენ უარეყო ქრისტე და თავის მამა-პაპათა სარწმუნოებას დაბრუნებოდა. მაგრამ მალე დარწმუნდნენ, რომ იგი მტკიცედ იდგა ქრისტეს სარწმუნოებაზე და „განრისხებულნი და აღბორგებულნი, სავსენი შურითა ქრისტეანეთაითა“ შეითქვნენ და ახალ ამირასთან დაასმინეს, - ამ ქალაქში ერთი ჭაბუკი ცხოვრობს, წარმოშობით არაბი და მაჰმადიანად გაზრდილი, ჩვენი სჯული დაუტევებია, ქრისტიანობა მიუღია, ქალაქში უშიშრად დადის და ქრისტიანობას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, სხვა არაბებსაც დაუღალავად უქადაგებსო, ბრძანე მისი შეპყრობა და წამება მანამ, სანამ ისევ მაჰმადის სჯულს არ დაიბრუნებს. იგი უნდა მოკვდეს, რათა მრავალმა არ მიბაძოს მის ქცევასო.

არაბთა მიერ აბოს დასმენის ამბავი ქრისტიანებმაც შეიტყვეს და სასწრაფოდ აცნობეს: შენ შეპყრობასა და ტანჯვას აპირებენ და განერიდეო. მან კი უპასუხა: მე არა მხოლოდ ტანჯვას ავიტან ქრისტესთვის, არამედ სიკვდილსაცო. გამოვიდა ქალაქში და სხვადასხვა უბნებში ყველას დასანახავად მიმოდიოდა და ქადაგებდა. როდესაც აბო შეიპყრეს და ამირას წარუდგინეს, გაკვირვებულმა ჰკითხა მას: ნუთუ მართალია, რაც შენ შესახებ მოვისმინე? რომ ტომით არაბს მამა-პაპათა სჯული მიგიტოვებია და ქრისტიანებთან ერთად ცდუნებულხარ? ახლავე მოემზადე და ისევ იმ სჯულით ილოცე, რომლითაც მშობლებს გაუზრდიხარო. სულიწმიდის მადლით აღვსილმა აბომ კი ასე უპასუხა: მართალია არაბი ვარ, მაჰმადის სჯულსაც კარგად ვიცნობდი და მის წესებსაც ვიცავდი, რადგან უმეცარი ვიყავი, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩემს ნათესავებს შორის გამომირჩია ქრისტემ და თვალი ამიხილა, დავუტევე მე კაცთა მიერ შეთხზული სჯული და შევუდეგ ქრისტეს მიერ მომადლებულ ჭეშმარიტ სარწმუნოებას „სამებისა წმიდისასა მამისა და ძისა და სულისა წმიდისასა, და ამით ნათელ მიღებიეს და ამასცა თაყუანის ვსცემ; რამეთუ ესე არს ღმერთი ჭეშმარიტი, და აწ ქრისტეანე ვარ, თვინიერ ყოვლისა ცილობისა (ეჭვისა)“. ოღონდ მაგ სიგიჟეს თავი დაანებე და თუ სიღარიბის გამო გახდი ქრისტიანი, ოქრო-ვერცხლით აგავსებო, - ჰპირდებოდა ამირა. ოქრო და ვერცხლი შენ თვითონ გქონდეს, შენივე თავის წარსაწყმედელად - განაგრძობდა მშვიდად ნეტარი - ხოლო მე კაცთაგან ბოძებულ პატივს არ ვეძებ, არამედ ქრისტესმიერ ბოძებული უხრწნელი გვირგვინი და „ცათა შინა“ საუკუნო პატივიც მეყოფაო. მაშინ ამირას ბრძანებით აბოს ხელ-ფეხზე მძიმე ჯაჭვები დაადეს და 785 წლის 27 დეკემბერს, სამშაბათს, ქრისტეს მოციქულის, პირველ-დიაკონისა და პირველ-მოწამის სტეფანეს ხსენების დღეს საპყრობილეში ჩააგდეს.

გაგრძელება