წამება და ღუაწლი წმიდისა დიდისა მოწამისა,
შალვა მთავრისა ახალციხელისა, მანდატურთუხუცესისა (1227 წ.)

(ისტორიული მიმოხილვა)

რვა საუკუნეა ქართველი ერი არ ივიწყებს დიდებული გმირისა და ქრისტეს ახოვანი მხედრის შალვა ახალციხელის სახელს, რომელიც ზვარაკად შეიწირა სამშობლოს წმინდა ტრაპეზზე, რათა მის მოდგმას შერჩენოდა ქრისტეს სარწმუნოება, მამა-პაპათა მიწა-წყალი, ეროვნული ფასეულობები, ენა, მწიგნობრობა და სხვა მრავალი კეთილი, რაც უხვად მიჰმადლა უფალმა ქართველ ერს.

წმინდა დიდ-მოწამე შალვა ახალციხელი „ძმისა თვისისა იოანესთანა“ გამორჩეული მეომარი იყო წმინდა თამარის (ხს. 1 მაისს, მენელსაცხებლე დედათა კვირას და 31 იანვარს/13 თებერვალს) მხედრობაში. „უკეთუ სადა იყვის ლაშქრობაი იგი, იყუნიან წინამძღუარ მბრძოლთა“. ახალციხის მთავარი შალვა იყო „კაცი შუენიერი და სრული ყოვლითა კეთილითა, ბრძენი გონიერი, მშვიდი, უშურველი, სიმართლის მოქმედი, მოწყალე, საწადელი და საყუარელ მოყუარეთა და ერთგულთა, და საზარელ და საშინელ ურჩთა და წინააღმდგომთა, ხოლო იყო ჭაბუკი ასაკითა და უბრძნეს მოხუცებულთა სათნოებითა, ბრძოლასა შინა უძლეველი და გამომრჩევი ქებული... მოშიში ღმრთისა, მოყუარე მღდელთა, პატივისმცემელი მონაზონთა, განმადიდებელი ეკლესიათა, შემამკობელი ხატთა, საქებელი მეფეთა და მთავართა, და უნაკლულო საღმრთოითა ქუელის საქმითა და ურცხვენელი საკაცობიოთა მოქმედებითა... მკვიდრობდა იგი ჩინებულითა სიმხნითა ქუეყანასა ზედა მსახურებითა კეთილ-მსახურთა მეფეთაითა და მხედრობასა თვისსა ყოვლითა კეთილმსახურებითითა საქმითა გუამი თვისი ტაძარ ღმრთისა ცხოველისა განუწმიდა ღმერთსა. მოაკვდინა ასონი ქუეყანასა ზედა: სიძვაი, არა წმიდებაი, ვნებაი, გულისთქუმაი ბოროტი და ანგარებაი, რომელ არს კერპთ-მსახურებაი, და შეიმოსა, ვითარცა ჰრჩეულმან ღმრთისამან, წმინდამან და საყუარელმან: მოწყალებაი, შეწყნარებაი, სიტკბოებაი, სიმდაბლეი, სიმშვიდეი და სულგრძელებაი და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი იგი არს სიმტკიცე სრულებისაი“.

შამქორის ომში მხედათმთავარმა ზაქარია მხარგრძელმა შალვა და იოანე ახალციხელები „ძლევა-შემოსილისა სპისა თამარისათა წინამბრძოდ განაჩინა... რომელსაცა შინა ბრძოლასა შალვა ძმითურთ მისით სიმხნითა დიდებულ-იქმნა“. შალვა თურქთა შუაგულში შეიჭრა, ხალიფასაგან წარმოგზავნილი სახელმწიფო დროშა გამოიტაცა და თბილისში, გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმზე ფეხქვეშ გაუფინა მეფე თამარს, რომელმაც იამბიკოსთან (თეთრი ლექსი) ერთად, ნიშნად ქრისტიანობის უძლეველობისა, გელათს, ხახულის ღმრთისმშობლის ხატს შესწირა (შალვას ხელით).

უანგარო მსახურებისათვის თამარმა შალვა ახალციხელს ჯილდოდ მანდა-ტურთუხუცესობა (სახელმწიფო მოხელე, რომელსაც ვაზირთა შორის სახელმწიფოს შინაგანი მყუდროებისა და წესიერების დაცვა ჰქონდათ დავალებული, ასევე ნადიმობის წესი და წიანაძღოლა მეფისა. მას ემორჩილებოდნენ: მანდატურნი, ბოქაულთუხუცესი, ბოქაულნი, მებჭენი, მეკარენი, ქონდაქარნი, სარანგნი) უბოძა და მხედართა შორის მთავრადაც დაადგინა. მისმა ძმამ, იოანემ კი ჯერ ქალაქ კარის მმართველობა და მენაპირე სარდლობა მიიღო, ხოლო შემდეგ ათაბაგობა და ამირთამირობა.

თამარ მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას წინამძღოლობდნენ „კაცნი მხნენი და ყოვლად ჩინებულნი ბრძოლასა შინა“ - მანდატურთუხუცესი შალვა და მისი ძმა იოანე. ამ ბრძოლაშიც მრავალი სახელოვანი მეომარი დაჩრდილეს ძმებმა საკვირველი სიმამაცითა და საზრიანობით.

წმინდა თამარის გარდაცვალების შემდეგ (1213 წ) ძნელბედობის ჟამი დაუდგა ქრისტიანულ საქართველოს. ამ დროიდან სრულიად საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ერთიანი სახელმწიფოს მეფეთ-მეფე შეიქმნა გიორგი IV, ზედსახელად ლაშა.

ჭაბუკი მეფის გამოუცდელობის იმედით მისი გამეფებისთანავე მოხარკეებიც აიშალნენ და საქართველოსთვის ხარკის გადახდაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მეფემ განდგომილნი ხმლის ძალით კვლავ შემოიმტკიცა და მტერიც და მოყვარეც დაარწმუნა, რომ კავკასიელთა „იმპერიის“ ტახტზე კვლავაც ძლიერი და გაუტეხავი ქართველი, გორგასლიან-დავითიანი იჯდა. ევროპაში ლეგენდარული თამარის ვაჟზე, როგორც „ახალ ალექსანდრე მაკედონელზე“, „ქრისტიანობის უბრწყინვალეს რაინდზე“ ალაპარაკდნენ.

ამ ბრძოლებში შალვა ახალციხელი იყო გიორგი-ლაშას მარჯვენა ხე-ლი, ხოლო კეჩროლი დაპყრობა მეფემ მხოლოდ მას ანდო. წავიდა შალვა, აიღო კეჩროლი „მისითა ხრმლითა და ომითა მისათხრობელითა“ და მოაქცია იგი ქართულ სამფლობელოთა სამანებში. მაგრამ ახალციხელი ძმების აღზევება გულს უკლავდა იოანე მხარგრძელს, რომელმაც თავისი ძმის, ამირსპასალარი ზაქარიას სიკვდილის შემდგომ ათაბაგობა და ამირსპასალარობა მიიღო. იგი თავის მეტოქედ შალვა ახალციხელის გარდა აღარავის თვლიდა.

იმ ხანებში ევროპა მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობისთვის ემზადებოდა. ბიზანტიის იმპერიის დაკნინება-დასუსტების ფონზე (1204 წელს ჯვაროსნებმა აიღეს კონსტანტინეპოლი და დაარსეს ლათინთა სახელწიფო, ცენტრით კონსტანტინეპოლში), საქართველოს სახელმწიფო, რომლის საზღვრებში XII ს-ის პირველ მეოთხედში გაერთიანდა კავკასიის მთავარი ნაწილი, შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, „ჯვაროსნად“ ამხედრებული ევროპისთვის, ანტიმუსლიმანური ძალების წინააღმდეგ მდგარ ერთადერთ საიმედო ბურჯსა და დამცველს წარმოადგენდა აღმოსავლეთში. ერთადერთ თანამოლაშქრედ და „თანაჯვაროსან მოკავშირედ“ ურჯულო თურქთაგან, ქრისტეს საფლავისა და პალესტინის სხვა წმიდა ადგილთა დასახსნელად“ ისევ და ისევ საქართველოს მოიაზრებდნენ, რომელმაც ბიზანტიის ადგილი დაიჭირა. და აი, 1219 წ-ს ეპისტოლე მოვიდა ევროპიდან საქართველოში. რომის პაპი ჰონორიუს III ქართველთა მეფეთ-მეფეს სთხოვდა თავისი მხედრობით დაძრულიყო იერუსალიმისაკენ მიმავალ ჯვაროსნებთან შესაერთებლად. ლაშა-გიორგიმ, თავისი რაინდული ბუნებიდან გამომდინარე, უდიდესი სიხარულით მიიღო ეს მიწვევა და დაუყოვნებლივ „ჯვაროსნული ომისთვის“ მზადებას შეუდგა, მაგრამ სრულებით მოულოდნელად თვით საქართველოს საზღვრებს მანამდე უცნობი მტერი მოადგა და ამ გარემოებამ საქმეთა მიმდინარეობას სულ სხვა მიმართულება მისცა.

კარზე მომდგარი მტრები მონღოლები იყვნენ, რომელთა ვინაობა, არათუ მაშინდელი საქართველოსთვის, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის მცხოვრებთათვისაც კი უცნობი იყო, რადგან მონღოლები შორეული ქვეყნებიდან დაიძრნენ და მხოლოდ რამდენიმე ათეული წელი იყო, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდნენ.

XIII ს-ის დამდეგიდან ჩინგიზ-ხანის მეთაურობით მონღოლთა გაერთიანებულმა სახელმწიფომ (ყველა თვისტომის გაერთიანების შემდეგ, იგი იქცა მათ უზენაეს მბრძანებლად - ყაენად) მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილი აზიასა და ევროპაში - ჩრდ. ჩინეთი, კორეა, ცენტრალური აზია, შუა აზია, ირანი, ავღანეთი და სხვა ქვეყნები დაიმორჩილა. დასავლეთით ისინი მიუახლოვდნენ ევროპის ცენტრებს „ვიდრე ბორღართა და სერბეთამდე“. მათ ყოველივეს მუსრი გაავლეს (თუმცა ასეთმა უძლიერესმა სახელმწიფომ ვერ შეძლო საქართველოს სრულიად დაპყრობა, უფრო მეტიც, მან ვერ შეძლო ქართული სახელწიფოებრიობის გაუქმებაც კი. ქართულმა სახელმწიფომ მონღოლთა ძლევამოსილი მსვლელობა ლიხის მთასთან შეაჩერა. დასავლეთ საქართველოს დაპყრობა მონღოლებმა ვერ შეძლეს, ამიტომაც სამეფო ცენტრი იქ იქნა გადატანილი).

როდესაც მოხუცმა ხვარაზმ-შაჰ მუჰამედმა შეიტყო მონღოლთა მოახლოება, 600 000 კაცით გაემართა ჩინგიზ ხანთან საბრძოლველად, მაგრამ დამარცხდა და მცირე რაზმით მონღოლთა ალყაში აღმოჩნდა. როცა ეს ამბავი მისმა ვაჟმა სულთანმა ჯალალედინმა (ჯალალ ად-დინმა) შეიტყო, რომელიც იყო „კაცი მხნე, ქველი, შემმართი, უშიში, ვითარცა უხორცო, ძალითა საჩინო, წყობათა შინა უცხო“, მცირეოდენი რაზმით მიიჭრა, მამა გამოიხსნა და მასთან ერთად ღაზნაში გაიქცა ახალი ლაშქრის შესაგროვებლად და მონღოლებთან ბრძოლის განსაახლებლად. ჩინგიზ ხანმა კი როდესაც ჯალალედინის გაქცევა შეიტყო, ორი სარდალი, ჯებე და სუბუდაი, ღაზნასა, ღარჯისტანსა, ზაბულსა და ქაბულში 12.000 ცხენოსანი ჯარითურთ დასაზვერად და გზების შესაკრავად წარგზავნა. ისინი ხვარაზმშაჰს კვალდაკვალ სდევდნენ და, იმისდა მიხედვით, როგორც თანდათან ჯალალედინი უფროდაუფრო დასავლეთით ერანისკენ და ერანის მიწაწყალზე, ლამობდა ფეხის მოკიდებასა და გამაგრებას, მონღო-ლებიც იმავე გზით მოჰყვებოდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ. „განვლეს თურანი, ჯეონი, ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი, და მოიწივნეს განძას, და ვინც წინაღუდგა, ყველას სძლიეს. მონღოლთა სარდლები, დავალების ასრულების შემდეგ ისევ მონღოლეთში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ამიტომ მათ პირი კვლავ ჩრდილოეთისკენ იბრუნეს და ადარბადაგანამდე რომ მიაღწიეს, რანისა და შირვანის მიწა-წყალსაც მიადგნენ, რაც საქართველოს საზღვრების გადმოლახვას უდრიდა, რადგან აღნიშნული ქვეყნები ყმადნაფიც სამფლობე-ლოებს წარმოადგენდა. 1220 წელს ცალთვალა მონღოლთ სარდალ - სუბუდაი-ბაჰადურს და ჯებე-ნოინს 20000 მხედრით საქართველოს საზღვარი გადმოულა-ხავს. ეს ისე მოულოდნელად მომხდარა, რომ ქართველთა მონაპირე 10000 კაცისაგან შემდგარ ჯარს წინ მომავალი უცხო მტრისთვის მხოლოდ დადევნებაღა შესძლებია.

ვარამ გაგელმა და იოანე ათაბაგმა აცნობეს მეფეს „უცხოისა ნათესავისა მოსლვა, უცხოითა ენითა, ოხრებად სომხითისად“, მან კი 90000 მხედარი შეკრიბა და მონღოლ-თათართა წინააღმდეგ საბრძოლველად გაემართა. მეფეს იოანე ათაბაგი (მხარგრძელი), მისი ძმისწული შანშე მანდატურთუხუცესი და ვარამ გაგელიც შეუერთდნენ დიდი ლაშქრით. მტერი ბერდუჯის წყლის პირას იყო დაბანაკებული. „იქმნა ბრძოლა ძლიერი. მაშინ მოიწია რისხვა ზეგარდამო უშჯულოებათა და ცოდვათა ჩუენთათვის“ - ღაღადებს ჟამთააღმწერელი. ქართველთა ლაშქარი დამარცხდა და საგრძნობლად დაზარალდა, ხოლო მეფე მონღოლური ისრით დაიჭრა და იოანე ათაბაგთან ერთად გაქცევით უშველა თავს. ასეთი გამარჯვების შემდგომ მონღოლებმა, გზების ვიწროობისა და ტყით დაბურულობის გამო დადევნება ვეღარ გაბედეს და უკან გაბრუნდნენ. მეფე კი თბილისში დაბრუნდა და იარებს იშუშებდა, მაგრამ ნაადრევად წამოდგა ფეხზე და საომარ მზადებას შეუდგა.

ერთი წლის შემდეგ სუბუდაი და ჯებე ორმაგად გაზრდილი ლაშქრით (თურქმენთა, ირანელთა და ქურთთა ლაშქარიც შეჰმატებოდათ), სამშვილდემდე მივიდნენ, მაგრამ, შეიტყეს თუ არა თავისი ჯაშუშებისაგან, რომ ქართველებს მათთან საბრძოლველად ჯარი უკვე მზად ჰყავდათ, უკანვე გაბრუნდნენ და დარუბანდისკენ გაემართნენ. მათ ვერც შარვანშა აღუდგა წინ და ვერც დარუ-ბანდელნი. დარუბანდის კარიც გახსნეს და ყივჩაღებიც დაამარცხეს. და ესე დაუსვენებლად, უსაჭურვლოდ, უხმლოდ, მხოლოდ მშვილდის იმედით, საშინელ გზებზე დაუჭედელი ცხენით გადათქერეს ჩრდილო კავკასია, ყირიმს უწიეს და რუსთა ლაშქარი გაანადგურეს. შემდეგ უკან მობრუნდნენ და კვლავ ჩინგიზ ხანის წინაშე წარდგნენ ყარაყურუმს. მან კი სასწრაფოდ გაგზავნა ერთ-ერთი შვილი ჯალალედინის საძებნელად ხვარასნისკენ. შვიდჯერ შეებნენ მონღოლები ჯალალედინს და შვიდჯერვე სძლიეს. „ჯალალდინ სულტანი ხუარასნისა და უფროის ხუარამზმა და მეფე ყოვლისა სპარსეთისა“ დედაწულიანად აიყარა და ასორმოცი ათასი კაცით მონღოლებს განერიდა.

ამ მოულოდნელ დამარცხებას საქართველოს სამეფოს ასწლიანი ძლევამოსილების შემდგომ უნდა გამოეფხიზლებინა ქვეყნის უდარდელნი მმართველნი, მაგრამ საქართველოში მონღოლთა გამოჩენა და გაცლა შემთხვევით და უმნიშვნელო მოვლენად მიუჩნევიათ. ლაშა-გიორგის დროინდე-ლ მემატიანეს მათი სახელიც კი არა აქვს მოხსენებული. ლაშა-გიორგიმ დამარცხების ჯავრი გულიდან მალე გადაიყარა და დის გათხოვებისათვის მზადებას შეუდგა; სხვადასხვა მთხოვნელთა შორის მან უმჯობესად შარვანშაჰი ცნო და ბაგავანში ნიშნობის წესის აღსანიშნავად 10 დღიანი პურობაც გამართა. სწორედ იქ ყოფნის დროს მეფეს ჭრილობა გაურთულდა და გრძნობა დაჰკარგა. გონს მოსულმა დიდებულებსა და დარბაზის ერს რუსუდანი და თავისი მცირეწლოვანი ვაჟი - დავითი შეავედრა, ხოლო ტახტი და უფლისწული რუსუდანს ჩააბარა, და ანდერძად დაუტოვა, როცა დავითი სრულწლოვანებას მიაღწევს, მეფედ დაადგინეთო (თუმცა რუსუდანმა „დაივიწყა შიში ღმრთისა და ანდერძი ძმისა და ფიცი“). 1222 წლის 18 იანვარს მეფე გარდაიცვალა. მისი ცხედარი ჯერ თბილისში წაასვენეს, შემდეგ კი გელათს სამეფო საძვალეში დაკრძალეს.

ლაშა-გიორგის მოულოდნელი სიკვდილისა და გლოვის წესის გამო ქორწილი გადაიდო, ხოლო რუსუდანის გამეფების შემდეგ, შირვანშაჰის მის ქმრად მოყვანაც ჩაშლილა. დარბაზის ერსა და დიდებულებს გადაუწყვეტიათ, რომ რუსუდანისთვის ქმრად რუმის სულთნის, არზრუმის მფლობელის, თოღრილ-შაჰის ძე - მოღის ედ-დინი შეერთოთ, რომელიც რუსუდანის სიყვარულით გაქრისტიანდა. 1223 წ. რუსუდანი დააქორწინეს, მას ჯერ ქალი - თამარი შეეძინა, შემდეგ კი ვაჟი - დავითი.

სახელმწიფო საქმეებში სრულებით გამოუცდელსა და პასუხსაგები მოვალეობისთვის შეუფერებელ რუსუდანს, სახელოვანი დედისგან მხოლოდ სილამაზე ჰქონდა გამოყოლილი, ვიდრე მაღალი გონებრივი და ზნეობრივი თვისებები. საქართველოს კი ეხლა წინანდელზე უფრო ძლიერი ნებისყოფის მქონე პიროვნება, შორსგამჭვრეტელი და გამოცდილი პოლიტიკოსი სჭირდებოდა, რომელიც შინაურობაშიცა და საგარეო პოლიტიკაშიც დინჯი წინდახედულობით იმოქმედებდა. დიდგვარიან აზნაურებსაც თავის ადგილს მიუჩენდა და კარზე მომდგარ განსაცდელსაც სათანადოდ მომზადებული დახვდებოდა - წერს ივანე ჯავახიშვილი.

რუსუდანს მაშინდელი საერთაშორისო მდგომარეობის მთელი საშიშროება სრულებით არ ესმოდა. „ამან მოიწყო ყოველნი საბრძანებელნი დედისა თვისისანი და იყო განცხრომასა, შუებასა და სიმღერასა შინა, ვითარცა ძმაი მისი“. ეხლაც თვით მეფე იყო ქვეყნის განმხრწნელი და დამღუპველი თავის ლაღი ქცევითა და უდარდელობით, რადგან „ყოველი ასაკი ბერთა და ყრმათა, მეფეთა და მთავართა, დიდთა და მცირეთა მიდრკა სიბოროტეთა, რამეთუ დაუტევეს სიმართლე და ჭეშმარიტება, ვინაიდგან თვით მღდელთა მიერ იხილვებოდა არაწმინდება, და ყოველი ერი იქმოდეს სიბილწესა“. და რაკი ვერც მონღოლთა შემოსევამ დააფიქრა ქეიფითა და მხიარულებით გონებადაბინდული მთავრობა, „ამისთვის აღდგენ ბოროტნი უდიდესნი“, რამეთუ .„მისცნა იგინი ღმერთმან უჯეროდ გინებად და ხოცად წარმართთა მიერ“ - წერს ჟამთააღმწერელი.

რუსუდანის გამეფების მეორე წელს მონღოლთაგან დამარცხებულმა ყივჩაყებმა დარუბანდის კარი გამოარღვიეს, საქართველოს ქვეშავრდომი შირვანის მთა-ველს მოედნენ, ყაბალა აიღეს და განძამდე მოაწიეს. განძის ამირა, ქუშხარ, მოყვრულად დახვდათ და ქილქუნის მიდამოებში დაასახლათ. მომთაბარე ურდოს კი დიდხანს ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო და ყივჩაყები მალე საქართველოსკენ წარმოემართნენ საძარცვად.

გაეგება ათაბაგი და ამირსპასალარი იოანე მხარგრძელი მტერს, მაგრამ დამარცხდა და უკუიქცა. მდიდარი ნაძარცვით დატვირთულმა და ქართველთა მოულოდნელი მარცხით გათამამებულმა ყივჩაღებმა ქუშხარას რჩევას არ დაუჯერეს და ხელმეორედ წამოვიდნენ საქართველოსკენ. ახლა კი შალვა ახალციხელი უჩინა ლაშქარს რუსუდანმა. ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს მტერი, მრავალი ყივჩაყი გაწყვიტეს, ბევრიც ტყვედ აიყვანეს. ყივჩაყთა ბელადმა კი ძლივს გაასწრო სიკვდილს და თავლაფდასხმული დაბრუნდა ქილქუნის ბანაკში. აქედან მან ქუშხარას კაცი მიუგზავნა და ქართველთა წინააღმდეგ ერთიანი ძალებით გასვლა ითხოვა, მაგრამ ქართველთა გამარჯვებით დამფრთხალმა განძის ამირამ უარი შეუთვალა. მაშინ ყივჩაყებმა ადგილობრივ მუსლიმანთა ხოცვა-ჟლეტა გააჩაღეს, მაგრამ ქართველებმა აღარ დააცადეს. შალვა ახალციხელი უწყვეტი იერიშებით მიაწვა მტერს. ყივჩაყები ისევ იძლინენ და ჩრდილოეთისკენ უკუიქცნენ. შალვამ კვალში ჩაუყენა ქართველები და შირვანელები გაქცეულ მტერს. მრავალი ყივჩაყი გაწყვიტეს, ან დაატყვევეს.

იოანე მხარგრძელს შალვა ახალციხელის ბოღმა ახრჩობდა, მით უფრო, რომ იმავე წელს ზედიზედ რამდენჯერმე შეირცხვინა თავი. ჯერ სარმართან სასტიკად დაამარცხეს თურქებმა, ხოლო დვინთან დამარცხებაც არა აკმარეს, დაატყვევეს და ბირკილდადებული წაიყვანეს. რუსუდანმა ძლივს გამოიხსნა სამარცხვინო ტყვეობიდან თავისი მთავარსარდალი.

დასავლეთისკენ მსრბოლ ჯალალედინს დაწვრილებითი ცნობები ჰქონდა ქართველთა საუკუნოვანი უძლეველობისა და აზიაში მათი პირველობის შესახებ. მონღოლთაგან ძლეულს იმედი ჰქონდა ქართველების დამარცხებით (მუსულმანთა დამამცირებელი ქვეყნის) შელახულ სახელს აღიდგენდა. ამ მიზნით ჯალალედინმა ერანში ფეხის მოკიდება და გამაგრება სცადა და მოიწადინა თავი ყველა მაჰმადიანის მფარველად და სპარსელთა ძლევამოსილების განმაახლებლად მოეჩვენებინა. მცირე აზიაში მყოფ სამფლობელოებთანა და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებისა და მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლის მაგიერ, მან გადმოიბირა ზოგიერთი მახლობელი აღმოსავლეთისა და საქართველოს ყმადნაფიცი მუსლიმანური სამფლობელოების მმართველები და საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში მათგან დახმარებაც მიიღო.

ლაშა გიორგის სიკვდილიდან მესამე წელს ჯალალედინმა ადარბადაგანს (ადერბეჯანს) მიაღწია, „ქუეყანად მხარგრძელთა“. ჯერ კიდევ მამამისმა სცადა ადარბადაგანის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა, მაგრამ მონღოლთაგან დევნილს სიკვდილმა უწია. ჯალალედინი კი სამხრეთ ადარბადაგანში ნაწილობრივ მომაგრდა და საქართველოს მთავრობას მუქარითა და ქადილით სავსე მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ნებაყოფლობით დამორჩილებას თხოუ-ლობდა. საქართველოს მთავარსარდლობა იოანე მხარგრძელის მეთაურობით ჯალალედინს არაფრად აგდებდა. ეტყობა მათ თავიანთი თავი დავით აღმაშენებლისა და თამარის დროინდელი ხანის მსგავსად, წინანდებურად მახლობელ აღმოსავლეთში პირობების მოკარნახე, უძლეველ ბატონ-პატრონად მიაჩნდათ, რის გამოც, პოლიტიკური სიფხიზლე და სამხედრო სიფრთხილის აუცილებლობის შეგნებაც მოდუნებული ჰქონდათ. ამავე მიზეზით საომარი სამზადისიც მათ საკმარისი სისწრაფით არ უწარმოებიათ.

მონღოლებს გამორიდებულმა ჯალალედინმა კი უმალ მოქმედება დაიწყო. იგი 1225 წ. შემოდგომას დაიძრა და მრავალრიცხოვანი, კარგად შეიარაღებული ლაშქრით „მოვიდა სომეხთა ზედა“ - დვინის სანახებს შეესია და მის აოხრებას მიჰყო ხელი. მტერმა ფაქტიურად საქართველოს საზღვარი გადმოლახა - დვინი ეკუთვნოდა იოანე ათაბაგს, ხოლო მის ძმისწული შანშე ფლობდა ანისს. იწყეს „ხოცად და მოსრვად ქრისტიანეთა. ესრეთ უწყალოდ მოსრვიდეს, რომელ არცა თუ დედათა და ჩჩვილთა ყრმათა რიდებდეს“, თუმცა-კი თვით ქ. დვინს არ შებრძოლებიან. სამეფო კარი ამ ამბავმა გამოაფხიზლა და მზადება მართლაც დაიწყეს, მაგრამ ჯალალედინი დიდი სისწრაფით წინ მოიწევდა. იგი მაღლობზე მდებარე გარნისის მიდამოებს მიადგა და თავისი დიდი ლაშქრით გარნისის დაბლობში დაბანაკდა, რადგან მაღლობზე უკვე საქართველოს 60 000-იანი ჯარი იყო დაბანაკებული.

მეფე რუსუდანმა მხედართმთავრად მოხუცებული იოანე ათაბაგი დაადგინა (რომელიც საიდუმლოდ უკვე ბერად იყო აღკვეცილი). ქართველთა მთავარსარდლობა ბრძოლის დაწყებას არ ჩქარობდა, რადგან სახიფათოდ მიაჩნდა მთის დატოვება და ქვემოთ ფართო ველზე ჩასვლა, სადაც მას ურიცხ მტერთაგან გარშემორტყმა და განადგურება ელოდა. მუსლიმებს კი თავისი რიცხობრივი და ცხენოსან ძალთა უპირატესობის გამოყენება სწორედ რომ გაშლილ ველზე შეეძლოთ, და არა მაღალ მთაზე, სადაც ქართველები დაბანაკებულიყვნენ. ჯალალედინმა საომრად განაწყო ლაშქარი. შუაში მძიმედ შეჭურვილი მხედრობა დააყენა, მარჯვნივ - მშვილდ-მოისარნი, ხოლო მარცხნივ - ქვეითი ჯარები, რომელთაც თვით ხვარაზმ-შაჰის ძმა, ღიას ად-დინი სარდლობდა. მთელი დღე ასე პირისპირ იდგნენ, განთიადისას კი ჯალალედინი მარცხენა ფლანგით - ღიას ად-დინის წინაძღოლობით მთისკენ დაიძრა და შეტევაზე გადავიდა, დანარჩენებიც უკან მიჰყვნენ.

„უპირატესმა მხედართმთავარმა“ იოანე მხარგრძელმა 200 000-იან მუსლიმთა ლაშქარს თორ-ჯავახელთა და მესხთა 6 000-იანი მეწინავე რაზმი შეაგება, რომელსაც ჩუეულებისამებრ უმამაცესი ძმები - შალვა და იოანე ახალციხელები მიუძღოდნენ ხმალამართულნი, „რამეთუ მათდა იყო წილხდომილ მამულადრე წინამბრძოლობა“, თვითონ კი ძირითად ნაწილთან ერთად გადამწყვეტი იერიშის მისატანადþ მოშორებით დადგა.

უშიშრად შეება თორ-ჯავახელების მცირერიცხოვანი ლაშქარი ურიცხვ მტერს, „პირველსავე კუეთებასა შინა მამაცად ეკუეთნეს ქართველნი და წარიქციეს მოწინავენი მათნი; გარნა მოწინავეთა მათ თათართასა სხუანი უკუე მხედრობანი მოეშველებოდიან და განამაგრებდიან მათ და არღა აუფლებდენ ქართველთა, რაითამცა შეემუსრათ მეწინავენი მათნი. და ესრეთ მომატებითა ჯართაითა თათართაგან შეიქმნა ძლიერი ზედადასხმაი... ძლიერად ბრძოლობდეს შალვა და იოანე, ახოვანთა და ძლიერთა სრვიდეს“, და თან მაშველ ჯარს ითხოვდნენ. შალვამ სამჯერ აფრინა მალემსრბოლი ამირსპასალარ-ათაბაგთან და შეუთვალა: „უწყოდენო სიმხნემან შენმან, დაღათუ ვბრძავთ მტერთა ჩუენთა მამაცად, მაგრა პირისპირ დგომად დიდისა ამის ლაშქრისა მტერთასა თვინიერ შეწევნისა თქუენისა ვერ შემძლებელ ვართო“, მაგრამ მან პასუხიც არ აღირსა, „არა ინება შველა ივანე ათაბაგმან, რამეთუ შური დიდი აქუნდა ათაბაგს სიმხნისათვის ორთა მათ ძმათა შალვასი და იოანესი... და არა იხმია სვინიდისი და ორისა კაცის მტერობისთვის მისცა სრულიად საქართველო ოხრებასა“. „ჰოი შური, ყოველთა ბოროტთა დასაბამი“ - წერს ჟამთააღმწერელი. პასუხის მოლოდინში უკანდახევა არც კი უფიქრიათ ახალციხელებს, მაგრამ „მოწყდა ორგნითვე ურიცხვი და უმეტეს თორელნი“, ორივე ძმას ცხენი მოუკლეს, ხოლო მათი საჭურველი - მახვილნი, მაზრაკნი, შუბნი და ოროლნი - მტრის ჩაფხუტებზე ხეთქებისაგან დაიმსხვრა. როცა მეწინავე ლაშქრის გადარჩენილმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს, მაშინ ათაბაგის ბრძანებით უქმად მდგარი უძლეველი ლაშქარიც უბრძოლველად გაშორდა ბრძოლის ველს, რის შემდეგაც ქართველთა უძლეველობის მითი დაიმსხვრა და „დიდებაი სიმხნითი ქართველთაი ყოველთა ნათესავთა შორის უპატიო იქმნა“.

ამ სასტიკ და უაღრესად სისხლისმღვრელ ბრძოლაში 4 000 ქართველი მოკლეს, ხოლო უგამოცდილესი მხედარი შალვა ახალციხელიი ტყვედ ჩაიგდეს: „ყოვლისა საჭურველისა მტერთა ზედა მხმარებელი და დამაშვრალი დიდად ბრძოლისა გამო, ზედადასხმითა მრავლისა ჩინებულისა მხედრისა სპარსთასა შეპყრობილ იქმნა, ხოლო ძმაი მისი იოანე, ყოვლისა საჭურველისა თვისისა დამლეწი მტერთა ზედა, გარემოდგომითა სიმრავლითა სპარსთა მხედართაითა ისრებისა ტყორცითა და შუბებთა ძგერებითა მოკლულ იქმნა, რომლითა საწადელი უსჯულოისა ათაბაგისა იოანესი სრულებასა შინა მივიდა და კმაყოფილებაი მიიღო ამით... რამეთუ ხელთაგან მტერთაისა სუროდა სიკუდილი მათი“.

გარნისის მტრისაგან დაპყრობა სამხედრო თვალსაზრისითაც მეტად საზიანო იყო და პოლიტიკურადაც საქართველოსთვის საგრძნობ მარცხს წარმოადგენდა. შერცხვენილი იოანე მხარგრძელი ბიჯნისს გაემართა და საიმედოდ ჩაიკეტა, სადაც ორი წლის შემდგომ მოკვდა კიდეც, ხოლო მხედარმთავრად მისი ძე ავაგი დანიშნეს და ამირსპასალარობაც უბოძეს.

როდესაც დატყვევებული შალვა მანდატურთუხუცესი სულთანს წარუდგინეს, ნახჭევანელებმა და ადერბადაგანელებმა იცნეს და ჯალალედის მისი სიმხნისა, სიქველისა და საბრძოლო წარმატებების შესახებ აუწყეს. მანაც დიდი პატივით მიიღო სახელოვანი მეომარი, ადერბადაგანში დიდი მამულები უბოძა და თავის წარჩინებულებს გაუტოლა. ერთი წელი იყო შალვა ასეთ პატივში, „არა ვისდამე მაჭირვებელი ოდესმე და არცაღა შემწამებელი ცილისა. ხოლო კმა მყოფელი თვისდა მკვიდრობითისა როჭიკისა (საზრდელისა ანუ ჯამაგირისა)“.

გარნისის აღების შემდგომ ჯალალედინმა კვლავ სამხრეთისკენ იბრუნა პირი, ქ. დვინი აიღო, ქ. განძა და მისი სანახები ააოხრა, თავრიზში შეთქმულება ჩააქრო, ადარბადაგანი და ნახჭევანი სასტიკად ააწიოკა და საქართველოს დედაქალაქის დასაპყრობად გამოეშურა. რუსუდანმა როგორც კი ხვარაზმელთა მოახლოების ამბავი შეიტყო, თბილისისა და ისნის (მეტეხის) ციხის მცველებად ლაშქარი დატოვა და სათავეში ბოცო ჯაყელის ძენი, მემნა და ბოცო ჩაუყენა, თვითონ კი თავისი შვილებით ქუთაისს გაიხიზნა.

ჯალალედინი მტკვრის მარჯვენა ნაპირს გამოჰყვა და თბილისის ახლოს დასცა ბანაკი. სპარსელებმა ალყა შემოარტყა ქალაქს. ბრძოლის პირველ დღეს ქართველებმა დაჯაბნეს ხვარაზმის სულთანი „ბრწყინვალე ძლევაი აჩუენეს ქართველთა“, მაგრამ ისევ ღალატის გზით უნდა მისცემოდა უწყალო მტრის ხელს საქართველოს დედაქალაქი! თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულან ქალაქის დასამხობად. იმ ღამეს ვითომცდა ქრისტიანმა სპარსელებმა ღალატით „განძის“ კარი გაუღეს მტერს. „იყუნეს უკუე ქალაქსა შინა ტფილისს კაცნი მკვიდრნი ნათესავით სპარსნი, თუ უკუე ჩემებით ქრისტე ქმნილნი“. წერს ანტონ კათალიკოსი.

1226 წ. 9 მარტს, როცა მტერი ქალაქში შემოიჭრა, ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულები იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა. მომხდურები და უკეთური შინაგანმცემლები უფრო გათამამდნენ და „საშინელითა აღსპობითა მოსწყუედდეს ბერთა, მოხუცთა, ჭაბუკთა, ყრმათა, და ჩჩვილთა, მამრთა და მდედრთა, განურჩევლად“. „ვინ-მე უძლოსა მაშინდელთა თქმულთა და ქმნულთა და განსაცდელთა, რომელი მოიწია ქრისტიანეთა ზედა? - კითხულობს ჟამთააღმწერელი და მოგვითხრობს ქართლის ცხოვრების ერთ-ერთ უსაშინელეს სისხლიან დღეზე. დაუნდობელი სულთანი კი უფრო გამძვინვარდა. მისი ბრძანებით იწყეს რღვევად ეკლესიათა და მონასტერთა და ვიდრე საფუძვლადმდე აღფხვრეს, პატიოსანი სამსხვერპლონი შეურაცხყვეს, სიწმინდეები შეაგინეს, ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები „ეკლესიათა შინა თვით ხატთა და ჯუართავე თანა“ შემუსრეს, მონაზვნები და მორჩილები დაატყვევეს და წამებით სული ამოხადეს, ქალწულები შეაგინეს, მაგრამ მაინც ვერ დამშვიდდა „უკეთური იგი სული მისი“ და „განზრახვითა ეშმაკისაითა“. მოიგონა სხვა სიბოროტეც: ხვარასნელები ხიდის მოაჯირის გასწვრივ გაშიშვლებული მახვილებით ხელში ჩამწკრივდნენ, ხოლო დატყვევებული ქრისტიანები რიგრიგობით უნდა გადასულიყვნენ ხიდზე და ქრისტეს უარყოფის ნიშნად ჯერ უნდა დაენერწყვათ და მერე ფეხი დაედგათ სიონის ტაძრიდან მოტანილ მაცხოვრისა და ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის ხატები, იმ ხატებზე, რომლებსაც მთელი თავისი ცხოვრება მოკრძალებული ამბორით თაყვანისსცემდნენ და რომელთა წინ ბავშვობიდან მხურვალედ ლოცულობდნენ. მრავალმა მათგანმა (ასი ათასმა მოწამემ, ხს. 31/X; ახ.სტ. 13/XI) ბრწყინვალე თავდადება გამოიჩინა, არ შეურაცხყვეს წმინდა ხატები და არ დაუტევეს რჯული, არამედ წმინდა ხატებს მდაბლად თაყუანის-სცეს და უფალს სული შეავედრეს. ქრისტიანობის დაუძინებელი მტერი, ჯალალედინი კი სიონზე დაშენებულ „ბილწ საჯდომზე“ იჯდა და იქიდან დასცქეროდა, როგორ დაუნდობელად ჩეხავდნენ მისი გამხეცებული მებრძოლები ქრისტიანებს. ზოგი მახვილით, ზოგი ხმლით, ზოგიც შუბითა და დანით, და ხიდიდან ყრიდნენ მკვდრებსა და დაჭრილებს. ხატები წამებულთა სისხლით დაიფარა, ხოლო მტკვარი გვამებით ამოივსო და წითლად შეიღება.

ხვარაზმელებმა „მოაოხრეს რა თფილისი, იწყეს რბევად, ტყუენვად, ხოცად და კლვად სომხითისა, და კამბეჩიანისა, და იორისპირთა, ქართლს და თრიალეთს, ჯავახეთს და არტაანს, ზოგი სამცხეს და ტაოს, კარნიფორას და ანისის მიმდგომთა“. ჯალალედინის საომარ მოქმედებას ყველაზე მეტად თვით საქართველოს სამხედრო ხელისუფლების დაქსაქსულობა უწყობდა ხელს. ისინი თავ-თავის ციხეში გამოიკეტნენ და მხოლოდ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ.

ხვარაზმელთა ერთი წლის მბრძანებლობა თბილისში საკმარისი აღმოჩნდა, რომ თბილისელ მაჰმადიანებს თავისი მოღალატური საქციელი სანანებლად გახდომოდათ და საქართველოს მთავრობას საიდუმლოდ აცნობეს ქალაქში დატოვებული მეციხოვნე ლაშქრის სიმცირე. მათაც სასწრაფოდ თბილისისკენ ჯარი გაგზავნეს და 1226 წ. დამლევს ქალაქი მტრისაგან გაწმინდეს. ჯალალე-დინმა შეიტყო რა ეს ამბავი, ხლათს თავი გაანება და მთელი თავისი ლაშქრით თბილისისაკენ გამოეშურა. ქართველებს შებრძოლება მიზანშეწონი-ლად არ მიუჩნევიათ, და ხვარაზმშაჰისთვის თბილისში გამაგრების საშუალება რომ მოესპოთ, 1227 წ. დამდეგს ქალაქი დაუცლიათ და თვითონვე გადაუწვავთ.

1227 წლის პირველ ნახევარში ჯალალედინმა შეიტყო, რომ შალვა ახალციხელი საიდუმლოდ უკავშირდებოდა საქართველოს სამეფო კარს და საიდუმლო ცნობებს აწვდიდა მისი მომავალი გეგმებისა და საბრძოლო მოქმედებების შესახებ. სასტიკად განრისხებულმა სულთანმა მზაკვრული ალერსით შალვას რჯულის გამოცვლა მოსთხოვა „აწვია ჯალალედინ უარისყოფად ღმრთისა და მიქცევად ცრუ-სჯულობისა მაჰმედისა“, და სანა-ცვლოდ „უდიდესთა პატივთა მხედრობითთა და ქალაქთა და სოფელთა და სპეკალთა ოქროთა და ვეცხლთა და სამოსელთა ოქროვილთა და სიმრავლეთა მონათა და მხევალთასა ფიცით აღუთქმიდა და სატანჯველთა მძვინვარეთა წინა დაუდებდა“. მაგრამ ქრისტეს მხედარმა სულთნის წინადადება უარყო და მტკიცედ მიუგო: თუ გსურს, მეფეო, რომ შენს ლაშქარში ვიმსახურო, ნუ მთხოვ ისეთი უგუნურების ჩადენას, რაც ძნელი მოსასმენია ჩემთვის. შენ ისეთ დიდებას, პატივსა და სიმდიდრეს აღმითქვამ, რომელსაც გონიერი კაცი არ დახარბდება, რადგან ცვალებადია და წარმავალი. ჭეშმარიტ ღმერთს, რომელიც შემქმნელია მთელი კაცობრიობისა, ვერ უარვჰყოფ, რადგან შეკრული ვარ მართალი სარწმუნოების ცოდნითა და წინაპართაგან მიღებული წეს-ჩვეულებებით. და თუ შენს ლაშქარში გჭირდები, ნება მომეცი ვემსახურო ჩემს ღმერთს, რომელმაც დამბადა მე. „გევედრები დააცხრუე ჩემდა აღთქუმანი ეგე არად სახმარნი ჩემნი, რამეთუ სურვილმან საღმრთომან, რომელი მაქუს ქრისტეს მიმართ ჩემისა, რომელი არს შემოქმედი, მეფე და უფალი ანგელოზთა, განმაწესა მე მხედრად ქრისტესა“, და ჩემთვის საკმარისია უბრალო სამოსელი, რომელიც სხეულს დამიფარავს და მცირე საზრდელი, პური და წყალიო.

ამ კადნიერებით განრისხებულმა ჯალალედინმა გულისწყრომა დაჰფარა, და ჯერ ტკბილი სიტყვითა და დაპირებებით ეცადა მის დაყოლიებას, ხოლო შემდეგ დაწვრილებით განუმარტა რა მოელოდა, თუ მაჰმადიანობას არ მიიღებდა. წმინდა შალვა კი, „ვითარცა კლდე, ესრეთ უშიშად სდგა წინაშე მძლავრისა“ და არც აღთქმულ დიდებას დახარბდა და არც მომავალ განსაცდელსა და სიკვდილს შეუშინდა და უთხრა: იცოდე, რომ არ ვაღიარებ მე სხვა ღმერთს, გარდა ყოვლადწმინდისა და განუყოფელისა სამებისა, შეჩვენებულ იყოს თავის მოციქულებთან ერთად „ყოველნი იგი ღმერთნი საეშმაკონი, რომელთა ცანი და ქუეყანაი არა შეჰქმნეს“. ნუ გგონია შენ, რომ დიდებისა და სიმდიდრის აღთქმით მომხიბლავ, ან სატანჯველთა დაპირებით შემაშინებ, რადგან ერთია ჩემი დიდება, „რაითა მისდა მივიდე და ვხედვიდე უზესთაესსა მას ყოველთა კეთილთასა“. ქვეყნიური მონაგები კი არა მწადია, არამედ შეუხებელად დაცვა მსურს იმ ხატისა, რომლის მსგავსადაც დავიბადე, რაოდენიც შესაძლებელია ხორციელი ბუნებისაგან - სიტყვა დაასრულა ნეტარმა და სამოღვაწეოდ განემზადა.

ქრისტეს მხედრის ურჩობითა და კადნიერებით გაკვირვებულმა და შერცხვენილმა ჯალალედინმა მისი გაშიშვლება და სასტიკად გუემა ბრძანა. მტარვალებმაც სწრაფად აღასრულეს მისი ნაბრძანები და უპატიოდ ათრიეს და უწყალოდ გვემეს სრულიად შიშველი წმინდა მოწამე. ნეტარი კი „სიხარულითა გულისაითა აქებდა უფალსა და მადლობასა შესწირვიდა მას“, ხოლო თავის თავს ასე შეუძახებდა: გაიხარე, შალვა, რადგან სამოსელთან ერთად ხრწნადი სხეულისაგანაც განთავისუფლდები. და თან დასძენდა: „რაიმე მივაგო უფალსა, რომელი ესე მომაგო, მით რომელ განშიშვლდა უფალიცა დიდებისა შენთვის სამოსელთაგან, ეჰა, რაბამ დიდ არს მონისად ზიარებაი ვნებისა უფლისა თვისისა, რამეთუ განაშიშვლეს მხედრებმა ცათა ღრუბლით შემმოსველი და კადნიერად გაიყვეს მისი სამოსელი“. მტარვალები განაგრძობდნენ შალვას წამებას, ის კი კვლავ მხნედ იტყოდა - დავითმინოთ, შალვა, ქრისტესთვის სიკუდილი, რომელიც ყოველ კაცს წინ ელოდება, რადგან ქრისტეც ჩვენთვის მოკვდა. რამდენი ავაზაკი ისჯება სიკვდილით თავის ბოროტი საქმეებისათვის, ჩვენ კი სიმართლისა და ჭეშმარიტებისათვის სიკვდილი აღარ დავითმინოთ? არ გახსოვს, შალვა, მოკვდავი მეფისათვის ან მისი მემკვიდრეებისათვის რამდე-ნჯერ გასწირე თავი, რომ მათგან წარმავალი დიდება და პატივი მიგეღო ჯილდოდ, და უკვდავისა მეფისათვის, რომელი ჯილდოდ მოგცემს უხრწნელ ცხოვრებასა, აღარ გაიმეტებ შენს წარმავალ სიცოცხლეს? - და კიდევ მრავალ სულის სარგო სიტყვებს აღმოსთქვამდა „ნეტარი მოწამე ჭეშმარიტებისა“. მტარვალნი კი შეუსვენებლად სცემდნენ.

„იხილა რაი უღმრთომან სიმტკიცეი შალვასი, ბრძანა საპყრობილესა შეყენებაი მისი და მუნ ტანჯვად, ვიდრე სიკუდილადმდე“. დიდად ნატანჯი და ნაგვემი დიდ-მოწამე საპყრობილეში ჩააგდეს და ყოველდღე აწამებდნენ, ხოლო იგი გამუდმებით ლოცულობდა და მარხულობდა. „და ესრეთ რაოდენისამე დღისა შემდგომად... პირად პირადითა მძვინვარითა ტანჯვითა განცდილმან აღასრულა ჰსრბაი მარტვილებითი და ესრეთ ქრისტემან ღმერთმან, განმაძლიერებელმან მისმან, მისცვალა თვისთანა დიდი იგი გოდოლი კეთილმსახურებისა და ადიდა წმიდაი თვისი ზეციერითა დიდებითა“. და სადაც ფარულად დაფლეს მისი მრავალვნებული გვამი, იმ ადგილს ნათლის სვეტი დაადგა და მრავალი მორწმუნის მიერ იქმნა თაყვანისცემული.

ჯალალედინის თავაშვებული ნავარდით თავმობეზრებულმა რუმის, შამისა და შაჰარმენის სამფლობელოების მესვეურებმა საქართველოს სამეფო კართან მოლაპარაკება დაიწყეს, მაგრამ ჯალალედინმა კვლავ დაასწროთ და სანამ მოკავშირეები მზადებას დაასრულებდნენ, 1227-1228 წ.წ. მიჯნაზე მთელი თავისი ლაშქრით ქართველთა 40000-იან ლაშქარს ბოლნისის ჩრდილოეთით შეებრძოლა და დაამარცხა. 1229 წ. ჯალალედინმა ხლათიც აიღო, მაგრამ ეს მისი უკანასკნელი გამარჯვება იყო, რადგან მონღოლებს ხვარაზმშაჰის სრულიად განადგურების წადილი არ განელებოდათ. 1230 წლის აგვისტოში ჯალალედინს ამბავი მოუვიდა, რომ მონღოლები სპარსეთის სამხრეთ ადერბეჯანს უახლოვდებოდნენ. იგი სასწრაფოდ აიყარა და მარაღაში მივიდა, შემდეგ კი ყველა თანამებრძოლისაგან მიტოვებული, მონღოლთა ლაშქრისაგან თავის დასაღწევად ბასიანის მთებში გაიქცა, სადაც 1231 წ. 17 აგვისტოს ქურთმა მწყემსმა მძინარე მოკლა და გაძარცვა.

წმინდა შალვა ახალციხელის ხსენებას 17 ივნისს (ახ. სტ. 30 ივნისს) „ქებით აღასრულებს“ ქართველთა ეკლესია. მისმა ღვაწლმა ხალხურ პოეზიაშიც ასახვა ჰპოვა. პოპულარული ქართული ხალხური სიმღერა „შავლეგო“ ასე განადიდებს შალვა ახალციხელის ხორციელ ვაჟკაცობასა და ღვაწლს: შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო / სისხლში გაგიხამებია, შავლეგო, / ყაწიმები გიხდებოდა, შავლეგო, / მტერთან ბრძოლა გიხდებოდა, შავლეგო, / მაშველი არ გჭირდებოდა, შავლეგო, /შავლეგ, შენი შავი ჩოხა, შავლეგო.

გამოკრიბა და შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა