წმიდა იოთამ ზედგენიძე (+1465)

30 (12.11) ოქტომბერი

წმიდა იოთამ ზედგენიძე სიმხნევით, სარწმუნოებითა და მეფის ერთგულებით ცნობილი აზნაურიშვილი იყო. კეთილმსახურებით აღზრდილ წმიდანს კარგად ესმოდა რომ მირონცხებული მეფის ერთგულება ქვეყნისა და წმიდა ეკლესიის სიყვარულს ნიშნავდა. 1446 წელს საქართველოს მეფედ აკურთხეს გიორგი VIII, ძე ალექსანდრე დიდისა. „ყოვლითა სიკეთითა და სამღთო-სამჴედროთი სრულმან და აღმკულმან“ თავისი მეფობის ოცი წელი ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას შეალია. მისი მეფობის ჟამს „განრისხნა ღმერთი ქრისტიანეთა ზედა ცოდვათა ჩუენ ქრისტეიანეთათჳს და აღიღო სულტანმა მაჰმად კონსტანტინეპოლი“.

ამასობაში საქართველოში მდგომარეობა ისევ დაიძაბა. სამცხის ათაბაგი ყვარყვარე მეფეს განუდგა. 1463 წელს კი, ჩიხორთან გამარჯვების შემდეგ, ქუთაისის გამგებელმა ბაგრატმა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი.

1465 წელს გიორგი მეფე სამცხეს წარემართა ყვარყვარე ათაბაგთან საომრად, „რათა შურ-აგოს ათაბაგსა“. ფარავნის ტბასთან დაბანაკებულ გიორგის „შემოუჩინნეს განდგომილთა მოღალატენი, რათა მოკლან იგი და ტაძრეულნივე თჳსნი“. მეფის ამალაში მყოფმა იოთამ ზედგენიძემ, შეიტყო მეფის წინააღმდეგ არსებული საზარელი შეთქმულების შესახებ და გააფრთხილა იგი. „მეფემან არა ირწმუნა“, - წერს ვახუშტი „ქართლის ცხოვრებაში“, - „ვინაჲთგან უგონებელ იყო მათგან ღალატი მეფისა“. როცა ერთგულმა კარისკაცმა მართალი და უბოროტო მეფე მტყუვარ ქვეშევრდომთა ღალატში ვერ დაარწმუნა, შესთავაზა: „უკეთუ ვცბი და არა ჭეშმარიტ არს სიტყუა ჩემი, აწ გევედრები, რათა არა მოიკლა თავი ცუდად, არამედ ღამესა ამას მე დავწვე დაგებელსა შინა შენსა და უკეთუ მომკლან მე მგონებელთა შენთა მეფედ, გარნა ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. მეფე დათანხმდა, თუმცა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ იოთამ ზედგენიძის ეჭვიანობის მიზეზი სიყვარული და ერთგულება იყო და მას არავითარი საფრთხე არ ემუქრებოდა. „ღამესა ამას შემოვიდნენ მობირებულნი იგი და მოკლეს იოთამ და განერა მეფე მათგან“.

დილით, როცა გიორგი სამეფო კარავში შევიდა, მისი საყვარელი კარისკაცი სისხლში ცურავდა. მან სინანულით დაიტირა იოთამი, მტრები კი შეიპყრა და „მოსწყვიდნა ყოველნი“. მადლიერმა მეფემ წყალობით აავსო წმიდა იოთამ ზედგენიძის შთამომავლობა.

უფლის ცხებულისათვის, ღვთივდადგენილი მეფისათვის თავდადებული იოთამი საქართველოს ეკლესიამ წმიდანთა დასში შერაცხა.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.