წმიდათა შორის მამაჲ ჩვენი ნიკოლოზ კათოლიკოსი (+1591)

18 (02.03) თებერვალი

წმიდა ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქი დაიბადა დაახ. 1510-15 წლებში, იგი კახეთის მეფის, ლეონ I-ის ძე იყო. სიყრმიდანვე მონაზვნური ცხოვრებისკენ მიდრეკილი ნიკოლოზი მონასტერში წავიდა სამოღვაწეოდ. სამეფო გვარისთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და სიბრძნე, მონაზვნური მორჩილება და ღმერთზე მინდობის უდიდესი სათნოება საოცრად იყო შერწყმული წმიდა ნიკოლოზში. ღვთის განგებით იგი კათოლიკოსად იქნა დადგენილი. „ქორონიკონსა სობ (1584 წელს) მიიცვალა ბარათაშვილი, კათალიკოზი ნიკოლოზ და ბრძანებითა ღმრთისაჲთა კათოლიკოზ იქმნა ძე კახთა მეფისა ლეონისა, თუესა თებერვალსა კჱ (28), დღესა შაბათსა“, - ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრებაში“.

წმიდა ნიკოლოზს მიწერ-მოწერა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ იობთან, წმიდა კათოლიკოსმა მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარს შესწირა 1049 წელს დაწერილი, მშვენიერი ყდით შემკული, ტყავზე ხელნაწერი სახარება.

მიტროპოლიტი ტიმოთე (გაბაშვილი) „მიმოსლვაში“ მოგვითხრობს ათონის ივერთა მონასტერზე და აღნიშნავს, რომ სატრაპეზოში არის წმიდა ნიკოლოზ კათოლიკოსის ხატი. იგივე ავტორი აღწერს აშოთან მუხრანბატონის მიერ აშენებულ სატრაპეზოს და უმატებს: „იქ მიცვალებულა კათალიკოზი ნიკოლოზ, მგონი ეს ბატონიშვილი იყოს“.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.