ალექსი ოსიპოვი

რატომ არის მართლმადიდებლობა ჭეშმარიტი რელიგია

ამჟამად ყველანი ისეთ ცხოვრებისეულ ვითარებაში ვიმყოფებით, როცა უკვე არანაირი ზღუდით არ შეგვიძლია გავემიჯნოთ გარემომცველ სამყაროს, სადაც რელიგიური მრავალმხრივობა სუფევს. ირგვლივ ურიცხვი მქადაგებელი გაჩნდა და ყველა მათგანი საკუთარ იდეებს, ცხოვრებისეულ ნორმებს, რელიგიურ შეხედულებებს გვთავაზობს. ამ მხრივ წინა თაობებს თანამედროვეობის შესაშური ნამდვილად არაფერი აქვთ. განვლილი უახლოესი ეპოქის პრობლემა რელიგიისა და ათეიზმის, ანუ მათი ურთიერთმიმართების საკითხი იყო.

დღევანდელობა ბევრად უფრო დიდი და უარესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. ღმერთის არსებობა-არარსებობის გარკვევა მხოლოდ პირველი საფეხურია. ვთქვათ, ადამიანი დარწმუნდა ღვთის არსებობაში. რა უნდა ქნას შემდგომ? სარწმუნოება ბევრია, რომელი მათგანი აირჩიოს? ქრისტიანი გახდეს თუ მუსულმანი? იქნებ, ბუდისტი? მაშინ კრიშნაიზმმა რა დააშავა? ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ. ახლა იმდენი რელიგია არსებობს... ვთქვათ, ადამიანმა გააღწია ამ მრავალრელიგიური ჯუნგლებიდან და ქრისტიანი გახდა. დარწმუნდა, რომ ქრისტიანობა - საუკეთესო და სწორი რელიგიაა. მაგრამ შემდეგ როგორ განაგრძოს? რომელი ქრისტიანობა აირჩიოს? ისიც ხომ მრავალსახოვანია. მართლმადიდებლებს შეუერთდეს, კათოლიკებს, ორმოცდაათიანელებს, ლუთერანებს... (ჩამოთვლას ამჯერადაც არა აქვს აზრი). აი, რა ვითარებაში აღმოჩნდა თანამედროვე ახალგაზრდობა. ამასთან, ახალი და ძველი რელიგიების და არამართლმადიდებლური კონფესიების წარმომადგენლებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პროპაგანდის ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები გააჩნიათ, ვიდრე ჩვენ, მართლმადიდებლებს...

ამდენად, თანამედროვე ადამიანის უპირველესი პრობლემა არის სარწმუნოებათა, რელიგიათა და მსოფლმხედველობათა სიმრავლე.

მოდით, ამ სიმრავლეში გასარკვევად, ისე განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი, თითქოს, შევდიოდეთ იმ ოთახებში, რომლებიც თანმიმდევრობით იღება ჭეშმარიტების მაძიებელი უამრავი ჩვენი თანამედროვის წინაშე. ვეცდები, ძალიან ზოგად, მაგრამ პრინციპულ შტრიხებში დაგანახოთ, თუ რატომ არის ადამიანი ვალდებული (მას არა მარტო შეუძლია, არამედ, მართლაც, ვალდებულია) შეგნებულად გახდეს მართლმადიდებელი ქრისტიანი.

დავიწყოთ პირველი პრობლემით: „რელიგია და ათეიზმი“.

სხვადასხვა კონფერენციებზე,სადაც განათლებულ, განსწავლულ ადამიანებს ვხვდებით, ხშირად გვეკითხებიან ერთსა და იმავეს: ვინ არის ღმერთი? არსებობს თუ არა ის? ან რა საჭიროა იგი? თუ ღმერთი არსებობს, რატომ პირდაპირ არ აცხადებს საკუთარი თავის შესახებ?..

რა პასუხი გავცეთ მათ?

ეს საკითხი, ჩემის აზრით, შეიძლება გადაწყდეს თანამედროვე ფილოსოფიური აზროვნების მეშვეობით, რომელსაც ეგზისტენციალიზმი ეწოდება. რაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების საზრისი, მისი ძირითადი შინაარსი? რა თქმა უნდა, სიცოცხლეში, სხვაგვარად როგორ იქნება? რა აზრი შემიძლია განვიცადო, როცა მძინავს? ცხოვრების აზრი, საკუთარი არსებობისა და მოღვაწეობის ნაყოფთა შეცნობა, „გემოს გაგება“ შეიძლება იყოს მხოლოდ. ადამიანი არ ფიქრობს, რომ სიცოცხლის აზრი, შესაძლოა, სიკვდილი იყოს. სწორედ აქ გადის გადაულახავი ზღვარი რელიგიასა და ათეიზმს შორის. ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ამქვეყნიური ყოფა მხოლოდ საწყისი, საწინდარი საშუალებაა მარადისობაში გადასასვლელად. იგი უხსნის ადამიანს, თუ რისი გაკეთება მართებს საუკუნო ცხოვრების მოსაპოვებლად. როგორი უნდა იყოს, რომ იქ მოხვდეს. ათეიზმი ამტკიცებს, რომ არ არსებობს არც ღმერთ, არც სული, არც მარადისობა, ამიტომ, გწამდეს, ადამიანო, რომ შენ მოგელის საუკუნო სიკვდილი! შიშის ზარი გვეცემა, საშინელი უიმედობა და სასოწარკვეთილება გვიპყრობს, ტანში ჟრუანტელი გვივლის ამ საზარელი სიტყვების გაგონებაზე: ადამიანო, შენ საუკუნო სიკვდილი გელის! აღარაფერს ვამბობთ, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური მტკიცებულებების შესახებ, რომლებიც ამ შეხედულების დასასაბუთებლად მოჰყავთ. იგი ისედაც აძრწუნებს ადამიანის სულს.

როცა ადამიანს ტყეში გზა დაებნევა, აქეთ-იქით აწყდება და შინისკენ მიმავალ ბილიკებს ეძებს, ამ დროს თუ ვინმეს გადაეყარა და ჰკითხა: „აქედან როგორ გავაღწიო?“ ეს უკანასკნელი კი პასუხობს: „აქედან ვერ გააღწევ, ამიტომ ეცადე, აქვე მოეწყო, როგორც მოახერხებო“, საეჭვოა, რომ გზააბნეულმა მას დაუჯეროს. იგი აუცილებლად განაგრძობს ძიებას. თუ ისეთი ვინმე შეხვდება, რომელიც ეტყვის: „კი, გასასვლელი არის. ახლავე გეტყვი, როგორ გაიგნო გზა“, - განა მას არ მიენდობა? იგივე ხდება მსოფლმხედველობრივი არჩევანის დროს, როცა ადამიანი რელიგიისა და ათეიზმის პირისპირ აღმოჩნდება. სანამ ადამიანს ჭეშმარიტების, ცხოვრების აზრის ძიების ნაპერწკალი მაინც უღვივის, ფსიქოლოგიურად არ შეუძლია მიიღოს კონფეცია, რომ ყველა ადამიანს ელის საუკუნო სიკვდილი, რომლის „მისაღწევად“ აუცილებელია ცხოვრების ეკონომიური, სოციალური, პოლიტიკური და კულტურული პირობების გაუმჯობესება. შემდეგ კი ყველაფერი კარგად იქნება - ხვალ თქვენ მოკვდებით და სასაფლაოზე წაგასვენებთ. პირდაპირ, „შესანიშნავია!“

ზემოთქმულით მხოლოდ ერთ, ფსიქოლოგიურ ძალზე არსებით მხარეზე მიგანიშნეთ, რომელიც, ჩემის აზრით, სულით ცოცხალი ყოველი ადამიანისათვის სრულიად საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ ცხოვრების საზრისზე საუბარი იწყება მხოლოდ იმის აღიარებით, ვისაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ.

ასე რომ, მე ღმერთი მწამს! ჩავთვალოთ, რომ პირველი ოთახი გავიარეთ. რაკი ვირწმუნე ღმერთი, მეორე ოთახში შევედი... აქაც დიდი სიჭრელეა, ყველა გაიძახის: „ჭეშმარიტება მხოლოდ ჩემთანაა“. მუსულმანები, კონფუციელები, ბუდისტები, იუდეველები - ვინ გინდა, რომ აქ არ იყოს. ქრისტიანი მქადაგებელიც აქვეა, სხვების გარემოცვაში, და მე ვეძებ, რომელია მათ შორის მართალი, რომელს ვერწმუნო?

აქ ორი მიდგომა არსებობს (იქნებ მეტიც, მაგრამ მე ორს დავასახელებ). პირველი - შედარებითი საღვთისმეტყველო ანალიზის გზაა, რომელიც რელიგიის კარგად შესწავლას ითვალისწინებს. ამ გზას ყველა ვერ გაჰყვება. იგი დიდ დროს, ძალისხმევას და, თუ გნებავთ, შესაბამის უნარსაც მოითხოვს.

არის მეორე მეთოდიც. ბოლოს და ბოლოს, ყველა რელიგია ადამიანისკენაა მიმართული და უხსნის, თუ რა არის ჭეშმარიტება. ამასთან, ყველა მსოფლმხედველობა და რელიგია ერთსულოვანია იმაში, რომ თანამედროვე ადამიანის პოლიტიკური, სულიერ-ეკონომიკური, სულიერი, მორალური და კულტურული პირობები არანორმალურია. იქნებ, ზოგიერთები სჯერდებიან იმას, რაც არის, მაგრამ ადამიანთა დიდი უმრავლესობა, მეტნაკლებად, სწორედ ამის გამო იტანჯება. მთლიანად კაცობრიობას ეს ყველაფერი ვერ აკმაყოფილებს. იგი ეძებს რაღაც სხვას, უმჯობესს, ისწრაფვის სადღაც, შეუცნობელი მომავლისკენ, ელის „ოქროს საუკუნეს“...

ნათქვამიდან ცხადი ხდება, თუ რატომ დადის ყველა რელიგიის, ყველა მსოფლმხედველობის არსი ცხონების შესახებ სწავლებამდე. აი, სწორედ აქ ვხვდებით იმას, რაც, ჩემის აზრით, უკვე გვაძლევს საშუალებას, გავაკეთოთ დასაბუთებული არჩევანი, როცა რელიგიური მრავალფეროვნების წინაშე აღმოვჩნდებით. ყველა სხვა რელიგიისაგან განსხვავებით, ქრისტიანობა ამტკიცებს, რაღაც ისეთს, რაც სხვა რელიგიებმა (და მითუმეტეს, არარელიგიურმა მსოფლმხედველობამ) უბრალოდ, არ იციან. და არა მარტო არ იციან, არამედ, როცა გადაეყრებიან ხოლმე ასეთ რამეს, გაცხარებით უკუაგდებენ. ეს მტკიცება მოიცავს ე.წ. პირველქმნილი ცოდვის ცნებას. ცოდვაზე ლაპარაკობს ყველა რელიგია, მსოფლმხედველობა და იდეოლოგია (მართალია, მას სხვადასხვაგვარ სახელს არქმევენ, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს), მაგრამ არც ერთი მათგანი ადამიანის ბუნებას მის ახლანდელ მდგომარეობაში დასნეულებულად (დაზიანებულად) არ მიიჩნევს. ქრისტიანობა კი ამტკიცებს, რომ ის მდგომარეობა, რომელშიც ჩვენ ყველანი, ადამიანები, დავიბადეთ, ვიმყოფებით, ვიზრდებით და ვყალიბდებით, განვიცდით ტკბობას, ვერთობით, ვსწავლობთ, აღმოჩენებს ვაკეთებთ და ასე შემდეგ - ეს არის საშინელი სნეულების, საშინელი დაზიანების მდგომარეობა. ჩვენ ავადა ვართ. საუბარი არაა გრიპზე, ბრონქიტზე, ან ფსიქიკურ დაავადებაზე. არა და არა, ფსიქიურად ჩვენ ჯანმრთელნი ვართ - ურთულესი ამოცანების გადაჭრა და კოსმოსში გაფრენაც კი შეგვიძლია - ჩვენ სხვა მხრივ ვართ მწარედ დაავადებულები. ადამინური ყოფიერების დასაწყისში მოხდა ერთიანი ადამიანური არსების რაღაც ტრაგიკული გახლეჩა თითქოსდა დამოუკიდებლად არსებულ ურთიერთმოქიშპე ნაწილებად - გონებად, გულად და ფიზიკურ სხეულად, (მსგავსი კრილოვის იგავისა - „გედი, კიბორჩხალა და ქარიყლაპია“). ის, რასაც ქრისტიანობა ამტკიცებს, ბევრისთვის აბსურდია და აღშფოთებას იწვევს: „მე არანორმალური ვარ? დიდი ბოდიში, იქნებ სხვები არიან ასეთები, მაგრამ მე - ნამდვილად არა“. და თუ ქრისტიანობას ვერწმუნებით, სწორედ აქ არის ძირი და სათავე იმისა, რომ ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ინდივიდუალური, ისე ზოგადსაკაცობრიო მასშტაბით, ერთი ტრაგედია მეორეს მოსდევს. რადგან, თუ ადამიანი სერიოზულადაა ავად, ის კი ამას ვერ ამჩნევს და არ მკურნალობს, რა თქმა უნდა, იღუპება.

სხვა რელიგიები არ აღიარებენ ადამიანში ამ სნეულებას, მხოლოდ უარყოფენ მას. ისინი თვლიან, რომ ადამიანი - ეს არის ჯანსაღი მარცვალი, რომელიც შეიძლება განვითარდეს როგორც ნორმალურად, ასევე არანორმალურად. მისი განვითარება დამოკიდებულია სოციალურ გარემოზე, ეკონომიკურ პირობებზე, ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე და ბევრ სხვა რამეზეც. ამიტომ, ადამიანი კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც, მაგრამ თავისი ბუნებით ის კარგია. აი, არაქრისტიანული ცნობიერების მთავარი ანტითეზისი. არაფერს ვამბობთ არარელიგიურ ცნობიერებაზე. მასზე სათქმელი არაფერია - ის საერთოდ: „ადამიანი - ეს ამაყად ჟღერს“. მხოლოდ ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ჩვენი ახლანდელი მდგომარეობა - ესაა საშინელი გარყვნის, დაცემის მდგომარეობა, ამასთან, ისეთი გარყვნის, რომ თვით ადამიანს საკუთარი ძალებით მისი განკურნება არ შეუძლია. ამ მტკიცებაზეა აგებული უდიდესი ქრისტიანული დოგმატი ქრისტეზე, როგორც მხსნელზე.

სწორედ ეს იდეა არის პრინციპული ზღვარი ქრისტიანობასა და ყველა სხვა რელიგიას შორის.

ახლა კი შევეცდები გაჩვენოთ, რომ ქრისტიანობას, სხვა რელიგიებისგან განსხვავებით, შეუძლია, ობიექტურად დაასაბუთოს მის მიერვე მოცემული მტკიცება. მოდით, მივმართოთ კაცობრიობის ისტორიას, ვნახოთ, რითი ცხოვრობს და რა მიზნები გააჩნია მას ჩვენი, ადამიანური მზერისთვის მისაწვდომი დროის მანძილზე. თქმაც არ უნდა - მას სურს, ღვთის სასუფეველი დაამყაროს დედამიწაზე, ე.ი. სამოთხე მოაწყოს. ზოგიერთებს ამ მიზნის განხორციელება ღვთის შეწევნით სურთ. თუმცა, ამ შემთხვევაშიც უფალი განიხილება არა როგორც სიცოცხლის უმაღლესი მიზანი, არამედ როგორც საშუალება ამქვეყნიურ სიკეთეთა მისაღწევად. სხვებს ღმერთი საერთოდ არ სჭირდებათ. მაგრამ მთავარი სხვა რამეა. ყველას ესმის, რომ შეუძლებელია დედამიწაზე სასუფევლის მოწყობა ისეთი ელემენტალური რამეების გარეშე, როგორიცაა: მშვიდობა, სამართლიანობა, სიყვარული (თავისთავად ცხადია, რა სამოთხე შეიძლება იყოს იქ, სადაც ომი, უსამართლობა და ბოროტება სუფევს?!), თუ გნებავთ, ურთიერთპატივისცემა - აქამდეც დავედით. ესე იგი, ყველას მშვენივრად ესმის, რომ ამ ძირითადი ზნეობრივი ფასეულობების განხორციელების გარეშე შეუძლებელია რამენაირი კეთილდღეობის მიღწევა დედამიწაზე. კაცობრიობა კი რას აკეთებს მთელი ისტორიის მანძილზე? ერიჰ ფრომს კარგად აქვს ნათქვამი: „კაცობრიობის ისტორია სისხლითაა დაწერილი. ეს - მუდმივი ძალადობის ისტორიაა“. ზუსტია!

ისტორიკოსებს, განსაკუთრებით კი სამხედრო ისტორიკოსებს, შესაბამისი მაგალითების მოხმობით თვალნათლივ შეუძლიათ გვაჩვენონ, თუ რითია აღსავსე კაცობრიობის მთელი ისტორია: ომები, სისხლისღვრები, ძალადობა და სისასტიკე. იდეურად მეოცე საუკუნე „უმაღლესი ჰუმანიზმის“ საუკუნეა. სინამდვილეში კი, „სრულყოფილების“ ეს მწვერვალი დაღვრილი სისხლით აღემატა კაცობრიობის ყველა წინა საუკუნეს, ერთად აღებულს. ჩვენს წინაპრებს რომ დაანახათ ის, რაც XX საუკუნეში მოხდა, სისასტიკის, უსამართლობისა და სიცრუის მასშტაბები შეაძრწუნებდათ. რაღაც მიუწვდომელი პარადოქსია იმაში, რომ თავისი ისტორიის განვითარებასთან ერთად კაცობრიობა სულ უფრო და უფრო შორდება იმ ძირითად იდეას, მიზნებსა და ზრახვებს, რომლისკენაც თავდაპირველად იყო მიმართული მთელი მისი ძალისხმევა.

მინდა დავსვა ასეთი რიტორიკული შეკითხვა: „შეიძლება გონიერი არსება ასე იქცეოდეს?“ ისტორია პირდაპირ დაგვცინის, ირონიულად მოგვიგებს: „კაცობრიობა ჭეშმარიტად გონიერი და ჯანსაღია. იგი სულით ავადმყოფი არ არის, არა და არა. ის, უბრალოდ, იმაზე ცოტა მეტს და ოდნავ უარესს აკეთებს, რასაც გიჟები საგიჟეებში სჩადიან“.

ვაი, რომ ეს ფაქტია და მას ვერსად გავექცევით. სინამდვილე გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ცალკეული ადამიანები კი არ ცდებიან - არამედ ეს არის რაღაც ისეთი თვისება, რომელიც პარადოქსულად მოიცავს მთელ კაცობრიობას.

თუ ადამიანს ეყოფა ზნეობრივი ძალა, „შემობრუნდეს საკუთარი თავისკენ“, შეხედოს საკუთარ თავს, არანაკლებ შთამბეჭდავ სურათს იხილავს. პავლე მოციქულმა იგი ზუსტად დაახასიათა: „უბადრუკი მე ესე კაცი“ (რომ. 7, 24), „რამეთუ  არა რომელი-იგი მნებავს კეთილი მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7, 19). და მართლაც, ვინც ოდნავ მაინც მიაქცევს ყურადღებას იმას, რაც მის სულში ხდება, ზერელედ მაინც მოსინჯავს საკუთარ თავს, შეუძლებელია, ვერ შენიშნოს, თუ როგორაა სულიერად დასნეულებული, რამდენადაა დამორჩილებული და დამონებული სხვადასხვა ვნებების ზემოქმედებას. უაზრობაა, ვიკითხოთ: „უბედურო ადამიანო, რას ნთქავ ამ ხორაგს, რას ეძალები სასმელს, რატომ ცრუობ, რატომ გშურს, რას მეძაობ და ა.შ.? შენ ხომ ამით თავს იღუპავ, ოჯახს ანგრევ, საკუთარ შვილებს ამახინჯებ, წამლავ ატმოსფეროს შენს ირგვლივ. რატომ იკლავ თავს, რას ისერავ და იჩხვლეტ სხეულს, რატომ იფუჭებ ნერვებს, ფსიქიკას, ხორცსაც იუძლურებ? ხომ გესმის, რომ ეს ყველაფერი დამღუპველია?“ - „კი, მესმის, მაგრამ არ შემიძლია, ეს არ ვაკეთო“. ბასილი დიდს ერთხელ უთქვამს: „ადამიანთა სულებში არ ჩასახულა იმაზე დამღუპველი ვნება, ვიდრე შურია“. ასე რომ, ადამიანი, იტანჯება რა, როგორც წესი, ვერ ახერხებს გაუმკლავდეს საკუთარ თავს და სწორედ მაშინ, სულის სიღრმეში ყოველი გონიერი ადამიანი შეიცნობს იმას, რაზეც ქრისტიანობა ამბობს: „არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ“ (რომ. 7, 19). რა არის ეს - ჯანმრთელობა თუ ავადმყოფობა?

როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი სწორი ქრისტიანული ცხოვრებით? ისინი, ვინც განიწმინდნენ ვნებათაგან და თავმდაბლობა მოიპოვეს, ღირსი სერაფიმ საროველის სიტყვებით რომ ვთქვათ, „სული წმიდა მოიღეს“, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ძალიან საინტერესო სულიერ მდგომარეობას აღწევდნენ: თავი ყველაზე უარესად მიაჩნდათ. პიმენი დიდი ამბობდა: „მერწმუნეთ, ძმანო, მეც იქ ჩამაგდებენ, სადაც სატანა ჩააგდეს“. როცა სისოი დიდი კვდებოდა, სახე მზესავით გაუბრწყინდა, შეუძლებელი იყო მისთვის თვალის გასწორება. წმინდანი კი ღმერთს ევედრებოდა, კიდევ ცოტაოდენი დრო მიეცა სინანულისთვის. რა არის ეს? რაღაც ფარისევლობა, მოჩვენებითი თავმდაბლობა? ღმერთმა დაგვიფაროს! მათ ფიქრებით შეცოდებისაც ეშინოდათ, ამიტომაც, გულწრფელად ამბობდნენ იმას, რასაც სინამდვილეში განიცდიდნენ. ჩვენ ოდნავ მსგავს რამესაც კი არ განვიცდით. ყოველგვარი ჭუჭყითა ვარ აღსავსე, თავი კი ძალიან კარგი მგონია. მე კარგი ვარ! მერე რა, რომ ზოგჯერ ვცოდავ, უცოდველი არავინაა. მითხარით ერთი, ვინ მჯობია? თან, მე იმდენად არა ვარ დამნაშავე, რამდენადაც აი, ის ვიღაც კაცი, ვიღაც ქალი, და საერთოდ, სხვები. ჩვენ ვერ ვჭვრეტთ საკუთარ სულებს და ამიტომაც ვთვლით თავს ასე კარგებად. რა საოცარი განსხვავებაა წმინდა ადამიანთა და ჩვენს ხედვას შორის!

ვიმეორებ, ქრისტიანობა ამტკიცებს, რომ ადამიანი თავისი ბუნებით, თავის ახლანდელ, ეგრეთ წოდებულ ნორმალურ მდგომარეობაში, საშინლად დასნეულებულია. სამწუხაროდ, ჩვენ ამას თითქმის ვერ ვამჩნევთ. უცნაური სიბრმავე, უსაშინლესი, უმთავრესი, რომელიც ჩვენშია, - ესაა საკუთარი სნეულების ვერდანახვა. არადა, ყველაზე საშიში სწორედ ეს არის. იმიტომ, რომ როცა ადამიანი ამჩნევს თავის სნეულებას, მკურნალობს, ექიმებს მიმართავს, დახმარებას ეძებს. მაგრამ როცა თავი ჯანმრთელად მიაჩნია, ექიმთან მას მიასწავლის, ვინც უმტკიცებს, სნეული ხარო. აი, ჩვენი ავადმყოფობის უმძიმესი ნიშანი. ხოლო კერძოდ თუ რას წარმოადგენს იგი, მთელი ძალითა და სიცხადით მოწმობს როგორც კაცობრიობის, ისე ცალკეული ადამიანების ცხოვრების წესი. და ყოველი ჩვენგანი ნათლად ხედავს ამას საკუთარი ცხოვრების მაგალითზე.

შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანური ბუნების დასნეულების შესახებ ქრისტიანული სწავლება უკვე ობიექტური დასტურია საიმისოდ, თუ რომელ რელიგიას უნდა მივმართო - იმას, რომელიც ავლენს ჩემს სნეულებებს და მათი მკურნალობის საშუალებებს მთავაზობს, თუ იმ რელიგიას, რომელიც ჩქმალავს ჩემს წყლულებს, ადამიანურ თავ-მოყვარეობას უკმევს და მეუბნება: ყველაფერი კარგადაა, ყველაფერი მშვენივრადაა, არავითარ მკურნალობას შენ არ საჭიროებ, პირიქით, გარემომცველ სამყაროს უნდა კურნავდე, თვითგანვითარებასა და თვით-სრულყოფაზე უნდა ზრუნავდე...

ისტორიულმა გამოცდილებამ კი გვიჩვენა, რასაც ნიშნავს მკურანლობაზე უარის თქმა.

(გაგრძელება)