წმ. თეოფანე დაყუდებული

ფსევდო მქადაგებელთა წინააღმდეგ

წერილებიდან: „სხვადასხვა პირებს“

IV.

მწერ ბარათში, რომ იგი კითხულობს და გასწავლით სახარებიდან. წმ. სახარება და მოციქულთა ეპისტოლეები, მთლიანად ახალი აღთქმა - არის ყველაზე ზუსტი წყარო ქრისტიანობის ჭეშმარიტი შემეცნებისა, ხსნის ჭეშმარიტი გზის შეცნობისა. ყველა, ვინც ხსნის ეძებს, ამ წყაროდან ეწაფება ცოდნას იმაზე, როგორ გადაირჩნოს თავი.

მაგრამ სახარების ყველა მკითხველი როდი პოულობს ჭეშმარიტი ხსნის გზას. ზოგიერთი კითხულობს სახარებას, მაგრამ მრუდედ იგებს წაკითხულს და ამახინჯებს მას. ასეთი ადამიანისათვის სახარებას სარგებლობა არ მოაქვს; და ის, რომ მას ხელში სახარება უჭირავს, ვერ იხსნის მას საყვედურისა და განკითხვისაგან ჭეშმარიტების უცოდინრობისათვის.

მოვიყვან ერთ მაგალითს: აქ ისევე ხდება, როგორც ქსოვილისაგან კაბის კერვისას. აი, შენს წინაშეა კარგი ქსოვილის ნაჭერი. მოდის თავისი საქმის მქონე მკერავი, გამოჭრის თარგს და ნაჭრისაგან შეკერავს კარგ ტანსაცმელს; მაგრამ, სხვა შემთხვევაში, უცოდინარი მკერავი ისეთ ტანისამოსს შეკერავს, რომ იგი ვერც სირცხვილისაგან დაგიცავთ და ვერც ამინდისაგან; ასეთ მკერავს მხოლოდ ქსოვილის გაფუჭება შეუძლია.

ასევეა სახარებასთან დაკავშირებით: ზოგიერთი პირი სწავლებას ისე ამოიღებს იქიდან, რომ ყოვლად გამოუსადეგარი ხდება და არ მიჰყავს სიკეთისაკენ არც მასწავლებელი და არც მისი მიმდევარნი.

რატომ ხდება ასე? იმიტომ, რომ მან არ იცის როგორ მიუდგეს საქმეს. სულიერი ხსნა შედგება რამდენიმე პუნქტისაგან: უნდა გწამდეს, უნდა ასრულებდე ღვთის მცნებებს, უნდა შეიძინო მადლი და ა.შ. მაგრამ სახარებაში ეს პუნქტები ერთ განსაზღვრულ ადგილას კი არ წერია, არამედ გაბნეულია: ერთგან ერთზეა საუბარი, მეორეგან კი სხვაზე. ჭეშმარიტად რომ შეიცნოთ ხსნის მთელი არსი, საჭიროა ეს პუნქტები სხვადასხვა ადგილიდან ამოკრიფოთ და ერთად ისე შეაგროვოთ, რომ არც ერთი არ გამოგრჩეთ.

სწორედ ამ საქმეში წაიფორთხილებს ხოლმე ყველა. დაიწყებს მავანი ამოკრეფას ისე, რომ არ იცის, როგორც უნდა გააკეთოს; ჩააშტერდება ერთ ან ორ მუხლს, ამოგლეჯს საერთო წერილიდან და ყვირის: „ვიპოვე, ვიპოვე, აი გზა ხსნისა“!

მეორე გაიძახის: „გწამდეს და გადარჩები“; მესამე ამბობს: „მოიხვეჭე ღვთის მადლი და სხვა აღარაფერი გჭირდება“; მეოთხე ქადაგებს: „გიყვარდეს და მიიღებ ნეტარ აღსასრულს“; მეხუთე კი - კიდევ სულ სხვა რამეს გაიძახის.

ყოველი ასეთი შემთხვევა ჭეშმარიტებას შეესაბამება და მათ შესახებ წმ. წერილშიც მკაცრად არის მინიშნებული; მაგრამ, არც ერთი მათგანი ცალკე აღებული არ შეიცავს გადარჩენის მთელ არსს. საჭიროა, ყველას ერთად შეკრება, და მაშინ მივიღებთ სრულფასოვან წარმოდგენას ხსნის ნამდვილ ხატზე.

აი ის, თქვენი მყვირალა ცრუ-მასწავლებელი კითხულობს სახარებიდან, - როგორც თქვენ ამბობთ, - და განმარტავს, როგორ უნდა გადარჩეთ. მაგრამ, ყველა პუნქტს იღებს მისგან, თუ მხოლოდ რომელიღაც ნაწილს ირჩევს? უსმინე და გაიგებ, რომ ყველაფერს არ ამბობს. მას ენაზე მხოლოდ ეს სიტყვები აკერია: „მოინანიეთ და გწამდეთ“. ნუთუ ამით ყველაფერი ითქვა? სულაც არა.

თვით ამ პუნქტებიდანაც ბევრი რამ გაუგებარია მათთვის. „მოინანიეთო“ - ამბობს. აბა, ჰკითხე: „აღსარება საჭიროა? შენდობის მიღებაც?“ ამაზე ვერაფერს გიპასუხებს, მხოლოდ ცარიელი სიტყვებით დაიძვრენს თავს. ის რომ გიპასუხოს რასაც ფიქრობს, შენ ხომ მაშინვე პირს იბუნებ მისგან (მისი ცრუ-მოძღვრების თანახმად, არაფერი ეს საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მასზე თვით ღმერთმა მიგვანიშნა).

ის ამბობსო, - მწერ შენ: „დამიმტკიცე სახარებიდან, რომ მე ვიტყუები“! განა ვინმე დაუწყებს მტკიცებას, რომ იტყუება მაშინ, როცა ამბობს: „მოინანიეთ და გწამდეთ?“ ვინაიდან ეს აუცილებელია სულის გადარჩენისათვის და ასე გვამცნო თვით უფალმა. მაგრამ, როგორც ის ამტკიცებს, „მხოლოდ ესააო საჭირო ხსნისათვის“, ცრუობს, იმიტომ, რომ ხსნისათვის კიდევ მრავალი რამაა საჭირო.

წარმოიდგინე, ექიმმა მოგცა რეცეპტი წამლისა, რომელიც მრავალი ბალახისა და ესენციისაგან შედგება; აფთიაქარმა კი - ყველას მაგივრად აიღო და მათგან მოგცათ მხოლოდ ორი-სამი შემადგენელი ნაწილი, და გითხრათ: აი, ეს არის შენი წამალიო. ასეთი აფთიაქარი, ხომ ნამდვილად იქნება ცრუ და მატყუარა.

ჩვენი სულების მკურნალმა მაცხოვარმა, იესო ქრისტემ ჩვენი სულების ხსნისთვის სახარებაში, რამდენიმე პუნქტად მოგვცა სრული მკურნალობის კურსი. თქვენმა მყვირალამ კი ამოგლიჯა სახარებიდან ორი-სამი მუხლი და გაჰყვირის: „აი, თქვენ სულის მაცხოვნებელი მკურნალობა, მიიღეთ და გადარჩებით-ო“. ასე რომ, ის, იმ აფთიაქარის მსგავსად, ცრუ და მატყუარაა.

თქვენ კი, როდესაც მას მოუსმინეთ და არ შეეწინააღმდეგეთ, ამით ის უფრო გათავხედდა და კიდევ უფრო ხმამაღლა მოგიწოდათ: „იწამეთ მხსნელი უფალი და გადარჩებითო“.

გაგრძელება...