წმ. დიდმოწამე ბარბარე

ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.

სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.

კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.

 

პარაკლისი წმიდისა დიდისა მოწამისა ბარბარესი

დაუჯდომელი გალობაჲ წმიდისა დიდმოწამისა ბარბარესი

სხვა დაუჯდომელი წმიდისა დიდმოწამისა ბარბარესი

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
ქადაგება ბარბარობის დღესასწაულზე
2001 წ. - 2004 წ. - 2006 წ. - 2007 წ. - 2010 წ.

 

 

წმიდა დიდმოწამე ბარბარე და მოწამე იულიანა (306)

უსჯულო კეისარ მაქსიმიანეს (IV ს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში ცხოვრობდა ერთი მდიდარი, წარჩინებული გვარიშვილობის კაცი, სახელად დიოსკორე. იყო იგი წარმართი და თაყვანს სცემდა კერპებს. დიოსკორეს ჰყავდა ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე, რომელსაც თავს ევლებოდა, ანებივრებდა და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდა. ბარბარეს დედა ადრე გარდაეცვალა.

გაიზარდა ბარბარე და ისე დამშვენდა, ვერავინ შეედრებოდა სილამაზით. დიოსკორეს მიაჩნდა, რომ მდაბიო, უზნეო ადამიანები ღირსნი არ იყვნენ მისი ხილვისა, ამიტომ მაღალი კოშკი ააგო და გოგონა შიგ ჩაკეტა, მიუჩინა ერთგული მსახურები და მოახლეები.

ცხოვრობდა ბარბარე გოდოლში დამწყვდეული, შვებას ოდენ ბუნების ღვთაებრივი სილამაზის ჭვრეტაში ჰპოვებდა. გრძნობდა იგი, რომ შემქმნელი ამ არაჩვეულებრივი მშვენიერებისა უნდა ყოფილიყო ყოვლისშემძლე არსება, რომელსაც ვერავინ აღემატებპდა სიბრძნით, სიკეთით, სათნოებით და სურდა გაეგო, ვინ იყო დასაბამი და მიზეზი ყოვლისა. გული უკარნახებდა, რომ სამყაროს შემქმნელი უნდა იყოს ერთი და არა მრავალი, როგორც მისი წარმართი აღმზრდელები ასწავლიდნენ.

ერთხელ, როდესაც მისი არსება მოიცვა განსაკუთრებით ძლიერმა სურვილმა შემოქმედის ხილვისა, იგრძნო, როგორ მოეფინა შეუცნობელი, გონებისა და გულის განმანათლებელი ღვთიური მადლი და ბარბარემ შესძახა: „არა! ერთი უნდა იყოს ღმერთი, ხელთუქმნელი, თავად კი ყოველივეს შემოქმედი“.

კოშკში დამწყვდეულს სულით და გულით ეწადა, გვერდით ჰყოლოდა ვინმე ჭეშმარიტი გზის მასწავლებელი, მაგრამ მის გარშემო ასეთი არავინ იყო და თავად ღმერთი, რომელიც „შორს როდია თვითოეული ჩვენგანისაგან“ (საქმე 17, 27) გახდა მისი მოძღვარი და დამრიგებელი. ქალწული თანდათან ივსებოდა უფლის მადლით და სულიერად ძლიერდებოდა, მის გულში ერთი სიყვარული ენთო, ჭეშმარიტი სიყვარული - ღვთის სიყვარული, და არ ფიქრობდა არც გათხოვებაზე, არც ძვირფას ჩასაცმელსა და მოსართავზე და საერთოდ მიწიერ კეთილდღეობაზე.

მაგრამ დიოსკორეს დიდად სურდა ქალიშვილის გათხოვება; ერთხელაც ამ საკითხზე ჩამოუგდო მას საუბარი, შესთავაზა თავის სურვილისამებრ აერჩია მისი ხელის თხოვნის მრავალრიცხოვან მსურველთაგან ვინმე გულისწორი. ქალწულმა კი მკაცრად მიუგო: „არა გიცნობიესა მამაო, რამეთუ არად სახმარ არს ჩემდა სოფელი ესე“.

ბარბარესაგან მტკიცე უარი რომ მიიღო, მამამ გადაწყვიტა მისთვის შედარებით მეტი თავისუფლება მიეცა, იმ იმედით, რომ უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ იგი თვითონ მოინდომებდა გათხოვებას. დიოსკორემ ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

ცოტა ხანში დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანი ქალწულები, რომელთაგან გაიგო იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრება, სასწაულები, ჯვარცმა და აღდგომა. გულით მოიწადინა ბარბარემ ქრისტიანი გამხდარიყო და აი, ღვთის ნებით, ალექსანდრიიდან ილიოპოლისში ხუცესი ჩავიდა, რომელიც მან თავისთან მოიწვია, გულახდილად ესაუბრა, გულით აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა.

ამის შემდეგ ბარბარე მუდამჟამ მარხვასა და ლოცვაში იყო, მან სიწმიდისა და ქალწულობის აღთქმა დადო და ღმერთს შესწირა თავი.

ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარე მივიდა, თითით გამოსახა ჯვარი  მარმარილოზე და აი, სასწაული! ამოხეთქა იქ წყალმა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა, მრავალი სასწაული მოახდინა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა, ასევე დარჩა ბარბარეს ნატერფალიც.

ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებნლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამგვამოვნება აღბეჭდილიყო. მაგრამ მათ თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი. მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაჲ ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაჲსათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაჲ სარკუმელთა სამთაჲ“. ამის შემდეგ მშენებნლებმა მესამე სარკმელიც გაჭრეს. ბარბარე თავის კოშკში დაბრუნდა. გზად მიმავალმა თვალი მოჰკრა კერპებს, რომლებსაც მამამისი თაყვანს სცემდა. სული წმიდით აღვსილმა ქალწულმა თქვა: „მსგავს თქუნდა იყვნენ მოქმედნი თქუენნი და ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს თქუენი“.

რამდენიმე დღეში დიოსკორე მოგზაურობიდან დაბრუნდა. როდესაც აბანო მოინახულა, მშენებლებს გულისწყრომით ჰკითხა მიზეზი მესამე სარკმლის გაჭრისა. მათ კი შიშით მიუგეს, რომ ეს ბარბარეს დაჟინებული მოთხოვნით გააკეთეს.

დიოსკორეს გაუკვირდა და ქალიშვილს სთხოვა აეხსნა, რას გულისხმობდა სამ სარკმელში. მანაც მიუგო: „ორნი არიან ერთისა მისგან და მათგან მოველით ცხოვრებასა, წყალობასა და შენდობასა ცოდვათასა“. „გამოგიცხადო შენ, მამაო და გასწაო სამართალი უსამართლოისაგან და გამოგიყვანო შენ ბნელისაგან ნათლად“. ...„ მე მნებავს მოქცევაჲ შენი ჭეშმარიტებად; არა გიცნობიესა, რამეთუ იგი სამნი სარკუმელნი იგი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან, რომელნი ჰნათობენ ყოველსა სოფელსა“, „ესე სამნი არიან მამაჲ, ძეჲ და სული წმიდაჲ“.

დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა, ეშმაკი შეუჩნდა, ხმალი იშიშვლა და ქალიშვილისთვის თავი უნდოდა მოეკვეთა. ბარბარემ მოასწრო გაქცევა, ილიოპოლი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეეფარა. მამამისი ყველგან დაეძებდა. ბოლოს მიადგა იმ მთას, სადაც ბარბარე იმყოფებოდა.

დიოსკორემ თმით ჩამოათრია ქალიშვილი მთიდან, ჩაკეტა სახლში და მცველებიც მიუჩინა, რათა არავინ შესულიყო მასთან. თვითონ კი იმ ქვეყნის მმართველ მარკიანესთან მივიდა და გონებადაბინდულმა მოახსენა, რომ მისი ერთადერთი ასული ქრისტიანებმა გადაიბირეს, თავის რჯულზე მოაქციეს და ამდენად ის ღირსი იყო წამებით სიკვდილისა.

მარკიანემ ბრძანა მასთან მოეყვანათ ბარბარე. როდესაც ბარბარემ შეიტყო, რომ მმართველთან მიჰყავდათ, ღმერთს შესთხოვა შეწევნა.

მოიყვანეს ბარბარე მარკიანესთან. ქალწულის სილამაზით გაკვირვებულმა მმართველმა სცადა ტკბილი სიტყვით მისი გადაბირება; დაუყვავა და ურჩია მოენანიებინა ღმერთებისაგან განდგომა და მორჩილების ნიშნად მსხვერპლი შეეწირა მათთვის. წინააღმდეგობის შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ იგი უმკაცრესად დაისჯებოდა.

მიუგო მას ბარბარემ: „არა გიცნობიესა, ჰეი უღმერთოო, რამეთუ მე სჯულსა ზედა ქრისტესა ვარ და ღმერთნი შენნი ვითარცა წინასწარმეტყველმან დავით თქუა: პირ ათქს და არა იტყვიან, თუალ ასხენ და არა ხედვენ. ემსგავსენ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ“.

მარკიანე ამ პასუხმა განარისხა, ბრძანა ქალწულის ცემა ტყავის შოლტებით. ბარბარეს ნაკადულივით სდიოდა სისხლი. მარკიანეს ეგონა, რომ იგი მოკვდა. შემდეგ შეაგდეს საპყრობილეში და მცველები დაუყენეს.

შუაღამისას გამობრწყინდა ნათელი, საკანი განათდა, ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა წმიდა ასულს, განკურნა მისი ნაგვემი სხეული, მოურჩინა წყლულები და უთხრა: „ბარბარე, მოწამეო ჩემო, რამეთუ დიდად უხარის ცასა და ქუეყანასა დღესასწაული შენი, ხოლო შენ შეძრწუნდები უსჯულოისა მისგან მსაჯულისა, რომელნი განუძლიერებიეს ეშმაკსა. არამედ მე თანა დაგიდგე და გიხსნე შენ ყოვლისაგან ბოროტისა, რომელ შეგემთხუეოდის შენ“.

სიხარულით აღივსო წმიდა ბარბარე, ჯანმრთელმა და უვნებელმა ილოცა და უფალს მადლობა შესწირა. დილით მარკიანემ ბრძანა ქალწული საკაცით მოყვანა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ბარბარე სიარულს ვერ შესძლებდა. მივიდნენ მსახურები მის წამოსაყვანად და ნახეს, რომ ფეხზე დგას იგი და ლოცულობს. განცვიფრებულებმა ერთხმად შესძახეს: „დიდ არს ღმერთი ქრისტიანეთაჲ და არა არს სხუაჲ ღმერთი უდიდეს მისა, რომელმან განაძლიერა ესე“.

მარკიანეც ფრიად გაოცებული დარჩა, როდესაც იხილა თავისი ფეხით, სხვის დაუხმარებლად მისკენ მიმავალი ბარბარე. უსჯულო და უგუნურმა მმართველმა ეს სასწაული თავის კერპ-ღმერთთა დიდ მოწყალებას მიაწერა და ურჩია წმიდა ქალწულს, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი ღმერთებისათვის, რომელნიც ასე მოწყალედ მოექცნენ მათ მგომებელს და გვემული განკურნეს.

ეს უგუნური შეგონება რომ მოისმინა, ქალწულმა შეჰნერწყვა მმართველს და უთხრა: „ჰეი, უსჯულოო ბილწო ეშმაკისაო, აჰა, ხარ შენ ბრმა და ღმერთნი შენნი ბრმა არიან, ვითარცა შენ, რომელნი ვერ შემძლებელ არიან ხედვად, არცა შეწევნად მოსავთა მათთა. ვითარ შემძლებელ არიან შეწევნად ჩემდა, რომელნი თავთა თვისთა  ვერშემძლებელ არიან შეწევნად, არამედ ქრისტე, რომელი ჯუარს-ეცუა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, ვითარცა თქუეს წიგნთა და ჯუარითა მისითა ცხოველითა განმაძლიერა მე შენ ზედა“.

მსახურებმა, რომლებმაც ბარბარე სტანჯეს, ამ სიტყვების გაგონებისას ერთხმად შესძახეს: „ჩეუნცა გურწამს იესუ ქრისტე ნაზარეველი, რაჲთა არა არს სხუაჲ ღმერთი მისსა გარეშე“.

მარკიანემ ბრძანა დაუყოვნებლივ თავები მოეკვეთათ მათთვის. მართლაც, გაიყვანეს იგინი ქალაქგარეთ და სიკვდილით დასაჯეს. ამ მოწამეობრივი აღსასრულით დაიმკვიდრეს მათ ზეციური ცხოვრება საუკუნო.

შემდეგ მარკიანემ ბრძანა ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე ტარება.

ღვთის შეწევნით წმ. ბარბარეს გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც სპეტაკი სამოსით დაფარა მისი წმიდა სხეული. მთელი ქალაქი გამოეფინა შიშველი ქალწულის სანახავად, მაგრამ მისი სიშიშვლე ვერ იხილა.

მარკიანე მიხვდა, რომ სატანჯველმა არაფერი ავნო ქალწულს, შეეშინდა, რომ ამის მნახველი მრავალი მოქალაქე მოიქცეოდა ქრისტეს სჯულზე, და ამიტომ დიოსკორეს, წმიდა ბარბარეს მამას, უბრძანა, რომ გაეყვანა ქალიშვილი ქალაქგარეთ და თავი მოეკვეთა მისთვის.

წაიყვანა დიოსკორემ თავისი ასული. როდესაც მიაღწიეს ადგილს, სადაც სიკვდილით უნდა დაესაჯა, წმიდა ქალწულმა შესთხოვა მამას, უკანასკნელად გაეწია ანგარიში ერთადერთი ასულისათვის და მცირე ხნით ლოცვა-ვედრების საშუალება მიეცა. უსჯულო დიოსკორემ სიცილით და კიცხვით მიუგო: „რაჲ ხარ შენ? ანუ ვინ არს ღმერთი შენი? უხმობდ რაიზომ შემძლებელ ხარ, რაჲთა ვიხილო უკუეთუ მოვიდეს დღეს და გიხსნეს შენ ხელთაგან ჩემთა“. მაშინ წმიდა ბარბარემ ზეცისაკენ აღაპყრო ხელები.

დაასრულა თუ არა ლოცვა, ზეციდან ხმა გაისმა: „მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა ივლიანეს თანა სასუფეველსა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა მათ თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროჲსი ამისსა მიგცე შენ“.

ძლიერ გააკვირვა ამის გაგონებამ დიოსკორე და სხვებიც, ვინც იქ იყვნენ, წმიდა ბარბარე კი სიხარულით აღივსო, თავი მოუდრიკა მახვილს და მამას უთხრა: „აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰეი, უღმერთოო“.

წმ. ბარბარეს წმინდა ნაწილები (კიევი)

დიოსკორემ დასცა მახვილი და წარკვეთა წმიდა ბარბარეს პატიოსანი თავი. იმავე წამს დაატყდა მას საშინელი ცეცხლი ციდან და ერთიანად დასწვა, ამოვარდა ფიცხელი ქარი და გაფანტა ფერფლი.

ასევე დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა, მისგან მტვერიც კი აღარ დარჩენილა.

წამებულის წმიდა სხეული ერთმა ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ვალენტიანემ ჩამოასვენა ილიოპოლში, შესაფერისი პატივით დაკრძალა და შემდეგ იმ ადგილას ეკლესია ააგო.

დიდმოწამე ბარბარე ღირსი იქმნა იესო ქრისტეს სასუფევლისა დეკემბრის მეოთხე დღეს (ახალი სტილით 17 დეკემბერს).

დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილები შემდეგ ილიოპოლიდან კონსტანტინეპოლში გადაასვენეს, სადაც საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა, ხოლო XI საუკუნის ბოლოს ბიზანტიის იმპერატორ ალექსი კომნენიოსის ქალიშვილმა - ბარბარემ კიეველ თავად მიხეილ სვიატოპოლკთან ქორწინების შემდეგ ისინი კიევის რუსეთში გადაასვენა. ამჟამად წმიდა ნაწილები იმყოფება ქ. კიევში, წმიდა ვლადიმერის სახელობის საკათედრო ტაძარში, ეკვდერის შუაში, შემაღლებულ ადგილას. მის წმიდა ნაწილებთან მრავალი სასწაულია დაკავშირებული.

წმიდა ბარბარეს განსაკუთრებით ევედრებიან ყრმათა კურნებისათვის, შვილიერებისათვის და მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისაგან დაცვისათვის.

გაზეთი „მადლი“ №24, 1991 წ.

 

 

წმიდა ბარბარეს მიერ აღსრულებული სასწაულები

ზლატოვერხის წმიდა მიქაელის მონასტრის იღუმენი მღვდელმონაზონი  თეოდოსი (საფანოვიჩი) იგონებს:

„1665 წელს  მინახულა ერთმა კეთილშობილმა მოქალაქემ, გვარად სლუცკიმ, რომელმაც მოიტანა ვერცხლისაგან ჩამოსხმული ხელი და დაბეჯითებით მთხოვა, მომეთავსებინა იგი დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან. ასეთი თხოვნით გაოცებულმა ვკითხე, თუ რატომ უნდოდა ეს. ასე რა მიამბო მან: „მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ხელი ისე მომეგრიხა, რომ მისი გაშლაც არ შემეძლო და საშინლად ვიტანჯებოდი. ამ დროს გამახსენდა, რომ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებიდან იკურნება ყველა, ვინც მასთან რწმენით მიდის. და მეც მხურვალედ შევევედრე წმიდა დიდმოწამეს, მოერჩინა ჩემთვის ხელი და იქვე აღთქმა დავდე, რომ აუცილებლად წავიდოდი მისი წმიდა ნაწილების თაყვანსაცემად. ძალიან მალე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მეოხებით ჩემი დაგრეხილი ხელი სრულიად განიკურნა. ახლა მე მოვედი აღთქმის შესასრულებლად, რათა თაყვანი ვსცე მის წმიდა ნაწილებს და მადლობა შევწირო ხელის მორჩენისთვის; ამიტომ მოვიტანე ეს ვერცხლისაგან გაკეთებული ხელი ჩემი ხელის აღსანიშნავად, რომელიც დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილების საშუალებით განიკურნა“.

„1660 წელს, ძმათაშორის ომის დროს, ძალიან შეშინებული და შეშფოთებული ვიყავი ჩვენი მონასტრის სიმწირითა და იმ საფრთხით, რომელიც ბერებს ემუქრებოდა. ამ ფიქრებში გართულს ჩამეძინა და მესიზმრა, ვითომ ვდგავარ დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილებთან და ვხედავ მას ზეითუნის ზეთში მწოლიარეს. წმიდანი მეუბნება: „ნუ გეშინია, მე თქვენთანა ვარ“. გაღვიძებულმა დავიწყე ახსნა, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ჩემს მიერ სიზმარში ნანახი ზეთი და წმ. დიდმოწამის ნათქვამი სიტყვები. საღმრთო წერილში, ვმსჯელობდი ჩემთვის, ზეთი წყალობას ნიშნავს; ე.ი. წმიდა დიდმოწამის ზეთით სავსე განსასვენებელი ნიშნავს, რომ მისი ლოცვის წყალობით ჩვენს მონასტერს საფრთხე და სიღარიბე არ ემუქრება და ის გადარჩება, რაც მართლაც აღსრულდა სინამდვილეში“.

ერთხელ, ქრისტეშობის მარხვის წინ, ორი ჯარისკაცი, ანდრია და თეოდორე, მივიდა წმიდა მიქაელის ეკლესიაში. მათ დაინახეს წმიდა ბარბარეს ნაწილებზე ძვირფასეულობა და მდიდრული სამკაულები და გადაწყვიტეს მათი მოპარვა. ამ მიზნით ისინი ღამით მიიპარნენ ეკლესიასთან და თან წაღებული იარაღების საშუალებით გააღეს ეკლესიის სამხრეთის კარები. შევიდნენ თუ არა, განსასვენებლისკენ გაეშურნენ, რომელშიც წმიდანის ნაწილები იყო ჩასვენებული. მაგრამ როგორც კი მას მიუახლოვდნენ, მოხდა რაღაც საშინელი და საოცარი: მოულოდნელად მათზე მეხმა დაიჭექა და განსასვენებლისგან მთელი გროვა ნაპერწკლებისა დააცვივდათ თავზე. ბოროტმოქმედები შიშისაგან მიწას დაენარცხნენ: ერთი დაყრუვდა, ხოლო მეორე - შიშისაგან შეიშალა. ასე დაისაჯა მათი მკრეხელობა! დაყრუებული ჯარისკაცი მალე მოეგო გონს და შიშითა და თრთოლვით გაიყვანა ეკლესიიდან თავისი შეშლილი ამხანაგი, არც არაფერი წაუღია, კარიც დაკეტა და შინ დაბრუნდა. მან კარგად შეიგნო თავისი დანაშაული და დაინახა რა ყოველივეში ღვთის სასჯელი, გადაწყვიტა სინდისი მონანიებით განეწმინდა: წაიყვანა თავისი შეშლილი ამხანაგი იმავე ეკლესიაში და დაუფარავად მოუყვა თავისი დანაშაულის შესახებ მოძღვარს, მღვდელმონაზონ სიმონს. მოძღვარმა ურჩია, რომ ამიერიდან წესიერად ეცხოვრა, ხშირად ელოცა თავის ამხანაგთან ერთად წმიდა დიდმოწამის ნაწილებთან იმ იმედით, რომ მისგან განკურნებას მიიღებდა და გაუშვა ორივენი თავის გზაზე. ამის შესახებ, ლიტურგიის ჩატარებამდე, მან უამბო ამავე მონასტრის იღუმენს, მღვდელმონაზონ თეოდოსის. ეს სასწაული მოხდა 1668 წელს.

1669 წლის 12 აგვისტოს, ვინმე ჯარისკაცმა, რომელიც მიეახლა წმ. დიდმოწამე ბარბარეს ნაწილებს და მოწიწებით სცა თაყვანი, იქ მყოფებს ასეთი რამ უამბო:

„ერთ დროს მე ჩემს ამხანაგებთან ერთად თათრების თავდასხმის მსხვერპლი გავხდი. თათრებმა ბევრი დახოცეს, ხოლო დანარჩენები ტყვედ წაიყვანეს. მხოლოდ მე გადავრჩი რაღაც სასწაულით. და აი, როცა ღმერთს მადლობას ვწირავდი გადარჩენისათვის, გამომეცხადა წმიდა ქალწული ბარბარე, ზუსტად ისეთივე სახითა და გვირგვინით, როგორც აქ არის და მითხრა: „იცოდე, რომ მე ვარ მოწამე ბარბარე და ეს მე გიხსენი თათრებისაგან“. ამიტომაც მოვედი აქ, რათა მადლობის ნიშნად თაყვანი ვცე მის წმინდა ნაწილებს მფარველობისათვის“.

კიევის ერთი ღვთისმოსავი მოქალაქე, სახელად იოანე, მძიმედ დაავადდა ციებ-ცხელებით. დიდხანს იტანჯებოდა და ერთხელ გაახსენდა იმ მრავალრიცხოვანი განკურნებების შესახებ, რომლებიც დიდმოწამე ბარბარესადმი ლოცვებით ხდებოდა. მან გადაწყვიტა, მაშინვე გამგზავრებულიყო წმინდა ნაწილების მოსანახულებლად, მაგრამ არათუ წასვლა, სარეცელიდან წამოდგომაც ვერ შეძლო. ასეთ მდგომარეობაში მყოფმა სთხოვა თავის ახლობელს გამგზავრებულიყო წმიდა მიქაელის ეკლესიაში და იქიდან მოეტანა წყალი, რომელიც წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხელს ესხმებოდა. მისი წასვლის შემდეგ იოანეს სიცხემ იმდებად აუწია, რომ ლამის სული განუტევა. შინაგანი მხურვალება იმდენად სწვავდა, რომ ენაც კი უშრებოდა. მისი საშინელი ტანჯვის დანახვაზე ახლობლები და ნათესავები ურჩევდნენ ავადმყოფს, დაელია რაიმე გამაგრილებელი სასმელი. მაგრამ მას იმდენად დიდი რწმენა ჰქონდა წმიდა დიდმოწამის მფარველობისა, რომ არ ისურვა მათი რჩევის შესრულება და თქვა: „სულიც რომ ამომხდეს ამ სნეულებით, მაინც არაფერს დავლევ, ვიდრე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს ხელიდან გადმომდინარე წყალს არ მომიტანენ“. აი, ასეთი დიდი იყო რწმენა სნეულისა! როცა ავადმყოფს წყალი მოუტანეს და დალია, მაშინვე იგრძნო ცოტაოდენი შვება და კეთილისმყოფელმა ძილმა დაუხუჭა თვალები, და ეს მაშინ, როცა მანამდე საერთოდ არ ეძინა. და აი, ესიზმრა, თითქოსდა დგას წმიდა მიქაელის ეკლესიაში და მის წინ გაჩნდა მშვენიერი ქალწული, გასხივოსნებული ზეციური ნათლით და ჰკითხა: „იცი, ვინა ვარ?“ სნეულმა უპასუხა: „არა, არ ვიცი“. ქალწულმა კი განაგრძო: „მაშინ იცოდე: მე მოწამე ბარბარე ვარ. ბევრს არ სჯერა, რომ ჩემი ნაწილები ამ მონასტერში განისვენებს, ახლა კი იცოდე, რომ ეს ჭეშმარიტად ჩემი ნაწილებია და ყველას უქადაგე, რომ ამის სწამდეთ; ხოლო იმის დასტურად, რომ ეს მართლაც ჭეშმარიტებაა, შენ უკვე ჯანმრთელი ხარ“. ამის თქმაზე დიდმოწამე ბარბარე თვითონვე ჩაწვა განსასვენებელში, რომელიც ულამაზეს ადგილას იდგა. სნეულმა იოანემ კი, მაშინვე გაიღვიძა და ნახა, რომ სრულიად გამოჯანმრთელებულიყო. მან მადლობა უძღვნა უფალს და მკურნალ წმიდა ბარბარეს და ყველაფერი უამბო თავის ძმას, იღუმენ თეოდოსის და იმ ადამიანებს, რომლებიც იმ დროს წმიდანის ნაწილებთან იმყოფებოდნენ. ეს სასწაული მოხდა 1670 წელს.

1710 წელს მალაროსიაში საშინელი და გამანადგურებელი ეპიდემიის დროს, როცა ზედიზედ 10 თვის განმავლობაში მძვინვარებდა შავი ჭირი კიევსა და მის გარეუბნებში, ქუჩები და მონასტრები დაცარიელდა, მხოლოდ წმიდა მიქაელის ეკლესიის ბინადართ არ შეხებია ეს დამღუპველი და სიკვდილის მომტანი სენი და არავინ გარდაცვლილა ბერთაგან, თუმცა მონასტრის კარი მუდამ ღია იყო მომსვლელთათვის. ეს გარემოება მაშინ მიაწერეს წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მფარველობას და დახმარებას. იგივე იქნა შემჩნეული მეორე ჭირიანობის დროს 1770 წელს და შემდეგ ქოლერის ეპიდემიისას.

ოდესღაც სოლოვკებში გადასახლებული მონაზვნები იხსენებდნენ, როგორ კვდებოდა იქ 1929 წლის 25 იანვარს ვორონეჟის მთავარეპისკოპოსი პეტრე (ზვერევი): „მეუფესთან ერთად პალატაში ერთი ვეტექიმი იწვა, მისი სულიერი შვილი. მეუფის გარდაცვალების დღეს, დილის 4 საათზე, მან რაღაც ხმაური გაიგონა, თითქოსდა ფრინველთა გუნდი შეფრენილიყო ოთახში. მან თვალები გაახილა და დაინახა წმიდა დიდმოწამე ბარბარე სხვა ქალწულებთან ერთად. ბარბარე მეუფის სარეცელს მიუახლოვდა და იგი აზიარა. მის მხლებელთა შორის ვეტექიმმა წმიდა მოწამე ანისია და დიდმოწამე ირინა შეიცნო. ნანახის შესახებ მან უამბო პოლტავის მთავარეპისკოპოსს, მეუფე ბასილს (ზელენცოვს) და სხვებს“.

ეპიფანიელი მოძღვარი, დეკანოზი მიხეილ ჩუდაკოვი (1923-1990) ახალგაზრდობაში მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და რამდენჯერმე მძიმედაც დაიჭრა, ხოლო მარჯვენა ხელი თითქმის მოეგლიჯა. მას რამდნიმე ოპერაცია გაუკეთეს და აი, ერთხელ, ჰოსპიტალში ყოფნისას, მას ესიზმრა, თითქოს ის ბრძოლის ველზეა, სროლები არ ისმის და იგი წევს უამრავ დაღუპულს შორის; და ამ სიჩუმეში ხედავს, როგორ მოაბიჯებს გრძელ სამოსში გახვეული ქალის ფიგურა ხელში თასით და თავზე ნათებით და თითოეულ მკვდართან იხრება. და მეომარმა იცნო: ეს იყო დიდმოწამე ბარბარე, რომელიც მიცვალებულებს აზიარებდა. როცა მოწამემ გვერდი აუარა, მან ჰკითხა, რატომ ისიც არ აზიარა. „იმიტომ, რომ ომის შემდეგ შენ თვითონ მიიღებ აღსარებას და აზიარებ“ - უპასუხა წმინდანმა. და მართლაც, ჩუდაკოვი მღვდელი გახდა, თანაც უქორწინებელი და ჰყავდა უამრავი სულიერი შვილი.