ვარძიის სამონასტრო კომპლექსი

საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალი, ასი მეტრის სიმაღლის კლდეში, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი - ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.

ვარძიის მონასტერი მდებარეობს ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე. კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. მასში 600-ზე მეტი სათავსია. აქ არის სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით.

ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, - მოყავისფრო ფენაში, ხოლო ზედა, - მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსები სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.

ვარძიის გამოქვაბულთა განლაგებას, სამეცნირო ლიტერატურაში, სამ მონაკვეთად ყოფენ:

ღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ცენტრალური ტაძარი

პირველი ცენტრალური ნაწილი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძრის სამხრეთი კედლის ორთაღიან სტოას და სამრეკლოს შორის ერთმანეთთან მჭიდროდ მოწყობილი გამოქვაბულების შედარებით მცირე ჯგუფს. აქ, სამრეკლოს ქვეშ, საწნახელიანი გამოქვაბულია, ხოლო სამრეკლოს მეზობლად, ერთი სართულით დაბლა - სატრაპეზო.

მეორე მონაკვეთს წარმოადგენს ტაძრის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით მდებარე უფრო ადრინდელი ხანის (X-XII სს.) ე.წ. კლდის სოფელი - ანანაური, სადაც შემორჩენილია მეტად საინტერესო კლდის ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, X საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესია XVI საუკუნის კედლის მხატვრობით, სარწყავი არხის დიდი გვირაბი, 3,5 კმ სიგრძის ფრიალო კლდეში გამოკვეთილი გვირაბი წყალსადენისთვის და სხვა მნიშვნელოვანი სათავსები.

მესამე მონაკვეთს მოიცავს ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით, 150 მეტრის სიგრძეზე განლაგებული გამოქვაბულები და დაბლა ჩასასვლელი დიდი გვირაბი, რომლებიც კარგადაა მოღწეული ჩვენამდე. აქვეა მოთავსებული ტაძარი სახიზნავითა და მისი გვირაბით, ე.წ. „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „სალხინო“ და „წამლის სასახლე“ (აფთიაქი), მრავალი მარანი და რამდენიმე კარგად შენახული საცხოვრებელი გამოქვაბული.

ვარძია იმთავითვე სამეფო მონასტერი იყო. იგი 1185 წლის 15 აგვისტოს აკურთხეს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე. მის აშენებას ქართული საისტორიო წყაროები, ტრადიციულად გიორგი III-სა და თამარ მეფეს მიაწერენ. მართლაც, კვლევა-ძიებამ დაადასტურა, რომ სამონასტრო კომპლექსი შეიქმნა ძირითადად 1156-1202 წლებში. მეფე გიორგი III-ის (1156-1184) სახელს უკავშირდება მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრი და დამუშავება. მისი მეფობის დროს უნდა გამოეკვეთათ კლდის პირველი „სახლები“ ეკლესიითურთ წყაროსთან. მეფე გიორგი III-ის გარდაცვალების (1184) შემდეგ, მის დროს არსებული გეგმა, თამარ მეფის მითითებით ნაწილობრივ შეიცვალა. მონასტრის ცენტრში გამოკვეთეს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დიდი დარბაზული ეკლესია სტოა-პორტიკით, რომლის მოხატვა 1185 წლისათვის დაუსრულებიათ მხატვარ გიორგის ხელმძღვანელობით. ტაძრის მოხატვის შემდეგ აღმოსავლეთით საღალატოს ხევამდე და დასავლეთით ანანაურამდე გამოკვეთეს საცხოვრებელი სენაკები, სხვადასხვა დანიშნულების სათავსები, სამალავი და საირიგაციო ნაგებობები. აღნიშნული სამუშაოები 1202 წლისათვის დასრულებულია.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი
სამხრეთის კედელი

ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა. აქ, აღმოსავლეთ ნაწილში ფარული გვირაბია, რომელიც მდინერისკენ ეშვება. 3,5 კმ სიგრძის წყლის გაყვანილობა გასაოცარ ინჟინრულ ნაგებობას წარმოადგენს.

ვარძიის კომპლექსში 15 ეკლესიაა. მათგან მთავარია ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია.

ტაძრის მოხატულობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის ზუსტი თარიღის გამო. ბიბლიურ თემაზე შექმნილ სცენათა გარდა, აქ გვხვდება გიორგი III-ის, თამარ მეფისა და რატი სურამელის პორტრეტები.

ვარძიის მონასტერი თამარის მეფობის ხანაში (1184-1213 წწ.) დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მონასტერში დაცული იყო ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმიდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა 400000-იანი არმია. მემატიანის ცნობით ამ ხატს გამმარჯვებელს უწოდებდნენ.

თამარ მეფის ფრესკა ცენტრალური
ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე

ერთხანს აქ მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე იოანე შავთელი, რომელმაც შექმნა „გალობანი ვარძიისა ღვთისმშობლისანი“. იგი შემდგომში საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შემორჩენილია ვარძიაში გადაწერილი ოთხთავის დასურათებული ხელნაწერი (XII ს.).

XII საუკუნის 30-იანი წლებიდან, მონღოლთა ბატონობის ხანაში, ვარძიის მონასტერი სამცხელი ფეოდალების, ჯაყელთა გვარიდან გამოსული ათაბაგების გავლენაში მოექცა. 1283 წელს, აღდგომის წინა დღეს, სამცხეში მოხდა საშინელი მიწისძვრა, რომელმაც ჩამოანგრია ვარძიის გამოქვაბულები, სენაკებში ასასვლელი გვირაბები, ტაძრის სტოას წინა ნაწილი, დააზიანა წყალსადენი. ვარძიამ, ამის შემდეგ, სრულებით იცვალა სახე. დანგრეული გვირაბებისა და დახურული გადასასვლელების ნაცვლად შეიქმნა ღია ბილიკები. აიგო ორი მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა - ტაძრის სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო XII საუკუნისათვის დამახასიათებელი ორნამენტებით. ამ სამუშაოების ჩატარება ემთხვევა ბექა ჯაყელი-ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანას (1285-1306 წწ.).

კიდევ ერთი ახალი ნაგებობა - სატრაპეზო შეიქმნა 1391-1444 წლებში ივანეს ათაბაგობის დროს.

ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
სასწაულთმოქმედი ხატი

1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ-თამაზის ბრძანებით. ვარძიის ცნობილი ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები, კულტურის სხვა მრავალ განძთან ერთად მტერმა გაიტაცა. სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ, რომელიც თვითონ იყო ამ ლაშქრობის მონაწილე და საკუთარი თვალით იხილა ვარძია, განცვიფრებული მოგვითხრობს მისი სიდიადისა და სიმდიდრის შესახებ. ამის შემდეგ ვარძიამ აღორძინება ვეღარ შეძლო.

1578 წელს სამცხე თურქეთმა დაიპყრო, თავისი მმართველობა დაამყარა და მართლმადიდებლური ეკლესიები მეტად შეავიწროვა. თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი ვარძიითურთ, კვლავ საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა.

1954 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდუპოლომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მოსასვლელი გზა შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი მორჩილით.

საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი - მუზეუმი დაარსდა.

1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“.

 

ზემო ვარძიის
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი


ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
რესტავრაციამდე
 

ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
რესტავრაციის შემდეგ
 

დედათა მონასტერი
 

ბერთსაყუდელი
 

ბერთსაყუდელი (ტაძრის ტრაპეზი)
 

ვანთა ქვაბები


 

ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი

 

ვანთა ქვაბები
 

წმიდა გიორგის ტაძარი
 

წმიდა იოანე ნათლისმცემლის ტაძარი
 

ბოლო დროს ვარძიის მონასტრის სახელით შეწირულობის შეგროვება დაიწყეს გარეშე პირებმა, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ მონასტერთან. თუ გსურთ, შეეწიოთ ვარძიის მონასტერს, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

ვარძიის მონასტრის საბანკო რეკვიზიტები:

ახალციხის სახალხო ბანკი

ახალციხის ეპარქია, ანგარიშის ნომერი: 36080501 (ვარძიის მონასტერს)