წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მესამე

დასაბუთება, რომ არის ღმერთი

ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, საეჭვო არაა მათთვის, რომლებიც იღებენ წმინდა წერილს (ვამბობ ძველსა და ახალ აღთქმას), არცთუ - ელინთა შორის უმრავლესთათვის, რადგან, როგორც ვთქვით, ცოდნა ღვთის არსებობის შესახებ ბუნებით არის შთათესილი ჩვენში. მაგრამ რადგან უკეთურის ბოროტებამ იმდენად იმძლავრა ადამიანთა ბუნების წინააღმდეგ, რომ ზოგიერთები წარწყმედის უუგუნურეს და ყველა ბოროტებაზე უბოროტეს უფსკრულამდეც კი მიიყვანა, - იმის თქმამდე, რომ არ არის ღმერთი (რომელთა უგუნურებას გვიცხადებს სიწმინდეთმჩენი დავითი, ამბობს რა: „თქვა უგუნურმა თავის გულში: არ არის ღმერთი“, ფს. 13,1), - ამიტომ უფლის მოწაფეებმა და მოციქულებმა, ყოვლადწმინდა სულით გაბრძნობილებმა და მისი ძალითა და მადლით ღვთივსასწაულთა აღმსრულებლებმა, საკვირველებათა ბადით მოისათხევლეს ამგვარნი და უცოდნელობის სიღრმიდან ღვთისმცოდნეობის სინათლისკენ ამოიყვანეს ისინი.

მსგავსადვე, მოციქულთა მადლისა და ღირსების მონაცვლეებმა, მწყემსებმა და მოძღვრებმა, მიიღეს რა მათაც სულიწმინდის განმანათლებელი მადლი, საკვირველებათა ძალით და მადლის სიტყვით გაანათლეს დაბნელებულნი და შეცდომილნი მოაქციეს. ხოლო ჩვენ, რომლებსაც არც საკვირველებათა, არც მოძღვრების ნიჭი არ მიგვიღია, რადგან სიამოვნებათა მიმართ ვნებიანობით უღირსვყავით თავი, იმისგან, რაც გადმოგვეცა მადლის მესიტყვეთა მიერ, აწ მცირედს განვიხილავთ ზემოთქმულის შესახებ, მოვუხმობთ რა მამას, ძეს და სულიწმინდას.

ყოველი არსი ან ქმნილია ან უქმნელი. თუ ქმნილია იგი, უეჭველად ცვლადიცაა, რადგან რისი არსებობაც ცვალებადობით დაიწყო, ის უთუოდ ცვალებადობას უნდა დაექვემდებაროს - ან როგორც ხრწნადი ან როგორც არჩევანისებრ გარდაქმნადი. თუ უქმნელია არსი, კანონზომიერების წესის თანახმად, უეჭველად უცვლელიცაა, რადგან რომელთა არსებობაც წინააღმდეგობრივია, მათი რაგვარმყოფობის წესიც, ანუ თვისებებიც, წინააღმდეგობრივია. ამიტომ, ვინ არ დაგვეთანხმება, რომ ყოველი არსი (არა მხოლოდ ისინი, რომლებსაც ჩვენ შევიგრძნობთ, არამედ ანგელოზებიც კი) იცვლება, გარდაიქმნება, და მრავალგვარად მოძრაობს, კერძოდ, გონისმიერნი (ვამბობ ანგელოზებს, სულებს და ეშმაკებს) - ნებაყოფლობითი არჩევანის კვალობაზე სიკეთეში წარმატებით და სიკეთისგან განშორებით, გაძლიერებითად და შესუსტებითად, სხვა დანარჩენი კი - წარმოქმნისა და ხრწნის, ზრდისა და დამცრობის, თვისობრივი ცვლილების, აგრეთვე, ადგილ-ადგილ მოძრაობის მიხედვით.

ამრიგად, ცვალებადი უეჭველად ქმნილიცაა, ხოლო ქმნილი არსი უთუოდ ვინმესგან არის გაჩენილი. თვით გამჩენი შეუქმნელი უნდა იყოს, რადგან თუკი ისიც ქმნილია, უთუოდ ვინმესგან არის შექმნილი, და ასე შემდეგ, ვიდრე არ მივალთ რამ შეუქმნელამდე.

ამრიგად, რადგან შემოქმედი შეუქმნელია, უთუოდ უცვლელიცაა. ამიტომ სხვა რა უნდა იყოს იგი, თუ არა ღმერთი?

თვით ეს შესაქმის თანაშემტკიცება, შენარჩუნება და წარმმართველობა გვასწავლის ჩვენ, რომ არის ღმერთი - ყოველივე ამის შემამყარებელი, შემამტკიცებელი, შემნარჩუნებელი და მარადჟამს წინაგანმგებელი. მართლაც, როგორ მოხდებოდა, რომ საწინააღმდეგო ბუნებანი (ვამბობ ცეცხლისას და წყლისას, ჰაერისას და მიწისას) ერთი ქვეყნიერების შესავსებად ურთიერთს შეუერთდებოდნენ და თან დაუშლელნიც დარჩებოდნენ, ყოვლადძლიერ რამ ძალას რომ არ შემოეკრიბა ისინი და არ დაეცვა მარადჟამს დაუშლელად?

რა არის ის, რამაც განაწესა ციურნი და მიწიერნი, რაც კი რამ არის პაერში და წყალში, უფრო კი ამათზე უწინარესნი. ცა, მიწა, ჰაერი, და ბუნება ცეცხლისა და წყლისა? რამ შეაზავა და დაჰყო ესენი? რა არის ის, რამაც ესენი აამოძრავა და რაც წარმართავს დაუცხრომელ და დაუბრკოლებელ სვლას? განა არა ის, ვინც არის მათი მეხელოვნე, ვინც შთანერგა მათში ნიშატი, რითაც ყოველივე მიემართება და განიგება? მაგრამ ვინ არის მათი მეხელოვნე? განა არა ის, ვინც შექმნა და არსებობაში შემოიყვანა ისინი? შემთხვევითობას როდი განვუკუთვნებთ ამგვარ შემძლეობას. ვთქვათ, შემთხვევითია შექმნა. ვინღა არის განმაწესებელი? თუ გნებავს, ესეც დავუშვათ. მაშინ ვისმიერია იმ ნიშატთა შემნარჩუნებლობა და დამცველობა, რომელთა მიხედვითაც თავდაპირველად მოხდა დაარსება? ცხადია, - იმისმიერი, ვინც სხვა არის და არა შემთხვევითი, ხოლო ეს კი ვინღა იქნება, თუ არა ღმერთი?

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი