წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეოთხე

იმის შესახებ, თუ რა არის ღმერთი; რომ მიუწვდომელია იგი

ამრიგად, ის, რომ არის ღმერთი, ცხადია, ხოლო თუ რა არის იგი არსებითა და ბუნებით, ეს სრულიად მიუწვდომელია და უცოდნელი. თუმცა, უსხეულო რომ არის იგი, ეს ცხადია, რადგან როგორ უნდა იყოს სხეული ის, რაც უსასრულოა, უსაზღვროა, დაუსახველია, შეუხებელია, უხილავია, მარტივია, შეუდგენელია, რამეთუ როგორ იქნება უცვლელი, თუკი შემოსაზღვრულია და ვნებადი? ანდა როგორ იქნება უვნებო ის, რაც სტიქიონებისგან შემდგარა და კვლავ მათდამი უნდა დაიშალოს? შედგენილობა ხომ წინააღმდეგობის სათავეა, წინააღმდეგობა - დაპირისპირებისა, ხოლო დაპირისპირება - დაშლისა, ღვთისათვის კი დაშლა სრულიად უცხოა, რადგან მაშინ როგორღა იქნებოდა შესაძლებელი ღვთისგან ყოველივეს განჭოლვა და აღვსება, როგორც ამას ამბობს წერილი. „ნუთუ მე არ ვავსებ ცას და მიწას, ამბობს უფალი“ (იერ. 23,24)? შეუძლებელია, რომ სხეულმა განჭოლოს სხეულები ისე, რომ არ გაჭრას და არ გაიჭრას, რომ არ შეეწნას და არ დაუპირისპირდეს, როგორც, მაგალითად, სითხეები, რომლებიც შეირევიან და თანაგანზავდებიან.

თუმცა ზოგიერთები ამბობენ უნივთო სხეულს (როგორც ელინ ბრძენთაგან თქმულა მეხუთე სხეული, რაც შეუძლებელია), მაგრამ ხომ უთუოდ მოძრავი უნდა იყოს იგი მსგავსად ცისა (რადგან სწორედ ცა თქვეს მეხუთე სხეულად)? ვინღა არის მისი მამოძრავებელი? ყოველი მოძრავი სხვისგან მოძრაობს, ის კიდევ ვინმესგან, და ასე უსასრულოდ, ვიდრე არ მივაღწევთ რამ უძრავს, რადგან პირველი მამოძრავებელი უძრავია, რაც არის ღმერთი როგორღა შეიძლება რომ ადგილით არ იყოს შემოწერილი ის, რაც მოძრავია?

ამრიგად, მხოლოდ ღვთაებაა უმოძრაო, რომელიც უმოძრაობის გზით ამოძრავებს ყოველივეს. ამიტომ, უსხეულოდ მიიჩნევა ღვთაება. მაგრამ არც ეს წარმოგვიჩენს მის არსებას, ისევე როგორც არც უშობელობა, დაუსაბამობა, გარდაუქმნელობა, უხრწნელება და სხვა დანარჩენი, რაც კი ღვთის ანდა ღვთის არსებობის შესახებ ითქმის. ესენი აღნიშნავს არა იმას, რა არის იგი, არამედ - რა არ არის, ხოლო ვისაც რაიმეს არსების გამოთქმა უნდა, მართებს ის თქვას, თუ რა არის იგი, არათუ - რა არ არის. მაგრამ ღვთის შესახებ შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა არის იგი არსებით. ამიტომ, უფრო შესაფერისია, რომ ყველაფრის ჩამოკლების გზით ითქვას მის შესახებ სიტყვა. არსთაგან არაფერია იგი, არათუ როგორც არაარსებული, არამედ როგორც ყველა არსზე უზემოესი და თვით არსებობაზეც კი ზე მყოფი. რადგან თუკი არსთა შესახებაა ცოდნა, ის, რაც ცოდნაზე უზემოესია, უთუოდ არსებაზე უზემოესიც იქნება და, პირიქით, არსებაზე უზემოესი ცოდნაზე უზემოესიც უნდა იყოს.

ამრიგად, უსასრულოა და უწვდომელია ღვთაება. მხოლოდღა ეს არის საწვდომი მასში - უსასრულობა და მიუწვდომლობა, ხოლო ყველაფერი ის რასაც მტკიცებითად ვამბობთ ღვთის შესახებ, გვიცხადებს არა ბუნებას არამედ მას, რაც ბუნების გარშემოა. თუნდაც კეთილი ეწოდოს მას, ანდა მართალი ან ბრძენი ან კიდევ სხვა რამ ამგვარი, არათუ ღვთის ბუნება გამოითქმის ამით, არამედ ის, რაც ბუნების გარშემოა. ამასთან, ზოგი რამ რაც ღვთის შესახებ მტკიცებითად ითქმის, ზეაღმატებითი უკუთქმის შინაარსს შეიცავს. მაგალითად, როდესაც ღვთის შესახებ ვამბობთ „სიბნელეს“, არათუ სიბნელეს ვგულისხმობთ, არამედ იმას, რომ ღმერთი არ არის სინათლე ანუ სინათლეზე უზემოესია იგი. ასევე, როდესაც მის შესახებ ვამბობთ „სინათლეს“, ვამბობთ იმ აზრით, რომ არ არის იგი სიბნელე.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი