წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეექვსე

ღვთის სიტყვისა და ძის შესახებ; სილოგისტური დასაბუთება

ამრიგად, ეს ერთი და მხოლო ღმერთი უსიტყვო არ არის. აქვს მას სიტყვა, მაგრამ არა უგვამოვნო, არც არსებობაში დაწყებული, არც დასრულებადი, რადგან არ იყო (ჟამი), როდესაც არ იყო ღვთის სიტყვა. მარადჟამს აქვს ღმერთს თავისი სიტყვა, მისგან შობილი, თუმცა არა ჩვენეული სიტყვისებრ უგვამოვნო და ჰაერში გაბნევადი, არამედ გვამოვნებითი, ცოცხალი, სრული. არათუ მის გარეთ გამავალი, არამედ მარადჟამს მასში არსებული. რადგან, სად იქნებოდა იგი, მის გარეთ მყოფი?

ჩვენი ბუნება წარმავალია და ადვილად დაშლადი. ამიტომ, ჩვენი სიტყვაც უგვამოვნოა. მაგრამ ღმერთი მარადმყოფია და სრული, რის გამოც აქვს მას თავისი სატყვა, - სრული და გვამოვნებითი, მარადმყოფი და ცოცხალი ანუ ყოველივე იმის მქონე, რაც მშობელს აქვს. ამასთან, როგორც ჩვენეული სიტყვა გამოდის გონებისგან და არც მთლად უიგივდება გონებას, არც ყოვლითურთ სხვაა, რადგან არის რა გონებისგან, სხვა არის მისგან, მაგრამ, ამასთან, არის რა იმავე გონების საჩინომყოფელი, მისგან ყოვლითურთ განსხვავებული როდია, არამედ ბუნებით ერთია მასთან, მაგრამ მდგომარეობით სხვა არის მისგან, - მსგავსადვე, ღვთის სიტყვაც თავისეული გვამოვნებითობით განეყოფა მას, ვისგანაც გვამოვნება აქვს, მაგრამ რადგანაც თავის თავში ავლენს იგი ყველაფერს იმას, რაც ღვთის შესახებ განიჭვრიტება, ამიტომ ბუნებით იგივეა მასთან. ასე რომ, როგორც მამის მიმართ განიჭვრიტება ყველაფერში სისრულე, ამგვარადვე განიჭვრიტება ეს სისრულე მისგან შობილი სიტყვის მიმართაც.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი