წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი მეხუთე

დასაბუთება, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი

ის, რომ არის ღმერთი და რომ მიუწვდომელია მისი არსება, საკმარისად დასაბუთდა. ისიც, რომ ერთია ღმერთი და არა მრავალი, უეჭველია მათთვის, რომლებიც ერწმუნებიან საღვთო წერილს. უფალი რჯულდების თავში ამბობსა: „მე ვარ უფალი ღმერთი შენი, რომელმაც გამოგიყვანე შენ ეგვიპტის მიწიდან. არ იყოს შენთვის სხვა ღმერთები ჩემს გარდა“ (გამოსვ. 20,21). კიდევ: „ისმინე ისრაელ! უფალი ღმერთი შენი, უფალი ერთი არის“ (II სჯ. 6,1); აგრეთვე, ესაია წინასწარმეტყველის მიერ ამბობს იგი: „მე ვარ ღმერთი პირველი და მე ვარ ამათ შემდეგ და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. ჩემს უწინარეს არ ყოფილა სხვა ღმერთი და არ იქნება არც ჩემს შემდეგ და ჩემს გარდა არ არის“ (ეს. 43,10). ასევე, წმინდა სახარებებშიც ასე ამბობს უფალი მამის მიმართ: „ეს არის საუკუნო ცხოვრება, რომ შეგიცნონ შენ, მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი“ (იოან. 17,3). მაგრამ მათ, რომლებიც არ ერწმუნებიან საღვთო წერილს, ასე შევესიტყვებით:

ღვთაება სრულია და უნაკლულოა სიკეთის, სიბრძნის, ძალის მხრივ. დაუსაბამოა იგი, დაუსრულებელია, მარადიულია, გარეშეუწერელია ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყოვლითურთ სრულია. ამიტომ, თუ მრავალ ღმერთს ვიტყვით, აუცილებელია, ამ მრავალში განსხვავება დავინახოთ, რადგან, თუ არაფერი განსხვავებაა მათში, უმალ ერთი ყოფილან და არა მრავალი, ხოლო თუ არის მათში განსხვავება, სადღაა სისრულე? რადგან, თუკი რაიმე მოკლებულია სისრულეს სიკეთის, ძალის, სიბრძნის, ჟამის თუ ადგილის მიხედვით, აღარ ყოფილა იგი ღმერთი. მეორე მხრივ, ყოველმხრიე იგივეობა უმალ ერთს ცხადყოფს და არა მრავალს. ამასთან, თუკი ჩავთვლით, რომ მრავალი ღმერთი არსებობს, როგორ შეუნარჩუნდებათ მათ გარეშეუწერელობა, რადგან სადაც ერთი მათგანი იქნება, არ იქნება იქ მეორე? ასევე, როგორ მოხდება, რომ მრავლისგან წარიმართოს სამყარო ისე, რომ არ დაირღვეს და არ განიხრწნეს იგი, რადგან არსებული განსხვავება დაპირისპირებას მოიტანს და წარმმართველთა შორის წინააღმდეგობა გამოავლენს თავს. თუ იტყვის ვინმე, რომ თითოეული მათგანი ამა თუ იმ ნაწილს უწინამძღვრებს, ვინ იქნება მათი განმაწესებელი და გამანაწილებელი? ღმერთი ხომ უმალ ის იქნებოდა!

ამიტომ, ერთი არის ღმერთი, - სრული, გარეშეუწერელი, ყოველივეს შემქმნელი, შემამტკიცებელი და წარმმართველი, ზესრული და პირველსრული.

ამასთან, ბუნებითი აუცილებლობითაც ერთება არის ორობის სათავე.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი