წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამესამე

ღმერთმამაკაცური მოქმედების შესახებ

როდესაც ნეტარი დიონისე ქრისტეს შესახებ ამბობს, რომ „ახალი რამ ღმერთმამაკაცური მოქმედება მოღვაწეობდა ჩვენს შორის“ (ეპ. 4), არათუ ბუნებისეულ მოქმედებებს წარხოცს იგი ამით და არათუ იმას გამოთქვამს, რომ ერთია მოქმედება ადამიანურისგან და საღვთოსგან ქმნილი (რადგან მაშინ ბუნებაც ერთი უნდა ითქვას როგორც ახალი რამ შენაქმნი საღვთო და ადამიანური ბუნებისგან, რამეთუ, თანახმად წმინდა მამებისა, „რომელთა მოქმედებაც ერთია, მათი არსებაც ერთია“), არამედ ის ნებავს, რომ გაგვიცხადოს ახალი და გამოუთქმელი გვარი ქრისტეს ბუნებისეულ მოქმედებათა გამოჩინებისა და გამოუთქმელი სახით ქრისტეს ბუნებათა ჯეროვანი ურთიერთდამტევნელობისა, აგრეთვე მისი უცხო და უჩვეულო ადამიანური მოღვაწეობა, რაც უცნობია არსთა ბუნებისათვის, და კიდევ, გამოუთქმელი შეერთების შესაბამისი ნაცვალბოძების1 გვარი, რადგან არათუ იმას ვამბობთ, რრმ განყოფილია მოქმედებანი ანდა იმას, რომ განყოფილად მოქმედებენ ბუნებანი, არამედ იმას, რომ შეერთებულია ისინი, და რომ თითოეული მათგანი სწორედ მეორესთან ზიარებაში მოქმედებს მისთვის თვისობრივს.

ეს იმიტომ, რომ არც ადამიანურნი უმოქმედია უფალს ადამიანურად, რადგან არ იყო იგი ლიტონი ადამიანი, და არც საღვთონი - მხოლოდ ღვთისებრ, რადგან არ იყო შიშველი ღმერთი, არამედ იყო იგი ღმერთიც და ადამიანიც ერთდროულად. ამიტომ, როგორც ბუნებათა შესახებ ვიცით, რომ არის მათ შორის შეერთებაცა და ბუნებისეული განსხვავებაც, ასევე ვიცით, ბუნებისეულ ნებათა და მოქმედებათა შესახებაც.

ამრიგად, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე ზოგჯერ ვსაუბრობთ როგორც ორ ბუნებაზე, ზოგჯერ კი - როგორც ერთ პირზე, მაგრამ ესეც და ისიც საერთო აზრამდე მიდის, რადგან ორი ბუნება ერთი ქრისტეა და ერთი ქრისტე ორი ბუნებაა. ამიტომ ერთი და იგივეა თქმა იმისა, რომ „მოქმედებს ქრისტე მისი თითოეული ბუნების შესაბამისად“ და „მოქმედებს თითოეული ბუნება ქრისტეში მეორესთან ზიარებით“.

ამრიგად, ეზიარება, ერთი მხრივ, საღვთო ბუნება მოქმედ ხორცს იმით, რომ საღვთო ნებელობის სათნოჩენით ამ უკანასკნელს ნებართვა ეძლევა განიცადოს და მოიმოქმედოს, რაც თვისობრივია მისთვის, და იმითაც, რომ ხორცის მოქმედება უთუოდ მაცხოვნებელია, რაც განეკუთვნება არა ადამიანურ მოქმედებას, არამედ - საღვთოს; მეორე მხრივ, (ეზიარება) ხორცი სიტყვის მოქმედ ღმრთეებას იმით, რომ სხეულის იარაღად გამოყენებით აღსრულდება საღვთო მოქმედებანი და იმითაც, რომ ერთია იგი, ვინც ერთობლივად მოქმედებს საღვთოდ და ადამიანურად.

გვმართებს ვიცოდეთ, რომ მისი წმინდა გონება თავის ბუნებისეულ მოქმედებებსაც მოქმედებს, მოიაზრებს რა და იცის, რომ ღვთის გონებაა იგი და რომ თაყვანცემულია მთელი შესაქმის მიერ, ამასთან, ახსოვს რა მიწაზე თავისი ცხოვრება და ვნებულებანი. მეორე მხრივ, ეზიარება იგი სიტყვის მოქმედ ღმრთეებას, ყოვლიერების წარმმართველსა და განმგებელს, მოიაზრებს რა და იცის, და განაგებს რა არა როგორც ლიტონი ადამიანის გონება, არამედ როგორც ღმერთთან ჰიპოსტასურად შეერთებული და ღვთის გონებად წარმოჩენილი.

ამრიგად, ღმერთმამაკაცური მოქმედება იმას ცხადყოფს, რომ მამაკაცქმნილი ანუ განკაცებული ღვთის ადამიანური მოქმედებაც საღვთო ანუ განღმრთობილი იყო, არ იყო რა იგი უნაწილო მისი საღვთო მოქმედებისგან, და, მეორე მხრივ, მისი საღვთო მოქმედებაც ასევე უნაწილო არ იყო მისი ადამიანური მოქმედებისგან, არამედ თითოეული მათგანი მეორესთან ერთად განიჭვრიტებოდა. ასეთ (სამეტყველო) გვარს ეწოდება პერიფრაზისი, როცა ვინმე ერთი ტერმინით ორს შემოიცავს. ისევე როგორც გავარვარებული მახვილის ერთ განმკვეთ წვას და დამწველ განკვეთას ვამბობთ, თუმცა სხვა მოქმედებად ითქმის გაკვეთა, სხვად კი - წვა, როგორც სხვადასხვა ბუნებისანი, კერძოდ, წვა - ცეცხლისა, გაკვეთა კი - რკინისა, ამგვარადვე, როდესაც ქრისტეს ერთ ღმერთმამაკაცურ მოქმედებას ვამბობთ, ორ მოქმედებას მოვიაზრებთ მისი ორი ბუნებისას, კერძოდ, მისი ღმრთეებისას - საღმრთოს და მისი ადამიანობისას - ადამიანურ მოქმედებას.

 

1. ნაცვალბოძების რაობის შესახებ იხ. 48-ე თავი.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი