წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეორე

კვლავ ნებათა, თვითუფლებრივობათა, გონებათა, ცოდნათა და სიბრძნეთა შესახებ

როდესაც სრულ ღმერთად და სრულ ადამიანად ვამბობთ ქრისტეს, უთუოდ ყოველსავე ბუნებისეულს განვუკუთვნებთ მას მამისას და დედისას, რადგან კაცი გახდა იგი, რომ ძლეულს მძლეობა ჰქონოდა1. მართლაც, არ იყო შეუძლებელი, რომ მას, ყოვლისშემძლეს, თავისი ყოვლადმძლე უფლებრივობითა და ძლიერებით ტირანისგან დაეხსნა ადამიანი, მაგრამ მაშინ ტირანს საბაბი ექნებოდა ბრალის დადებისა, რომ მან სძლია ადამიანს2, ღმერთმა კი მისდამი (ტირანისადმი) ძალადობა გამოიჩინა. ამიტომ, განიზრახავდა რა თანამგრძნობი და კაცთმოყვარე ღმერთი თვით დაცემულის გამოჩინებას მძლეველად, კაცი გახდა იგი, რომ მსგავსის მიერ უკუეხმო3 მსგავსი.

ის, რომ მოაზროვნეობითი და გონისმიერი ცხოველია ადამიანი, არავინ იკამათებს. ამიტომ, როგორღა გახდა ღმერთი კაცი, თუ უსულო სხეული ან უგონებო სული მიიღო მან? ადამიანი ხომ ეს არ არის ამასთან, რაღას ვირგებდით განკაცებისგან, თუ არ გამოიხსნებოდა ის, პირველვნებული4 და თუ ღმრთეებასთან შეკავშირებით არ განახლდებოდა და არ გაძლიერდებოდა იგი? მართლაც, „არმიღებული უკურნებელია“. ამიტომაა, რომ უფალი იღებს მთლიან ადამიანს და - ყველაზე საუკუთესოს ადამიანისას5 უძლურებაში ჩავარდნილს, რომ მთლიანს მიჰმადლოს მან ხსნა.

მაგრამ არასოდეს იქნებოდა გონება სიბრძნის არმქონე და ცოდნას მოკლებული, რადგან თუ იგი უმოქმედოა და უძრავი, არარსებულიცაა უთუოდ. ღმერთი-სიტყვა იმიტომ გახდა კაცი, რომ განიზრახავდა იგი „ხატისებრობის“ განახლებას, მაგრამ რა არის „ხატისებრობა“, თუ არა გონება? ნუთუ მან, უფალმა, უკეთესი6 უგულებელყო და უარესი7 მიიღო? გონება ხომ ღმერთსა და ხორცს შუა არის, როგორც, ერთი მხრივ, ამ უკანასკნელის თანამკვიდრი და როგორც, მეორე მხრივ, ღვთის ხატი. ამიტომ გონება გონებას შეერთვის, და მესაშუალეობს გონება ღვთის სიწმინდესა და ხორცის განხშოებას, რადგან თუ უფალმა უგონებო სული მიიღო, პირუტყვი ცხოველის სული მიუღია მას.

მაგრამ თუ მახარებლისგან ნათქვამია, რომ სიტყვა ხორცი გახდა, ამასთან დაკავშირებით უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი წმინდა წერილში ზოგჯერ სულად ითქმის (მაგალითად: „სამოცდათხუთმეტ სულთან ერთად შევიდა იაკობი ეგვიპტეში“, შესაქ. 46,27), ზოგჯერ კი - ხორცად (მაგალითად: „იხილავს ყველა ხორცი გამომხსნელობას ღვთისას“, ეს. 40,5).

ამრიგად, უფალი გახდა არა უსულო ან უგონებო ხორცი, არამედ - ადამიანი. მართლაც, თვითვე ამბობს. „რატომ მცემ მე, ადამიანს, ვინც ჭეშმარიტება გითხარით თქვენ?“ (იოანე 9,40).

ამრიგად, უფალმა მიიღო ხორცი, მოაზროვნეობითი და გონისმიერი სულით განსულიერებული, რომელიც მეწინამძღვრეობს ხორცს, თვით კი ნაწინამძღვრებია სიტყვის ღმრთეების მიერ.

ამგვარად, ქრისტეს ბუნებითად ჰქონდა ნებება როგორც ღმერთს და, აგრეთვე, როგორც ადამიანს, თუმცა [მისი ადამიანური ნება] მისდევდა და ემორჩილებოდა მის [საღვთო] ნებას, რადგან არ აღიძვროდა იგი საკუთარი განზრახულებით, არამედ ის ნებავდა, რაც ენება მის საღვთო ნებას. მართლაც, როდესაც საღვთო ნება დაუშვებდა, მაშინ განიცდიდა იგი, რაც ბუნებითად თვისობრივი იყო მისთვის, რადგან ირიდებდა რა სიკვდილს, მისი საღვთო ნებელობის ნებებითა და დაშვებით ბუნებითად იყო ამრიდებელი სიკვდილისა, ამასთან, შეურვებულიც იყო და შიშიც ჰქონდა. მაგრამ როცა მისი საღვთო ნებელობა ინებებდა, რომ მის ადამიანურ ნებელობას სიკვდილი აერჩია, ამ უკანასკნელისთვისაც ნებაყოფლობითი ხდებოდა ვნებულება. მართლაც, ქრისტემ ნებაყოფლობით მისცა თავი სიკვდილს არა მხოლოდ როგორც ღმერთმა, არამედ - როგორც ადამიანმაც, რითაც სიკვდილის წინააღმდეგ გაბედულება ჩვენც მოგვმადლა. ამიტომ, ამგვარად თქვა მან მაცხოვნებელი ვნებულების წინ: „მამაო, თუ შესაძლებელია, ამშორდეს მე ეს სასმისი“ (მათე 26,39). ცხადია, რომ უნდა შეესვა ეს სასმისი ქრისტეს როგორც ადამიანს და არა როგორც ღმერთს. ამიტომ, ამ სასმისის აშორებაც მას როგორც ადამიანს ნებავდა, და ეს სიტყვებიც ბუნებისეული შიშისა იყო კეთილგაბედულების სიტყვები კი შემდეგია: „მაგრამ აღსრულდეს არა ჩემი ნება“ (ანუ არა ის, რითაც სხვაარსი ვარ შენთან), „არამედ - შენი“ (ანუ - ჩემი და შენი, რითაც შენი თანაარსი ვარ).

თავისი სათნოჩენით ჭეშმარიტად კაცქმნილი უფლის სული თავდაპირველად გამოიცადა ბუნებისეულ უძლურებაში, გრძნობადად განიცადა რა მან ბუნებითი თანალმობა სხეულისადმი მასთან გაყრისას, შემდეგ კი გაძლიერდა იგი საღვთო ნებით და გაუმხნევდა სიკვდილს. ამასთან, რადგან თვითვე იყო როგორც მთლიანი ღმერთი ადამიანობასთან ერთად, ასევე - მთლიანი ადამიანიც ღმრთეებასთან ერთად, მან, როგორც ადამიანმა, თავის თავში და თავისი თავის მიერ ადამიანობა ღმერთსა და მამას დაუმორჩილა და გახდა გამგონე მამისა, რითაც რჩეულ სახედ და ნიმუშად მოგვცა თავისი თავი.

ამრიგად, თვითუფლებრივად ნებავდა მას როგორც საღვრო, ასევე ადამიანური ნებით, რადგან ყველა მოაზროვნეობით ბუნებაში ყოვლად შთანერგილია თვითუფლებრივი ნება. მართლაც, რისთვის უნდა ჰქონდეს ბუნებას მოაზროვნეობა, თუკი თვითუფლებრივად ვერ იაზროვნებს? ბუნებითი მოსურვება არამოაზროვნეობით ცხოველებშიც შთათესა შემოქმედმა, რასაც ისინი იძულებით მიჰყავს მათი საკუთარი ბუნების შემყარებისკენ, რადგან აზრს მოკლებულთ არ ძალუძთ, რომ წარმმართველნი იყონ, არამედ, პირიქით, თვით იმართებიან ბუნებითი მოსურვების მიერ. აქედან გამომდინარე, რაწამს მოსურვება უჩნდებათ მათ, მყისვე უჩნდებათ სამოქმედოდ აღძვრაც, რადგან არ იყენებენ ისინი აზრს, განზრახვას, აწონ-დაწონვასა და განსჯას. ამიტომაა, რომ მათ არც როგორც სათნოებისკენ მსწრაფველთ ვაქებთ და ნეტარვყოფთ და არც როგორც ბოროტების მოქმედთ ვსჯით. მეორე მხრივ, მოაზროვნე ბუნებას თუმცა აქვს მოძრაობაში მყოფი ბუნებითი მოსურვება, მაგრამ იმ ადამიანებში, რომლებიც იცავენ ბუნებისეულს, ეს მოსურვება აზრის მიერ იმართვბა და მოწესრიგებული ხდება. აზრის უპირატესობაც სწორედ ესაა - თვითუფლებრივი ნებელობა, რასაც ვუწოდებთ მოაზროვნეში არსებულ ბუნებისეულ მოძრაობას. ამიტომაც იგი, როგორც სათნოებისკენ მსწრაფველი, იქება და ნეტარიყოფა, ხოლო როგორც უკეთურებისკენ მსწრაფი, ისჯება.

ასე რომ, ნებავდა უფლის სულს, თვითუფლებრივად აღძრულს, მაგრამ ის ნებაედა მას თვითუფლებრივად, რაც მის საღვთო ნებას ნებავდა, რომ ენება მას. არათუ სიტყვისმიერი ნიშანცემით აღიძვროდა ხორცი (რადგან მოსეც და ყველა სხვა წმინდანიც საღვთო ნიშანცემით აღიძვროდნენ), არამედ თვით იგი, ერთივე, იყო ღმერთიც და ადამიანიც და ნებელობდა საღვთო და ადამიანური ნებელობის მიხედვით. ამის გამო, არა განზრახულებით, არამედ უმალ ბუნებითი ძალით სხვაობდა ურთიერთისგან უფლის ორი ნებელობა, რადგან ერთი მხრივ მისი საღვთო ნებელობა დაუსაბამო იყო, ყოვლისმოქმედი (ჰქონდა რა შესაბამისი ძალაც) და უვნებო, ხოლო მისი ადამიანური ნებელობა დროში იწყებოდა, ამასთან, დაითმენდა იგი ბუნებისეულ, უყვედრელ განცდებს და ბუნებითად ყოვლისშემძლე არ იყო, თუმცა კი იყო ყოვლისშემძლეც, როგორც ჭეშმარიტად და ბუნებითად ღმერთი-სიტყვის [კუთვნილებად] ქცეული.

 

1. ე.ი. რომ ადამიანს, როგორც უკეთურებისგან ძლეულს, თვითვე დაეძლია უკეთურება.

2. იგულისხმება, რომ უკეთურებამ ადამიანს სძლია ძალადობის გარეშე.

3. ე.ი. აღედგინა.

4. იგულისხმება გონება.

5. აქაც იგულისხმება გონება როგორც ადამიანისეული ψυχή-ს ყველაზე აღმატებული, ღვთისსახოვანი ნაწილი.

6. ე.ი. გონება.

7. ე.ი. სხეული.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი