წმინდა იოანე დამასკელი

მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა

 

თავი სამოცდამეჩვიდმეტე

რისთვის განკაცდა ძე და არა მამა ანდა სული, და რა განახორციელა მან, განკაცდა რა

მამა მამაა და არა ძე, ძე ძეა და არა მამა, სულიწმინდა სულია და არა მამა ანდა ძე, რადგან შეუძრავია თვისება. ანკი როგორღა იქნებოდა თვისება ის, რაც მოძრავია და ცვალებადი? ამის გამო, ძე ღვთისა ხდება ძე ადამიანისა, რომ შეუძრავი დარჩეს თვისება, რადგან ღვთის ძედ მყოფი ადამიანის ძე გახდა და ხორცი შეისხა რა მან წმინდა ქალწულისგან, არ განდგომია ძეობის თვისებას.

ხოლო ძე ღვთისა იმიტომ განკაცდა, რომ კვლავ მიემადლებინა ადამიანისთვის ის, რისთვისაც შექმნა იგი, რადგან შექმნა მან იგი თავისი „ხატისებრ“. გონისმიერად და თვითუფლებრივად, და აგრეთვე „მსგავსებისებრ“ ანუ სათნოებებში სრულქმნილად, რამდენადაც ეს საწვდომი იყო ადამიანური ბუნებისთვის, რადგან ეს სათნოებანი თითქოსდა გამოხატულებანია საღვთო ბუნებისა, კერძოდ: უზრუნველობა, განუბნევლობა, უმანკოება, სიკეთე, სიბრძნე, სიმართლე, ყოველგვარი ბოროტებისგან თავისუფლება. ამიტომ, თავისთან ზიარებაში დაადგინა მან ადამიანი (რადგან უხრწნელებისთვის შექმნა იგი), ხოლო თავისთან ზიარების გზით უხრწნელებისკენ აიყვანა იგი. მაგრამ რადგან მცნების გარდასვლის შედეგად საღვთო ხატის გამოხატულებანი დავაბნელეთ, შევამღვრიეთ და ბოროტებაში დამკვიდრებით საღვთო ზიარებისგან გავშიშვლდით (რამეთუ „რა თანაშეარსება აქვს სინათლეს წყვდიადთან?“ 2კორ. 6,14), სიცოცხლისგან გარეგამდგარნი სიკვდილის ხრწნილებაში ჩავცვივდით. ამიტომ, რადგან წილი გვიბოძა მან უკეთესისა და არ დავიცავით, თვითვე წილმიმღები ხდება უარესისა (ვამბობ - ჩვენეული ბუნებისა), რომ თავისი თავის მიერ თავის თავში განაახლოს მან ხატისებრობა და მსგავსებისებრობა, ამასთან, გვასწავლოს ჩვენ სათნოებითი მოღვაწეობა და ადვილსაწვდომი გახადოს იგი თავისი თავის მიერ, სიცოცხლესთან ზიარებით კი გაგვათავისუფლოს ხრწნილებისგან. იგი ხდება დასაბამი ჩვენეული აღდგომისა, რომ განაახლოს გაუვარგისებული და დამსხვრეული ჭურჭელი, რომ ეშმაკის მძლავრებისგან გამოგვისყიდოს, გვიხმოს ღვთისმცოდნეობისაკენ, განგვამტკიცოს და გვასწავლოს ჩვენ მოთმინებისა და სიმდაბლის გზით ტირანის ძლევა.

ამრიგად, დამცხრალია ეშმაკთა მსახურება, ქმნილება განწმენდილია საღვთო სისხლით, განადგურებულია კერპთა ბომონები და ტაძრები, დანერგილია ღვთისმცოდნეობა, ერთარსება სამება - უქმნელი ღმრთეება იმსახურება, - ერთი ღმერთი ჭეშმარიტი, ყოველთა შემოქმედი და უფალი, - სათნოებანი იმოღვაწება, მონიჭებულია აღდგომის სასოება ქრისტეს აღდგომის მიერ, უფრთხიან ეშმაკნი მათგან ძველად დამორჩილებულ ადამიანებს, და რაც საკვირველია, ეს ყოველივე განხორციელდა ჯვრის, ვნებულებებისა და სიკვდილის გზით. მთელ ქვეყანაზეა ქადაგებული ღვთისმცოდნეობის სახარება, მტერთა მძლეველი არა ომით, საჭურველითა და მოლაშქრეებით, არამედ - მცირერიცხოვანთა მიერ, რომლებიც, - შიშველნი, გლახაკნი, უსწავლელნი, დევნილნი, ტანჯულნი და მოკვდინებულნი, - ქადაგებდნენ მას, ვინც ხორცით ჯვარსეცვა და მოკვდა და ამით სძლიეს ბრძენთ და ძალმოსილთ, რადგან მათი თანამდევი იყო ჯვარცმულის ყოვლადძლიერი ძალა. ძველთაგან საშიში სიკვდილი ძლეულია, და მას, ძველთაგან მოძაგებულსა და შეძულებულს, სიცოცხლეზე უფრო მეტად ამჯობინებენ1.

ესენია ქრისტეს მოსვლის წარმატებანი, ესენია მისი ძალის ნიშნეულობანი, რადგან მან იხსნა არა ერთი ხალხი, როგორც მოსემ, რომელმაც [ისრაელი] ეგვიპტისა და ფარაონისეული მონობის ზღვას განაშორა, არამედ უმალ, მთელი კაცობრიობა გამოიხსნა სიკვდილის ხრწნისგან და სასტიკი ტირანისგან - ცოდვისგან, თუმცა არათუ იძულებით წაიყვანა იგი სათნოებისკენ, არათუ მიწის ზედდაყრით ან ცეცხლში დაწვით ანდა იმის ბრძანებით, რომ ჩაიქოლონ ცოდვილნი, არამედ სიმშვიდითა და სულგრძელებით დაარწმუნა მან ადამიანები, რომ სათნოება აერჩიათ და სათნოების გამო შერკინებოდნენ და შებმოდნენ ღვაწლს, რადგან ცოდვილნი ძველთაგანვე იტანჯებოდნენ და კვლავაც ცოდვას ეშურებოდნენ და ცოდვა იყო მათთვის ღმერთად შერაცხილი, აწ კი კეთილმსახურებისა და სათნოების გამო ირჩევენ ტანჯვას, დასახიჩრებასა და სიკვდილს.

ვაშა, ჰოი ქრისტე, ღვთის სიტყვაო, სიბრძნევ და ძალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო! რა მოგცეთ შენ ამ ყოველივეს სანაცვლოდ ჩეენ, უბადრუკებმა? რადგან შენია ყოველივე და არას ითხოვ ჩვენგან გარდა იმისა, რომ ვცხონდეთ; შენვე გვაძლევ ამას და შენვე, გამოუთქმელი კაცთმოყვარეობის გამო, მიმღებთა მადლობელი ხარ. მადლობა შენ, მომმადლებელო არსებობისა და კეთილად არსებობისა, და ამისგან დაცემულთა კვლავ ამისკენ ზეამყვანო გამოუთქმელი ქვემდაბლობის გზით.

 

1. უგულისხმება, რომ სარწმუნოებით სიკვდილს ამჯობინებდნენ ურწმუნო სიცოცხლის ნაცვლად.

 


წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი