მიტროპოლიტი ტრიფონი (თურქესტანიშვილი)

გმადლობ შენ ღმერთო ყველაფრისათვის

(სამადლობელი აკათისტო)

კონდაკი 1

შენ საუკუნეთა უხრწნელსა მეუფესა, რომელსა მაცხოვნებელისა განგებისა ძალითა მარჯვენესა შინა შენსა გიპყრიეს ყოველნი გზანი კაცობრივისა ცხოვრებისანი, გმადლობთ ყოველთა ქველისმოქმედებათათვის, რომელნიცა ვუწყით და რომელნიცა დაფარულ არიან, მიწიერისა ცხოვრებისათვის და მომავალისა სასუფეველისა შენისა ზეციურთა სიხარულთათვის. მოგვფინე კვალადცა მოწყალებანი შენნი მგალობელთა ამათ: დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

იკოსი 1

უძლურ და უმწეო ყრმად ვიშევ ამქვეყნად, გარნა ანგელოსმან შენმან განართხნა ნათელი ფრთანი თვისნი და დაიფარა აკვანი ჩემი. იმა ჟამიდან ყოველთა გზათა ჩემთა მინათებს სიყვარული შენი, საკვირველად წინამძღვარი საუკუნოისა სინათლისაკენ. შობითგან ვიდრე მოაქამომდე დიდებულითა სიუხვითა დამაფრქვიე ნიჭნი შენნი. გმადლობ და მოგიხმობ შენ ყოველთა თანა შემცნობელთა შენთა:

დიდება შენდა ჩემ ცხოვრებისადა მომწოდებელსა;
დიდება შენდა გამომცხადებელსა შვენიერებისა ქვეყანისასა;
დიდება შენდა რომელმან, განახვენ წინაშე ჩემსა ცანი და ქუეყანა ვითარცა საუკუნო წიგნი სიბრძნისა;
დიდება შენსა მარადისობასა შორის წარმავალისა ქუეყანისა;
დიდება შენდა დაფარულთა და სააშკარაოთა მოწყალებათათვის;
დიდება შენდა ყოვლისა ამოოხვრისა ჩემისათვის;
დიდება შენდა ჩემისა ცხოვრებისა თითოეულისა ნაბიჯისათვის, სიხარულისა ჩემისა ყოველი ნამცეცისათვის;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 2

უფალო, ვითარ შვენიერ-არს სტუმრობა შენთანა: ქარი მფრქვეველი კეთილსურნელებისა, მთანი, ცას მიბჯენილნი, წყალნი, ვითარცა უნაპირო სარკენი, სხივთა ოქროცურვილისა და ღრუბელთა სიმსუბუქის ათინათი. ბუნება იდუმალ ჩურჩულებს, ერთიანად ალერსით აღვსილი, და ფრინველნიცა და მხეცნიც შენი სიყვარულით აღბეჭდულან. კურთხეულ-არს დედამიწა თვისი დაჭნობადი შვენიერებით, რომელიც მარადიული სამშობლოს მონატრებას აღვიძებს, სად უხრწნელ შვენიერებაში გაისმის: ალილუია!

იკოსი 2

შემომიძეხი ამ ცხოვრებაში, დამატკბობელსა სამოთხეში, ვიხილე ცანი, ვით ღრმა ცისფერი ბარძიმი, რომლის ლაჟვარდში ჩიტები ჭიკჭიკებენ, გვესმა ტყეთა დამამშვიდებელი ხმაური და წყალთა ტკბილხმოვანი რაკრაკი, ვიგემეთ ტკბილი და სურნელოვანი ნაყოფი და თაფლი საამო. კეთილ-არს შენთან ამქვეყანაზე, სასიხარულოა შენთან სტუმრობა.
დიდება შენდა სიცოცხლის ზეიმისთვის;

დიდება შენდა ვარდთა და იასამანთა კეთილსურნელებისთვის;
დიდება შენდა ხილთა და კენკროვანთა ტკბილ მრავალფეროვნებისთვის;
დიდება შენდა ალმასივით მოელვარე ცისკრის ცვარ-ნამისთვის;
დიდება შენდა ნათელ გამოღვიძების ღიმისთვის;
დიდება შენდა ზეციურის წინამორბედი ამქვეყნიური ცხოვრებისთვის;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 3

ძალითა სულისა წმიდისათა სუნთქავს ყოველი ყვავილი, მშვიდი მონაბერი არომატისა, სინაზე ფერთა, შვენიერება დიდისა მცირეში. შესხმა და პატივი ცხოველსმყოფელ ღმერთს, ყვავილოვანი ხალიჩებით მდელოთა მომრთველს, ველთა ოქროსფერ თავთავებით დამაგვირგვინებელს და ღიღილოთა ლაჟვარდით, სულთა კი - ჭვრეტის სიხარულით. გიხაროდენ და უგალობდით მას: ალილუია!

იკოსი 3

რაბამ შვენიერ ხარ გაზაფხულის ზეიმზე, როცა იღვიძებს ყოველი ქმნილება და მრავალფერ კილოზე ხმობს შენდამო: შენა ხარ წყარო ცხოვრებისა, შენა ხარ სიკვდილზე გამმარჯვებელი. მთოვარის შუქზე და ბულბულის გალობაში გადაჭიმულან საქორწინო თეთრ სამოსელში ტყენი და ველები. ყოველი სოფელი - სასძლო შენი, მოელის განუხრწნელ სასიძოს. თუკიღა ბალახს ამგვარად შეჰმოსავ, ვითარ გარდაგვსახავ მერმეთა მათ საუკუნეთა აღდგომისა ჟამს, ვით განათლდებიან ჩუენი სხეულები და გაბრწყინდებიან ჩვენი სულები!

დიდება შენდა, მიწის წყვდიადიდან აღმომაცენებელს მრავალგვარ ფერთა, გემოთა და სურნელებათა;
დიდება შენდა ყოვლისა ბუნების გულითადობისა და ალერსისათვის;
დიდება შენდა გარს რომ შემოგვარტყი ურიცხვი ქმნილება;
დიდება შენდა შენისა გონებისა სიღრმისთვის, რომლითა აღბეჭდე ყოველი სოფელი;
დიდება შენდა, რომლისა უხილავთა ნატერფალთა კეთილმოკრძალებით ამბორს-უყოფ;
დიდება შენდა, რომელმან აღგვინთე კაშკაშა ნათელი მარადი ცხოვრების;
დიდება შენდა უკვდავისა სრულქმნილისა უხრწნელისა შვენიერებისა სასოებისთვის;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 4

ვითარ დაატკბობ შენზედა მოფიქრალთ, რაგვარად შთაბერავს სიცოცხლეს წმინდა სიტყვა შენი, ურბილეს ზეთისა და ფიჭისა უტკბილეს შენთან საუბარი. ფრთოვან-ჰყოფს და აცოცხლებს ლოცვა შენდამო; როგორი თრთოლვით ივსება გული, რა დიდებული და გონიერი ხდება მაშინ ბუნება და მთელი სიცოცხლე! სადაც შენ ჰგიებ - იქ სულის სიმდიდრეა, იქ ცოცხალ წყაროდ იღვრება გალობა: ალილუია!

იკოსი 4

როდესაც მიწაზე დაისი დაეშვება, როდესაც მიმქრალი დღის სიმყუდროვე ჩამოვარდება და ღამის მშვიდი ძილი გამეფდება ღრუბლოვან აისის სრა-სასახლეთა და ბრწყინვალე პალატთა ხატქვეშ მე ვხედავ შენს დარბაზს. ცეცხლი და მეწამული, ოქრო და ლაჟვარდი წინასწარმეტყველურად საუბრობენ შენთა საყოფელთა გამოუთქმელ სილამაზეზე, საზეიმოდ ხმობენ: წარვიდეთ მამასთან!

დიდება შენდა მიმწუხრის მყუდრო ჟამს;
დიდება შენდა სოფელსა ზედა სიმშვიდის მომფენელს;
დიდება შენდა ჩამავალ მზის უკანასკნელ სხივისთვის;
დიდება შენდა მადლმოსილ ძილით განსვენებისთვის;
დიდება შენდა წყვდიადში შენი სიქველისთვის, ოდეს შორს მოსჩანს ყოველი სოფელი;
დიდება შენდა შეძრული სულის გულისამაჩუყებელ ლოცვისთვის;
დიდება შენდა მარადიულ დაუღამებელ დღეში აღთქმულ გამოღვიძებისთვის;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 5

ვერ აკრთობს ცხოვრებისეული ქარიშხალი იმას, ვისაც გულში შენეულ ცეცხლის შუქურა უნთია. ირგვლივ უჟმური ამინდია და სიბნელე, ძრწოლა და ღმუილი ქარისა, სულში კი სიმშვიდე და სინათლე: იქ ქრისტეა! და სული გალობს: ალილუია!

იკოსი 5

მე ვხედავ შენს ცას, ვარსკვლავით მოჭედილს. ოხ, რა მდიდარი ხარ, რამდენი სინათლე გაქვს! შორეულ მნათობთა სხივებით დამეყრება მარადისობა, იმდენად პატარა ვარ და არარაობა, მაგრამ ჩემთან არს უფალი, მისი მოყვარული მარჯვენა მიცავს ყოველგან.

დიდება შენდა ჩემზედ განუწყვეტელ ზრუნვისთვის;
დიდება შენდა, ადამიანებთან განგებიან შეხვედრისთვის;
დიდება შენდა, მოყვასთა სიყვარულისთვის, მეგობართა ერთგულებისთვის;
დიდება შენდა, ცხოველთა თვინიერებისთვის, მე რომ მმსახურებენ;
დიდება შენდა, ჩემისა ცხოვრებისა ნათელი წუთებისთვის;
დიდება შენდა, გულისა ჩემისა ნათელი სიხარულისთვის;
დიდება შენდა, ბედნიერებისთვის ვცხოვრობდე, ვიქმოდე და ვჭვრეტდე;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 6

რაბამ დიდებულ ხარ და ახლობელი ჭექა-ქუხილის ძალმოსილ გრგვინვაში, ვითარ სჩანს ელვის დამაბრმავებელ ტეხილში შენი ძლიერი ხელი, საკვირველ-არს დიდებულება შენი. ხმა უფლისა ველთა ზედა და ხმაურში ტყეების, ხმა უფლისა ქუხილთა და წვიმათა გაჩენისას, ხმა უფლისა წყალთა ზედა მრავალთა. შენ გშვენის ქება ცეცხლითმსუნთქავ მთათა გრგვინვაში. შენ სცვალებ ქვეყანას, ვითარცა სამოსელს. ცათამდე აღტყორცნი ტალღებს ზღვაურში. შესხმა კაცობრივ სიგლისპის დამამდაბლებელს, რომელიც სინანულის გოდებად აღმოათქმევინებს გულს: ალილუია!

იკოსი 6

ვით ელვა, რაჟამს გაანათებს სანადიმო დარბაზებს და უღიმღამოდ წარმოაჩენს ლამპართა ნათებას - ესრეთვე უეცრად გამობრწყინდებოდი ცხოვრებისა ჩემისა უბედნიერეს წუთებში ჩემს სულში და შენი ელვისებური ნათების შემდეგ რაოდენ უფერული, მრუმე, ლანდისებური ჩანდნენ ისინი. სული ივლტოდა შენდამი.

დიდება შენდა, ადამიანური ნატვრის სამანო;
დიდება შენდა, შენთან ზიარების დაუოკებელ წყურვილისთვის;
დიდება შენდა, რამეთუ შთაგვითხრე გულებში დაუკმაყოფილებლობა ამაქვეყნიურით;
დიდება შენდა, რამეთუ უმსუბუქეს სხივებში გაგვხვიე მადლისა შენისა;
დიდება შენდა, რომელმან შემუსრე წყვდიადის სულთა სუფევა და განადგურებას დაუქვემდებარე მიერთამდე ყოველი ბოროტება;
დიდება შენდა, გამოცხადებათა შენთათვის, ბედნიერებისთვის შეგიგრძნობდე და თანავარსებობდე შენთან.
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 7

ბგერათა საკვირველ შერწყმაში მოისმის შენი ძახილი, სამოთხის წინკარს შეგვიღებ საგალობელთა ჰარმონიულ ტონებში, მუსიკალურ ფერთა ზეაწეულობაში, მხატვრულ შემოქმედების ბრწყინვალებაში. ყოველივე ჭეშმარიტად მშვენიერი ძალმოსილი ძახილით მოაქანებს სულს შენსკენ, განაწყობს აღფრთოვანებით გალობდეს: ალილუია!

იკოსი 7

სულისა შენისა წმიდისა გარდამოსვლით შენ ასხივოსნებ აზრებს მხატვართა, მგოსანთ, მეცნიერების, გენიოსების. ზეცნობიერების ძალით წინასწარმეტყველურად სწვდებიან ისინი შენს კანონებს და გადაგვიშლიან შენი შემოქმედებითი სიბრძნის უფსკრულებს. მათი საქმეები უნებლიედ შენზედ მეტყველებენ: ოხ, რამდენად დიდსარ შენ ქმნულებათა შორის შენთა და ჰოი, რამდენად დიდხარ შენ შორის კაცისა.

დიდება შენდა, სამყაროს კანონებში მიუწვდომელი ძალის გამომცხადებელო;
დიდება შენდა, რამეთუ ყოველი ბუნება შენი ყოფიერების კანონებით აღვსილა;
დიდება შენდა, მისთვის, რაც შენი სახიერებით გამოგვიცხადე;
დიდება შენდა, მისთვის, რა ცა შენი სიბრძნით ჩვენგან დაჰფარე;
დიდება შენდა, ადამიანური გონების გენიალურობისთვის;
დიდება შენდა, შრომის ცხოველსმყოფელ ძალისთვის;
დიდება შენდა, შთაგონების ცეცხლოვან ენებისთვის;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 8

რაოდენ ახლოს-ხარ სნეულებათა შინა, შენ თვით მოჰვლი ავადმყოფებს, თვითონვე იხრები ტანჯულის სარეცელთან და გული საუბრობს შენთან. შენ მიჰფენ სულებს მშვიდობას უდიდეს მწუხარებათა და ტკივნეულობათა ჟამს. შენ უგზავნი მოულონელ შემწეობას. შენ ანუგეშებ, სიყვარულისა გამომცდელო და მხსნელო, შენ გიგალობთ: ალილუია.

იკოსი 8

ოდეს ყრმა ვიყავ და გაცნობიერებულად პირველად მოგიხმე, ისმინე ლოცვისა ჩემისა და სულს კეთილმოკრძალებული სიმშვიდე მოჰფინე. გულისხმა-ვჰყავ, რომ შენ სახიერი ხარ და ნეტარნი არიან ვინც შენ მოგიხმობენ. და ვიწყე ძახილი კვალად და კვალად და ახლაც მოგიხმობ:
დიდება შენდა, კეთილთა შინა ზრახვათა ჩემთა აღმასრულებელო;
დიდება შენდა, რამეთუ დღემუდამ ჩემზედა ფხიზლობ;
დიდება შენდა, მწუხარებათა მკურნალო და დანაკლისის დროთა მდინარებაში აღმავსებელო;
დიდება შენდა, რამეთუ არა არს შენთანა უსასოო დანაკარგი, შენ სჩუქნი ყველას მარადიულ სიცოცხლეს;
დიდება შენდა, რამეთუ უკვდავ-ჰყავ ყოველივე კეთილი და ამაღლებული; შენ აღუთქვი მსურველთ შესვენებულებთან შეხვედრა;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 9

რად ხარობს ყოველი ბუნება დღესასწაულებში? რად განეფინება გულში მაშინ საკვირველი სიმსუბუქე, რომელსაც ვერაფერს მიწიერს ვერ შეადრი და ტაძრისა და საკურთხევლის თვით ჰაერიც კი სხივმფინარე რად ხდება? ეს შენი მადლის მობერვაა, ციაგი თაბორის ნათლისა; მაშინ ცანი და ქვეყანა შესხმითა გიგალობს: ალილუია!

იკოსი 9

ოდეს შთამაგონებდი მოყვასისადმი მსახურებას, სულს კი სიმდაბლით განმინათლებდი, შენთა ურიცხვთა სხივთაგან ერთი მათგანი გულზედ დამეცემოდა და ის ხდებოდა ნათელმკრთოლვარე, ვით რკინა ცეცხლში.
დიდება შენდა, ცხოვრებისა ჩვენისა კეთილთა საქმეთა მიერ შემცვალებელო;
დიდება შენდა, ყოველ შენს მცნებაში გამოუთქმელისა სიტკბოებისა აღმბეჭდველო;
დიდება შენდა, აშკარად მყოფო იქ, სადაც კეთილსურნელებას აფრქვევს მოწყალება;
დიდება შენდა, წარუმატებლობათა და მწუხარებათა ჩვენზედა წარმომგზავნელო, რათა მგრძნობიარენი ვიყვნეთ სხვათა ტანჯვის მიმართ;
დიდება შენდა, რომელმან სიკეთის თვითნაბადობაში დააუნჯე ჯილდო უდიდესი;
დიდება შენდა, რომელი მიითვალავ მაღალსა ლტოლვასა;
დიდება შენდა, რომელმან აღამაღლე სიყვარული უფროის ყოვლისა მიწიერისა და ზეციურისა;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 10

მტვრად ქცეული არ შეიძლება აღდგეს, გარნა შენ აღადგენ იმათ, ვისაც დაეწვა სინდისი, უწინდებურ შვენიერებას უბრუნებ სულებს, უიმედოდ რომ დაჰკარგვოდათ იგი. შენთან არაფერია შეუძლებელი. შენ ერთიანად სიყვარული ხარ. შენ შემოქმედი და აღმადგინებელი. შენ შეგასხამთ საგალობელით: ალილუია!

იკოსი 10

ღმერთო ჩემო, ვუწყი დაცემა მთიების ამაყი ანგელოსისა, მიხსენ მე ძალითა მადლისათა, ნუ მიმიშვებ მე განვარდნად შენგან, ნუ დაუშვებ შენში ჩემს დაეჭვებასა. განაკრთე სმენა ჩემი, რათა ყოველსა წუთსა ცხოვრებისა ჩემისასა მესმოდეს ხმა შენი იდუმალი. და ვხმობდე შენდამო, ყოველგანმყოფისა:

დიდება შენდა, გარემოებათა განგებიანი ვითარებისა გამო;
დიდება შენდა, მადლმოსილ წინათგრძნობათა გამო;
დიდება შენდა, იდუმალი ხმით მითითებისათვის;
დიდება შენდა, გამოცხადებისთვის ძილსა შორის და ღვიძილისას;
დიდება შენდა, რომელი დაარღვევ ჩვენთა უსარგებლოთა ზრახვათა;
დიდება შენდა, ტანჯვათა მიერ ვნებათა აღვირახსნილობისაგან გამომაფხიზლებელო;
დიდება შენდა, გულის სიამაყისა მაცხოვნებელად დამამდაბლებელო;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 11

საუკუნეთა ყინულოვან რიგს მიღმა ვგრძნობ შენი ღვთიური სუნთქვის სითბოს, მესმის შენგან გარდამომდინარე სისხლის ჟღრიალი. ახლოსვე ხარ, დროის მონაკვეთი განქარდა. მე ვუმზერ შენს ჯვარს - იგი ჩემთვისაა. სული ჩემი იფერფლება წინაშე ჯვარისა: აქ ზეიმია სიყვარულისა და ცხონებისა, აქ დაუდუმებელად გაისმის შესხმა: ალილუია!

იკოსი 11

ნეტარ-არს, რომელმან სასუფეველსა შენსა სერობისა გემო იხილოს, გარნა შენ აწვე ქვეყანასა ზედა მაზიარე ნეტარებასა ამას. რაოდენგზის განართხე მარჯვენე შენი და მომეც მე ხორცი და სისხლი შენი, და მეც, მრავალცოდვილი, მივიღებდი სიწმინდეთა ამათ და ვგრძნობდი სიყვარულსა შენსა, გამოუთქმელსა, ზებუნებრივსა.

დიდება შენდა, მიუწვდომელისა განმაცხოველებელისა მადლისა ძალისთვის;
დიდება შენდა, რომელმან აღუმართე ეკლესია შენი გატანჯულსა სოფელსა ვითარცა ლიმენა აღუშფოთებელი;
დიდება შენდა, აღმომშობელსა ჩვენსა ნათლისღების ცხოველსმყოფელ წყალთა მიერ;
დიდება შენდა, რომელი დაუბრუნებ მონანულსა უმანკოთა შროშანთა სიწმინდესა;
დიდება შენდა, დაულევნელისა მიმტევებლობისა უფსკრულსა;
დიდება შენდა, ბარძიმისთვის ცხოვრებისა, პურისათვის საუკუნო სიხარულისა;
დიდება შენდა, ჩვენ, ცად აღმყვანებელსა;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 12

მრავალგზის ვიხილე დიდებისა შენისა ანარეკლი შესვენებულთა ზედა. რაგვარი ზემიწიერი სილამაზითა და სიხარულით ანათებდნენ ისინი, ვითარ ჰაეროვანი, არამატერიალური იყო მათი ნაკვთები, ეს იყო ზეიმი უკვე მიღწეული ბედნიერებისა, სიმშვიდის; დუმილით ხმობდნენ შენდამო. ჟამსა აღსასრულისა ჩემისასა განანათლე, სულიცა ჩემი, მხმობელი: ალილუია!

იკოსი 12

რა არს შესხმა ჩემი წინაშე შენსა! არროს მსმენია ქერაბინთა გალობა, მაღალთა სულთა ხვედრია იგი, მაგრამ მე ვუწყი, ბუნება ვით გაქებს. ზამთარში ვუჭვრეტდი, მთვარიან მდუმარებაში როგორ ლოცულობდა თეთრ კვართში შემოსილი მთელი დედამიწა შენდამო, მბრწყინავი ალმასთვალება ფიფქებით. ვხედავდი, როგორ ხარობდა შენდამი ამომავალი მზე და ფრინველთა გუნდი სჭექდა დიდებას. მსმენია, როგორ ხმაურობს შენდამი იდუმალ ტყე, სტვენენ ქარები, ჩქრიალებს წყლები, როგორ ქადაგებს შენზედა მნათობთა ქორო უსაზღვრო სივრცეში თავისი მწყობრი სლვით. რა არს შესხმა ჩემი! ბუნება მორჩილია, მე კი - არა. ვინემ ცოცხალი ვარ, ვხედავ შენს სიყვარულს, მსურს გევედრებოდე, გმადლობდე, გიხმობდე:

დიდება შენდა, რამეთუ სინათლე გვახილვე;
დიდება შენდა, რომელმან შეგვიყვარე უღრმესი, ამოუწურავი, ღვთიური სიყვარულით;
დიდება შენდა, რომელმან ანგელოსთა და წმინდანთა დასით მოგვფინე ნათელი;
დიდება შენდა, ყოვლადწმიდაო მამაო, შენისა სასუფეველისა ჩვენთვის აღმთქმელო;
დიდება შენდა, ძეო მაცხოვარო, რომელმან გაგვიხსენ გზა გადარჩენისა;
დიდება შენდა, სულო წმიდაო, ცხოველსმყოფელო მზევ, მერმეთა მათ საუკუნეთაო.
დიდება შენდა, ყოველივესთვის, ჰოი ღვთიურო სამებაო, ყოვლადსახიერო.
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.

კონდაკი 13

ჰოი, ყოვლადსახიერო და ცხოველსმყოფელო სამებაო, მიითვალე სამადლობელი ყოვლისა მოწყალებისა შენისათვის და გვყვენ ჩვენ ღირსეულ შენთა ქველისსაქმეთა, რათა ჩვენდა ბოძებულისა ტალანტისა განმამრავლებელნი, შევიდეთ საუკუნოსა სიხარულსა უფლისა ჩვენისა ძლევისა გალობითა: ალილუია!

კონდაკი ესე სამგზის წართქვი, შემდეგ იკოსი 1 და კონდაკი 1.

თარგმნა დეკანოზმა არჩილ მინდიაშვილმა