იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

დედაო პ.! მშვიდობა შენდა!

სიკვდილის შიშის შესახებ შენ პირველად როდი მწერ. თუ რომელიმე საგანს ყურადღებით დააკვირდები, მაშინ მას ნათლად დაინახავ, ხოლო გარშემომყოფი საგნები კი ნაკლებ შესამჩნევი გახდება. ასეთივეა სიკვდილის შიშიც. როცა შენ სიკვდილს ძველი ადამიანის თვალებით უყურებ და მხოლოდ სიკვდილის წინა ტანჯვას აქცევ ყურადღებას, მაშინ იგი უსაზღვროდ იზრდება და გაშინებს. ამას ეშმაკების მოქმედებაც ემატება. თუ ასეთ მდგომარეობაში დარჩები, მაშინ, შეიძლება, სრულიად დაინგრე. სიკვდილს უნდა შეხედო სახარების სიტყვებით; „მსურს აღვესრულო და ქრისტესთან ვიყო“, ასე ხედავდა მას პავლე მოციქული და ყველა წმინდანი. მიწიერი ცხოვრება გადასახლებაში ყოფნაა, რათა გამოსწორდე. როგორც ციხიდან ან გადასახლებიდან გათავისუფლებაა სასიხარულო, ასევე, უკეთ რომ ვთქვათ, უსასრულოდ სასიხარეულოა პირქუში მიწიერი ცხოვრებიდან განსვლა. შენ იტყვი: კარგია, თუ ღვთის სასუფეველში მოვხვდები, ხოლო ჯოჯოხეთში რომ მოვხვდე? რა გვიშლის ხელს, რომ ღვთის სასუფეველში შევიდეთ? ნათქვამია: „აღასრულე მცნებები“, მაშინ ცხონედები, მაგრამ, რადგან ჩვენ უძლურნი, უკეთურნი, ეშმაკის ძალაუფლების, ან მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფნი ვართ, ამიტომ ღმერთმა სინანული და სხვა საიდუმლოებანი მოგვმადლა. თუ გულწრფელად მოვინანიებთ, უფალი Eშეგვინდობს, ე.ი. განწმენდს ჩვენს სულების ცოდვის წყლულებისაგან და მონანულთ ღვთის სასუფეველს აღგვითქვამს. დღეში შვიდჯერ მოინანიებ და ამდენჯერვე მოგეტევება. თუკი შენ არ გჯერა ღვთის სიტყვა, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგეშინდება, რადგან ეშმაკთა ხელში ჩავარდები, ისინი კი დაგტანჯავენ. შენ, როგორც ჩანს, ფარისევლის მსგავსად, იქნებ, გაუცნობიეირებლად შენი კეთილი საქმეების იმედი გაქვს. შენ კი მეზვერეს მიბაძე, ე.ი. ცხონების მთელი იმედები ღვთის მოწყალებაზე დაამყარე და არა შენს გამოსწორებაზე, მაშინ ამ ცხოვრებიდან განხვალ ისე, როგორც მეზვერე გამოვიდა ტაძრიდან, გამართლებული, ე.ი. შეხვალ ღვთის სასუფეველში.

აი, ამას მიაქციე მთელი ყურადღება, გახსოვდეს, რომ უფალმა ადამიანი შექმნა არა ტანჯვისთვის, არამედ ღვთაებრივი სიხარულისთვის. მთელი ზეცა ხარობს თითოეული მონანული ცოდვილის გამო, რომელიც სინანულის გზით ცხონდება.

სიკვდილი დაბადებაა, დაბადება კი იშვიათად არის სავსებით უმტკივნეულო, მაგრამ ეს ტკივილი სიხარულად იქცევა, რადგან ადამიანი დაიბადება ცათა სასუფევლისთვის. უსაყვედურე შენს თავს ყოველგვარი ცოდვის, ყოველგვარი უკეთური აზრის, მცირედმორწმუნეობის, ეჭვების, სიკვდილის უაზრო შიშის გამო, უსაყვედურე და უმალვე მოინანიე, ასე მოიპოვებ სიმყუდროვესა და სულიერ სიმშვიდეს, უფლის ნებას მიენდობი. მთელი ეკლესია ხომ ჩვენთვის ლოცულობს: „ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი და კეთილი სიტყვის გებაი წინაშე საშინელსა სამსჯავროსა ქრისტესა ვითხოვოთ“. შენც შეუერთე შენი ხმა ეკლესიის ხმას...

 

წინა

შემდეგი