იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)

წერილები სულიერ შვილებს

 

* * *

მშვიდობა და ცხონება შენდა, დედაო ნ!

...შენ კარგად იცი, რა იწინასწარმეტყველეს ჩვენი დრიოს შესახებ ძველმა მამებმა. ნათქვამია: ცხონდებიან რწმენით, განსაცდელთა და ავადმყოფობათა დათმენითა და სინანულით. სხვა გზა არა გვაქვს. ყველგან და ყოველთვის ვარღვევთ ქრისტეს მცნებებს, ამიტომ დაგვრჩენია სინანული, მოთმინება და რწმენა იმისა, რომ უფალი იესო ქრისტე მოვიდა, რათა მოიძიოს და აცხონოს წარწყმენდულნი. ის გვაცხონებს ჩვენც, თუ მას მიტევებასა და ცხონებას შევსთხოვთ. ეს მტკიცედ უნდა გვწამდეს. ვისაც თავისი საქმეების იმედი აქვს, ის თავის სახლს აგებს ქვიშაზე. ადამიანთა ცხონება დამოკიდებულია ღვთის წყალობაზე, ეს არის ღვთის მადლი ქრისტეს მორწმუნე დაცემული კაცობრიობის მიმართ, რომელსაც შეგნებული აქვს თავისი წარწყმედა და მეზვერის ხმით წარმოთქვამს: „უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი“.

ადამიანთა მოღვაწეობის შესახებ უფალი იესო ქრისტე ამბობს: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, ჰსთქუთ, ვითარმედ მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვჰყავთ“. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მონანი და ქმნილნი უფლისანი, ვალდებულნი ვართ, აღვასრულოთ უფლის მთელი ნება, ე.ი. ყველა მცნება, ხოლო შევა თუ არა ცათა სასუფეველში თვით ყველა მცნების არსრულებელიც კი, ეს უკვე უფლის წყალობაზეა დამოკიდებული. ღვაწლი კი არა, სიმდაბლე იწვევს უფლის წყალობას. სიკვდილის შიში საჭიროა, ისევე, როგორც მისთვის მომზადება, მაგრამ სასოწარკვეთილება და გულგატეხილობა ეშმაკის ხრიკებია. უფალმა ყველას გვიბრძანა, რომ მუდამ მზად ვიყოთ სიკვდილისათვის. ამიტომ სიზმრები, რომლებიც გულგატეხილობასა და სასოწარკვეთილებიას იწვევენ - ბოროტისგანაა. სიზმარი, რომელიც ღვთისგანაა, გულს ლმობიერს ხდის, გვამდებლებს, გვიმტკიცებს იმედს მაცხოვრისა, რომელიც ამქვეყნად მოვიდა და ჯვარი იტვირთა წარწყმედილთა ხსნისათვის და არა მათთვის, რომლებიც თავს ცათა სასუფევლის ღირსად (მცდარად) მიიჩნევენ. ესენი ამპარტავანნი, მოჩვენებითი მართალნი არიან. ყველა წმინდანი თავს უდიდეს ცოდვილად მიიჩნევდა. ყოველივე ეს შენ თავადაც კარგად იცი. მე მხოლოდ ცოტაოდენ შეგახსენებ. ის აზრი, რომ ყველაფერი გასცე, ან აღარ იზრუნო საზრდოს მიღებისათვის, ბოროტისგანაა. შეძლებისდაგვარად იშრომე, იმედები დაამყარე მხოლოდ უფალზე, რომელიც მთელი სამყაროს მასაზრდოებელია. ვინც ქრისტესთან მიდის რწმენით და სინანულით, შეძლებისდაგვარად აღასრულებს მცნებებს, იგი სიკვდილის შემდეგაც ქრისტესთან იქნება. „რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე“. ეს ყველამ უნდა იცოდეს. ქრისტიანს არა აქვს საფუძველი სასოწარკვეთილებისათვის... იყავი მშვიდად და წყნარად.

 

წინა

შემდეგი