
დღეს გამორჩეული დღეა.
შესრულდა რა მისი უწმიდესობის აღსაყდრებიდან 37-ე წელი, მან გადაუსწრო კათოლიკოს-პატრიარქ დომენტი IV-ს და ანტონ I-ს პატრიარქობის ხანგრძლივობით, რომლებიც, შესაბამისად, 36 და 35 წლის მანძილზე მეთაურობდნენ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას (1705-1741; 1744-55, 1764-1788), და გახდა ყველაზე ხანგრძლივი მწყემსმთავრობის მქონე მამამთავარი მცხეთის საპატრიარქო საყდრისა.
ყველამ ერთად მივულოცოთ მას ეს განსაკუთრებული საიუბილეო დღე, ვუსურვოთ მრავალჟამიერი სიცოცხლე, ყოველსა შინა კეთილწარმატება, ვუსურვოთ საპატრიარქო ჯვრის ღირსეულად ზიდვა მრავალსა წელსა და პირნათლად მიბრძანება მისი უფლის სამსჯავროზე.
გამორჩეულად ვულოცავთ ამ დღეს, აგრეთვე, პატრიარქის ნათლულებს, რამეთუ ამიერიდან მათ შეუძლიათ იამაყონ, რომ არიან საქართველოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მყოფი პატრიარქის ნათლულები.
მინდა, რომ ყველამ ერთად მადლობა შევწიროთ უფალს, რომ ღირსი გაგვხადა ასეთი მამამთავრისა და ღირს გვყო, რომ ამ ისტორიული მოვლენის თანამედროვენი ვყოფილიყავით.
ის პოლლა ეტი, დესპოტა!
ტექსტი მოამზადა დავით ჩიკვაიძემ
საოცრებამდე უსასრულოა განგება ღვთისა. არც მის მოწყალებას აქვს საზღვარი. ჭეშმარიტად, ამ განგებამ და მოწყალებამ დააყენა თქვენ წინაშე ჩემი სიმდაბლე, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მამათმთავრისა.
მე შეგნებული მაქვს ის უმძიმესი და, ამავე დროს, საპატიო მოვალეობა, რომელიც დღეს, ღვთის ამ წმინდა ტაძრის თაღებ ქვეშ დამაკისრა მაღალმა ღმერთმა.
მუხლს ვიხრი მისი ძლიერების წინაშე და თაყვანს ვცემ მარადიული ნათლით მოსილ ხსენებას მისას.
თავს ვიხრი საქართველოს ეკლესიისა და მისი მრევლის - ქართველი ერის წინაშე, რომელსაც სასოებით უნდა ემსახუროს ჩემი ძალი და ჩემი გონება: უნდა ემსახუროს იმ სარწმუნოებით, რომლის დაცვისა და შენარჩუნებისათვის დაწყებული მცხეთაში მაცხოვრის კვართის მოტანიდან, ზღვა სისხლი გაიღო რიცხვით მცირე ჩვენმა ერმა. ქართველი ერი და ქართული ეკლესია მუდამ ერთად იყვნენ ჩვენი სამშობლოს ყველა ძნელბედობის ჟამს.
ქართველ ერს დღემდე შერჩა ცხოვრების ორომტრიალისაგან გამობრძმედილი მრავალმხრივი შინაგანი ენერგია. ჩვენი ვალია, გამოვავლინოთ მასზე ღვთით მინიჭებული ეს დიდი მადლი და შევეცადოთ, რომ ხალხმა სასახელოდ გამოიყენოს იგი, ქრისტეს მრძღვრება, რომელიც თავად მოძღვარმა საკუთარი სისხლით დაწერა, და სისხლით დაიცვა ჩვენმა ერმა, ისევე ძვირფასი და ისეთივე გზის მაჩვენებელია დღეს ჩვენთვის, როგორიც იყო წარსულში. ქართველმა ერმა დღესაც სარწმუნოების მადლითა და ღვთისაგან მინიჭებული ენერგიით უნდა იბრძოლოს მშვიდობის, სიკეთისა და დიდი მომავლისათვის. სარწმუნოების სიყვარული ქართველი ერისა, მისი სულიერი ენერგიიდან გამომდინარეობდა და იმავე ენერგიით უნდა შეიცნოს დღევანდელმა ქართველმაც „ახალი აღთქმის“ სიბრძნე. ამ სიბრძნით შეიარაღებულმა ისწავლოს, იშრომოს და იცხოვროს, რომ მის ცოდნას და ცხოვრებას ღვთის ზეგარდმო ნათელი ადგეს და ამავ კურთხეული ქვეყნიდან ემზადებოდეს მომავალი, მარადიული ცხოვრებისათვის.
ჩვენს ერში მართლმადიდებელი ქრისტიანულ სარწმუნოების განმტკიცება, როგორც ყოველთვის, ახლაც იქნება ჩვენი ეკლესიის საქმიანობის პირველი საზრუნავი.
ჩვენი მომავალი საქმიანობა ვრცელი და მრავალმხრივი უნდა იყოს. აქ უმთავრესი აღვნიშნე მხოლოდ. მაგრამ ცოტა რამ სხვა საკითხებზეც უნდა ვთქვათ...
ჩვენ ვემსახურებით სიკეთეს... წარმოუდგენელია ქრისტიანი სიკეთის გარეშე... ვერც სიყვარული, ვერც სასოება ვერ იარსებებს სიკეთის გარეგან. ვერც სათნოება და ვერცა მშვიდობა ვერ დამყარდება კაცთა შორის, სიკეთის გარეშე. სიკეთის მადლი უნდა დამკვიდრდეს და განმტკიცდეს ჩვენს ერში. და არა მარტო ჩვენს ერში! უკეთურობა უნდა მოვსპოთ. სიკეთის ნათელი უნდა უძღვოდეს მუდამ ჩვენს საქმიანობას.
უნდა მევეხო შრომის საკითხსაც... შრომის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. ვერც მშვიდობას მოვიპოვებთ შრომის გარეშე, ვერც სარწმუნოებას განვიმტკიცებთ, ვერც სასოებას მოვუმზადებთ რაიმე საფუძველს, ვერც სიყვარულს მივწვდებით. დიდი ილია ჭავჭავაძე თავის „აჩრდილში“ კავკასიონის თეთრი მთებიდან ადიდებდა შრომის სუფევას და ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ისე ავამაღლოთ მოყვასთა სულიერი სისპეტაკე, რომ შრომა ყველასათვის მომავლისა და სასოების წყაროს წარმოადგენდეს.
ჩვენ, იმისათვის, რომ ღვთიური გზით წარვმართოთ წმინდა ეკლესიის მომავალი საქმიანობა, შინაგანი მთლიანობა გვჭირდება. ასეთი მთლიანობის აუცილებლობა აწუხებდა ალბათ მოციქულ პავლეს, როდესაც კორინთელებს მისწერა: „ხოლო გლოცავთ თქვენ, ძმაო, სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რაითა მასვე იტყოდით ყოველნი, და ნუ იყოფინ თქვენ შორის წვალებაი, არამედ იყავით განმტკიცებულნი მითვე გონები თა და მითვე მეცნიერებითა“ (1 კორინ. 1,10). იქ, სადაც მთლიანობა ირღვევა, ირღვევა ერთმანეთის სიყვარულიც, ძირი ეთხრება სასოებასაც, სუსტდება სარწმუნოებაც. გამთიშველობა იგივე ცოდვა და ბოროტებაა და ჩვენი წმიდათაწმიდა ვალია, არ დავუშვათ ასეთი ბოროტება. ჩვენ მუდამ ერთად უნდა ვიყოთ, მამათმთავარი და მღვდელმთავრები, პატიოსანი მღვდლები და ყველა მსახური ეკლესიისა; ჩვენ გარშემო კი, ჩვენთან ერთად უნდა იდგეს ყველა მორწმუნე ქრისტიანი. და როდესაც არამორწმუნე დაინახავს ასეთ მთლიანობასა და სიტკიცეს, ისიც მოაკითხავს ჩვენს ურღვევლობას, ეზიარება იმ სიბრძნეს, რომელსაც მაცხოვარმა „ახალი აღთქმა“ უწოდა.
მაშ ასე, შრომასა და ბრძოლაში გამობრძმედილო, ქრისტეს სჯულის ერთგულო ძვირფასო სამწყსოვ!
შევთხოვოთ ღმერთს, რომ წარგვიძღვეს წინ... რომ ქართული ეკლესიების ზარების რეკვა წინანდებურად ომისა და უბედურების მაცნე კი არ ყოფილიყოს ჩვენი ერისთვის, არამედ სარწმუნოების, სასოების, სიყვარულის, შრომისა და სიკეთის ზეიმისა. „მადლი უფლის ჩვენისა იესო ქრისტესი, და სიყვარული ღმრთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისაი თქვენ ყოველთა თანა, ამინ“ (2 კორინ. 13,13).
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.
თქვენო უწმინდესობავ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, პატიოსანო მამანო და ძმანო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო!
ჩვენ, ყველა ასეთ საქმეში, ღვთის ნებას ვხედავთ, მის მოწყალებას, მისი მარჯვენის ძლიერებას, სამართალს მისას; ნათლით მოსილ სიყვარულს ყველა მათდამი, ვისაც მან თავისი წმინდა სული ჩაჰბერა და სიცოცხლე მიანიჭა. ღვთაების ამ დიდმა სიკეთემ, მე, მისგან ბოძებული ძლიერების კვერთხით დამაყენა ჩემი საყვარელი ქართველი ერის წინაშე, როგორც მსახური მისი და აღმსრულებელი ყოვლად მაღალის ნებისა; ამის რწმენამ მოიყვანა დღეს სვეტიცხოველში ღვთისმოყვარე ქართველი ერი, მოძმე რუსეთის დიდი ეკლესიის მესვეურნი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი პიმენის მამათმთავრობით.
ასეთივე მეგობრობის გრძნობამ მოიყვანა დღეს ჩვენს დედაქალაქში მოძმე სომხეთის უმაღლესი პატრიარქი ვაზგენ I...
მივესალმებით ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პაპისა და პატრიარქის, უნეტარეს ნიკოლოზ VI-ის წარმომადგენელს, არქიმანდრიტ გრიგორიოსს; ჩვენს ეკლესიას ახსოვს მისი უნეტარესობის, ნიკოლოზ VI-ის ჩამობრძანება სოხუმის ეპარქიაში. ვთხოვთ, არქიმანდრიტ გრიგორიოსს, პატივი დაგვდოს და გადასცეს მის უნეტარესობას, რომ საქართველოს ეკლესია თავის მომავალ საქმიანობაში დაინტერესებული იქნება, იქონიოს უახლოესი კავშირი ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის ეკლესიასთან. ჩვენ უღრმეს მადლობას მოვახსენებთ ბულგარეთის ეკლესიის წარმომადგენელს, არქიმანდრიტ ნაუმს. ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიებს ძმური ურთიერთობა აქვთ. ჩვენი ეკლესია სიამოვნებით იგონებს ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქის, უწმინდეს მაქსიმეს ჩვენს ქვეყანაში ყოფნას. ვთხოვთ არქიმანდრიტ ნაუმს, გადასცეს მის უწმინდესობას ჩვენი კეთილი სურვილები.
გვწამს, რომ მთელი ჩვენი მოღვაწეობითა და სულიერი მრწამსით მუდამ ერთად უნდა ვიყოთ ჩვენს ერთან.
ძვირფასო სტუმრებო, ჩემო თანამემამულენო, ქალბატონებო და ბატონებო! ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ, სადაც დაფლულია უფლისა ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტეს პერანგი, იმ ქვეყანაში დაბადებულნი და აღზრდილნი ვართ, რომელიც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად, იმ წინაპართა შთამომავალნი ვართ, რომელთაც წმინდა მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა უქადაგეს ქრისტიანობა; ასეთი წარსული გვავალებს, მუდამ ვიზრუნოთ ჩვენი ეკლესიის სიწმინდის ამაღლებისათვის. რა თქმა უნდა, იოლი არ არის ღვთისა და ერის წინაშე ვალის მოხდა, მაგრამ განა შეიძლება რაიმე ტვირთის სიმძიმეზე ფიქრი, ან საუბარი მაშინ, როდესაც ვიცით, რომ ეს ტვირთი ღვთისგან მივიღეთ!
ჩვენც, ამ საზეიმო დღეს, მხოლოდ და მხოლოდ ღვთის განუზომელ მადლს ვხედავთ, ზეცით მოვლენილს. ეს მადლი მთელი პასუხისმგებლობით გვავალდებულებს ჩვენი მშობელი ქვეყნის წინაშე. ღვთით კურთხეული ტახტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მუდამჟამ ერის სულიერი სიწმინდის ამაღლებას უნდა ემსახუროს, ემსახუროს მშვიდობის წმიდათაწმიდა საქმეს, რომელსაც განუხრელად მიჰყვება ჩვენი დიდი და ძლიერი სახელმწიფო.
ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემ თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომლიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. ბედნიერებას მანიჭებს ფიქრი, რომ ეს მოწყალება და ქრისტეს მოძღვრების ერთგული ქართველი ერის მუდმივი თანადგომა შემმატებს ძალას, რათა განვახორციელო ყოველივე, რაც მაღალმა უფალმა ღმერთმა დამისახა.
„მშვიდობა ძმათა და სიყუარული სათნოებითურთ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“ (ეფეს. 6,23),ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
ილია II
„ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი“, ტომი II, თბილისი, 1997 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ქადაგებები აღსაყდრების დღეს
2000 წ. - 2001 წ. - 2004 წ. - 2005 წ. - 2007 წ. - 2009 წ.

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს.
მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი
იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს
ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ
ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ,
იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ
ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია
ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს
პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელმთავარი სიტყვიერ
პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის
რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდბრძნობის უძლურება
ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: „მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ
ყოვლადძლიერმა უფალმა თავისი სიტყვით არაფრისგან შეჰქმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი
და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი
ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო,
დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა რა პირველქმნილი ცოდვა და თანა
აღადგინა ადამიანთა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა“.
მღვდელმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე დამცველი
გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: „სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა
არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა
გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული
ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ
აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ,
ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი
მეტყველებდა“.
მღვდელმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.
წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: ერთხელ იგი ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: „მშვიდობა ყოველთა“, მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩამოესმათ: „და სულისაცა შენისათანა“. კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: „უფალო, შეგვიწყალენ“. ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.
წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი - ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი - მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის „საეკლესიო ისტორიაში“ ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: „სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე“. ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: „ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის“ (ტიტ. 1,15).
სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.
სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები - გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.